Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მავზოლეუმი წითელ მოედანზე

სტალინი და მავზოლეუმი წითელ მოედანზე

1501

1924 წლის 21 იანვარს, როდესაც ლენინი გარდაიცვალა, პოლიტბიუროს წევრთაგან წარმოდგენა არავის ჰქონდა, როგორ გადაწყდებოდა ბელადის ცხედრის დაკრძალვის საკითხი… 1923 წლის ბოლოს, ლენინის სიცოცხლეშივე, სულსწრაფმა პოლიტბიუროს წევრებმაა სცადეს იმის გარკვევა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ლენინის ცხედრის გარშემო, მაგრამ ეს არავინ იცოდა, ღმერთისა და სტალინის გარდა.

სვეტებიან დარბაზში დასვენებულ ლენინის ცხედარს, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიაგებდა პატივს, ღია 24-გრადუსიანი ყინვის პირობებში არაფერი ემუქრებოდა. ლენინის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ სტალინმა ბრძანა, პოლიტბიუროს წევრები შეკრებილიყვნენ და კოლექტიურად განეხილათ ლენინის ცხედრის შემდგომი ბედი. ამ მომენტში პარტიაში რანგით მეორე კაცი ლევ ტროცკი ქვეყნის სამხრეთში ჯანმრთელობას “იკაჟებდა” და, როდესაც ლენინის დასაფლავებაზე ჩამოსვლა გადაწყვიტა, სტალინმა მას პარტიული მითითება მისცა: “დღეს ჯანმრთელობა უფრო საჭიროა, ვიდრე იმ პროცედურაში მონაწილეობა, რომელიც შენს დაუსწრებლადაც ჩატარდება”, მაგრამ ცხედარზე აზრის გამოთქმა მაინც კატეგორიულად მოსთხოვეს ტროცკის.

პოლიტბიუროს სხდომაზე ტროცკისთან (მან წერილი გაუგზავნა პოლიტბიუროს) ერთად ლენინის დაკრძალვის მომხრე აღმოჩნდნენ: ნიკოლაი ბუხარინი, დენის რიკოვი, გიორგი პიატაკოვი. წინააღმდეგი: სტალინი, კლიმენტი ვოროშილოვი, მიხეილ კალინინი და სემიონ ბუდიონი. როგორც ჩანს, სტალინის სიტყვა საბოლოო აღმოჩნდა და გადაწყდა, ლენინის სახე შენარჩუნებულიყო საუკუნოდ, რათა მთელ მსოფლიოს, ყველა ადამიანს ენახა პირველი სოციალისტური ქვეყნის მშენებლის სახე.

1924 წლის 27 თებერვალს სტალინის დავალების შესასრულებლად არქიტექტორმა ალექსეი შჩუსევმა წითელ მოედანზე მითითებულ ადგილზე ლენინის ცხედრის შესანახავად დადგა კუბის ფორმის ხის შენობა _ სამიარუსიანი პირამიდა.

ძლიერი ყინვების წყალობით ნეშტი თითქმის ნორმალურ პირობებში იყო, მაგრამ აპრილის თბილი დღეების დადგომისთანავე ხის მავზოლეუმში ნეშტს გახრწნის საფრთხე დაემუქრა. პოლიტბიურომ სხდომაზე მიიწვია ბიოქიმიკოსი, პროფესორი ბორის ზბარსკი და მას ნეშტის ბალზამირება დაავალა. სამეცნიერო ელიტამ, ზბარსკის ხელმძღვანელობით, თავდაუზოგავად იშრომა და შექმნა ხსნარი, რომლითაც ლენინის ნეშტი დაამუშავეს. მეცნიერთა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო _ ნეშტის მდგომარეობა მდგრადი გახდა.

1924 წლის ბოლოს არქიტექტორმა კონსტანტინე მელნიკოვმა წითელ მოედანზე ასაშენებელი მავზოლეუმის 8 სხვადასხვა პროექტი გადასცა პოლიტბიუროს. მათგან საუკეთესო ამოარჩიეს და თვითონ პროექტის ავტორს დაავალეს, სასწრაფოდ დაეწყო მავზოლეუმის მშენებლობა და მოკლე ხანში დაესრულებინა. მართლაც, მავზოლეუმის მშენებლობა წარმოუდგენლად მოკლე ხანში დასრულდა. ამ მავზოლეუმმა 1945 წლამდე იარსება.

