Home რუბრიკები საზოგადოება “ევროპელები ფრთიანი ანგელოზები ჰგონია ბევრს. ვინ ვაჭრობდა ქვეყნებში შესასვლელი ვიზებით, რომლებსაც ჩვენი...

“ევროპელები ფრთიანი ანგელოზები ჰგონია ბევრს. ვინ ვაჭრობდა ქვეყნებში შესასვლელი ვიზებით, რომლებსაც ჩვენი ქალები პროცენტიანი სესხით ყიდულობდნენ?”

628

საქართველოდან ყოველდღიურად უფრო მეტი ნიჭიერი ქართველი მიდის საზღვარგარეთ უკეთესი მომავლის საძებნელად. 56 წლის სოლომონ ნერგაძე, პროფესიით ბიოფიზიკოსი, მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტპროფესორია. ამჟამად ცხოვრობს იტალიის ქალაქ პავიაში. მუშაობს პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტში. კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულება უჯრედში მიმდინარე ფუნდამენტური პროცესების შესწავლაა. კითხულობს ლექციებს მოლეკულურ ბიოლოგიაში და პრაქტიკუმი მიჰყავს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში.

_ ბატონო სოლომონ, ბევრი ნიჭიერი ქართველი თავის შესაძლებლობებს სხვა ქვეყანას ახმარს, მათ შორის თქვენც ხართ. რატომ წახვედით საქართველოდან?

_ 1990-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ ადამიანები აიძულა, ქვეყნიდან გადახვეწილიყვნენ და მეც მათ შორის ვიყავი. წავედი იმიტომ, რომ ოჯახი შიმშილისგან გადამერჩინა, მეკეთებინა საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ხელახლა რომ დავიწყო ცხოვრება, ზუსტად იმავე გზას ავირჩევდი. 1990-იან წლებში რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭმა საქართველოში კარგი საქმის კეთება დავიწყეთ _ “ჰემოდეზის” გამოშვება. ჩვენ გარდა, კიდევ იყო მეორე ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომელიც ანალოგიურ საქმეს აკეთებდა. დღევანდელი გადასახედიდან, სიამაყის განცდას იწვევს ჩვენი იმჟამინდელი წამოწყება. უცხოური და ვადაგასული 4-დოლარიანი წამლის ნაცვლად, ჩვენ ანალოგიურ გადასასხმელ საშუალებას ნახევარზე ნაკლებ ფასად ვთავაზობდით. ამას, ალბათ, წაიკითხავენ ჩემი მეგობრები _ ჩვენ ერთად დავიწყეთ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე… ლამის შეგვჭამეს იმჟამინდელი მთავრობის გაფუჭებულმა წარმომადგენლებმა. იმ ადამიანებმა ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ცხოვრება დაუმახინჯეს. მრავალი შემმოწმებელი _ ელგაყვანილობის, სანიტარული, სახანძრო… და ვინ მოთვლის, კიდევ რისი არა, მუშაობდნენ, მაგრამ საქმე არავის აინტერესებდა, ყველა ფულს ითხოვდა. ასეთი იყო სისტემა და ხელისუფლების ნება. ვერ გავუძელით და შევწყვიტეთ წარმოება. დიდი სიყვარულით მივესალმები ყველას, ვისთან ერთადაც ეს კარგი საქმე წამოვიწყეთ. მიყვარხართ, ბიჭებო, მეამაყებით! ჩვენ ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ დავმარცხდით მდაბიო სულისა და სინდისგარეცხილ ორფეხებთან. დავმარცხდით მხოლოდ იმიტომ, რომ…ჩემი სახელმწიფო მათ უჭერდა მხარს, ჩვენ კი მარტონი ვიყავით.

_ რა ხდება იტალიაში, როგორია მანდ ცხოვრება, როგორი ხელისუფლება ჰყავთ, როგორი ხალხი არიან და რას ამბობენ ქართველებზე?

