Home რუბრიკები საზოგადოება გივი თედელური: ტერიტორიების დიდი ნაწილი, რომლებზეც მეტროპოლიტენის სადგურები უნდა აშენებულიყო, გაყიდულია!

გივი თედელური: ტერიტორიების დიდი ნაწილი, რომლებზეც მეტროპოლიტენის სადგურები უნდა აშენებულიყო, გაყიდულია!

მეტროპოლიტენი მსოფლიოში ერთერთი გავრცელებული და სწრაფი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მგზავრობს. მეტროპოლიტენის ისტორია ლონდონიდან იწყება. 1846 წელს ინგლისელმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა კარლ (ჩარლზ) პირსონმა ბრიტანეთის რკინიგზის სამეფო კომისიაში მეტროპოლიტენის მშენებლობის გეგმა წარადგინა. 17 წლის შემდეგ კი, 1863 წლის 10 იანვარს, ლონდონში 3,6კმ სიგრძის 7 მიწისქვეშა სადგური გაჩნდა. პირველ დღეს გადაიყვანეს 30 000 ადამიანი

მეტროლიტენმა მალე მოიპოვა ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალების სახელი. 1868 წელს მეტროპოლიტენი ნიუ იორკშიც გაჩნდა, 1900 წელს _ პარიზში, 1902 წელს კი _ ბერლინში. ამას მოჰყვა მეტროპოლიტენის აგება სხვა ქალაქებშიც, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა მილიონზე მეტი იყო. რაც შეეხება თბილისში მეტროპოლიტენის აშენებას, ამ იდეას თავდაპირველად საბჭოთა ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა, მიზეზად საქართველოს დედაქალაქში მილიონზე ნაკლები რაოდენობის (600 ათასი) მოსახლეობასა და საჭირო რესურსის უქონლობას ასახელებდნენ, მაგრამ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელმა პირველმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა მოახერხა, უშუალოდ სტალინისგან მოეპოვებინა თანხმობა მეტროპოლიტენის მშენებლობაზე და 1951 წელს უკვე მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება. მშენებლობისთვის 824 მილიონი მანეთი იყო გამოყოფილი.

თბილისის მეტრომშენის სამმართველო 1952 წელს ჩამოყალიბდა. 1953 წელს დაიწყო პირველი გადასარბენი გვირაბების აგება. 1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა, რომლისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გადაკეთდა “თბილგვირაბმშენად”. 1959-ში განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა. 1962 წელს კი შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია, 1965-ში _ თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო. თბილისის მეტროპოლიტენი 1966 წლის 11 იანვარს ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიწისქვეშა ტრანსპორტი, მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ, მეოთხე სისტემა იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. თბილისის მეტროპოლიტენი თავდაპირველად ხუთი სადგურისგან შედგებოდა: “დიდუბე”, “ელექტროდეპო”, “ვაგზლის მოედანი”, “მარჯანიშვილი” და “რუსთაველი”. ამჟამად კი თბილისის მეტროპოლიტენში 22 სადგურია. მეტროპოლიტენის 23-ე სადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული იყო. მეორე ხაზის გაგრძელება სადგურ “დელისიდან” უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო, მაგრამ 1993 წელს შეჩერდა. 20 წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობა 2015 წლის ივნისის ბოლოს განახლდა. 2.6 კმ სიგრძის გვირაბში დღეს სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს და მშენებლობის დასრულება 2017 წლის მარტისთვის იგეგმება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მისი ღირებულება 83 000 670 ლარია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური საწარმო “ასიგნია კობრა” ახორციელებს.

თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური შპსთბილმეტრომშენის” (შემგომ _ “თბილგვირაბმშენი”) აშენებულია. რატომ ვერ მოიპოვა ახალი სადგურის აშენების უფლება ნახევარსაუკუნოვანი ისტორიისა და უდიდესი გამოცდილების მქონე კომპანიამ ან რატომ გაუქმდა მეტროს მესამე ხაზის მშენებლობა? _ ამ საკითხებზე სასაუბროდ შპსთბილგვირაბმშენისდირექტორის მოადგილეს მშენებლობის დარგში, ბატონ გივი თედელურს ვესტუმრეთ.

