Home რუბრიკები საზოგადოება ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

700

ირანთან აშშის დამოკიდებულება ძალიან რთულია, მაგრამ არა _ გაუგებარი. ირანის ნავთობის უზარმაზარი საბადოები ვაშინგტონის კონტროლის გარეშეა დარჩენილი, ხელი არ მიუწვდება ამერიკას. მსუყე ლუკმაა. ამიტომ კონტროლის დაწესება ამერიკის პოლიტიკის ერთერთი პრიორიტეტული მიზანია. საამისოდ მუქარასაც იყენებენ და თავსაც უქონავენ სპარსელებს. მეზობელ ავღანეთში ამერიკელების შეიარაღებული ძალების ყოფნაც ზეგავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტია.

ავღანეთში ამერიკელების შესვლის შემდეგ ნარკოტიკების წარმოება იქ 40-ჯერ გაიზარდა. თალიბებმა ამოძირკვეს ხაშხაშის ნათესები, “საერთაშორისო ტერორიზმთან მებრძოლებმა” კი ავღანეთი “თეთრი სიკვდილის” უდიდეს მწარმოებლად გადააქციეს. სამრეწველო წესით დამზადებული ტონობით ნარკოტიკი იგზავნება არა მხოლოდ რუსეთში, ევროპასა და ჩინეთში, არამედ _ ირანშიც. ნარკოტრაფიკის მოსაშლელად ირანელებმა უდაბნო ადგილებში გათხარეს 5 მეტრის სიღრმისა და 4 მეტრი სიგანის 800-კილომეტრიანი თხრილი (იხ. “ვენის ახალი ჟურნალი”, #2, 2009). აქვე გაჭიმეს მავთულხლართის ღობე 144 კილომეტრზე, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა და ნარკოტიკები ირანელი ახალგაზრდობის დახოცვას განაგრძობს ისევე, როგორც რუსეთისა და ჩინეთის ახალგაზრდობის.

ერაყი. აქ ყველაფერი გარკვეულია: ქვეყანა ამერიკის მიერ არის ოკუპირებული. 2001 წლის 11 სექტემბრის (ტერაქტების სერია ამერიკაში) მომიზეზებით ამერიკელებმა ერაყის ნავთობის ჭაბურღილებზე კონტროლი დააწესეს. ჩვენს მკითხველს უთუოდ ახსოვს, როგორ ირწმუნებოდნენ აშშ-ის მაღალმოხელენი, რომ ერაყში არის მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი და ამ საფრთხის გასანეიტრალებლად შევიდნენ სუვერენულ ქვეყანაში. მართალია, იქ ვერაფერი იპოვეს, მაგრამ, რადგან ფეხი მოიკიდეს, გამოსვლაზე არც უფიქრიათ. აშშ-მა სრულად აითვისა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოსვლის ხელოვნება ისე, რომ დარჩეს იქ, საიდანაც “გამოვიდა”.

წავიდნენ ჯარისკაცები, დარჩა ნავთობკომპანიები. წავლენ ნავთობკომპანიები _ დაბრუნდებიან ჯარისკაცები, რათა ნავთობკომპანიებმა მშვიდად დაბრუნება შეძლონ.

ქუვეითი. აქ, როგორც საუდის არაბეთში (და კიდევ _ მექსიკაში) უცხოეთის ნავთობკომპანიებს უფლება არ აქვთ, ჩადონ ინვესტიციები ადგილობრივი ნავთობისა და გაზის მარაგების ათვისების ინდუსტრიაში. ოდესმე რამე ცუდი გსმენიათ ამ ქვეყნებზე? მაგალითად ის, რომ იქ შეუძლებელია მუშაობა? ვინმეს რამე უთქვამს, რომ ამ ქვეყნებში, უწინარესად კი, ქუვეითში, შეუძლებელია თავისუფალი მეწარმეობა, რადგან მას (სამეწარმეო საქმიანობას) ახრჩობენ? რომ ნავთობის დარგი წარმოუდგენლად უეფექტოა?

