Home რუბრიკები საზოგადოება მაპის მიღებამდე ნატო და თინა “ფეისბუქზე” დამეგობრდნენ

მაპის მიღებამდე ნატო და თინა “ფეისბუქზე” დამეგობრდნენ

560

ბრიუსელი. დილის 8 საათი. დეკემბრის 25. ევროპა შობისთვის ემზადება. ქუჩაში ჟრიამულია. ავდარია _ ქარი და თოვლი ერთმანეთში ერევა. “ნატოოო, ნატოოო!” _ ყრუდ ჩამესმა ქალის განწირული ყვირილი. “ნატოოო, ნატოოო!” _ მეორდება ამჯერად ქალის და კაცის ნაზავი ხმის ტონი.

_ მიდი, გახედე, ვინ არის, _ მეუბნება ქალბატონი ნატო. გავიხედე, ქალი და მამაკაცი დგას, ორივეს სათვალე უკეთია, ვიცანი.

_ თინა და დათო არიან, _ ვეუბნები.

_ უჰ, გააწყალეს გული რა! ადამიანი ერთხელ რომ უარს მეტყვის, მეორედ როგორ შევაწუხებ! _ თქვა ჩემმა უფროსმა და მანიშნა, შემოიყვანეო. ფანჯრიდან ხელი დავუქნიე და გავძახე, ამოსულიყვნენ. კარგად ციოდა. ქალბატონი ნატო ბუხრის პირას იჯდა, მაყვლის ჯემს მიირთმევდა და ჩაფიქრებული მიშტერებოდა ერთ წერტილს. თინა და დათოც მოვიდნენ. ქალბატონი ნატო, რა თქმა უნდა, თავაზიანად დახვდა, ოთახში შეიპატიჟა და ყავის მიტანა მთხოვა, თვითონ კი თავის მოსაწესრიგებლად გავიდა. გარდა იმისა, რომ საშინაო საქმეები მევალება, სტენოგრამისტიც ვარ და ნებისმიერი ვიზიტის ჩანაწერს ვაკეთებ.

სტუმრებმა პალტოები გაიხადეს და მისაღებში დასხდნენ, ქალბატონი თინა კი ტელეფონში რაღაცას აკეთებდა. ბოლოს დავინახე, დაჩექინდა _ Checked in NATO. ამასობაში ქალბატონი ნატოც გამოვიდა, კიდევ ერთხელ მიესალმა და მოიკითხა, ისე, როგორც პროტოკოლი ითვალისწინებს.

თინამ პარკიდან ბომბონერი და ბელგიური ვაფლი ამოიღო, _ ეს თქვენ საჩუქრადო. ტკბილეული გავხსენი და მაგიდაზე დავაწყვე. დაიწყო დიალოგი, მეც დავიწყე სტენოგრამა.

ნატო: _ აბა, როგორ ხართ, რა ხდება თქვენთან? გავიგე, ბატონი მეჭიაური და თოფაძე მებრძვიან.

თინას და დათოს სახეზე უხერხულმა ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ არ დაიბნენ და მიუგეს:

_ მაგათ არავინ ეკითხება, ჩვენ ბატონმა ბიძინამ გამოგვგზავნა.

_ კარგი, არა უშავს, ერთი-ორი მყვირალა თავი ყველგან გამოჩნდება ხოლმე. ერთი ის მითხარით, ვოვა რას ამბობს, გქონდათ კომუნიკაცია? როგორც ვიცი, დიდად არ სიამოვნებს ჩვენი კეთილი დამოკიდებულება.

_ ვოვას სიტყვებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ხო იცით, სიმთვრალეში რას არ იტყვის კაცი…

_ მოკლედ, ბევრი რომ არ მივკიბ-მოვკიბოთ, მეგობრებო, საქმე არცთუ მარტივად არის. მესმის, ჩვენთან გსურთ ყოფნა და ჩვენც გიდასტურებთ პატივისცემას, აგერ კარიც ღია მქონდა, უბრალოდ, ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდფეისბუქზედაგიმეგობროთ ან სკაიპში დაგამატოთ, განსაკუთრებულს ამ ეტაპზე ვერაფერს შემოგთავაზებთ. ვიმეგობროთ ვირტუალურ სივრცეში, დავაკვირდებით თქვენს აქტივობებს, ვნახავთ, რამდენი გალაიქებთ, გიკომენტარებთ, რას წერენ და ამის მერე ვიფიქრებთ სხვა, უფრო მაღალ ღირებულებებზე, ჰა? რას იტყვით? მგონი, მაპზე უკეთესი კი უნდა იყოს ჩვენიფეისბუქმეგობრობა”? _ უთხრა ქალბატონმა ნატომ.

_ ჩვენთვის დიდი პატივია ის, რომ “ფეისბუქზე” დავმეგობრდებით, ამით დავანახვებთ ჩვენ მტრებს, რომ მარტო არ ვართ. უბრალოდ, ერთი თხოვნა გვაქვს, როდესაც რამეს დავპოსტავთ, დაგვილაიქეთ ხოლმე, ვოვას თვალები რომ დავთხაროთ. ვიცით, ხშირად უყურებს ჩვენ პოსტებს და გვინდა, რომ დაინახოს.” – მიუგო თინამ

_ ოჰ, ეგ რა პრობლემაა! დაგილაიქებთ კი არა, აგერ ჩემი თანაშემწე იმდენ კომენტარს დაგიწერთ, ბევრს ჩვენი წევრი ეგონებით. მაგაზე არ იდარდოთ, თუ გინდათ, ყალბ ჩექინებსაც გავაკეთებთ, მიშას დროს ასე ვაკეთებდით ხოლმე და ხალხი გიჟდებოდა. ვოვა სულ გულზე სკდებოდა, ერთხელ დამირეკა კიდეც გაცოფებულმა, რა იცოდა, ყალბი რომ იყო. მოკლედ, არ არის პრობლემა, ჩვენ გიმატებთ მეგობრებში, გილაიქებთ, გიკომენტარებთ, აგერ ობამას “ფეისბუქის” პაროლიც გვაქვს, ოლანდისაც და მერკელისაც, ეგენიც დაგილაიქებენ ხოლმე პოსტებს და მგონი, თქვენც არ იქნებით უკმაყოფილო”, _ განუცხადა ქალბატონმა ნატომ.

_ თქვენ გაიხარეთ, ქალბატონო ნატო”, _ სიხარულის ხმა აღმოხდა უსუფაშვილს და ჩემს ქალბატონს ჩაეკონა.

_ აბა, მითხარით, როგორ დაგამატოთ მეგობრებში”, _მიმართა სტუმრებს ნატომ.

_ თინატო, _ მიუგო ხიდაშელმა.

ქალბატონ ნატოს კეთილად ჩაეღიმა და უთხრა, აი მესმის მისწრაფებაო და თავზე ხელი გადაუსვა. გამოგიგზავნეთ მეგობრობა, თბილისში რომ ჩახვალთ, დაადასტურეთო. თინამ და დათომ დიდი მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ნატოს და სულ ჟივილ-ხილივით გამოვიდნენ ბინიდან. ჩემმა ქალბატონმა კი მაყვლის ჩაის მიტანა მთხოვა და თავისთვის ჩაილაპარაკა: “რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის!”.

ველქომ ოფენდორი

1 COMMENT

  1. გაუცემელი \\\”გაყინული ხელფასებით\\\’ ალბათ გაგვიჭირდება ნატოში შესვლა, განა ნატოში არ იციან რომ ქართულ ჯარში 16 წლის წინანდელი ხელფასები დღესაც არ არის გაცემული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here