Home რუბრიკები საზოგადოება გაიძვერა ხალხი და მოტყუებული ლიდერები

გაიძვერა ხალხი და მოტყუებული ლიდერები

ქართველი ერის ჩამორჩენილობაზე, ბნელობასა და ქაჯობაზე, უკვე დიდი ხანია, საუბრობენ ჩვენიპრადვინუტი ელიტისწარმომადგენლები. ახალი ამბავი არ არის, რომ კულტურულ, ზრდილობიან და, არასოდეს არაფერი რომ არ ეშლებათ, ეგეთ ევროპელებთან შედარებით, ჩვენ, ქართველები, ძალიან უკულტუროები და რეტროგრადი უზრდელები ვართ. მაგრამ, როგორც ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა შენიშნა, გამოიკვლია და დაამტკიცა, თურმე ქართველები ყველაფერ ცუდთან და საშინელთან ერთად, მატყუარებიც და გაიძვერებიც ვყოფილვართ.

ქართველი ხალხის ეს თვისება პირველად მაშინ შევნიშნეთ, როდესაც “ენ-დი-აი-სა” და “აი-რა-ის” ბნელ წარმომადგენლებს გადავეყარეთ შემთხვევით. საქმე ის არის, რომ ჩვენმა კორესპონდენტმა მტკვარზე არსებული ერთ-ერთი ხიდის მოაჯირზე მოსეირნე ორი ადამიანი დაინახა. მან სასწაულით შეძლო მოაჯირიდან ორივეს ჩამოთრევა და ჰკითხა, რატომ აპირებდნენ ხიდიდან გადახტომას. “ქართველი ხალხის უმადურობისა და მატყუარობის გამო!” _ უპასუხა ორივემ ერთნაირად. მოგივიანებით გაირკვა, რომ ერთი მათგანი “ენ-დი-აის” წარმომადგენელი იყო საქართველოში, ხოლო მეორე _ “აი-რა-ის”.

“თავს მოვიკლავთ, აბა, რას ვიზამთ? მთელი გულითა და სულით, მთელი მონდომებით ვატარებთ გამოკვლევებს, დავსდევთ ქართველ ხალხს, ვღვრით ოფლს, გამოვკითხავთ, მერე ვაქვეყნებთ შედეგებს და უცებ ეს უნამუსო ქართველი ხალხი გამოდის და ურცხვად იტყუება, _ მაგათ ჩვენთვის არაფერი უკითხავთო. აბა, არ გვეტკინება გული და არ მოგვბეზრდება ასე სიცოცხლე?” _ შესჩივლეს “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” გულაჩუყებულმა წარმომადგენლებმა ჩვენს ცრემლმომდგარ კორესპონდენტს.

ამ შემთხვევის შემდეგ ჩვენი გულჩათხრობილი კორესპონდენტი სულ ჩაფიქრებული დადიოდა და ერთ დღესაც მიხვდა, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ ევროპელებსა და ამერიკელებს, არამედ საკუთარ ლიდერებსაც კი ატყუებს! წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებიან პოლიტიკური ლიდერები ასეთი მატყუარა და გაიძვერა ხალხის ხელში.

ასეთი ფიქრები ჩვენს დაღონებულ კორესპონდენტს გაუჩინა სამი ქართველი პოლიტიკური ლიდერის იმ განცხადებებმა, რომლებიც მათ ამ დღეებში გააკეთეს და რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ამ ლიდერებს მომავალში ხალხისგან უდიდესი იმედგაცრუება და გულდაწყვეტა ელოდებათ!

* პაატა ბურჭულაძე: ხალხი ითხოვს, რომ პოლიტიკაში მოვიდე!

* ირაკლი ალასანია: მე წავედი ხელისუფლებიდან, მაგრამ ხალხი ითხოვს, რომ დავბრუნდე!

* გიორგი ვაშაძე: მიფიქრია, რომ დავტოვო პოლიტიკა, მაგრამ ხალხი ითხოვს, რომ დავრჩე!

მიაქცევდით ყურადღებას, რომ სამივე ამ ლიდერის განცხადებაში ფიგურირებს სწორედ ხალხი! სხვათა შორის, ხალხი ასევე ფიგურირებს “ოცნების”, “ნაციონალების”, ლეიბორისტების, რესპუბლიკელების და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების გამოსვლებშიც.

ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებიან ეს საწყალი ლიდერები, როდესაც უნამუსო და გაიძვერა ქართველი ხალხი მათ ზურგს შეაქცევს. აი, ასეთი უმადური და გაიძვერაა ხალხი _ ჯერ გეტყვიან: “მოდი”, “დაბრუნდი”, “დარჩიო” და მერე სულ ფეხებზე დაგიკიდებენ!

სხვათა შორის, შესაბამისი ექპერიმენტი უკვე ჩაატარა ჩვენმა გამჭრიახმა კორესპონდენტმა და ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე დადგა ტრიბუნა წარწერით “ქართველი ხალხის რჩეული”. ექსპერიმენტში მონაწილე პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ალასანიასა და გიორგი ვაშაძეს ვთხოვეთ, ეჭიდავათ ამ ტრიბუნის დასაკავებლად, ჩვენ კი უნდა დავკვირვებოდით, რა რეაქცია ექნებოდა მოედანზე სპეციალურად მოყვანილ ქართველ ხალხს.

როგორც კი ექსპერიმენტის დაწყების ნიშანი მივეცით და ხალხის რჩეულები ერთმანეთს შეეჭიდნენ, ხალხში ვიღაცამ დაიყვირა: “პური ვიპოვეო” და ყველა იქით მიტრიალდა. აღმოჩნდა, რომ მას მოედანზე პირამდე სავსე ნაგვის ურნაში კაი ერთი “ბუხანკა” ობიანი პური აღმოუჩენია. ამის დანახვაზე ხალხმა იხუვლა ნაგვის ურნისკენ და დიდი და პატარა თავით გადაეშვა შიგ. ზოგს მცირეწლოვანი ბავშვიც მოჰყავდა, _ სამი დღეა, არაფერი მიჭმევია და იქნებ რამე შეახვედროთო, _ იხვეწებოდა; ზოგს გული უსუსტდებოდა შიმშილისგან და სხვებს სთხოვდა, თუ რამე იპოვოთ, ცოტა მომიფურჩხნეთო!

ამ უნამუსო და უმადურმა ხალხმა ამაგდარი ლიდერები, აი, ასე დაიკიდა ფეხებზე და ნაგვის ურნაში ორი ლუკმის პოვნის იმედით ზურგი შეაქცია მათ. არ დაგიმალავთ, ვცადეთ სიტუაციის შემობრუნება და ხალხში ხმა გავავრცელეთ, _ ახლა ტრიბუნაზე თვით ბიძინა ივანიშვილიც ავა-თქო, მაგრამ ხალხმა, _ ერთი მაგისი მილიარდერი კარგიც და კეთილებიც, სადაც უნდა იქ ათრეულა, შიმშილით კუჭი გვიხმებაო, _ მოგვაძახა და ნაგვის ურნაში ქექვა განაგრძო…

აი, ასეთი უმადური და გაიძვერაა ქართველი ხალხი და რა ქნან, ბატონო, ამ ბიძინამ და სხვა პოლიტიკოსებმა, რა გააკეთონ?!

უმა დურია

1 COMMENT

  1. ხალხი ითხოვს, ბურჭულაძემ იმღეროს, ალასანიამ იცეკვოს და ვაშაძემ ტაში დაუკრას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here