Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მაო ძედუნი

სტალინი და მაო ძედუნი

3530

ნაწილი I

ვიდრე ორი აზიელის ურთიერთობაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე ცნობა უნდა გაგაცნოთ ქვეყანაზე, რომელსაც ათეული წლების განმავლობაშიიმპერატორობდამაო ძედუნი.

როგორც სტალინია განუზომელი და უკიდეგანო, ასევე განუზომელი და გიგანტურია ჩინეთიც. ამ ქვეყნის ტერიტორია 9 600 000 კვადრატული კილომეტრია და მეტია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ინდოეთს 3-ჯერ აჭარბებს, 14-ჯერ დიდია საფრანგეთზე და 25-ჯერ _ იაპონიაზე.

ჩინეთში მოსახლეობის აღწერა ბევრჯერ სცადეს, მაგრამ, რადგან ჭეშმარიტებამდე ვერ მივიდნენ, ხალხს გამრავლების სრული თავისუფლება მისცეს და ჩინელთა რაოდენობამ უკვე 1,3 მილიარდს მიაღწია.

ჩინეთი ცნობილია თავისი წიაღისეულით, იქ მოიპოვებენ ვოლფრამს, ურანს, ტიტანს, რომ არაფერი ვთქვათ ქვანახშირზე, ნავთობსა და ფერად ლითონებზე, რომელთა რესურსიც ჩინეთში განუსაზღვრელია.

ბედნიერებით სავსე და ბოროტებით გაძეძგილ დედამიწაზე ცივილიზაცია სწორედ ჩინური დიდი კედლის თავზე გამოვლილი ოთხთვალა ეტლით შემოვიდა. ჩინეთის დიდი კედლის სიმაღლე რვიდან ათ მეტრამდე მერყეობს, ხოლო ფუძის სიგანე ექვსნახევარი მეტრია, კედლის თავზე გამავალი ცივილიზაციის გზის სიგანე კი ხუთნახევარ მეტრს შეადგენს. ამ ურთულესი და უნიკალური ნაგებობის სიგრძე 5000 კილომეტრზე მეტია, ხოლო ჩინეთის საზღვრის საერთო სიგრძე 15000 კილომეტრს აღემატება.

ჩინეთის დიდ კედელთან შედარებით არარად მოჩანს ეგვიპტის პირამიდები თუ ათენის აკროპოლისი, პიზის კოშკი და სემირამიდას დაკიდებული ბაღები. ჩინური კედლის გრანდიოზულობა, მშენებლობისა და არქიტექტურის გენიალურობა არა დედამიწის, არამედ კოსმოსური ცივილიზაციის ნიმუშად წარმოუდგება დაბინძურებულ დედამიწას და გადაგვარებული ადამიანის გონებას.

სადაც სიკეთეა, იქ ხომ ბოროტებაც უმალვე ჩნდება. მიუხედავად ამ ლეგენდარული თავდაცვითი ნაგებობისა, დიდ ჩინურ კულტურასა და ფილოსოფიას, სიახლისა და ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვას ხშირად ემტერებოდნენ და ჩინეთის კედელთან სიზმრისეულად გამოჩნდნენ მონღოლთა

ურდოები, რომლებმაც გზა გადაუკეტეს დიდ ჩინურ კულტურას. ჩინეთმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში დაკარგა არა მხოლოდ იმპერია, არამედ გზა დაეხშო მისი კულტურის, ხელოვნებისა და ფილოსოფიის განვითარებას.

ომების, შიმშილისა და გაუსაძლისი ცხოვრების მრავალმა საუკუნემ დავიწყებას ვერ მისცა უკვდავი ერის გონებაში დაუნჯებული სიბრძნე, იგი ჩინელმა ხალხმა ბოლომდე შეინარჩუნა და აქამდე მოიტანა. უამრავმა გმირმა ჩინელმა შესწირა თავი სამშობლოს თავისუფლებას, აღმავლობის გზაზე დააყენა თავისი ქვეყანა, მაგრამ მომხვდური ისევ მიწასთან ასწორებდა მას.

