Home რუბრიკები საზოგადოება 75 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს, დიდი სამამულო ომი დაიწყო

75 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს, დიდი სამამულო ომი დაიწყო

883

ჩემო კეთილო თანამემამულენო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებო! 75 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს, სრულიად ახალგაზრდები ჩავებით ომის ფერხულში და 1945 წლის 9 მაისს ფაშისტები თავიანთ ბუნაგში გავანადგურეთ. ომის შემდგომ დანგრეულდამწვარ სახელმწიფოს ფეხზე დაყენება სჭირდებოდა და ამ საქმეშიც ღირსეული წვლილი შევიტანეთ

მე 1942 წლის ბოლოსა და 1943 წლის დასაწყისში ქალაქ სტალინგრადს ვიცავდი და გერმანელი დამპყრობლების შემოტევებს სნაიპერის შაშხანით ვუპირისპირდებოდი. უბრალო ჯარისკაცმა ღირსეული წვლილი შევიტანე სტალინგრადის დაცვის საქმეში ჩემს ლეგენდარულ 62-ე არმიასთან ერთად სარდალ ვასილი ჩუიკოვის, საბჭოთა კავშირის ორიგზის გმირის, ხელმძღვანელობით. სწორეთ 62-ე არმიის მხრებზე გადაიარა სტალინგრადის დაცვის ტვირთმა და ვამაყობ, რომ ამ არმიის ჯარისკაცი ვიყავი ომის დაწყებიდან დამთავრებამდე.

მინდა, გავიხსენო სტალინგრადის დაცვის ყველაზე კრიზისული მომენტი, როდესაც ცეცხლის ალში გახვეული ქალაქი თავგანწირული ბრძოლის შედეგად გადაურჩა დაცემას:

1942 წლის ბოლოს გაძლიერდა გერმანელთა შემოტევა ჰაერიდან და ხმელეთიდან. ყოველდღიურად ათასზე მეტ საბრძოლო გაფრენას ახორციელებდნენ გერმანელები თავიანთი ბომბდამშენებით. გადმოლახეს დანაღმული ველები, რამდენიმე ადგილას გარღვიეს 62- არმიის დაცვის ხაზი, 2-3 კილომეტრით შემოიჭრნენ ქალაქში და ცეცხლის ალში გაახვიეს სტალინგრადი. ჩვენი ნაწილი იბრძოდა სტალინგრადის სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიაზე. მეც იქ ვიყავი და იარაღით ვიცავდი ქალაქს.

სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სასტიკი ყინვები. გაიყინა მდინარე ვოლგა, ქალაქი გაივსო ლტოლვილებითა და დაჭრილი მეომრებით, რომელთა გადაყვანა მეორე ნაპირზე ძნელი შეიქნა, რადგან არასაკმარისი რაოდენობით იყო ყინულმჭრელი კატერები და სხვა ტექნიკური საშუალებები. გერმანელების გააფთრებული შემოტევების გამო იხოცებოდნენ მოქალაქეები, მძიმედ დაჭრილი მებრძოლები. ჰიტლერელები წინ მოიწევდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ მალე გატეხდნენ ჩვენ წინააღმდეგობას, მაგრამ მაშინ დაკარგეს გამარჯვების იმედი, როდესაც ქალაქის დამცველებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გავუწიეთ და გადავედით შეტევაზე. შედეგად დიდი დანაკარგი განიცადეს გერმანელებმა და უკუგდებული იქნენ.

გაჭირვებამ, გაუსაძლისმა პირობებმა გამოგვაწრთო საბჭოთა მეომრები და გაგვხადა უფრო ძლიერები. სწორედ ამან განაპირობა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ყველა ეროვნების მებრძოლებმა შეუდრეკელი მხედართმთავრის _ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მეთაურობით, ბრძოლით გავიარეთ მანძილი სტალინგრადიდან ბერლინამდე.