ვერ მოისმენდით, რადგან ხმა არავის ამოუღია _ არც პოლიტოლოგებს, არც ეკონომისტებს აუგი არ წამოსცდენიათ არაბებზე, რომლებსაც არ სურთ ნავთობის მწარმოებელი გიგანტების შეშვება თავიანთ ტერიტორიაზე.

კრინტიც არ დაუძრავთ იმიტომ, რომ ქუვეითი, რომელსაც ნავთობის უმდიდრესი მარაგი აქვს, ამერიკელებმა სადამ ჰუსეინის ხელყოფისგანიხსნეს”. და მას შემდეგ ამ ქვეყანაში დამკვიდრდაგადამრჩენთასამხედრო ბაზები _ “ალი ალ სალემიდააჰმედ ალ ჯაფერი”.

საინტერესოა, ქუვეითის მთავრობა თავისი თვალსაზრისის მიხედვით თუ იღებს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

“ნავთობის ფასი, უნდა ვივარაუდოთ, არ გაძვირდება ერთი ბარელი 40 დოლარზე მეტად, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკმა) რომც შეამციროს ნავთობის მოპოვების მოცულობა”, _ მიიჩნევდა თავის დროზე ქუვეითის ნავთობის საკითხების საბჭოს წარმომადგენელი მუსა მარაფი. მან აღნიშნა, რომ “შავი ოქროს” ფასზე სერიოზულად მოქმედებს აშშ-ის ნავთობის სასაქონლო მარაგის ზრდა, ოპეკის წევრი რიგი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების დასაშვები კვოტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა და ოპეკის არაწევრი ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების გავლენა, _ იუწყებოდა “ასოშიაიტედ პრესი”.

“2009 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასი 40-60 აშშ დოლარი იქნებოდა. ეს ვარაუდი გამოთქვა ინდონეზიის ფინანსთა მინისტრმა შრი მულიანი ინდრავატიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ 2009 წელს ბიუჯეტი დაეფუძნება ერთი ბარელის 45 დოლარის ღირებულებას, _ იუწყებოდა “როიტერი”.

ეს ორი ცნობა საინფორმაციო სააგენტოებმა ორი საათის ინტერვალით გაავრცელეს. აშკარად ჩანს, რომ ქუვეითი პესიმისტია, ინდონეზია _ ოპტიმისტი. რატომაა პერსპექტივის მათეული აღქმა ასე რადიკალურად განსხვავებული?

იმიტომ, რომ ქუვეითის ტერიტორიაზე არის აშშ-ის ბაზები, ინდონეზიაში კი არ არის. ამიტომაა, რომ “თავისუფალი” ქუვეითი “თავისუფალ” ერაყსა და “სრულად თავისუფალ” საუდის არაბეთთან ერთად ცდილობს ნავთობის გაიაფებას, ხოლო “პატიოსანი” ინდონეზია, როგორც ეკადრება ნორმალურ ვაჭარს, ცდილობს საქონლის (ამ შემთხვევაში _ ნავთობის) ძვირად გაყიდვას.

გაერთიანებულ არაბულ საამიროებშიც არის განლაგებული აშშის სამხედრო ბაზები _ “ალ დაფრადაფუჯაირა”. ეს ქვეყანაც შედის ამერიკის კუთვნილ საკონტროლო პაკეტში. იგი დამოუკიდებელი გახდა 1971 წელს, როცა ინგლისის ჯარებმა დატოვეს მისი ტერიტორია.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ქვეყანა ნავთობითაა მდიდარი. ამათ მოჰყვება ვენესუელა, რუსეთი და ლიბია. ირანიც დავუმატოთ. არც ერთი მათგანი აშშ-ის კონტროლს არ ექვემდებარება, მაშასადამე, “არადემოკრატიულია”.