ამ უდიდესი და უძლიერესი აზიური სახელმწიფოს ბედის, განვლილი უბედურების მნახველი მხოლოდ დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმაა, რომლის სიმაღლეც 8848 მეტრს აღემატება. მიუხედავად მრავალჯერ სისხლით შეღებვისა, დღესაც წყალუხვად მიედინება ჩინეთის მიწაზე მდინარეები: იანძი, ხუანხე, მეკონგი და ჩუძიანი.

უამრავი დამპყრობის აქლემების ქარავნებს გადაულახავთ ტაკლა-მაკანისა და გობის უდაბნოები, მაგრამ ჩინელმა ხალხმა გმირულად იბრძოლა, შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა და ის თავის ქვეყანაში მაინც თვალშისაცემი უმრავლესობაა: ჩინეთში ჩინელების რაოდებობა 94%-ს აღემატება.

1949 წლამდე, ე.ი. ჩინეთის რევოლუციამდე, ქვეყანა უკიდურესად ჩამორჩენილი იყო, სადაც თავისუფლად პარპაშებდნენ ყველა ჯურისა და ქვეყნის თაღლითები და მამაძაღლები, რის გამოც ჩინეთს ხშირად “ღია კარის” ქვეყანასაც კი უწოდებდნენ (როგორც ამჟამად საქართველოს _ გრ ონიანი). მაგალითად, ჩინეთში მანჯურების გაბატონების შემდეგ, რომლებიც უსასტიკესი მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას, ჩინელ მამაკაცებს სიკვდილით ემუქრებოდნენ, თუ ისინი ნაწნავს არ ატარებდნენ იმის ნიშნად, რომ, კაცები კი არა, ქალები არიან”. ამის გამო ათეულობით მილიონი ჩინელი მამაკაცი მხეცურად აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

ბაღებსა და სკვერებში გამოკრული იყო აბრა წარწერით:

ძაღლებისა და ჩინელებისთვის შესვლა აკრძალულია”.

მართვის არაადამიანურმა მეთოდებმა და ცხოვრების უკიდურესად მძიმე პირობებმა ხალხში თანდათან გააღვივა ნაციონალური გრძნობები. ყოველ ჩინელში მტკიცედ გაჯდა ყველა უცხოელისადმი ზიზღი და შურისძიება (როგორ ჰგავს ჩინელი ხალხის ეს ნაციონალური მუხტი დღევანდელი საქართველოს მცხოვრებთა სიძულვილს უცხოელისა და უცხოურისადმი?! _ გრ. ონიანი).

ჩინელები არ იღებდენ უცხოურ განათლებას, მათ სწავლის “თავისებური” მეთოდიკა შემოიღეს. უხუცესები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ახალგაზრდებს უკვდავ ჩინურ სიბრძნესა და ჩინელი ხალხის ისტორიას ზეპირად გადასცემდნენ, თანაც მოუწოდებდნენ ყოველგვარი უცხოურისადმი ზიზღისა და შურისძიებისკენ. ჩინეთში ნამდვილად არსებობდა ნაციონალზმის გაღვივების ობიექტური მიზეზები.

1921 წელს ჩინეთის უღარიბეს პროვინცია შანდუნში ჩამოყალიბდა კომუნისტური პარტია, რომელშიც გაწევრდა 70 ადამიანი. Pპარტიის ჩამოყალიბების დღიდანვე დაიწყო გააფთრებული ბრძოლა პარტიაში შეპარული ბურჟუაზიული ნაციონალისტების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ბურჟუაზიულ იდეალებს რევოლუციური მანტიით ფარავდენენ.

1935 წელს ჩინეთის მრავალრიცხოვანი კომპარტიის წევრებს შორის მუშები 11 %- შეადგენდნენ, გლეხები _ 26%-, მიწათმფლობელთა და ვაჭრობის ფენებიდან გამოსულები _ 37%-.

მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება იმის შეტყობა, ვინ იყვნენ და რომელი ოჯახებიდან ადამიანები, რომლებმაც დამონებული და დამშეული ქვეყანა ამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანეს და დღეს იგი ზესახელმწიფოდ ითვლება:

მაო ძედუნი _ ჩინეთის კომპარტიის თავმჯდომარე, მსხვილი ვაჭრის შვილი.

