Home რუბრიკები პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოების საპასუხოდ რუსეთი 3 დივიზიას ქმნის

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოების საპასუხოდ რუსეთი 3 დივიზიას ქმნის

548

აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებით 4 ბატალიონის განლაგებაზე მსჯელობენ. მიზეზი, როგორც პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსეთის მიერ მოულოდნელად ჩატარებული სამხედრო სწავლებების სიხშირეა.

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს კიდევ 4 ბატალიონის განლაგებას მხარი დაუჭირა პოლონეთის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების განხორციელების შემდეგ პოლონეთი აღარ იქნება “ნატოს მეორეხარისხოვანი წევრი”. ეს ყველაფერი მოხდა ესტონეთში, რუსეთის საზღვართან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2 მაისს დაწყებული სწავლების _ “სფრინგ სტორმის” ფონზე, რომელშიც 11 სახელმწიფოს 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს და რომელიც 19 მაისამდე გაგრძელდება.

თუ პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ნატოს კიდევ ოთხ ბატალიონს გადაისვრიან, აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 4 ათასს მიაღწევს. 2 ბატალიონი აშშ-ის იქნება, თითო-თითო კი _ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის საზღვართან კიდევ ოთხი ბატალიონის განლაგება-შენახვა 3,4 მლრდ დოლარი დაჯდება.

აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ბატალიონების განლაგების შესახებ განცხადებას მოჰყვა ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, ამერიკელი გენერლის _ კერტის სკაპაროტის მოწოდება, რომ ალიანსის წევრები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ რუსეთთან დასაპირისპირებლად.

სამხედრო ექსპერტთა აზრით, აშშ-სა და ნატოს ახალი სამხედრო ქვედანაყოფების განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში ძალთა თანაფარდობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, რადგან, კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთი საიმედოდ არის დაცული ატომური იარაღით.

აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის საზღვართან დამატებით 4 ბატალიონის განლაგების შესახებ აშშ-სა და ნატოს გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვართან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების გასანეიტრალებლად 3 ახალი დივიზია შეიქმნება.

“რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების გაძლიერების გამო თავდაცვის სამინისტრო იღებს საწინააღმდეგო ზომებს. წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში 2 დივიზია ჩამოყალიბდება, სამხრეთის ოლქში _ ერთი. შენობა-ნაგებობები მოწინავე სამშენებლო ტექნოლოგიებით აშენდება, ეს იქნება მოდულური კონსტრუქციებით შექმნილი ბანაკი, რომლის დაშლასა და სხვა ადგილას გადატანას დიდი დრო არ დასჭირდება. თითოეულ ახალ დივიზიაში 10 000 კაცი იმსახურებს”, _ განაცხადა სერგე შოიგუმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here