Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: ზვიად გამსახურდია ყელში ჰყავთ გაჩხერილი

თემურ ქორიძე: ზვიად გამსახურდია ყელში ჰყავთ გაჩხერილი

2474

საქართველოს მთავრობა 2016 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გრანდიოზულად აღნიშვნას გეგმავს, თუმცა არავის გახსენებია 31 მარტი _ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და რეფერენდუმი, რომელიც 1991 წელს ჩატარდა, დღე, როდესაც ქართველმა ერმა სანუკვარი არჩევანი გააკეთა პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს. რატომ გაურბის ყველა მთავრობა ზვიად გამსახურდიას ღვაწლის აღიარებას, რატომ არ დგას საქართველოს დედაქალაქში მისი ძეგლი და რატომ არ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს? _ ამ და სხვა მნიშველოვან თემებზე სასაუბროდ ეროვნული მთავრობის წევრს, ფილოლოგ თემურ ქორიძეს ვესაუბრეთ.

_ ბატონო თემურ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღემ უხმაუროდ ჩაიარა; არ აღინიშნა არც რეფერენდუმის დღე, რომლითაც ქართველებმა 25 წლის წინათ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება ავირჩიეთ

_ ამაზე უარესსაც გეტყვით: თითქოს საგანგებოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს 26 მაისს აღნიშნავენ.

ზვიად გამსახურდია ყელში ჰყავთ გაჩხერილი, ის საქართველო გაეჩხირათ ყელში, რომელიც 25 წლის წინათ ღელავდა, ბობოქრობდა, თავისუფლებისკენ ილტვოდა. საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა ყველა, მათ შორის, კომპარტიის წევრების საკმაოდ დიდი ნაწილიც, მაგრამ ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც საშოვარზე წავიდნენ, მათ საერთოდ არ ანაღვლებდათ ქვეყნის ბედი და დღემდე არ ვეკითხებით, სად იყვნენ 9 აპრილს _ მოსკოვში თუ ციმბირში, სად ძარცვავდნენ ქვეყანას. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ის, რომ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას აპირებენ; ის, რომ სურთ, გადაფარონ იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც საქართველოს ისტორიის ბოლო 400 წლის განმავლობაში პირველ უდიდეს გამარჯვებას 1989 წლის 9 აპრილს მიაღწიეს, არ გამოუვათ. დიახ, ეს იყო პირველი გამარჯვება.

1918 წლის დამოუკიდებლობას “ნაჩუქარ ცხენს” უწოდებდა პუბლიცისტი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაზწე შალვა ამირეჯიბი. მაშინ დამოუკიდებლობა თავისთავად მოვიდა, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, სისხლით მოვიდა, რასაც 1989 წლის 9 აპრილი მოწმობს. დამოუკიდებლობისთვის მთელმა ერმა იბრძოლა, ეს ბრძოლა ჰაერივით სჭირდებოდა ქვეყანას, საკუთარი თავისა და ღირსების გასაცნობად. თუმცა მას შემდეგ არც ერთი ხელისუფლება და მათ შორის, არც ივანიშვილის, პრინციპულად არ აღიარებს ქართველი ერის დამსახურებას სახელმწიფოსა და ქვეყნის წინაშე. და იცით, რატომ? _ იმიტომ, რომ მაშინ ყველა მათგანს ძალიან საეჭვო პოზიცია ეკავა. ეს ქართველი ხალხის უპატივცემლობა და ისტორიის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულია.

არ შეიძლება 26 მაისს აღინიშნოს დამოუკიდებლოს დღე, რადგან 9 აპრილს დაღუპულთა სულის პატივსაცემად გადაწყვიტა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს. ამ მნიშვნელოვან საკითხზე ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს, რადგან იმხანად სრულიად საქართველო იდგა ფეხზე, ვიღაცას კი სურს, გვითხრას, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, არაფრის მაქნისები ხართო… ვიღაცას სურს, ნიჰილიზმი დათესოს, როდესაც უარყოფს 9 აპრილის მნიშვნელობას ქართულ რეალობაში.

_ თუ წინასაარჩევნოდ ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენება მომგებიანი თემაა, მაშ, რატომ არ უდგამენ ამ ადამიანს ძეგლს?

