Home რუბრიკები ბლოგი გერმანია ვიზალიბერალიზაციას ეწინააღმდეგება: „საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ბანდიტი შემოდის“

გერმანია ვიზალიბერალიზაციას ეწინააღმდეგება: „საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ბანდიტი შემოდის“

590

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილება მეორედ ვერ მიიღო

გერმანია და საფრანგეთი იყვნენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღებას შეეწინააღმდეგნენ. განსაკუთრებით გერმანია ფრთხილობდა – ამ ქვეყნის წარმომადგენლების აზრით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ნაჩქარევი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ევროპა მძიმე მიგრაციული პრობლემების წინაშე დგას. როგორც მოგვიანებით ბრიუსელში ითქვა, გერმანიას ქართველ კრიმინალებთანაც აქვს პრობლემები – ერთ-ერთმა დიპლომატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა კიდეც, რომ გერმანიაში მოქმედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

 გამოცემა Die Welt  წერს იმის შესახებ, რომ გერმანიის სამთავრობო წრეებში  სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაწესების გამო.

 გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან დაკავებული. ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა. გარდა ამისა, გერმანიას სურს, რომ თითოეული ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმი ეტაპობრივად დაწესდეს.

 Die Welt-ის თანახმად, გერმანიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი პერ შტაინბრიუკი, რომელიც ბუნდესტაგში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების კატეგორიული წინააღმდეგია. „სანამ ევროზონაში პრობლემებს არ მოვაგვარებთ, მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალს არ ვიპოვით და რუსეთთან დროებით შეთანხმებას არ მივაღწევთ, მომხრე ვარ, რომ დაწესდეს მორატორიუმი ევროზონაში გაწევრიანებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე და ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებაზე“, – აცხადებს შტაინბრიუკი.

 ექსპერტი ჰანს-პეტერ ული აცხადებს: „საქართველოსთვის  უვიზო რეჟიმი და ნატოს წევრობა ნაადრევია. ვიზა-ლიბერალიზება უკონტროლო მიგრაციის ზრდას გამოიწვევს, მომრავლდება თავშესაფრის მსურველთა რიცხვი, გაიზრდება დამნაშავეობის დონე, ნატოში მიღება კი რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს“.

 „საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ბანდიტი შემოდის, თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირს მაინც სურს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს. გერმანიაში კი ამ სავარაუდო გადაწყვეტილებისადმი წინააღმდეგობა იზრდება“, – წერს გაზეთი  „Bild“-ი. 

 ექსპერტი არმინ შუსტერი: „ქართველი იმიგრანტები, სხვებისაგან განსხვავებით, ძალიან ღრმად არიან ჩაბმულნი ორგანიზებულ დანაშაულში. ახლა რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ, კრიმინალური სიტუაცია კიდევ უფრო გაურესდება“. არმინ შუსტერი პოლიციის ოფიცერია და მიიჩნევს, რომ ქართველი ბანდიტების შეჩერება და გერმანიაში ბინების ძარცვის რაოდენობის დაკლება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.

ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს გერმანიაში მომხდარი ძარცვის 167 ათასი ფაქტიდან ყველაზე მეტი ქართული  მაფიოზურმა დაჯგუფებების წევრებმა“ ჩაიდინეს.

„ბილდის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიციელი ანდრე შულცი ამბობს: „დამნაშავეთა უკან ქართული მაფიის ქმედება იკვეთება, რომელიც გერმანიაში ქურდებს მიზანმიმართულად აგზავნის. აქ ჩამოსვლის შემდეგ ისინი თავშესაფრის მიღებას ითხოვენ და სანამ მათი თხოვნა იხილება ქურდობენ და დანაშაულს სჩადიან.   გერმანია ქურდებისა და ბინის მძარცველებისათვის სამოთხის მსგავსი მიმზიდველი ქვეყანაა. ჩვენ ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ და ეს ფაქტორი უცხოელ ქურდებზე მაგნიტივით მოქმედებს“.

მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here