კონტროლის დაწესების მეთოდები ყოველთვის ერთი და იმავე ტიპისაა: არჩევნები, სახელმწიფო გადატრიალება და სამხედო ჩარევა. სამად სამი _ სულ ესაა! ცალ-ცალკე ამოქმედებული და ერთმანეთის გადამკვეთი _ ჩანაცვლებით ან ერთდროულად. დღეს ყველაზე მოდურია არჩევნები (უკრაინა, საქართველო), გასული საუკუნის 80-90-იან წლებში უმეტესად საომარ მოქმედებას იყენებდნენ (პანამა, გრენადა, ერაყი). უფრო ადრე კი _ აშშ-ის საყვარელი ძველი მეთოდი _ სახელმწიფო გადატრიალება იყო მოდური.

1903 წელს, როცა ფრანგმა ინჟინერმა ფერდინანდ ლესეპსმა გადაწყვიტა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების შეერთება სუეცის არხით, მისი იდეა სწრაფად აიტაცეს ამერიკელებმა. ფრანგი თანდათან ჩამოაცილეს პროექტის რეალიზაციას. პანამა, რომლის ტერიტორიაზეც აპირებდნენ არხის გაჭრას, იმხანად კოლუმბიის პროვინცია იყო. აშშ მოითხოვდა, რომ პანამის არხი მის გამგებლობაში გადაეცა ამ ლათინოამერიკულ ქვეყანას. კოლუმბიელებმა უარი თქვეს. მაშინ ამერიკელებმა გაგზავნეს ჯარი და კოლუმბიელების ერთმა ჯგუფმა ამერიკელების კარნახით კოლუმბიიდან გამოყოფისა და ახალი სახელმწიფოს, პანამის, შექმნის შესახებ განაცხადა. “ცხელ კვალზეხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ძალით პანამის არხის ზონა აშშის საუკუნო მფლობელობაში გადადიოდა. პანამას კი ყოველწლიურად იჯარის ღირებულება უნდა მიეღო. საინტერესოა, რომ ამ ხელშეკრულებას არც ერთი პანამელი ხელს არ აწერს. დოკუმენტიდამშვენებულიააშშის სახელმწიფო მდივნის _ ჰეისა და ფრანგი ინჟინრის _ ფილიპ ბიუნოვარილიას ხელმოწერებით.

1977 წელს პრეზიდენტმა ომარ ტორიხოსმა აშშ-თან ორი ახალი ხელშეკრულება დადო, რომელთა ძალითაც შეიცვალა ძველი ხელშეკრულებით დადგენილი პანამის არხის სტატუსი. ქალაქი პანამა დამოუკიდებელი რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. აქ განთავსდა პრეზიდენტისა და მთავრობის რეზიდენციები, რომლებსაც უნდა გაეკონტროლებინა არხის ზონა და თვით არხი. 1981 წელს კი ტორიხოსი ააფეთქეს თავის თვითმფრინავში. პანამის პრეზიდენტი გახდა გენერალი ნორიეგა, რომელიც მანამდე ამერიკის დაზვერვის აგენტი იყო 20 წლის განმავლობაში.

1989 წლის 20 დეკემბერს აშშ-ს პანამაში თავისი ჯარის ნაწილები შეჰყავს, ნორიეგას თანამდებობიდან ნარკოვაჭრობის ბრალდებით გაისტუმრებენ. გენერალი დააპატიმრეს, გადაიყვანეს აშშ-ში და 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. იგი იყო უცხო ქვეყნის პირველი მეთაური, რომელიც აშშ-ის კანონების დარღვევისთვის გაასამართლეს. ამჟამად პანამის ხელისუფლების სათავეში დგანან იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც ტორიხოსამდე მართავდნენ ქვეყანას. ხელშეკრულება, რომლის ძალითაც არხი პანამას დაუბრუნდა, არავის გაუუქმებია, ფორმალურად მოქმედებს, მაგრამ მას ორივე მხარე “ვერ ამჩნევს”.

ვითომ არც არსებობს.

1914 წელს აშშმა დაიპყრო ჰაიტი (ოკუპაცია მოახდინა, როგორც ახლა იტყვიან) წესრიგის დამყარების მომიზეზებით. ამერიკელები ამ ქვეყნიდან მხოლოდ 20 წლის შემდეგ წავიდნენ.