ჯოუ ენ ლაი _ მსხვილი მემამულის შვილი, განათლებით ისტორიკოსი. დამთავრებული ჰქონდა ორი უნივერსიტეტი.

კან შენი _ სპეცსამსახურების ხელმძღვანელი, მემამულის შვილი.

ჩენ ბოდა _ მაო ძედუნის თანაშემწე, მემამულის შვილი.

ჯუ დე _ ჩინელი მხედართმთავარი, ბურჟუაზიული ნაციონალისტი.

ჩინელ კომუნისტებში ძლიერად ჩამოყალიბდა ნაციონალური ინტერესები. აქვე შეგვიძლია გავეცნოთ კიდეც მათ გამონათქვამებს:

* “ყვითელკანიანი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ თეთრკანიანებთან ბრძოლაში”.

* “როდესაც ევროპაში ველურები ჯერ კიდევ ხეებზე დაძვრებოდნენ, ჩინეთში უკვე ვითარდებოდა ცივილიზაცია, გამოგონილი იყო დენთი და ფაიფური”.

* “აღმოსავლეთის ქარი ძლევს დასავლეთის ქარს” (ნეტავ! _ გრ. ონიანი).

ჩინელ ნაციონალისტებს შორის პოპულარული იყო ასეთი ფრაზაც:

“კარგი იქნება, თუ ერთმანეთს მივუსევთ ორ ვეფხვს _ აშშ-სა და სსრკ-ს, ჩვენ კი ვისხდებით მთაზე და ვუყურებთ, როგორ ებრძვიან ისინი ბარში ერთმანეთს. როცა მსოფლიოში უდიდესი ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს შესანსლავს ჩინეთი პირველ ადგილზე აღმოჩნდება” (ამის ყველაზე რეალური საფრთხე დღეს არის _ გრ. ონიანი).

1949 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩინეთში რევოლუცია დასრულდა, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა ხალხის უკიდურესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. ჩინეთის ყველა მცხოვრებისთვის დღიურად ორი ჭიქა ბრინჯის დარიგება მილიონობით ადამიანის ხსნა იყო შიმშილით სიკვდილისგან. პარტიამ უზრუნველყო, ყველა მოქალაქისთვის შეეკერათ ტანსაცმელი _ უნიფორმა, შიშველი ადამიანებისათვის არსებობის დიდი საშუალება და შეღავათი. ჩინელს გამძლე ფეხსაცმელიც ჩააცვეს. ქვეყანაში მოისპო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დანაშაული.

დაიწყო მაოს პოპულარიზაცია, მისი განდიდება, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, მისი “გაღმერთება”. ცნობილი ჩინელი მწერლის _ ემი სიაოს (ლიტერატურული ფსევდონიმი _ სიაო სანი) ფრაზებიც ნაწილობრივ დაგვარწმუნებს ამაში:

მაო ძედუნს ახლა მთელი მსოფლიო იცნობსმისი თანდაყოლილი იუმორი, მისი წკრიალა სიცილი, მისი რისხვა _ დამნაშავეთათვის შიშის მომგვრელი, ადამიანისადმი მამობრივი მზრუნველობა და ყურადღება, მისი დაუშრეტელი ენერგია, ბოლშევიკური შეუპოვრობა და გაბედულება, სახელმწიფო მოღვაწის ბრწყინვალე ორგანიზატორული უნარი, ჟურნალისტისა და მწერლის კალამი, ორატორის ენა, მეცნიერის ტვინი, სტრატეგისა და ტაქტიკოსის ნიჭი ქმნის ფიგურას, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ ჩინეთის რევოლუციის ისტორიაში, არამედ მთელი მსოფლიოს რევოლუციების ისტორიაში”.