_ საქართველოში ყველა გვირაბი ჩვენი აშენებულია, _ ამბობს ბატონი გივი, _ არა მხოლოდ თბილისის მეტროპოლიტენი 22 სადგურით, არამედ საავტომობილო გვირაბებიც. ჩვენი აშენებულია კავკასიონის ქედში გამავალი როკის გვირაბი, სურამის უღელტეხილზე _ რიკოთის გვირაბი, თბილისში მეტეხის 2 გვირაბი, 5 გვირაბი საქართველოს სამხედრო გზაზე, მცხეთისა და შორაპნის რკინიგზის გვირაბები, მელიორაციისთვის საჭირო ჰიდროტექნიკური გვირაბები, უნიკალური მიწისქვეშა საცავების კომპლექსები ყვარელში, ხელვაჩაურში და ა.შ.

1990-იან წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მეტროპოლიტენის მშენებლობა ვეღარ გაგრძელდა, რადგან მოგეხსენებათ, მეტროს მშენებლობას დიდძალი თანხა სჭირდება. ბოლო სადგური _ “ვაჟაფშაველა” 2000 წელს ავაშენეთ. რაც შეეხებაუნივერსიტეტს”, ამ სადგურის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დავიწყეთ. უბანზე სამუშაოების 90%-ზე მეტი ჩვენი შესრულებულია. მოგვიანებით, 2006-2007 წლებში, თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მეტროპოლიტენის სადგურის მშენებლობაზე. იმედი მოგვეცა, რომ ისევ ამუშავდებოდა ჩვენი ორგანიზაცია, ორჯერ მოვიგეთ ტენდერი, მაგრამ, როცა მოვემზადეთ სამუშაოს დასაწყებად, მერიამ გვითხრა, ფული არ გვაქვსო. დღემდე გაურკვეველია, თუ ფული არ ჰქონდათ, რატომ აცხადებდნენ ტენდერს.

_ ბატონო გივი, ახლა რატომ ვერ მოიგეთ ტენდერი, რატომ აშენებს ახალ სადგურს ესპანურიტალიური სამშენებლო კომპანია, როდესაც ქვეყანაში უზარმაზარი გამოცდილების მქონეთბილგვირაბმშენია”? როგორც ვიცი, თქვენი თანამშრომლების უმრავლესობა საზღვარგარეთაა სამუშაოდ წასული. ალბათ, ყველა დაბრუნდებოდა, თუ სამშობლოში სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურება ექნებოდა

_ ეს არის აზიის განვითარების ბანკის პროექტი და სახელმწიფო კომპანიას არ შეეძლო ტენდერში მონაწილეობა. ამასთანავე, ვერ ვაკმაყოფილებდით ტენდერის პირობებს _ ბოლო წლებში დიდთანხიანი პროექტები უნდა გვქონოდა განხორციელებული. ჩვენ მხოლოდ ნარჩენების გატანის სამუშაოების ჩატარების უფლება მივიღეთ. მოვამზადეთ გვირაბი სამუშაოების შესასრულებლად. შემდეგ შევხვდით თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, ვთხოვეთ, ჩვენც დავესაქმებინეთ. ვუთხარი, ჩვენი მშენებლები საზღვარგარეთ მუშაობენ, მაგრამ აქ ჩამოვიყვანთ და სამუშაოს მაღალ დონეზე შევასრულებთ-მეთქი. ჩვენმა მშენებლებმა განაცხადეს, სიხარულით დავბრუნდებით საქართველოში და აქ რაც გვაქვს, იმის ნახევარ ხელფასზეც თანახმა ვიქნებითო, მაგრამ, დაპირების მიუხედავად, სამუშაო არ მიგვიღია. მოგეხსენებათ, გვირაბში მუშაობა ძალიან რთულია, 85 პენსიონერი გვყავს, რომლებსაც სამუშაოების შესრულებისას სხეული მძიმედ დაუზიანდათ და ორგანიზაცია ვალდებულია, სიცოცხლის ბოლომდე პენსია უხადოს. თუ დაგვასაქმებდნენ, ამ ხალხის დავალიანების გადახდასაც შევძლებდით. რამდენიმეჯერ მივმართეთ თხოვნით, ამ ადამიანებზე ზრუნვა ისევე გადაებარებინათ, როგორც ტყიბულის მაღაროების პენსიონერების, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ეს მოხერხდა.

