Home რუბრიკები საზოგადოება “სადაა, ბატონო ბიძინა, თქვენი დაპირებები?”

“სადაა, ბატონო ბიძინა, თქვენი დაპირებები?”

590

38 წლის შორენა ოქროჭელიძე, პროფესიით ექთანია. 14 წელია, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ცხოვრობს. ამჟამად მუშაობს მაღაზიაში, აგრეთვე, ადამიანების დამსაქმებელთა ოფისში _ დამხმარედ და ოჯახში _ ძიძად. ის ერთერთია ქართველ ემიგრანტთაგან, რომლებმაც შვილის გადასარჩენად დატოვეს სამშობლო.

_ ქალბატონო შორენა, რა იყო საქართველოდან თქვენი წასვლის მიზეზი?

_ საქართველოში ცხოვრება ძალიან რთული იყო, მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ საშველი არ დაგვადგა, არ გაამართლა ჩვენმა მცირე ბიზნესმა და დაგვედო ვალი, რომელსაც საქართველოში მუშაობით ვერ გადავიხდიდით. გადავწყვიტე, საბერძნეთში წამოვსულიყავი… ხანდახან ცრემლს ამოაქვს გულიდან ის შხამი, რომელმაც ადამიანი შეიძლება ჭკუიდან შეშალოს. სამშობლოში დაბრუნების თემა დღეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია. არავის ვუსურვებ ემიგრანტობას. უზომოდ მენატრება ჩემი სამშობლო, ჩემი ერთადერთი შვილი. ვერანაირი დრო და მანძილი ვერ გამინელებს ამ სიყვარულსა და მონატრებას. ველოდები იმ დღეს, როცა ფეხს დავდგამ ქართულ მიწაზე, გულში ჩავიკრავ 14 წლის უნახავ შვილს და უსაყვარლეს ადამიანებს. დღეს ყველაზე დიდი გმირია ემიგრანტი ქართველი ქალი, ქართველი დედა.

როცა საბერძნეთში წამოსვლა გადავწყვიტე, საყვარელ ადამიანებთან განშორების შიშმა შემიპყრო. ძალიან მიძნელდებოდა ერთი წლის შვილის დატოვება, ვუყურებდი და გული მტკიოდა. სწორედ მაშინ არ ვიყავი მასთან, როდესაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. მეც ერთი მიამიტი გოგო გახლდით, რომელიც დაადგა შორეულ გზას. საბერძნეთში დამხვდა დეიდა, რომელიც ზრუნავდა ჩემზე და ყოველდღიურ ყოფას მიადვილებდა, მაგრამ ვერაფრით ვივიწყებდი ჩემი შვილის თვალებს, ავტობუში ასვლისას როგორ მიცქერდა ერთი წლის ბავშვი, რომელიც თითქოს ხვდებოდა, რომ მისგან შორს მივდიოდი. გზაში სულ ვტიროდი, ღმერთმა დედობის ღირსი გამხადა, მე კი შვილი დავტოვე-მეთქი. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ჯერ ვერ ამართლებს ეს ნათქვამი. დრო, უბრალოდ, ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვაჩვევს…

_ ქართველებს აღარ სურთ სამშობლოში დარჩენა და უცხო ქვეყნებში მიეშურებიან. როგორც ვიცი, საბერძნეთმა წელს ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი მიიღო.