1933 წელს კუბელმა სამხედროებმა, ფულხენსიო ბატისტას მეთაურობით, თანამდებობიდან გადააყენეს პრეზიდენტი მაჩადო. დიქტატორი ბატისტა ფიდელ კასტრომ დაამხო.

1954 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გვატემალაში მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება. ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს რეფორმატორულად განწყობილი ხაკომო არბენსი. დასავლეთში გვატემალას მოიხსენიებდნენ, როგორც “დემოკრატიული პროცესის ნიმუშს”, მაგრამ არბენსმა დაიწყო მიწის რეფორმის განხორციელება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქვეყნის მიწის ფართობის 70 პროცენტს მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი ფლობდა. დაიწყო და… გვატემალისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა _ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქვეყნის დედაქალაქი გვატემალა დაბომბეს.

შედეგად ხელისუფლების სათავეში დაჯდა პოლკოვნიკი კარლოს კასტილიო არმასი.

 მიწის რეფორმა გააუქმეს, გააუქმეს არჩევნები და მმართველობის სხვა დემოკრატიული ფორმები. ორმოცი წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში მყოფი სამხედროები ებრძოდნენ მემარცხენე ამბოხებულებს. ამ დაპირისპირებას 200 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1965 წელი. ინდონეზია. ნიდერლანდის სამეფოს ეს კოლონია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონელების მიერ იყო ოკუპირებული. ომის დამთავრების შემდეგ კიდევ ოთხ წელიწადს იბრძოდა ინდონეზია დამოუკიდებლობისთვის, რომელიც 1949 წელს მოიპოვა. 1963 წლისთვის ქვეყანაში ჩამოყალიბდა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ემეგობრებოდა საბჭოთა კავშირს. არმია საბჭოთა იარაღით იყო აღჭურვილი. შემდგომი მოვლენები ირანის პრემიერმინისტრ მოსადიკის დამხობის (1953 წელს) მსგავსად განვითარდა. ძალაუფლება ხელთ იგდეს სამხედროებმა. ის, რაც შემდეგ მოხდა, დღეს პრაქტიკულად დავიწყებულია.

მოხდა კი ნამდვილი “ბართლომეს ღამე”. სხვადასხვა მონაცემით, 300 ათასიდან 500 ათას კაცამდე დახოცეს. ინდონეზიის კომუნისტური პარტიის ყველა წევრი და მათთან ერთად ჩინელები და უმიწო გლეხები სიცოცხლეს გამოასალმეს. აღმოსავლეთ და ცენტრალური იავიაზე, ბალზე და აჩეხის პროვინციაში ამოწყვიტეს სოფლის მოსახლეობა. ვინ ურჩია ინდონეზიელ სამხედროებს, ასე მოქცეულიყვნენ? რატომ ვერ შენიშნეს უფლებადამცველებმა ეს არნახული დანაშაული?!

1973 წელი. ჩილე. ხელისუფლების სათავეში პინოჩეტის მოსვლა. მისი მმართველობის 17 წლის განმავლობაში ათობით ათასი ადამიანია დაღუპული. 1964 წელს აშშ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 4 მილიონი დოლარით დააფინანსა პრეზიდენტობის კანდიდატი ედუარდო მონტალვა, რომელიც მემარცხენე პოლიტიკოსის სალვადორე ალიენდეს მთავარი კონკურენტი იყო. მაგრამ არჩევნები ალიენდემ მოიგო. მაშინ ცსს-მ მოაწყო პინოჩეტის სახელმწიფო გადატრიალება.