დიახ, სტალინგრადის ეპოპეამ გადაწყვიტა მეორე მსოფლიო ომის ბედი. საბჭოთა კავშირის გამარჯვებასა და ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა 62-ე არმიამ.

ჰიტლერელებმა 1943 წლის 2 თებერვლიდან დაიწყეს უკან დახევა, მაგრამ დიდ ზარალს გვაყენებდნენ: სპობდნენ, წვავდნენ, ანგრევდნენ შენობებს, ხიდებს, გვირაბებს, გზებს, რკინიგზის რელსებს შპალებთან ერთად თხრიდნენ. ტოვებდნენ დამტვრეულ და დამწვარ ტანკებს, ქვემეხებს, მანქანებს, მატარებლის ვაგონებსა და სხვ. დიდი ძალიხმევა სჭირდებოდა ტერიტორიების გაწმენდას გერმანელთა სამხედრო ტექნიკის ნარჩენებისგან. ეს ნარჩენები ჯართად ბარდებოდა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის მეტალურგიურ ქარხნებში. აღსადგენი იყო ხიდები, გვირაბები, გზები, წყლის, ელექტროენერგიის სისტემები და, საერთოდ, მთელი ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია ისიც, რომ იქ, სადაც ომის გრიგალი გადაივლიდა, ნიადაგი, ზღვა, წყალი თუ ტყე სრულიად ნადგურდებოდა. მაგალითად, ომის დამთავრების შემდეგ ბელორუსიისა და უკრაინის ტყეების დიდ ნაწილში ხეს ვერ მოჭრიდით, რადგან ბომბების აფეთქებისგან დამწვარი იყო.

სტალინის სიცოცხლეში ქვეყანა კვლავ ფეხზე დადგა _ შენდებოდა, ვითარდებოდა, ლამაზდებოდა. ვიბრძოლეთ, ვიომეთ, შემდეგ ვიშრომეთ და მოვიტანეთ საუკეთესო ცხოვრება. უფასო იყო თითქმის ყველაფერი: სწავლაგანათლება, სამედიცინო მომსახურება, დასვენება სანატორიუმებში და კურორტებზე, ბინა. უმნიშვმელო ფასი ედო ელექტროენერგიას, წყალს, ბუნებრივ აირს და სხვ.

საბჭოეთის პერიოდში ახალგაზრდამ, როცა უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებდა, რომელი სპეციალობაც უნდა ჰქონოდა _ ინჟინრის, პედაგოგის, ეკონომისტის, იურისტის, ექიმის თუ სხვა, წინასწარ იცოდა, სად უნდა ემუშავა. თანაც სწავლობდა უფასოდ და იღებდა სტიპენდიას. ამაჯამად კი, ე.წ. დემოკრატიის პერიოდში, ამდენი სტუდენტი სწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში, იხდის სწავლის ფულს და, როდესაც სასწავლებელს დაამთავრებს, სამსახურს ვეღარ შოულობს. გარდა ამისა, დღეს წარმოება-დაწესებულებებიდან მუშა-მოსამსახურეებს წლოვანების მიხედვით ათავისუფლებენ _ როგორც კი შეუსრულდებათ 40-45 წელი, ეუბნებიან, ხანში შესული ხართ და უნდა დაგითხოვოთ, თქვენ ნაცვლად კი ახალგაზრდები უნდა მივიღოთო. ეს ხომ სირცხვილია! წარმოიდგინეთ, რა დღეშია სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი, რომელსაც ჯერ საპენსიო ასაკი არ დადგომია და არც სამუშაო აქვს. ჩვენ დროს წარმოებიდან მაშინ მიდიოდა ადამიანი, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევდა. პენსიასაც კარგს იღებდა. ამასთანავე, შეეძლო, წარმოებაშიც დარჩენილიყო და პენსიასთან ერთად ხელფასიც აეღო, რა თქმა უნდა, თუ მუშაობა სურდა.