_ ზვიად გამსახურდიას მიმართ არასოდეს ყოფილა საშუალო დამოკიდებულება _ ის ან სძულდათ, ან უყვარდათ, ეს დიდი ადამიანების ხვედრია. არავინ უარყოფს, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას შეცდომები არ ყოფილა. თვითონ ზვიადს აქვს ერთ-ერთ ესეში ნათქვამი ასეთი ფრაზა: “პოეტის ცხოვრების ფინალი ყოველთვის გასაღებია მისი შემოქმედებისა”… ზვიადის ცხოვრების ფინალი მოწამეობრივი აღსასრული იყო. ის შეგნებულად მიდიოდა ამ გზაზე, მისი იდეალი იყო მარტვილი, წამებული, რასაც ხშირად ამბობდა. ჭაბუკობიდანვე ემზადებოდა მოწამეობრივი აღსასრულისთვის. ერთგან უწერია კიდეც: როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება ამ საქმის მესვეური, ეს მოასწავებს თვით საქმის გამარჯვებას”. ზვიადს სწამდა, მსხვერპლშეწირვის გარეშე დიდი იდეალების ხორცშესხმა შეუძლებელი იყო. ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი პრინციპიც. ზვიად გამსახურდია შეეწირა იდეას, რომელმაც გაიმარჯვა. ზვიადი ჩადგა მათ რიგებში, ვინც ისტორია შექმნა, ახალი საქართველოს ისტორია, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა ეს, მაინც იქნება დაკავშირებული ზვიად გამსახურდის სახელთან. აი, რატომ ახსენებენ მის სახელს წინასაარჩევნოდ.

_ ზვიად გამსახურდის ძეგლი არ დგასბიძინა ივანიშვილი თავისი კოალიციით ხელისუფლებაში რომ მოდიოდა, ეროვნულობაზე ჰქონდა პრეტენზია, მან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, ბოლოს და ბოლოს, საუკუნოვანი ხე გადაიტანა ზღვით იმის გამო, რომ ჩვენთვის დენდროლოგიური პარკი აეშენებინა, მაგრამ აზრად არავის მოსვლია, ზვიად გამსახურდის ძეგლი დაედგა, მაშინ, როდესაც თბილისში, ვისიც გინდა, იმის ძეგლს ნახავ

_ ზვიადის ძეგლი ზუგდიდში დგას.

როდესაც მთელი საქართველო ფეხზე იდგა და ყველა დამოუკიდებლობას ითხოვდა, ბიძინა ივანიშვილი ფულს იხვეჭდა. მას მეჯღანუაშვილის აზროვნება აქვს. სასაცილოდაც არ ჰყოფნის, ალბათ, ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ალბათ, სულელებსაც გვიწოდებს.

იმ დროს, როდესაც ხალხი დამოუკიდებლობას ითხოვდა, სახელმწიფო ხაზინა თითქმის ქუჩაში იდო… სწორედ ამაზე იცინის ბიძინა, რაღა, დამოუკიდებლობა მოითხოვეს, ფული ეშოვათო, _ ფიქრობს.

მის ინტერვიუებში საოცარი უპატივცემულობა ჩანს. ჩვენ, ყველანი, ვალდებულები ვართ, კრიტიკულად შევხედოთ განვლილ ცხოვრებასა და შეცდომებს, მაგრამ გააჩნია, ამას ვინ აკეთებს. ამის უფლება დიდ ილიას ჰქონდა. ბიძინას არ განუცდია 9 აპრილი, იმ დროს 100 ათასად ნაყიდ აქციებს მილიონად ჰყიდდა. ეს მისი არჩევანი იყო.

ბიძინა კადნიერდება და წერს: “საქართველოს სამი პრეზიდენტი ჰყავდა და სამივე ერთმანეთზე უარესი იყო”. ეს ფრაზა იმ ადამიანის მისამართით არის ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტად აღარ მოვიხსენიებთ; ზვიად გამსახურდიაზე ჩვენ, როგორც მოწამეზე, ისე ვსაუბრობთ.

პრეზიდენტობა ასეთ შემთხვევაში ვიწრო ჩარჩოა, ზვიად გამსახურდიას კარგად არ უნდა იცნობდე, რომ ის მხოლოდ პრეზიდენტად მოიხსენიო. ის უფრო მეტია საქართველოს ისტორიაში, ვიდრე, უბრალოდ, პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტები ჰყოლია და კიდევ ეყოლება. პრეზიდენტობა მწვერვალი არ არის, უფრო მეტიც შეიძლება, უბრალოდ, მეტი უნდა გაიღო სხვისთვის, ქვეყნისთვის, რელიგიისთვის.

რაც შეეხება ძეგლს, ზვიად გამსახურდიას ძეგლი ზუგდიდში დგას, რამდენიმე წლის წინათ ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივითა და მისი ძალისხმევით დაიდგა. ალექსანდრე ჭაჭია ძალიან საინტერესო და დიდსულოვანი ადამიანია.

