Home რუბრიკები სამართალი სტრასბურგის სასამართლოს განცხადება ვანო მერაბიშვილის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს განცხადება ვანო მერაბიშვილის საქმეზე

566

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის _ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პრესრელიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის სათაურია: „საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის _ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა ამასთანავე, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად“.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ:

არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფი 1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს;

არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძვლიანობას;

დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ, როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის _ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, აგრეთვე, საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად“, _ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 21 მაისს პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ბრალდება შეეხებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას. 2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

P.S. ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელშიც ხარვეზებზეა მითითებული, გაასაჩივრებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა, “ხელისუფლება სამი თვის ვადაში მიმართავს დიდ პალატას მე-18 მუხლთან დაკავშირებით. არსად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი ან გათავისუფლება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც საუბრობსნაციონალური მოძრაობადა ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here