_ ამ ქვეყანას კარგიც აქვს და ცუდიც, ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში. ღირსეულად ცხოვრება არსად არ არის მარტივი. ნოდარ დუმბაძის მაგალითს მოვიშველიებ, მეველე, რომ აედევნა და უთხრა: “შუბლის ძარღვი თუ გაწყდა, ბაბუ, მერე ადვილია, ცხოვრებაო”. უშრომლად, ოფლის გარეშე, არაფერი გამოდის. აქ ხალხი მუშაობს საკმაოდ ბევრს. შიმშილით სიკვდილი არავის ემუქრება. უმუშევრებს სახელმწიფო არ ტოვებს ბედის ანაბარა. განსაკუთრებით სამხრეთ იტალიელებთან ვპოულობ ბევრ საერთოს. იგრძნობა სამხრეთული ტემპერამენტი. სხვათა შორის, მილანის ქართულ-იტალიური საზოგადოების _ “სამშობლო გულით სატარებელი” პრეზიდენტი, ქალბატონი ნუნუ გელაძე კარგად განაგრძობს მისი წინამორბედისა და აღნიშნული საზოგადოების სულისჩამდგმელის, აწ განსვენებული ნინო ყაუხჩიშვილის დაწყებულ საქმეს. ის აერთიანებს საქართველოზე შეყვარებულ იტალიელებს, რომლებიც საკმაოდ კარგად იცნობენ საქართველოს. რამდენიმე წლის წინათ მილანის უნივერსიტეტის პროფესორებმა, სხვა უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად, ხმამაღლა განაცხადეს, რომ ყურძნისა და ღვინის სამშობლო საქართველოაო. ვეხუმრე ერთ-ერთს, დოქტორ ენრიკო სალას, _ ეგ გვითხარით ქართველებს და კიდევ უფრო მაღლა ავწევთ ცხვირს-მეთქი. მან კი მიპასუხა: არა მხოლოდ ყურძნის, არამედ, დიდი ეჭვი გვაქვს, საქართველო ზეთისხილის სამშობლოცააო. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა კაცებმა ჩვენი უპირველესი მოვალეობის შესრულების უნარი დავკარგეთ, ქართველმა ქალებმა ივაჟკაცეს. რატომ ვერ შეასრულეს კაცებმა თავისი ფუნქცია, სხვა საკითხია. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქვეყანას დაემუქრა შიმშილის საფრთხე, როცა ამერიკისა და ევროპის ნაჩუქარი ფულით თურქეთიდან ხალხის დასაპურებელი ხორბალი უნდა შემოგვეტანა, ქვეყანაში კი კორუფცია მძვინვარებდა. ერთეულები შემორჩნენ სინდისის, ნამუსისა და ღირსების მქონე ადამიანები. ქართველმა ქალებმა ივაჟკაცეს _ წავიდნენ ევროპასა და ამერიკაში; წავიდნენ მომვლელებად, მოსამსახურეებად და, არა მხოლოდ თავიანთი და ახლობელთა ოჯახები,  საქართველო იხსნეს შიმშილისგან. და, თუ ჩემი ქვეყანა ისევ არსებობს და ვითარდება, სწორედ 1990-იან წლებში დაწყებული ემიგრაციის, ძირითადად, ქართველი ქალების დამსახურებაა. ძალიან მინდა, ქართულ ემიგრაციას, ყველა დროის ემიგრაციას, ძეგლი დავუდგათ. ევროპელები ფრთიანი ანგელოზები ჰგონია ბევრს, მაგრამ გაიხსენეთ, ვინ ვაჭრობდა ქვეყნებში შესასვლელი ვიზებით, რომლებსაც ჩვენი ქალები პროცენტიანი სესხით ყიდულობდნენ?

_ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია. როგორია თქვენი თვალსაზრისი დღევანდელ ხელისუფლებაზე?