1941 წლის ივნისში მავზოლეუმის სამეცნიერო-ტექნიკურ პერსონალსა და უზარმაზარ ლაბორატორიასთან ერთად, ლენინის ნეშტი მოსკოვის ერთ-ერთი სარკინიგზო სადგურიდან სრულიად საიდუმლოდ სპეციალური მატარებლით გადაიტანეს ქალაქ ტიუმენში და მოათავსეს სასოფლო-სამეურნეო აკადემიის შენობის მეორე სართულზე, #15 აუდიტორიაში.

ანუ მაშინ, როცა სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნიდან მთელ ქვეყანას მოუწოდებდა: “გფარავდეთ დიდი ლენინის ძლევამოსილი დროშა!”, ლენინის ნეშტი შორეულ ტიუმენში, სასოფლო-სამეურნეო აკადემიის საიდუმლო საცავში “იცავდა” თავის საუკუნოვან “ჯანმრთელობას”.

დიდ სამამულო ომში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ლენინის ნეშტი თავისი ამალით სპეციალური მატარებლით კვლავ მიადგა მოსკოვს და ძველი ადგილი დაიკავა წითელი მოედანზე მდებარე უნიკალური მავზოლეუმის ნახევრადგანათებულ დარბაზში.

1945 წელს კი განხორციელდა მავზოლეუმის სრული რეკონსტრუქცია, რომელიც კვლავ არქიტექტორ შჩუსევს დაევალა. სხვადასხვა ფერისა და ხარისხის ძვირფასი ქვებისგან გამოიძერწა მსოფლიოში ერთერთი შესანიშნავი ნაგებობა, რომელსაც, როგორც არქიტექტურის კლასიკურ ნიმუშს, დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ეს მავზოლეუმი თავისი კომპოზიციითა და არქიტექტურული გადაწყვეტებით დღესაც აცვიფრებს უამრავ მნახველს. მავზოლეუმზე მოეწყო ტრიბუნები საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირებისთვის, აგრეთვე, დამხმრე ნაგებობები.

1953 წლამდე მას ლენინის მავზოლეუმი ეწოდებოდა, ხოლო 1953 წლის შემდეგ ლენინ-სტალინის მავზოლეუმად იქცა.

1953 წელს ლენინ-სტალინის მავზოლეუმის გახსნა იმიტომ დაგვიანდა, რომ ეძებდნენ ძვირფასი მინერალის _ ლაბრადორის ლოდს, რომელიც დამუშავების შემდეგ 60 ტონა უნდა დარჩენილიყო და რომელზეც უნდა გაკეთებულიყო წარწერა: “ლენინი-სტალინი”.

ამ ძვირფასი მინერალის ლოდს, როგორც იქნა, მიაგნეს ტომსკის ოლქში, გოლოვინის კარიერზე. დამუშავებული ლოდი, რომელიც 60 ტონას იწონიდა, სამთავრობო ტრიბუნის ფრონტონად გამოიყენეს.

სარკოფაგი, რომელშიც ჩასვენებული იქნა ლენინის ცხედარი, 12 უძვირფასესი ტყვიაგაუმტარი ლითონის შენადნობისგან შექმნა კონსტანტინე მელნიკოვმა, ხოლო ლენინის ბალზამირებაზე პასუხისმგებელი იყო პროფესორი ზვარსკი თავისი სითხით.

მავზოლეუმი ჩამოყალიბდა დიდ სამეცნიერო და ტექნიკურ ცენტრად, რომელიც სამკურნალო და არომატულ მცენარეთა საკვლევ-სამეცნიერო და ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების სამმართველოს შემადგენელ ნაწილად იქცა. მავზოლეუმის ლაბორატორიებში ბალზამირება ჩაუტარდა:

1. გიორგი დიმიტროვს (ბულგარეთი) 1949 წელს;

2. მარშალ ჩოიბალსანს (მონღოლეთი) 1952 წელს;

3. იოსებ სტალინს 1953 წელს;

4. კლემენტ გოტვალდს (ჩეხოსლოვაკია) 1953 წელს;

5. ხოშიმინს (ვიეტნამი) 1969 წელს;

6. აგოსტინიო ნეტოს (ანგოლა) 1979 წელს;

7. კიმ ირ სენს (კსდრ) 1995 წელს.