“მაო ძედუნი ჭკვიანურად იყენებს ჩინელი ხალხის ეროვნულ გრძნობებს, ხაზს უსვამს, რომ მისთვის პირველ ადგილზე დგას ჩინეთის ეროვნული აღორძინების იდეა. იაპონელებთან ომის პერიოდში მაო ძედუნი ამბობდა: “ჩინელი ხალხი დამჯერი ცხვრის ფარა არ არის, იგი დიადი ერია, დიდი ისტორიით, კეთილშობილური ეროვნული თვითშეგნებითა და ადამიანური სამართლიანობის ჭეშმარიტი გაგებით. ეროვნული თავმოყვარეობისათვის, ადამიანური სამართლიანობისა და სურვილის გამო, იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ჩინელი ხალხი არასოდეს დაუშვებს, რომ იაპონურმა ფაშიზმმა მონად აქციოს. ჩინეთმა უნდა დაიკავოს თავისი ადგილი, პირველი ადგილი მსოფლიოში, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნის. როგორც კი ფეხზე დავდგებით, ჩვენ აუცილებლად ხელში უნდა ჩავიგდოთ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, სამხრეთ ვიეტნამის, ტაილანდის, ბირმის, მალაიზიის, სინგაპურის ჩათვლით. ეს რაიონი ძალიან მდიდარია, იქ ძალიან ბევრი წიაღისეულია და იმსახურებს მის ხელში ჩასაგდებად გაწეულ ხარჯებს”.

მაო ძედუნი იყო ჩინელი ხალხის ინტერესების გამომხატველი გმირი, რომელსაც ჩინეთის ეროვნული ინტერესების დაცვა უპირველეს ამოცანად მიაჩნდა.

1949 წლის 16 დეკემბერი ისტორიული დღეა სსრკ-ისა და ჩინეთის ისტორიაში. მოსკოვის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურში ჩამოდგა სპეციალური მატარებელი, რომლითაც სტალინის დაბადების საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის პეკინიდან ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა მაო ძედუნის მეთაურობით. საგანგებოდ მორთულ ბაქანზე ხალხის უზარმაზარი მასა გაფაციცებით აკვირდებოდა სპეცვაგონიდან ჩინეთის პირველი კაცის _ მაო ძედუნის გამოჩენას, რათა ოვაციებით ჩამოეყვანათ იგი ვაგონის საფეხურებიდან. მაო ძედუნი ვაგონიდან გამოსვლას არ ჩქარობდა. მიზეზი არავინ იცოდა, მაო ძედუნის გარდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა ჩინეთის მეთაური დარწმუნდა, რომ მას სტალინი ბაქანზე არ ხვდებოდა, ჯერ ვაგონის ტამბურიდან ხელის დაქნევით მიესალმა დამხვდურთ, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ჩამოუყვა კიბეს. პოლიტბიუროსა და საბჭოთა მთავრობის წევრთა უმრავლესობა პატივისცემით შეეგება სტუმარს. ის კორტეჟამდე მიაცილეს და მანქანების ქარავანმა სასტუმრო “პეკინისკენ” აიღო გეზი. მაო ძედუნი სასტუმრო “პეკინის” სამთავრობო რეზიდენციაში დააბინავეს, ოღონდ გულდაწყვეტილი, რომ აზიის ყველაზე დიდ აზიელს მსოფლიოს ყველაზე დიდი აზიელი რკინიგზის სადგურში არ დახვდა. მგზავრობის შემდეგ მაო ძედუნმა დასვენება გადაწყვიტა და განმარტოვდა.

კრემლში კი სტალინს პირადმა საიდუმლო სამსახურმა მაო ძედუნის ჩამოსვლასა და ჯეროვან დახვედრა-დაბინავებაზე მოახსენა და მაგიდაზე შემდეგი ცნობა დაუდო:

ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის საბჭოთა კავშირის დახმარების შესახებ

საბჭოთა კავშირის დახმარებით გაყვანილი იქნა საავტომობილო ტრასა ალმა-ატადან ლალჯოუმდე, რომლითაც იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლ ჩინეთს საბჭოთა ავტომანქანებით ვაწვდიდით იარაღსა და საბძოლო მასალებს. მხოლოდ 1937 წელს ჩინეთის წითელმა არმიამ საბჭოთა კავშირიდან მიიღო 885 თვითმფრინავი, 82 ტანკი, 700 ავტომანქანა, 690 საარტილერიო ქვემეხი, 3900 ხელისა და დაზგის ტყვიამფრქვევი საბრძოლო მასალების კომპლექტებით. ჩინელი კომუნისტებისათვის საბჭოთა მიწოდებების საერთო ღირებულებამ 173 მილიონი დოლარი შეადგინა.