ამერიკის პოლიტიკის ლაბირინთებში ჩვენი ეს ექსკურსია საკმაოდ ზედაპირულია. ამჯერად წიგნში განსახილველ თემის ჩარჩოები საშუალებას არ გვაძლევს ისეთ საინტერესო მომენტებზე შევჩერდეთ, როგორიც არის “1956 წლის მოვლენები უნგრეთში”, “პრაღის გაზაფხული”, “პოლონეთის სოლიდარობა”…

ჩვენი დროც მდიდარია აშშ-ის პოლიტიკის მრავლისმეტყველი მაგალითებით, რომელთა მთავარი დანიშნულებაა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ამერიკელების კონტროლს დამორჩილება.

ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ვენესუელა.

1922 წელს ნავთობის უზარმაზარმა ჭავლმა მიწიდან ამოხეთქა მარაკაიბოს მახლობლად. 1930 წელს ვენესუელა მსოფლიოში ნავთობის ექსპორტიორ უმსხვილეს სახელმწიფოდ წარმოგვიდგა. ქვეყანამ გამდიდრება დაიწყო, მაგრამ მალე აღმავლობა ფრიად სამწუხარო შედეგით დასრულდა. იყო თუ არა ამის მიზეზი ყბადაღებულინავთობის ნემსი?” დიახ, იყო, მაგრამ მთავარი დამნაშავე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსი) და ვენესუელის ხელმძღვანელობა იყო, რომელიც ბრმად ასრულებდა მათ ყველა განკარგულებას. შედეგად 1978 წლიდან 2003 წლამდე მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი 40 პროცენტით შემცირდა.

1998 წელს ვენესუელას პრეზიდენტად აირჩიეს მედესანტე ოფიცერი უგო ჩავესი, რომელმაც ვენესუელის ნავთობიდან მიღებული შემოსავლის თავისი ქვეყნის სასარგებლოდ მოხმარებას დაუდო სათავე. მან დაამკვიდრა საყოველთაო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, მკაცრი კონტროლი დაუწესა სახელმწიფო ნავთობკომპანია “პეტროლეუს დე ვენესუელას”. ნავთობის მოპოვებისგან მიღებული მოგება წარიმართა საავადმყოფოებისა და სკოლების ასაშენებლად, აგრარული რეფორმის განსახორციელებლად. ჩავეში შეუდგა მრეწველობის დარგების ნაციონალიზაციას.

2000 წელს უგო კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად, ახალი კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, 2002 წელს კინაღამ დაკარგა ძალაუფლება.

უგო ჩავესის ჩამოგდების სცენარი ძალიან ჰგავდა კიევის “მაიდნის” სცენარს: ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მთელი ქვეყნიდან დაიწყეს “უკმაყოფილოების” ჩამოყვანა.

მიტინგური ვნებათაღელვის ფონზე, ფიცის გამტეხმა სამხედროებმა მოამზადეს და განახორციელეს ჩავესის უეცარი დაპატიმრება. 2002 წლის 11 აპრილს დააპატიმრეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ, 14 აპრილს, იძულებულნი შეიქნენ, გაეთავისუფლებინათ მისდამი ლოიალურად განწყობილი არმიის ნაწილებისა და მრავალრიცხოვან მომხრეთა მოთხოვნით.

ქვეყნის სათავეში სამი დღის განმავლობაში იდგა პედრო კარმონა, რომელიც ვენესუელის “ნარინჯისფერ რევოლუციას” ხელმძღვანელობდა და არავითარი უფლება არ ჰქონდა, დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი.

მხოლოდ სამი დღე. მაგრამ ეს 72 საათი საკმარისი აღმოჩნდა, აშშ ეცნო ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა. ამერიკელები მიესალმნენ გადატრიალებას, რომელმაცკეთილისმყოფელი გავლენა იქონია ვენესუელის დემოკრატიაზე”.

ამ დიდმა დემოკრატმა სამ დღეში დაითხოვა პარლამენტი, შეაჩერა გენერალური პროკურორისა და სახელმწიფო კონტროლიორის საქმიანობა, გააუქმა ჩავესის პრეზიდენტობის დროს მიღებული კანონმდებლობა, რომლის ძალით ეროვნული სიმდიდრის ნაწილი დაურიგდა უპოვართ.

სულ ეს იყო.

