პოლიგრაფიულმა ფირმა “სეზანმა” თბილისის მერიისა და საკრებულოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ამა წლის 6 მაისს გამართა “ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა მეორე შევსებული და შესწორებული ბიბლიოგრაფიული კატალოგის პრეზენტაცია.
ეს უნიკალური გამოცემა, რომლის ავტორ-შემდგენლები არიან ბიბლიოფილები მამუკა ჩხეიძე და ლევან თაქთაქიშვილი, უეჭველად წაადგება როგორც რუსთველოლოგიის საკითხებზე მომუშავე მეცნიერებს, ასევე სტუდენტებსა და ყველა მკითხველს, რომლებსაც “ვეფხისტყაოსანი” ქართველთა სანუკვარ წიგნად, წიგნ-სიმბოლოდ მიაჩნია.
გამოცემის წინათქმიდან ვიგებთ, რომ კატალოგში 2016 წლის 1 იანვრისთვის მსოფლიო მასშტაბით დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსნის” 503 გამოცემაა თავმოყრილი. მათგან 150 ქართულენოვანია.
სტატისტიკასაც შეუძლია სიამოვნების მონიჭება.
მაგრამ უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ, ამასთანავე, მას შემდეგ, რაც კატალოგი დასაბეჭდად ჩაუშვეს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ცხადია, კორეულ ენაზე, გამოიცა “ვეფხისტყაოსნის” 504-ე გამოცემა.
“ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს იპყრობს.
ბოლო 7 წელიწადში, მას შემდეგ, რაც საქართველო–რუსეთის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, რუსულ ენაზე პოემა 10-ჯერ დაიბეჭდა და (მიაქციეთ ყურადღება!) ამ შედევრმა “გამოკითხვის შედეგად შეინარჩუნა სკოლის მოსწავლეთათვის აუცილებლად წასაკითხი ნაწარმოების სტატუსი” (მ. ჩხეიძე, ლ. თაქთაქიშვილი).
მაგრამ აქვე ავტორები გულდაწყვეტით გვაუწყებენ, რომ დღემდე პოემა ინდოეთში არ გამოუციათ. არადა, უნდა გასჩენოდათ ინტერესი, რადგან ხომ ცნობილია, რომ ძირითადი მოვლენები სწორედ ინდოეთში ვითარდება.
ასეა.
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ “დღემდე “ვეფხისტყაოსანი” ვერც ბერძნულ ენაზე გადაიტანეს. თავი იქნებ იმით ვინუგეშოთ, რომ თითქოს შეგნებულად ერიდებიან ჰომეროსის ქვეყანაში მის ამეტყველებას, “ილიადაზე” უფრო მეტად რომ არ გაიბრწყინოს” (მ. ჩხეიძე, ლ. თაქთაქიშვილი).
თამამი ვარაუდია…
“საქართველო და მსოფლიო” დაუკავშირდა საგამომცემლო ჯგუფის რედაქტორ ელზა ნაბახტეველს. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი (კატალოგის გამოცემის იდეის ავტორიც) ცნობილი ჟურნალისტი მანანა კარტოზიაა, რომელიც ერთ დროს გამოსცემდა და რედაქტორობდა პოპულარულ “დილის გაზეთს”.
_ “ვეფხისტყაოსნის” გამოცემათა ბიბლიოგრაფიის პირველი საძიებელი 2009 წელს დაიბეჭდა. მაშინ, აგრეთვე, გამოიცა ცალკე წიგნი “ვეფხისტყაოსანზე”, რომელშიც შევიდა მასალები პოემაში ნახსენები ფლორისა და ფაუნის შესახებ, აღწერა იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების, რომლებშიც ნაწარმოების გმირები მოგზაურობენ და, საერთოდ, რომლებშიც “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტები ვითარდება. ორიგინალური დასურათება ქეთი მატაბელმა გააკეთა. გამოიცა ავთანდილ არაბულის წიგნი “რას მოგვითხრობს “ვეფხისტყაოსანი”. ეს ყველაფერი ხუთტომეულში გაერთიანდა. ამ საქმეს, ისევე, როგორც “ვეფხისტყაოსნის გამოცემათა ბიბლიოგრაფია 1712-2015”-ს სათავეში ედგა მანანა კარტოზია.
“იუნესკოს” გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული, მოგეხსენებათ, და ჩვენი “რუსთაველიანა”, მგონი, კარგად ჩაეწერა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლში.
წიგნი, რომელიც ხელთ გაქვთ, მეორე შესწორებული და შევსებული გამოცემაა.
საძიებლების გამოცემა უმადური საქმეა, რა თქმა უნდა, ფრიად სასარგებლოა მეცნიერებისთვის, მაგრამ, როგორც კი დამთავრდება წიგნზე მუშაობა, მაშინვე “ძველდება”, რადგან უკვე ახალი გამოცემები გამოდის სტამბებიდან. “ვეფხისტყაოსნის” კორეულ ენაზე დაბეჭდვა სეულში, რომელიც რიგით 504-ეა, ჩვენს ბიბლიოგრაფიაში ვერ შევიდა, რადგან ამ დროს წიგნი უკვე დაბეჭდილი იყო.
ამჟამად მანანა კარტოზიას საგამომცემლო ჯგუფი მუშაობს ეთნოფორებისგან მოსმენილი და ჩაწერილი ფოლკლორული ნიმუშების გამოცემაზე და, როგორც გვპირდებიან, ამ წიგნსაც რამდენიმე კვირაში ვიხილავთ.
არმაზ სანებლიძე