Home რუბრიკები საზოგადოება სოსო არჩვაძე: საშუალო ევროპულ დონეს მოსახლეობის ერთ სულზე განათლების დაფინანსების მიხედვით დაახლოებით...

სოსო არჩვაძე: საშუალო ევროპულ დონეს მოსახლეობის ერთ სულზე განათლების დაფინანსების მიხედვით დაახლოებით 8-ჯერ ჩამოვრჩებით

საქართველოში განათლების დონე შესამჩნევად დაეცა. ბოლოდროინდელი სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგთა 83 პროცენტმა ვერ ჩააბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგთა უმეტესობამ თავისი საგანი საჭირო დონეზე არ იცის. როგორც იაკობ გოგებაშვილი იტყოდა: “სკოლა ორპირი ხანჯალია _ აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული”. შესაძლოა, სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე: რამ გამოიწვია საქართველოში განათლების დონის დაცემა? გვესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე.

_ ბატონო სოსო, რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოში მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ვერ იყენებენ?

_ ამბობენ ხოლმე, რომ ყოველ მეორე თბილისელ ტაქსისტს საბარგულში ორი დიპლომი უდევს. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ გარკვეულწილად ასახავს იმ რეალობას, რომ უმაღლესი სკოლები სპეციალისტებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ამზადებდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს სწორედ ამ პროცესს დავუკავშირებდი. თითქოს კონკრეტული თანამდებობის დაკავების მსურველები და მათი მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ რეალურად ეს არის შინაგანი წინააღმდეგობისა და უმაღლესი სკოლის მიერ საკუთარი ფუნქციების ბოლომდე ვერშესრულების გამოხატულება. სტუდენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და, საერთოდ, სრულიად საქართველოს სურს, რომ უმაღლესი სკოლა იყოს მაქსიმალურად მისადაგებული ეკონომიკის მოთხოვნებს. მსოფლიოში ყოველ მეხუთე მილიარდერს უმაღლესი სასწავლებელი არ დაუმთავრებია, ხოლო 50-მდე მილიონერს _ საშუალო სკოლაც კი. ათეულში მყოფი საშუალო განათლების ატესტატის გარეშე დარჩენილი მილიონერთა ჯამური აქტივების ღირებულება, ჟურნალ “ფორბსის” მონაცემებით, დაახლოებით 122 მილიარდი დოლარია. თავის დროზე ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, ცუკერბერგი და სხვები უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ამას მათი წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია, ამიტომ ამ საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. 21-ე საუკუნე ინფორმაციისა და კომუნიკაციის ეპოქაა და, თუ ადრე მხოლოდ უმაღლესი ან საშუალო სკოლიდან ხდებოდა გარკვეული ცოდნის ან ინფორმაციის მიღება, მასწავლებელი და ლექტორი იყო ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. დღეს ლექტორზე მეტად მომზადებული და სიახლეებში გათვითცნობიერებული სტუდენტი შეიძლება იყოს და მის მიერ დასმულ კითხვებზე ლექტორს ყოველთვის არ ჰქონდეს პასუხი. ეს გარკვეულწილად აკადემიური პერსონალის ავტორიტეტის შელახვას იწვევს, რაც შემდეგ აისახება უმაღლესი სკოლისადმი დამოკიდებულებაში. განათლების სისტემა ითხოვს ახლებურ მიდგომებს, ეროვნული მეურნეობის, ბიზნეს და კერძო სექტორის უფრო სიღრმისეულ მონაწილეობას კადრების მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში. ეს პროცესი უნდა იყოს ერთიანი სისტემის ჯაჭვი.

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და როგორ შეაფასებთ ამ მხრივ განათლების სამინისტროს მუშაობას?