მავზოლეუმი არც ისე უსაფრთხო ადგილია, როგორც გარედან ჩანს. მის მუდმივ ბინადარზე, ლენინის ცხედარზე, არაერთხელ მომხდარა თავდასხმა.

აი ზოგიერთი მათგანი:

* 1934 წლის 19 მარტს მიტროფანე ნიკიტინმა, როდესაც ლენინის ცხედარს ნელი სვლით მიუახლოვდა, ლაბადაში დამალული რევოლვერიდან სროლა აუტეხა საბჭოეთის ბელადის ნეშტს.

ერთი ვერსიით, სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებმა ნიკიტინი ადგილზე დახვრიტეს. მეორე ვერსიით კი, მან ლენინის ნეშტისთვის ტყვიების დახლის შემდეგ თავი მოიკლა.

ნიკიტინს გულის ჯიბეში უპოვეს წერილი, რომელშიც წერდა, რომ უდიდესი სიამოვნებით მიდის ამქვეყნიდან, რადგან მილიონობით ადამიანის სახელით შური იძია უღმერთო ლენინზე.

როდესაც ნიკიტინის ჯიბეში ნაპოვნი წერილი სტალინს მიუტანეს, მან გულდასმით წაიკითხა და დაადო რეზოლუცია:

“ჩადეთ ჩემს არქივში. ი. სტალინი”.

* 1957 წელს მოსკოველმა ა. რომანოვმა ლენინის სარკოფაგს ესროლა საღებავით სავსე ბოთლი, რომელმაც ჩაამსხვია სახურავი და დააზიანა ნეშტი.

* 1953 წლის 20 მარტს ერთ-ერთმა მნახველმა სარკოფაგთან მიახლოებისთანავე ამოიღო ლაბადაში დამალული ურო და სარკოფაგის მიმართულებით ისროლა. ურო დაეცა სარკოფაგის სახურავს, ჩაანგრია და სახე დაუზიანა ლენინის ნეშტს.

* 1960 წლის 14 ივნისს ქალაქ ფრუნზეს მცხოვრები კ. ნიკიბაევი სწრაფად გადაევლო ბარიერს და შეხტა ლენინის სარკოფაგზე, ჩაამტვრია დამცავი მინა და ფეხების ცემით დაუზიანა ბელადის ცხედარს სახე. მავზოლეუმი “რემონტის” გამო მნახველთათვის დაიხურა 14 ივნისიდან 15 აგვისტომდე. სინამდვილეში კი წიხლით ნაცემი ბელადის ცხედარს ალამაზებდნენ.

ნიკიბაევმა ძიებას განუცხადა, რომ გადაწყვიტა, გადაფრენილიყო მოსკოვში და შესულიყო მავზოლეუმში, რათა ფეხით შესდგომოდა ლენინის ცხედარს, რაც აასრულა კიდეც.

* 1961 წლის 9 სექტემბერს ლ. სმირნოვმა, ჩაუარა რა ახლოს მავზოლეუმში ლენინის სარკოფაგს, ჯერ მიაფურთხა, ხოლო შემდეგ ცხვირსახოცში გახვეული ქვა ესროლა და ჩაამსხვრია სარკოფაგის მინა.

* 1962 წლის 24 აპრილს ლენინის ნეშტს თავს დაესხა პენსიონერი ლ. პავლიცკო, რომელიც რეგულარულად წერდა საჩივრის წერილებს ლენინზე, როგორც ცენტრალურ გაზეთებში, ასევე უცხო ქვეყნების საელჩოებში.

* 1973 წლის 1 სექტემბერს უცნობმა პირებმა თავი აიფეთქეს და მავზოლეუმში მყოფი ადამიანების დიდი ჯგუფიც იმსხვერპლეს. ლენინის ნეშტი კი გადარჩა, რადგან ის უკვე ტყვიაგაუმტარ მინის მქონე სარკოფაგში იყო მოთავსებული.

* 2010 წლის 15 მარტს სერგეი ტრაპეცკოვი გადაახტა ღობეს, სწრაფად აირბინა მავზოლეუმის კიბეები და ცენტრალური ტრიბუნიდან წითელ მოედანზე მყოფ ტურისტებსა და მოსეირნე ადამიანებს ლენინის მუმიის დამარხვისა და მავზოლეუმის შენობის დანგრევისკენ მოუწოდა. როგორც შემდგომ ძიებამ დაადგინა, სერგეი ტრაპეცკოვი მძიმე დანაშაულის გამო იძებნებოდა სამრთალდამცავების მიერ.

