სახელმწიფოს ყოვლისმომცველი ორგანიზმის სრულყოფილი განვითარება და მისი სრულფასოვანი ფუნქციობა, ცხადია, განვითარებული ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია.
ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანისა და აღმასვლისკენ რადიკალურად შემოსაბრუნებლად საჭიროა, დაუყონებლივ ამოქმედდეს ჩვენი ინტელექტუალური სამეცნიერო ელიტის მიერ შემუშავებული კონკრეტული ბიზნესგეგმები, რომელთა საფუძველზეც განსაზღვრული და დასაბუთებულია, როგორც სამეცნიერო თეორიული კვლევებითა და აღმოჩენებით, ისე ექსპერიმენტულად მათი პრაქტიკაში დანერგვის ეკონომიკური ეფექტიანობა და რომელთა ბაზაზეც შესაძლებელია მასზე ზედნაშენი დარგების განვითარება, რაც, საბოლოო ჯამში, კანონის უზენაესობის დაცვის პირობებში, მოგვცემს ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის, ისეთ მძლავრ, სინქრონულ და ავტომატურ რეჟიმში განვითარებას, რომლის შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელიც კი იქნება.
რაც მთავარია, კარგად უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ძირითადი და მთავარი რესურსი ადამიანია და, მით უმეტეს, ადამიანთა ის გამორჩეული კონტინგენტი, რომელსაც თავისი ძალისხმევით შეუძლია ამ საქმეში მნიშვნელოვანი და ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტი წვლილის შეტანაც კი. სწორედ ამ ადამიანური რესურსის გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება უნდა ეყრდნობოდეს სტრატეგიული მნიშვნელობის წიაღისეულის გადამუშავებას, ძვირფასი და არამილევადი სასმელი წყლის ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ ათვისებას, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და იაფი ელექტროენერგეტიკის განვითარებას და სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას.
ჩვენ, ამ წერილზე ხელისმომწერნი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სწორედ ასეთ პიროვნებებს მიეკუთვნება არაერთ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ნოვატორულ გამოგონებათა ავტორი და პრაქტიკაში დანერგვის ინიციატორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შპს “საკონსტრუქტორო საწარმოო გაერთიანების” გენერალური დირექტორი, ბატონი ევგენი უშვერიძე, რომლის სამეცნიერო გამოგონებათა და აღმოჩენათა შორის თავისი მასშტაბით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოსგან დამზადებულ ქსოვილზე იშვიათი ჯიშის მცენარეების საუკეთესო ნერგების, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა (ბრინჯის, შაქრის შემცველი მცენარის _ სტევიას, კარტოფილის და სხვ.) და, მათ შორის, უპირობოდ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის _ ხორბლის 60-დღიანი ციკლით თესვა-მოყვანის უნიკალური ტექნოლოგია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რევოლუციური მნიშვნელობის ნოვაციაა, რომელიც დასტურდება შემდეგით: სასოფლო-სამეუნეო დანიშნულებისთვის გამოუსადეგარ მიწის ნაკვეთზე, ცხრასართულიან საწარმოო კორპუსში, რომლის განაშენიანების ფართობიც არის 800 კვ.მ (შესაბამისად, 0.08 ჰა), 90-კაციან მომსახურე პერსონალს ყოველწლიურად შესაძლებლობა ექნება, მიიღოს შთამბეჭდავი რაოდენობის, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო 336 ტ ხორბალი, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილი 730 ათასი ცალი ვერცხლისფერი ნაძვის ნერგი, 302 ტ სოკო და მისგან დაამზადოს 51 ტ სოკოს ფხვნილი.
თუ ჩავთვლით, რომ 1 ჰექტარ ტერიტორიაზე, ტრადიციული მეთოდით მოყვანილი ხორბლის რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალოდ შეადგენს 4 ტონას, მაშინ ამ საწარმოს ერთი ცხრასართულიანი კორპუსის მიერ, რომლის განაშენიანების ფართობიც შეადგენს სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარი მიწის 0.08 ჰექტარს, ერთი წლის განმავლობაში წარმოებული ხორბლის რაოდენობა იქნება ბუნებრივ პირობებში 84 ჰექტარ ტერიტორიაზე მოყვანილი ხორბლის რაოდენობის ეკვივალენტური.
ამასთანავე, საწარმოო კორპუსის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი, ყველაზე მოკრძალებული საბითუმო ფასების გათვლებითაც კი, მათი საწარმოო დანახარჯების გამოკლებით, შეადგენს 2.2 მილიონ დოლარს. ეს ნიშნავს, რომ ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობისა და ტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟის საერთო დანახარჯების, 2 მილიონი დოლარის, გამოსყიდვას დასჭირდება მხოლოდ 1 წელიწადი.
ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და, გნებავთ, უსაფრთხოების მიზნითაც კი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შევძლოთ საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა საკუთარი წარმოების სურსათით და განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული პროდუქტით, როგორიც არის ხორბალი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ, მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები არ იშურებენ სუბსიდიებს თავიანთი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება უნდა განხორციელდეს გონივრულად და ეფექტიანად, დარგის პერსპექტიული განვითარების გათვალისწინებით.
საქართველოს, ხორბლის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილად _ წელიწადში 800 ათასი ტონა ხორბლის საწარმოებლად, საჭირო იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დისტრიბუციის თვალსაზრისით, ოპტიმალურად განთავსებული 2381 ცხრასართულიანი კოპუსის ეტაპობრივი, დაახლოებით 6 წლის განმავლობაში მშენებლობა, რომლებშიც, საერთო ჯამში, დასაქმდება 250 ათასამდე ადამიანი.