_ ის რესურსები, რომლებიც გამოიყოფა სახელმწიფოს მიერ, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის. 2016 წელს პირველად გამოიყო ფინანსები განათლებაზე, მოცულობით _ 1 მილიარდ ლარზე მეტი. ეს საკმაოდ დიდი თანხაა და არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ დაახლოებით 5-6 წლის წინათ დაახლოებით 1,5-ჯერ მეტი იყო გამოყოფილი თავდაცვისთვის, ვიდრე განათლებისთვის, ახლა პირიქითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცენტი აღებულია განათლებაზე და რომ ჩვენი გეგმის ინტერესები გრძელვადიან პერსპექტივაში დავიცვათ არგუმენტის ძალით. ვფიქრობ, განათლებული, მაღალკვალიფიცური სპეციალისტები უფრო კარგად დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს, ვიდრე დაბალი კვალიფიციის მქონე ადამიანები, თუნდაც შეიარაღებულები. ამ მხრივ სტრატეგია სწორად აქვს შერჩეული ხელისფულებას. სხვა საკითხია, საკმარისია თუ არა ეს რესურსი. შემიძლია გითხრათ, რომ საშუალო ევროპულ დონეს მოსახლეობის ერთ სულზე განათლების დაფინანსების მიხედვით დაახლოებით 8-ჯერ ჩამოვრჩებით, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია.

_ უფროსი თაობის წარმომადგენლები პრობლემას ახალგაზრდებში ხედავენ, ამბობენ, უცოდინარი და უინტერესო თაობა მოდისო. ახალგაზრდები კი პირიქით _ უფროსებს ადანაშაულებენ, მათი გაუნათლებლობის გამო ვართ ამ დღეშიო

_ ეს პრობლემა ჩემთვის ახალი არ არის. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველთვის ასე ხდებოდა, ყოველთვის იყო მამათა და შვილთა ბრძოლა, მიღებული ცოდნით ხდებოდა ჭიდილი. ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონში” მთავარ პერსონაჟს, ბაჩანა რამიშვილს, უსვამენ კითხვას _ იცნობ თუ არა ამხანაგი ლენინის წერილს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და და მთიელთა რესპუბილიკის ამხანაგ კომუნისტებისადმიო, და ნოდარ დუმბაძე ჩვეული კლასიკური იუმორით თავის გმირს ათქმევინებს, _ თქვენ იმას მეკითხებით, რაც უნდა ვიცოდე, თუ იმას, რაც თქვენ იცითო?!

აი, ასე ხდება ხოლმე… დააკვირდით ხშირად ახალგაზრდა თაობა ტექნიკასთან გაცილებით ახლოსაა. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვეუბნები: თითოეული თქვენგანი დღეს ინფორმაციული ტექონოლოგიების აღჭურვის დონით გაცილებით უკეთესადაა უზრუნველყოფილი, ვიდრე იყო ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი-მეთქი.

ძალიან კარგია, რომ ასეთი განვითარებული თაობა მოდის, ასე რომ არ იყოს, კაცობრიობის განვითარება შეჩერდებოდა. მე იმედით ვუყურებ ახალგაზრდა თაობას…

_ ბატონო სოსო, სასერტიფიკაციო გამოცდებზე რას იტყვით, რომელზეც პედაგოგებმა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენეს?

_ რა თქმა უნდა, სასურველი იყო, პედაგოგები უფრო კარგად ყოფილიყვნენ მომზადებულნი… ბევრ ქვეყანაში საშუალო სკოლის მასწავლებელი საზოგადოების საშუალო ფენის წარმომადგენლად ითვლება. დღეს მისი ხელფასი 1200-1500 ლარი მაინც უნდა იყოს, მაგრამ რეალურად ამ თანხის დაახლოებით მესამედია. ხელფასის მოცულობა ამცირებს იმ პრესტიჟულობასა და მდგომარეობას, რომელშიც ეს კონტინგენტი, მოცემული სოციალური ფენა იმყოფება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პირობები, ანაზღაურება და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, რათა მეტი შეძლოს და იყოს კომპეტენტური იმ საგანში, რომელიც უნდა ასწავლოს მოზარდ თაობას.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here