1990 წლის 1 მაისის დემონსტრაციის მიმდინარეობისას მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა თანამებრძოლებმა გაითამაშეს სამარცხვინო სცენა: სამთავრობო ტრიბუნასთან მომიტინგეთა კოლონამ მიიტანა ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამთავრობო ლოზუნგები, რომლებიც წინ გაუშალეს ტრიბუნაზე მდგარ მთავრობის წევრებს, რის გამოც, გორბაჩოვის ბრძანებით, მთავრობამ დემონსტრაციულად დატოვა მავზოლეუმის სამთავრობო ტრიბუნა. ასე ჩაიშალა 1 მაისის სადღესასწაულო მსვლელობა და მოიშალა მავზოლეუმის სამთავრობო ტრიბუნის ფუნქციაც, იმ ტრიბუნისა, რომლიდანაც 1941 წელს სტალინმა საბჭოთა და მსოფლიო ხალხებს მიმართა, ერთად ებრძოლათ კაცობრიობის ჭირის _ ფაშიზმის წინააღმდეგ, 4 წლის შემდეგ კი ამავე ტრიბუნიდან მიულოცა მსოფლიოს ხალხებს მტერზე გამარჯვება.

ასე გაიყიდა არა მხოლოდ გამარჯვება ფაშიზმზე, არამედ ის ტრადიციები და სულისკვეთება, რომლებიც დიდებულ ეპოქად შემორჩა მსოფლიოსა და საბჭოთა კავშირის ისტორიას.

მკითხველო, რამდენიმე საინტერესო ცნობა უნდა მოგაწოდოთ მავზოლეუმის დროებით ბინადარ იოსებ სტალინზე, რომელიც 8 წლის განმავლობაში განისვენებდა ლენინის გვერდით.

ზოგიერთი ისტორიკოსისა თუ მემუარისტის ცნობით, საბჭოეთის მმართველ ელიტას თითქოს ერთი სული ჰქონდა, როდის მოსცილდებოდა მათ ეს ულვაშიანი ჯალათი და ხალხს ნანატრიოტტეპელი” (“დათბობა”) ეღირსებოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლენინის ნეშტზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, სტალინის ცხედარზე კი, მართალია, ლენინის ცხედართან შედარებით დროის მცირე მონაკვეთში, 8 წლის განმავლობაში იყო მავზოლეუმში, თავდასხმა კი არა, სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ ყოფილა შემჩნეული.

საინტერესოა, დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელის განმავლობაშიც ლენინი ხელისუფლებაში იყო, რით შეაძულა თავი ადამიანებს ისე, რომ მკვდარსაც კი თავს ესხმოდნენ; “სისხლიანი დიქტატორი” სტალინისთვის კი, რომელიც 30 წლის განმავლობაში “უხეში მეთოდებით” მართავდა უკიდეგანო ქვეყანას, მსგავსი რამ არავის უკადრებია.

სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა ქვეყნის ხელისუფალთ უამრავი ღონისძიება ჰქონდათ ჩაფიქრებული სტალინის სახელის უკვდავსაყოფად, მაგრამ საქმეში ჩაერია კაპიტალიზმისა და საერთაშორისო იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტი, სამგზის წყეული ნაძირალა, გონებაშეზღუდული ნიკიტა ხრუშჩოვი.

გრანდიოზული იყო პროექტები, რომლებიც სტალინის ხსოვნის უკვდავყოფას ითვალისწინებდა. მთავრობის მითითებით ინჟინრები, კონსტრუქტორები, არქიტექტორები და სამეცნიერო ჯგუფები ამუშავებდნენ პროექტებს, რომელთა მიხედვით განსაზღვრული იყო უმოკლეს დროში ჩასატარებელ სამუშაოთა მოცულობა (განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა 40-პუნქტიანი იყო).