დაიშალა სოციალისტური წყობილება და გადავედით კაპიტალისტურზე, მაგრამ რა მოგვიტანა ამ წყობამ და დასავლურმა დემოკრატიამ? _ ვისაც რა მოესურვება, იმას აკეთებს და ლაპარაკობს; უმუშევრობა-უსაქმურობა, ლარის გაუფასურება, წარმოება-დაწესებულებების, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ქართული ტრადიციების განადგურება და სხვ.

ახალგაზრდა თაობას ჩვენი, დიდი სამამულო ომის მონაწილეების, თავდადება სამშობლის წინაშე, ტანჯვა-წვალება, ჩვენ მიერ გაკეთებულის დანახვა არ სურს. ვლაპარაკობ მათზე, ვისაც წარსული არ მოსწონს და აწმყოთია კმაყოფილი.

როგორ შეიძლებოდა, სახელმწიფოს ქონება _ გზები, მდინარეები, ტყე, მიწა, კერძო პირებს გადასცემოდათ? ხედავთ, რა გამოიწვია ამ რეფორმამ? განადგურდა სახნავ-სათესი სავარგულები, ტყე, ხეხილი, ვენახი, საქონლისა და ცხვრის ფარები, მსუბუქი და მძიმე მრეწველობის ქარხნები და ფაბრიკები. სირცხვილია, საქართველოში ასანთის საწარმო რომ არ არის!

ომის შემდეგ ვმუშაობდი სოფლის მეურნეობაში. ხაშურისა და ქარელის რაიონებში იმდენი შაქრის ჭარხალი მოჰყავდათ, რომ აგარის შაქრის ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა, ახლა კი ნედლეული კანადიდან შემოაქვთ. საქმისადმი სწორედ ასეთმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა. ისეთებს, როგორებიც არიან ფანჯიკიძე, ბოკერია, თორთლაძე, ბერძენიშვილი და სხვები, რომლებიც გაიძახიან, რომ თურმე ჩვენ, დიდი სამამულო ომის მონაწილენი, სხვის ომში ვიბრძოდით, საქართველოში არ უნდა დაედგომებოდეთ.

თითოეულმა ჯარისკაცმა თავისი წვლილი შეიტანა ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვებაში. დავამარცხეთ მსოფლიოს დაუძინებელი მტერი _ ფაშიზმი, ამ ომში დაიღუპა 20 მილიონი, მათ შორის, საქართველოდან წარგზავნილი 300 ათასი ადამიანი.

ნუთუ შეიძლება ასეთი დიადი წარსულისა და ამ ადამიანების დავიწყება?

ამ გამარჯვებაში მეც შევიტანე წვლილი, როგორც ერთერთმა ჯარისკაცმა, სტალინგრადიდან ბერლინამდე ბრძოლით ფაშისტებისგან გავათავისუფლეთ ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ბესარაბია, რუმინეთი და თვით გერმანია. სამჯერ დამჭრეს, გავანადგურე 59 გერმანელი სნაიპერი. დღეს კი 94 წლის კაცი ნაძალადევის რაიონში ვეტერანთა კავშირს ვხელმძღვანელობ.

დიახ, ჩვენ ღირსეულად დავამთავრეთ დიდი სამამულო ომი, გავიმარჯვეთ და, ვინც გადავრჩით, სამშობლოში დავბრუნდით. ომიდან დაბრუნებულთა მეტი წილი ახალგაზრდები ვიყავით და სამშობლოში დაბრუნებისთანავე შრომის ფრონტში ჩავებით _ საჭირო იყო დანგრეულ-დამწვარი ქვეყნის ფეხზე დაყენება. სწორედ ჩვენ, ამჟამად უკვე ვეტერანებს, გვხვდა წილად ბედნიერება, შრომის ფრონტზეც გვებრძოლა. ამასაც პირნათლად გავართვით თავი. ასე რომ, ჩვენ, 90 წელს გადაცილებული ვეტერანები, ომისა და შრომის გმირები ვართ!

დღეგრძელობას გისურვებთ, ძვირფასო ვეტერანებო!

ტარასი იჩქიტიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here