_ ამჟამად საბერძნეთში უფრო მეტი ქართველი ჩამოდის, ვიდრე წინა წლებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ ეკონომიკურად ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ქართველები გვეუბნებინ, თქვენ არ იცით, საქართველოში ხალხი რა დღეშია, იქ ცხოვრება შეუძლებელია. აქ კი, ლოდინის მიუხედავად, მაინც ვიპოვით სამუშაოს და გადავრჩენთ ჩვენს ოჯახებსო. საქართველოში ისედაც ცოტანი დარჩით და ამ დაცოტავებულ ქვეყანასაც კი ვერ უვლის ხელისუფლება. ყველა ემიგრანტს გაგვიცრუა იმედიან რატომ იზრუნებენ ემიგრანტების დაბრუნებაზე, ჩვენ ხომ საქართველოსთვისბიზნესიგავხდით. ჩვენზე მხოლოდ ჩვენი ოჯახები და ახლობლები დარდობენ. საქართველოში თავის რჩენა ჯერ კიდევ შეუძლებელია. აქაც როდემდე უნდა ვიყოთ?! გული მტკივა, მოხუც ქართველ ქალბატონებს რომ ვხედავ ქუჩაში. ისინი ხომ თავიანთ ოჯახებში, შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულში უნდა დაბერებულიყვნენ… იცით, ბერძნები რას ამბობენ? _ საბერძნეთში ქართველებზე მეტი არც ერთი სხვა ერი არ ცხოვრობსო. ათ ბერძენს რომ შეეკითხო, რომელი ეროვნების არის თქვენი მოსამსახურეო, ცხრა იტყვის, ქართველიო. ბევრ ბერძენთან ვმეგობრობ, ძალიან კარგები არიან და, როცა საქართველოში დავბრუნდები, სურვილი აქვთ, გამომყვენ და დაათვალიერონ ჩემი სამშობლო. როდესაც რომელიმე ქართველი რაღაცას დააშავებს, ყველა ქართველზე ბრაზობენ ბერძნები.

_ ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს თუ აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?

_ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება! საშინელი მდგომარეობაა ქვეყანაში. ხალხი ისევ გაჭირვებულია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანი ვართ ქვეყნიდან წამოსული და თითოეული ჩვენგანი, სულ მცირე, 500 ევროს მაინც ვგზავნით, რაც დღეს ფულად ითვლება საქართველოში, ჩვენი საშველი მაინც არ არის. სულ უკან-უკან მივიდივართ. ქართული ოცნებარომ მოდიოდა ხელისუფლებაში, საბერძნეთში მცხოვრები ქართველებიოცნებისდროშებით გიჟებივით დავრბოდით პაპანაქება სიცხეში. სადაა, ბატონო ბიძინა, თქვენი დაპირებები? რა გააკეთეთ საბრალო ემიგრანტებისთვის? ჩვენ კვლავ ძველებურად ვცხოვრობთ _ დაუცველები და დაჩაგრულები! განა ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება, ვის როგორი დღე უთენდება? ერი გაუბედურდა, გადაშენებისკენ მივდივართ. რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება? საქართველოს ვინ მისცა შვილი დასაკარგავი. კიდევ რამდენი ქართველი უნდა მიებაროს უცხო ქვეყნის მიწას, ზოგის საფლავიც კი დაიკარგა. ნუთუ არ შეიძლება ამაზე მაინც უზრუნოს ჩვენმა მთავრობამ?! იმედგაცრუებული ემიგრანტები ამ ხელისუფლებისგან სასიკეთოს აღარაფერს ველით

_ როგორ შეხვდა ბერძენი მოსახლეობა ერთნაირსქესიანთა ქროწინების დაკანონებას და რას ფიქრობთ, რა საფრთხე ელის ქართველებს ამ კანონის მიღების შემთხვევაში?

_ ბერძენთა უმრავლესობა ამ კანონს ძალიან აგრესიულად შეხვდა. ეს რა უბედურებაა, როგორ შეიძლება ქრისტიანულ ქვეყანაში მსგავსი რაღაცები ხდებოდეს! როდესაც საბერძნეთის ხელისუფლებამ ამ თემის განხილვა დაიწყო, ხალხი გაოცებას ვერ მალავდა. ვერ ხვდებოდნენ, რისთვის სჭირდებოდა მათ ხელისუფლებას ეს კანონი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა მსგავსი ნაბიჯისგან! ვისარგებლებ თქვენი გაზეთით და ჩემს დედას, მამას და ყველას, ვისაც ჩემი შვილის აღზრდაში წვლილი მიუძღვის, უღრმეს მადლობას გადავუხდი გაწეული სიკეთისთვის.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here