ჩამოგდებული პრეზიდენტის ათიათასობით მომხრემ მოაწყო “ანტიმაიდანი” და გაათავისუფლა დაპატიმრებული უგო ჩავესი.

პედრო კარმონა გაიქცა.

სად?

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როგორ შეაფასა ეს სიტუაციადამოუკიდებელმამსოფლიო მედიამ? “ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი გადადგა სამხედრო ძალის ზეგავლენით და ოპოზიციის მასობრივი დემონსტრაციის შედეგად, რომელიც ზღვა სისხლით დამთავრდა. ჩავესმა თავი შეაფარაფუერტე ტიუნასსამხედრო ბაზას კარაკასში”. ასეთი წარწერა ჰქონდა სააგენტოასოშიეიტედ პრესისსააგენტოს ფოტოსურათს, რომელიც 2002 წლის 13 აპრილს იყო გადაღებული. ჩავესის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, იმავე სააგენტომ თავი არ შეიწუხა ასეთი უცნაური წაჯექუკუჯექობის კომენტირებით. დასავლეთის მასმედიაში არავის უხსენებია სამხედრო გადატრიალება, ყველა ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იმავეს, კერძოდ, რომ ჩავესიწავიდადა ამდენი დაღვრილი სისხლის შემდეგ მისი მმართველობის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა.

გადატრიალების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ურჩია ვენესუელის პრეზიდენტს, გამოეტანა დასკვნა ამ მოვლენიდან.

უგო ჩავესს შესანიშნავად ესმოდა, რომ ძლიერი მომხრეების გარეშე ვერ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას თავის ქვეყანაში, რომელიც მდიდარია ნავთობით, რასაც ამერიკელები ჭკუიდან გადაჰყავს.

ამერიკელებთან დაპირისპირებამ რუსეთისა და ჩინეთისკენ უბიძგა უგო ჩავესს, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ სამი მოთამაშეა: კონსოლიდირებული დასავლეთი აშშ-ის მეთაურობით, ჩინეთი და რუსეთი. დანარჩენები პროცესის მონაწილეები არიან. მოსკოვთან და პეკინთან ჩავესის დაახლოებამ ამერიკას უბიძგა, დაეჩქარებინა მისი მოცილება. ასეთი იყო პოლიტიკური დახშული წრე…

რუსეთისთვის ვენესუელა ნავთობის სფეროში სერიოზული მოკავშირეა. ეს კავშირი მნიშვნელოვანია, უწინარეს ყოვლისა, იმით, რომ ამ ორი სახელმწიფოს ერთობლივმა მოქმედებამ არ უნდა დაუშვას ამერიკელების მიერ “შავი ოქროს” გაიაფების მცდელობა. არადა, ნავთობის ფასი ეცემა, მაგრამ ვინ იცის, რა ეღირებოდა იგი, აშშ-ს უგო ჩავესის ჩამოგდების შედეგად ვენესუელა თავისი კონტროლისთვის რომ დაექვემდებარებინა.

ვენესუელა რუსეთის მთავარი მოკავშირეა ოპეკში, ამიტომ რუსეთის ხელმძღვანელობამ იმ საკმაოდ რთულ სიტუაციაში არაორდინალური ღონისძიებები განახორციელა.

მკითხველების უმრავლესობას უთუოდ ეხსომება რუსეთის სამხედრო ესკადრის მარათონი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსკენ ვენესუელელებთან ერთად სამხედრო-საზღვაო წვრთნის ჩასატარებლად. გიფიქრიათ, რატომ გააგზავნეს მაინცდამაინც იქ და იმ დროს რუსეთის საბრძოლო ხომალდები?

2008 წლის 23 ნოემბერს ვენესუელაში უნდა გამართულიყო რეგიონული არჩევნები.

უმნიშვნელოა?

არა, უმნიშვნელო არ არის, რადგან ეს არჩევნები განიხილებოდა, როგორც ვენესუელის პრეზიდენტის დასამხობი პირველი საფეხური.

როდის ჩავიდა რუსეთის ესკადრა ვენესუელაში?