განსაზღვრული კი იყო: ქალაქ მოსკოვში შექმნილიყო უნიკალური შენობა-ნაგებობებით დამშვენებული რაიონი სახელწოდებით “სტალინის ხსოვნის რაიონი”, რომელშიც განლაგებული იქნებოდა უახლესი ტექნოლოგიებითა და ტექნიკით აშენებული დარბაზები საერთაშორისო შეხვედრებისთვის, ყრილობებისთვის, კონფერენციებისთვის, სპორტული შეჯიბრებებისა და ფესტივალებისთვის, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებდნენ, როგორც საბჭოთა, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

აქვე უნდა აშენებულიყო სტალინის მუზეუმი, სტალინის სახელობის მეცნიერებათა აკადემია, სპორტული მოედანი. ყველა შენობა დაპროექტებული უნდა ყოფილიყო მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების მიერ, შენობების ასაშენებლად კი უნდა გამოეყენებინათ ძვირფასი სამშენებლო მასალები.

მშენებლობა უნდა გამოცხადებულიყო საერთაშორისო სახალხო მშენებლობად და თავდაპირველად უნდა გამოყოფილიყო 20-25 მილიარდი მანეთი. მშენებლობის დასრულება და მისი საექსპლუატაციოდ გადაცემა გათვალისწინებული იყო 1959 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადებიდან 80 წლის თავზე.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის უნდა შეეცვალათ სახელწოდება და, ლომონოსოვის ნაცვლად, სტალინის სახელი უნდა მიენიჭებინათ.

“ლენინგრადსკოე შოსეს” უნდა დარქმეოდა სტალინის სახელი. წითელი არმიის სახელწოდება უნდა ყოფილიყო “სტალინის არმია”. ღონისძიებების ნუსხაში 23-ე პუნქტი ეხებოდა საქართველოს რესპუბლიკისთვის სტალინის სახელის მინიჭებას. უნდა შექმნილიყო სტალინის ორდენი. უზბეკეთში დაარსებულიყო სტალინის ოლქი ტაშკენტისა და სამარყანდის ოლქების ხარჯზე.

შემუშავებული იყო პანთეონის 3 ვარიანტი: ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, პანთეონი უნდა აშენებულიყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღის (“გუმის”) ტერიტორიაზე, მავზოლეუმის მოპირდაპირე მხარეს. ამ პანთეონზე უნდა დახარჯულიყო დაახლოებით 280 მილიონი მანეთი. სტალინის ხსოვნის უკვდავსაყოფად სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა, როდესაც გაირკვა, რომ ქვეყანას ჰყავს ისეთი “ვერაგი მტერი”, როგორც არის სტალინის უახლოესი ადამიანი ლავრენტი ბერია. და დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება. ქვეყნის ნამდვილმა მოღალატე ნიკიტა ხრუშჩოვმა უსირცხვილო ბრალდებებით შეთითხნა “მოღალატის” საქმე და “სამსჯავროზე” გამოიტანა არა მხოლოდ ლავრენტი ბერიას “მოღალატური” საქმიანობა, არამედ შებღალა სტალინის სახელიც.

ლავრენტი ბერიას იზოლაციის შემდეგ სწრაფი ცვლილებები განხორციელდა სსრკ-ის ხელისუფლებაში და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელმაც სამუდამოდ წაშალა კვალი სტალინის მზაკვრული მკვლელობისა და ჩაახშო ერთ-ერთი შურისმაძიებლის _ ლავრენტი ბერიას ხმაც. უგუნურმა ხრუშჩოვმა შურისძიებისა და არაადამიანური თვისებების გამოვლენით არა მხოლოდ შებღალა სტალინის სახელი, არამედ მომაკვდინებელი ჭრილობა მიაყენა საბჭოთა კავშირს, სოციალისტურ სისტემასა და დემოკრატიული სახელმწიფოების უძლეველ ბლოკს.

 ჯერ 1956 წელს ჩატარებული მე-20 ყრილობის ტრიბუნიდან, ხოლო შემდგომ 1961 წლის პარტიის 22-ე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა საბოლოლოდ ჩამოშალა არა მხოლოდ სტალინის დიდება, არამედ მთელი სოციალისტური სისტემა.

1961 წლის პარტიის 22- ყრილობა, რომელიც 17-დან 31 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა, იყო ნგრევის ორკვირეული იმ უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფოსი, რომელმაც დაამარცხა ხაკისფერი ჭირი _ ფაშიზმი და მსოფლიო იხსნა კოლონიური უღლისგან.