1939 წლის შუა თებერვლამდე საბჭოთა კავშირიდან ჩინეთში გაიგზავნა 712 თვითმფრინავი და ავიატექნიკოსი, 200-მდე სამხედრო მრჩეველი, მათ შორის, გენერალ-ლეიტენანტი კუზმა დერევიანკო, რომელიც წლების განმავლობაში იყო სსრკ-ის კომპარტიის წარმომადგენელი მაო ძედუნთან.

იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურების შემდეგ მისი შეიარაღება გადაეცა ჩინელ კომუნისტებს, რაც დაეხმარა მათ, წარმატებით მოეგერიებინათ ამერიკელი ინტერვენტების აგრესია. ამერიკელები ჩინეთისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. ჩინეთში დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად მოქმედებდა ამერიკის დაზვერვის ემისარი ედგარ (ენდრიუ) სნოუ, რომელიც მწერლისა და ჟურნალისტის საფარქვეშ აქტიურად საქმიანობდა და მას დღე-ღამის ნებისმიერ დროს ჰქონდა მაო ძედუნთან შესვლის უფლება.

სნოუ ის კაცია (ამ კაცზე შემდეგ სტატიებში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით), რომელმაც თავისი სტატიებისა და წიგნების მეშვეობით დაიწყო მაო ძედუნის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. მისი წიგნებია: “წითელი ვარსკვლავი ჩინეთის თავზე”, “მაგიური ძალის ადამიანი”, “შავი ჩანაწერები წითელი ჩინეთის შესახებ”, “მდინარის მეორე ნაპირზე” და სხვ. მაო ძედუნს აქტიურად აქებ-ადიდებდნენ თავიანთ სტატიებში ამერიკელი მზვერავები, რომლებიც ჩინეთში მუშაობდნენ _ აგნესა სმედლი და ანა ლუიზა სტრონგი, რომლებსაც, აგრეთვე, აქვთ მაო ძედუნთან შეხვედრის საშუალება. სნოუს ინიციატივით სინგაპურში შეიქმნა აშშ-ის სპეციალური მისია 1000 თანამშრომლით. ისინი აქტიურად საქმიანობენ ამერიკული აგენტურის ჩასანერგად ჯერ გომინდანში (ჩინეთის კონსერვატიული პარტია _ გრ. ონიანი), შემდეგ კი _ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში. ამერიკელები ჩინეთით ძალიან რომ იყვნენ დაინტერესულნი, მიუთითებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი რუზველტი რეგულარულად ხვდებოდა სნოუს და ჩინეთის შესახებ არც ერთი გადაწყვეტილება მისი რჩევის გარეშე არ მიუღია.

დიდი ხანია, ამერიკელმა იმპერიალისტებმა შეამჩნიეს ნაციონალისტური ტენდენციების მოძალება ჩინეთის კომპარტიაში. 1947 წლის 26 ივლისს გაიშიფრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დეპეშა ჩინეთში ამერიკის ელჩ სტიუარდისადმი. დეპეშაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულია, მიიღოს ცნობები იმის შესახებ, ჩინეთის ნაციონალისტურად განწყობილ ხელმძღვანელთაგან ვინ შეძლებს გამოსვლას საბჭოთა გავლენის, სსრკ-თან კავშირის წინააღმდეგ.

1949 წლის 9 აპრილს, ჩინეთში სახალხო რევოლუციის გამარჯვების წინა დღეს, სნოუმ შანხაის ჟურნალ “ჩაინა უიკლი რევიუში” გამოაქვეყნა მკვეთრად ანტისაბჭოთა სტატია “გახდება თუ არა ჩინეთი რუსეთის სატელიტი!. ამ სტატიაში ნათქვამია: “ბოლოს და ბოლოს, პეკინი შეიძლება გახდეს თავისებური აზიური მოსკოვი, აღმოსავლეთის რომი, რომელიც მოსკოვის კონტროლის გარეშე იქადაგებს აზიურ მარქსიზმს”.