2008 წლის 25 ნოემბერს. რატომ არჩევნების ჩატარების შემდეგ და არა მანამდე? იმიტომ, რომ არავის მისცემოდა ქვეყნის საშიანო საქმეებში ჩარევის საბაბი, მაგრამ, ამასთანავე, უნდა მომხდარიყო რუსეთის მტკიცე პოზიციის დემონსტრაცია. რუსეთის ესკადრა ვენესუელის ნაპირებს მიადგა, რათა იქ ყოფნით მხარი დაეჭირა პრეზიდენტისთვის და საჭირო შემთხვევაში დაებლოკა მორიგი “ნარინჯისფერი რევოლუცია”.

რა შედეგით დამთავრდა არჩევნები? ჩავესის მომხრეებმა გაიმარჯვეს 17 პროვინციაში, ოპოზიციონერებმა _ ხუთში. არსად არავითარი არეულობა არ ყოფილა. ამერიკელებმაც აღარ გაართულეს სიტუაცია… იქნებ, რუსეთის ესკადრის ჩასვლამ გაამართლა თავისი დანიშნულება?..

ვინ იცის ზუსტად, ვინ იმყოფებოდა სამხედრო გემებზე, რა იდო მათ ტრიუმებში? ვინ დასეირნობდა სანაპირო ბულვარში მეზღვაურის ტანსაცმელში გამოწყობილი?

იციან მხოლოდ მათ, ვინც უნდა იცოდეს.

ფაქტები კი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს არ იყო წვრთნა წვრთნისთვის. არჩევნების კვალზე რუსეთის პრეზიდენტი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩავიდა.

მიმხვედრი მიხვდება.

თანამედროვე პოლიტიკის კულტურა იმითაა გამორჩეული, რომ პოლიტიკოსები სათქმელს პირდაპირ არ ამბობენ, ამიტომ იყო, რომ რუსული ესკადრის ორთვიანი ცურვის ოფიციალურ მიზნად გამოაცხადეს სამხედრო წვრთნა ვენესუელის ტერიტორიულ წყლებში. იქ ჩასვლის ზუსტი თარიღი, ისევე, როგორც წვრთნის დაწყების დღე, მედიაში არ გამოქვეყნებულა: გაზეთებში აღნიშნული იყონოემბერი”. ეს კი ნიშნავდა, რომ, თუ საჭირო შეიქნებოდა, ესკადრა აჩქარდებოდა.

როგორი იყო აშშ-ის რეაქცია?

რუსეთის ესკადრას ცურვას ვერავინ აუკრძალავდა. შეეძლოთ მხოლოდ საჭირო ინფორმაციული ფონის შექმნა… რუსეთის დაცინვით, მისი ფლოტის გამასხარავებით.

სცადეს და არაფერი გამოუვიდათ, რადგან სამხედრო გემები დანიშნულ ადგილას დანიშნულ დროს ჩავიდნენ.

იყო თუ არა ეს მანევრი კუნთების თამაში? არა, არ ყოფილა. საჭიროდ არ მიიჩნიეს ზეწოლა ამერიკაზე, სადაც 2008 წლის 4 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო. რუსეთი იცავდა თავის კანონიერ და მარტივად გასაგებ ინტერესს: იბრძოდა იმისთვის, რათა “საბეჭდი მანქანის” პატრონებს “პლინტუსზე ქვემოთ” არ დაეწიათ ნავთობის ფასი.

ამ დაპირისპირების სპეციფიკა არის ის, რომ იგი (დაპირისპირება) მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს, ამიტომ თავდაცვა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე საჭირო შედეგს ვერ გამოიღებს. ამ საიდუმლო დაპირისპირების ეპიზოდების უმრავლესობა სამუდამოდ დაივანებს არქივების თაროებზე გრიფით “სრულიად საიდუმლო”.

თემას მომდევნო ნომერში ლიბიისა და ნიგერიის მაგალითზე გავაგრძელებთ.

გაგრძელება

შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here