ვინმე სპირიდონოვმა ყრილობის ტრიბუნიდან განაცხადა, _ სიზმარში ლენინი გამომეცხადა და მითხრა, გვერდიდან სტალინი მომაცილეთო. აი ეს წინადადება გახდა საკმარისი იმისთვის, რომ ყრილობას კენჭი ეყარა მავზოლეუმიდან სტალინის ნეშტის გამოტანის საკითხზე და გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა.

“31 დეკემბერს, _ იგონებს პოლკის მეთაური ფიოდორ კონევი, _ შუადღე იქნებოდა, როდესაც გამომიძახეს მთავრობის სასახლეში და გამაფრთხილეს, რომ მომემზადებინა ქვედანაყოფი სტალინის ნეშტის გადასასვენებლად ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მისი მეუღლის _ ნადეჟდა ალილუევას გვერდით.

ზუსტად ერთი საათის შემდეგ ბრძანება შეცვალეს და გვიბრძანეს, რომ სტალინი უნდა დასაფლავებულიყო კრემლის კედელთან”.

სტალინის ნეშტის გადასასვენებლად შეიქმნა სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ვასილ მჟავანაძე (საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი), პეტრე დემიჩევი (პარტიის მოსკოვის კომიტეტის პირველი მდივანი), დიმიტრი შეპილოვი (ცკ-ის მდივანი) ალექსანდრე შელეპინი (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე). კომისიას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ შვერნიკი (პარტკონტროლის თავმჯდომარე).

1961 წლის 21 დეკემბერს, 17 საათსა და 30 წუთიდან 21 საათსა და 00 წუთამდე, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები სტალინის ცხედრის გადასასვენებლად კუბოში. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, სტალინის ცხედრისთვის არ გამოეცვალათ ტანსაცმელი. “მუნდირიდანმოხსნეს ოქროთი ნაქსოვი გენერალისიმუსის სამხრეები, მკერდიდან _ სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი (ერთადერთი ჯილდო, რომელსაც ატარებდა ბელადი). ამავემუნდირიდანააჭრეს გენერალისიმუსისთვის დაწესებული ოქროს ღილები დალატუნის” (თითბრის) ღილებით შეცვალეს.

22 საათსა და 00 წუთზე კუბოს სახურავი დააფარეს, მაგრამ უხერხულობა შეიქმნა მაშინ, როდესაც არ აღმოაჩნდათ ჩაქუჩი და ლურსმნები კუბოს სახურავის დასამაგრებლად, მაგრამ ესეც მალე მოგვარდა.

შემდეგ 8 ოფიცერმა კუბო სტალინის ნეშტით ნელ-ნელა ასწია და მავზოლეუმიდან გამოიტანა. კუბოს უკან ოცამდე კაცი მიჰყვებოდა. ზოგიერთი ჩუმად ტიროდა და სახეს მალავდა, რათა მეორე დღეს ამ ცრემლებისთვის მწარედ არ ენანებინათ. კუბო თოკებით ჩაუშვეს სამარეში, რომელიც მოპირკეთებული იყო რკინაბეტონის ფილებით. ვიდრე სამხედროები საფლავის მიწით ამოვსებას დაიწყებდნენ, რამდენიმე კაცმა მართლმადიდებლური წესით სტალინის კუბოს მიწა მიაყარა. მალე საფლავი მიწით გაივსო და ზედაპირიც მოასწორეს.

პროცესიის მონაწილეთათვის მავზოლეუმის გვერდით მიდგმულ ოთახში გამოსათხოვარი სუფრა იყო გაშლილი ალკოჰოლური სასმელებით, წვენებითა და დელიკატესებით. დამკრძალავი კომისიის წევრებმა და სხვა პირებმა ჭიქა წაუქციეს სტალინის ხსოვნას. ზოგი პროტესტის ნიშნად საერთოდ არ მივიდა სუფრასთან და კუთხეში ცრემლს იწმენდდა.

ძვირფასო მკითხველო! ვწერ ამ სიტყვებს და თვალზე ცრემლი მადგება. ვფიქრობ, ნეტავ, ვინ უფრო საცოდავია _ ის, ვინც დამარხეს, თუ ისინი, ვინც დამარხა?! Eისენი ხომ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სტალინის ხსოვნის უკვდავსაყოფად არნახულ სიურპრიზს უმზადებდნენ კაცობრიობას…

ვაი, შენ, ადამიანო!

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here