თამნამშრომლებთან (ჩინეთში ამერიკელ მზვერავებთან) საუბრისას სნოუმ თქვა: “ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მაო ძედუნი ის ადამიანია, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მოსკოვის დიქტატის წინააღმდეგ გამოვიდეს და გახლიჩოს მსოფლიო კომუნისტური მოძრაობა”.

გენერალ-პოლკოვნიკი ა. ლავროვი,

გენერალ-ლეიტენანტი კ. დერევიანკო”.

1949 წლის 16 დეკემბერს, როდესაც მაო ძედუნი მოსკოვში ჩავიდა და სასტუმრო “პეკინში” დაბინავდა, სტალინმა გადაწყვიტა, მაო ძედუნს სასტუმრო “პეკინში” შეხვედროდა. შეხვედრის ცერემონიის აღწერა დიდი დროს წაიღებს, მაგრამ შევეცდები, ზოგიერთ საკვანძო მომენტზე მოგითხროთ.

პირველივე შეხვედრაზე სტალინმა უბრძანა თარჯიმანს, მაო ძედუნს მიგებებოდა სიტყვებით: “სალამი მარქსისტ აზიელს”. თარჯიმანმა ჩათვალა, რომ სწორად ვერ გაუგო სტალინს და ეს წინადადება სხვაგვარად უთარგმნა სტუმარს: “სალამი აზიის მარქსისტს”. სტალინმა ყველა სიტყვის, ბგერისა და ინტონაციის წარმოთქმის მნიშვნელობა იცოდა, ამიტომ თარჯიმანს შენიშვნა მისცა, რომ მისი სიტყვები სტუმრისთვის ზუსტად გადაეთარგმნა. შენიშვნისაგან მთარგმნელი ისე დაიბნა, რომ ტუჩებს ამოძრავებდა და სიტყვები არ ისმოდა. მაშინ სტალინმა თვითონ მიმართა მაო ძედუნს ჩინურად: “სალამი მარქსისტ აზიელს”. მან წინასწარ შეისწავლა ეს წინადადება ჩინურად და, აი, რა დატვირთვა მისცა ამ მოკლე წინადადებას ჩინეთის მეთაურთან შეხვედრის დროს:

“თქვენ ლაპარაკობთ რაღაც გაჩინურებულ სოციალიზმზე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური სოციალიზმი, ისევე, როგორც არ არის ჩინური სოციალიზმი. არის ერთი სოციალიზმი _ მარქსისტურ-ლენინური. სხვა საქმეა, რომ სოციალიზმის მშენებლობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკური თავისებურებანი, მაგრამ სოციალიზმი მეცნიერებაა, რომელსაც, როგორც ყველა მეცნიერებას, აუცილებლად აქვს საერთო კანონზომიერებანი და საკმარისია, მათ დავცილდეთ, რომ სოციალიზმის მშენებლობა მარცხისთვისაა განწირული…. ასეთია, მოკლედ თუ ვიტყვით, სოციალიზმის, როგორც მეცნიერების ძირითადი კანონზომიერებანი, რომელსაც ისე უნდა მოვეპყრათ, როგორც მეცნიერებას. გაიგებთ ამას _ ჩინეთში სოციალიზმის მშენებლობა კარგად წაგივათ, ვერ გაიგებთ _ დიდად დააზარალებთ მსოფლიოს კომუნისტურ მოძრაობას. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში პროლეტარიატის თხელი ფენაა და ძალიან ძლიერია ნაციონალისტური განწყობილება. და, თუ არ განახორციელებთ მეცნიერულ, ნამდვილად მარქსისტურ-ლენინურ კლასობრივ პოლიტიკას, თუ არ შეებრძოლებით ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს, ნაციონალისტები გაგსრესენ. მაშინ არა მხოლოდ ჩაიშლება სოციალისტური მშენებლობა, არამედ ჩინეთი შეიძლება გადაიქცეს საშიშ სათამაშოდ ამერიკელი იმპერიალისტების ხელში. დაბეჯითებით გირჩევთ, ჩინეთში სოციალიზმის მშენებლობის დროს სრულად გამოიყენოთ ლენინის შესანიშნავი ნაშრომი “საბჭოთა ხელისუფლების მორიგი ამოცანები”. ეს წარმატების საწინდარია”.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here