_ ხსნასავით ველოდები ოქტომბრის ჩავლას. ხვალ დილით რომ გავიღვიძო და კალენდარზე ნოემბრის პირველი იყოს, ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვიქნები. ოთხი თვის სიცოცხლეს ასე ადვილად იმეტებსო, _ არ დამცინოთ. ძალიან ბევრ უხამსობას ვხედავ. ქართველი ერი ტოტალური ტყუილის სინდრომითაა დაავადებული.  არც ერთი მთავრობა, არც ერთი ხელისუფლება არ მყვარებია და არ გამომიხატავს აღფრთოვანება სახალხოდ. პრესას გადახედეთ, _ სიყვარულს უხსნიდნენ ადრეც და სიყვარულს უხსნიან ახლაც. ხელისუფლება და მთავრობა როგორ შეიძლება გიყვარდეს?! კრიტიკის გარეშე მთავრობა ვერ იმუშავებს. თუ ომბუდსმენმა არ იცის, როგორ ეპყრობიან მაღაზიებისა და სუპერმარკეტების თანამშრომლებს, როგორ ილახება მათი უფლებები, მაშინ დაწეროს განცხადება, რომ ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს და წავიდეს. 

_ როგორი დამოკიდებულება აქვთ იტალიელებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ ქართველები ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინს “ერთსქესიანთა ქორწინება”. ეს უვიცობისა და გაუნათლებლობის ბრალია. ამიტომ მაქვს აგრესია ამ ტერმინის მიმართ. ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებას უარყოფითად ვუყურებ. ოჯახი წმინდაა, საკრალური. როგორც მრავალი ჩემი თანამემამულე, მეც ჩვეულებრივ, ნორმალურ ოჯახში გავიზარდე. ჩემთვის ოჯახი იყო ყველაფერზე წინ. ოჯახი, უპირველესად, სიყვარულს ნიშნავს _ ასე გამზარდეს. ოჯახი უნდა დავიცვათ სიბინძურისგან. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე წამდაუწუმ საუბრით დადებით თუ უარყოფით კონტექსტში ლგბტ-თა რეკლამირებას ვეწევით. ინვალიდთა უფლებების შელახვის გამო ვინმე იღებს ხმას, ხმაურობს საინფორმაციო საშუალებები? კანადაში მითხრა ერთმა მეგობარმა, _ ქუჩაში ინვალიდების რაოდენობით ფასდება ქვეყნისა და იქ მცხოვრები ხალხის ჰუმანურობის დონეო.  რატომ არ ვთხოვთ მთავრობას, დაიწყოს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა? ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაშვება-არდაშვებაზე გაცილებით მეტს ვლაპარაკობთ (არიქა, ევროპამ არ დაგვიწუნოს მოქცევაო), ვიდრე შეზღუდული უნარის მქონე ადამიანების პრობლემებზე. რატომ არ კეთდება ინვალიდებისთვის ტროტუარებზე ასასვლელ-ჩასასვლელი? რატომ არ აქვთ ავტობუსებს სპეციალური მოწყობილობები ინვალიდებისთვის? ეს არავის აინტერესებს ჩემს ქვეყანაში. სამაგიეროდ, ბევრს ვლაპარაკობთ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონება-არდაკანონებაზე. 

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. არც იტალიაში მოსწონთ ეს ქორწილები ხალხის ოთხმოც პროცენტს, ახალგაზრდების ჩათვლით, მაგრამ ხალხს როგორც ჩვენთან არავინ არაფერს ეკითხება, როგორ ფიქრობთ რახან ევროპაა რასაც ხალხი იტყვის იმას აკეთებენ?

  2. გაიხარე, მიხარია როცა ასე მართალ შეფასებას აკეთებენ იმ უკუღმართი და მის მემკვიდრე მთავრობების შეფასებისას, მე ვერ მოვახერხე წასვლა და ვერც გამოვადექი ვერავის თუმცა ბევრი კარგი შეგვეძლო გვეკეთებინა, ჩემ თაობას პოტენციალი ჰქონდა. დღეს ისევ ისინი არიან და ჭამენ ხალხსაც და ქვეყანასაც, ვერ ძღებიან. მაგრამ უზენაესი მაინც თხოვს მათ პასუხს. ისე რომ საქართველო ბოლოს მაინც გაიხარებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here