2381 კორპუსში წარმოება ყოველწლიურად მოგვცემს 800 ათას ტონა ხორბალს, 121 ათას ტონა სოკოს ფხვნილს, 1.7 მილიარდ ცალ ვერცხლისფერი ნაძვისა და სხვა იშვიათი ჯიშის მცენარეების საუკეთესო ნერგებს და მათი რეალიზაციით მივიღებთ 5 მილიარდ დოლარზე მეტ სუფთა მოგებას, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი შეივსება შესაბამისი ოდენობით და დარჩენილი თანხის 70% გადანაწილდება ინვესტორებს შორის, ხოლო 30% ჩაერიცხება სამეცნიერო ტექნოლოგიების შემქმნელ ჯგუფს.
ამასთანავე, საქართველო განთავისუფლდება ხორბლის ყოველწლიური იმპორტისგან, რაც შეადგენს არანაკლებ 180 მილიონ დოლარს და, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიაფდება ძირითადი საკვები პროდუქტი _ პური.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უცხო ქვეყნებში ამ მეცნიერული აღმოჩენის პატენტებისა და ტექნოლოგიური დანადგარების სერიულად დამზადებული კომპლექტების რეალიზაციით მივიღებთ საქართველოს მასშტაბისთვის უპრეცენდენტოდ კოლოსალურ შემოსავალს, სავარაუდოდ, 70 მილიარდ დოლარს.
ამ უნიკალური პროექტის განხორციელებით, მკვეთრ, ნახტომისებურ ფინანსურ–ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში მნიშვნელოვნად ამაღლდება საქართველოს პრესტიჟი და ქართველები, ჩვენი წელთაღრიცხვის ოცდამეერთე საუკუნის პირველ მეოთხედში, უკვე სრულიად სხვა თვისობრივ და ხარისხობრივ ამპლუაში, კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ კაცობრიობას, რომ ნამდვილად ვართ მსოფლიოს ერთ–ერთი ძველი მიწათმოქმედი, შემოქმედებითად მოაზროვნე და კულტურული ერი.
ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც ექსპორტს თითქმის ოთხჯერ აღემატება იმპორტი, როდესაც უმუშევრობით გამოწვეულმა გაუსაძლისმა პირობებმა აიძულა ჩვენი რიცხობრივად ისედაც პატარა ერის მილიონ-ნახევარი მოქალაქე, სამუშაოს საშოვნელად დაეტოვებინა სამშობლო, ხოლო დარჩენილთა დიდი უმრავლესობა, დასამალი არ არის, გაუსაძლის ყოფით მდგომარეობაშია, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ის სისტემური სამართლებრივ-ეკონომიკური გარემო, რომლის საშუალებითაც შევძლებდით, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, გაგვეუმჯობესებინა ქართველი ხალხის სოციალური მდგომარეობა, რაც, პირდაპირ უნდა ითქვას, როგორც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი ინტელექტუალური ელიტის, ასევე და განსაკუთრებით ამ ხნის განმავლობაში მოქმედი უმაღლესი სახელისუფლო შტოების დანაშაული და სირცხვილია.
პროექტის რეალურად ამოქმედების წინაპირობაა ჯერ ხორბლის წარმოების საჭიროების გარეშეც თავისთავად ლიკვიდური პროდუქციის, წელიწადში 250 ტონა ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოსა და მისგან ქსოვილისა და ბაზალტოპლასტიკური არმატურის დამამზადებელი საწარმოს აშენება (რისთვისაც შედგენილია შესაბამისი ბიზნესგეგმა) და შემდეგ ხორბლის თესვა-მოყვანის მწარმოებელი ერთი ორსართულიანი კორპუსის მშენებლობა და მისი საჭირო ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა, რომლის განხორციელებასაც დაახლოებით 7.5 მილიონი დოლარით დაფინანსება დასჭირდება, რაც მოგვცემს საშუალებას, დარწმუნდეს როგორც სახელისუფლო კომისია, ისე ნებისმიერი ექსპერტი მისი ფართო მასშტაბით სახელისუფლო ეგიდით განხორციელების ეფექტიანობაში.
იმედია, ჩვენს კონკრეტულ შემოთავაზებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება სწორად გააანალიზებს და გამოიტანს შესაბამის კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას.
პატივისცემით, რამაზ გახოკიძე
_ საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ბიოორგანული ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი, ბიოსტიმულატორ “ბიორაგის” შემქმნელი;
დემურ გიორხელიძე
_ საქართველოს პარლამეტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე 2002-2004 წლებში, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ეკონომიკის ექსპერტი და კონსულტანტი;
სოსო ხონელიძე
_ მშენებელ–ინჟინერი;
ანზორ დავითაშვილი
_ არქიტექტორი.
საკონტაქტო მისამართი:
ანზორ დავითაშვილი
თბილისი, 0102, დ. აღმაშენებლის გამზ. #82, ბინა 13
ტელ. 593 74 55 03
ელ. ფოსტა:
anzor.davitashvili@mail.ru
ნეტარ არიან მორწმუნენი! გაიგეთ ხალხო, ჩვენს სტრატეგიულ \\\”პარტნიორებს\\\” მომხმარებელი უნდა და არა მწარმოებელი, და მოწავწკავე ფინია სხვებზე მისაქსევათ.