ყველაზე გულსატკენი არის ის, რომ 2007 წელს კი არ დაკონსერვდა თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებლობა, არამედ საერთოდ გაუქმდა. 1980-იანი წლების ბოლოს დაპროექტდა თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზი, რომელზეც უნდა ყოფილიყო, სულ ცოტა, 14 სადგური მოსკოვის პროსპექტიდან დიდ დიღმამდე, მათგან 4 _ ერთი ხაზიდან მეორეზე გადასასვლელი: “ვარკეთილი 2”, “რუსთაველი 2” და “დიდუბე 2” გლდანი-ახმეტელის ხაზზე, აგრეთვე, სადგური “პოლიტექნიკური 2” საბურთალოს ხაზზე. 2000 წლამდე უნდა აშენებულიყო 5 სადგური, რომლებზეც დაიწყო სამუშაოები. ესენია: “რუსთაველი 2”; “საარბრიუკენის მოედანი”; “ქვემო ელია”; “ზემო ელია” და “ვაზისუბანი”.

წარმოიდგინეთ, რამხელა შეღავათს მისცემდა ეს ხაზი თბილისის გადატვირთულ ქუჩებს _ ამდენი საცობი არ იქნებოდა, თანაც მეტროპოლიტენი ხომ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, სწრაფი, იაფი სატრანსპორტო საშუალებაა და, რაც მთავარია, თავდაცვითი ნაგებობა, მათ კი გააუქმეს.

_ კონკრეტულად ვისი გადაწყვეტილებით გაუქმდა?

_ მეტროპოლიტენის მშენებლობის გაუქმების დადგენილებას ხელს აწერს თბილისის მერის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, იმხანად თბილისის მერი გიგი უგულავა გახლდათ. კონკრეტულად ვისი გადაწყვეტილება იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილი, რომლებზეც მეტროპოლიტენის სადგურები უნდა აშენებულიყო, გაყიდულია. არადა, 2182 გრძივი მეტრის სამუშაოები უკვე შესრულებულია: გათხრილია გვირაბები, გადასარბენები და ა.შ.

_ უსაფრთხოა ეს გათხრილი გვირაბები თბილისის მოსახლეობისთვის?

_ გაუმაგრებელია 390 მეტრი. ჯერჯერობით საფრთხე იმისა, რომ გვირაბი ჩაინგრეს, არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში რა მოხდება, არავინ იცის. როცა გვირაბს აუქმებენ, უნდა მოიყვანონ იმ საპროექტო მდგომარეობაში, რომელიც სპეციალურად არის გათვალისწინებული ასეთი შემთხვევისთვის. იქ შესასრულებელი იყო გარკვეული სამუშაოები, მაგრამ არ შესრულდა. ხვალ ვინმემ რომ მოიკითხოს ეს გვირაბები და მოინდომოს აღდგენა, ბევრი რამ ხელახლა იქნება გასაკეთებელი. იმედია, გამოჩნდება საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მიხვდება, რომ საჭიროა მეტროპოლიტენის განვითარება. მართალია, მეტროპოლიტენის სადგურების ასაშენებელი ბევრი ტერიტორია უკვე გაყიდულია, მაგალითად, “ვარანცოვზე”, სანაპიროზე, სადაც ამჟამად რესტორანი “ძველი სახლი” მდებარეობს და ა.შ., მაგრამ, თუ მთავრობა მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს, როცა საუბარია ხალხისა და ქალაქის ინტერესებზე.

მოამზადა

ნატალი ბრეგვაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here