სამეგრელოს ცენტრში ზვიად გამსახურდის ძეგლი იმიტომ დაიდგა, რომ ამ კუთხეს სხვა ბედი ხვდა წილად ახალი საქართველოს ისტორიაში. ყველაზე მეტად სამეგრელოს მოუწია მსხვერპლის გაღება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ფასდაუდებელია სამეგრელოს მიერ გაღებული მსხვერპლი და რაინდული მდუმარება ისინი არავის აყვედრიან, რაც გადაიტანეს. სამეგრელოს დასაპყრობად მთელი საქართველო დაიძრა, მაგრამ მეგრელები დიდსულოვნად დუმან და მადლობა ჩვენს ძმებს ამისთვის.

_ ძეგლი კი არა, ზვიად გამსახურდიას ნაჩუქარიმერსედესიცარ აპატიეს. თუ არ ვცდები, მასმერსედესისფირმის ორი ავტომობილი აჩუქეს, რასაც დიდი აურზაური მოჰყვა. დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა 105 ათას ლარად შეიძინა ავტომობილი, მაგრამ ეს არავის უკვირს, არავის გაუპროტესტებია

_ სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, როდესაც ვნახე კადრები _ კლარა აბრამია მიუსაფართა თავშესაფარში. გახსოვთ, ალბათ, ცხონებულმა კლარა აბრამიამ დაწერა ზვიადის “მერსედესებზე”…

რაც შეეხება სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, მისი უმთავრესი ვალდებულებებია: განსაკუთრებული მოკრძალებით გამოირჩეოდეს; იყოს არა მხოლოდ თეორიული მქადაგებელი და შემაჯამებელი ადამიანთა უფლებებისა, არამედ პრაქტიკოსი, ქველი; იძლეოდეს სათნოების მაგალითს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი სახალხო დამცველი მძარცველს წააგავს. ის ადამიანებში შიშს აჩენს.

ზვიად გამსახურდიასმერსედესებზე”, ცოცხალი რომ იყოს, კახი ასათიანი უკეთესად მოგიყვებოდათ ყველაფერს. “მერსედესებიიყიდეს საკავშირო დაწესებულების ფულით, რომელიც საქართველოდან უნდა გაეტანათ, მაგრამ კახი ასათიანმა თავისი გავლენა გამოიყენა დამერსედესებიშეიძინა. ზვიადმა ამის შესახებ არც კი იცოდა. ასათიანმა სიურპრიზი მოუწყო ზვიადს, თუმცა არც ერთი მანქანა ახალი არ იყო, ჯავშანიც ალაგალაგ ჰქონდა და, უფრო მეტიც, საქართველოში მანქანების ჩამოყვანიდან რამდენიმე თვეში ერთი მწყობრიდან გამოვიდა. ასე რომ, სახელმწოფო ბიუჯეტიდან ერთი ცენტიც არ დახარჯულა.

ვინც ზვიად გამსახურდიას იცნობს, იტყვის, რომ მომხვეჭელი ნამდვილად არ იყო, არც პატივს დახარბებული. პრეზიდენტი რომ იყო, ხელფასი 1200 მანეთი ჰქონდა, ახლანდელ ფულზე, სულ რაღაც, 120 ლარი იქნება. ზვიადი თავისი ცხოვრების წესით ასკეტი ადამიანი გახლდათ.

ხელისუფლებაში ყოფნისას ზვიად გამსახურდია გაღიმებული არ მინახავს, არ მახსოვს. ის ტვირთის სიმძიმეს ბოლომდე გრძნობდა. პრეზიდენტობა მისთვის იყო არა პატივი, არამედ პატიჟი, როგორც ამას გრიგოლ ხანძთელი იტყოდა.

ზოგიერთი ამბობს, გამსახურდია ერთ წელიწადში დამარცხდაო. არა, ბატონებო, ის 35 წელი ეწამა, ის ყველა სფეროში დევნილი იყო, მოქმედი პრეზიდენტიც კი. მეტიც _ სიკვდილშიც დევნილი იყო ზვიად გამსახურდია.

ჩვენი ხალხის კეთილგონიერებაზე მეტყველებს ის, რომ ზვიადი დაუყვედრებლად მიაბარა მთაწმინდის მიწას, ხოლო როგორ იქცევიან ხელისუფალნი, საინტერესო არ არის, ზვიადის დაუფასებლობა მათ პატარა კაცობაზე მეტყველებს.

ყველა ეპოტინება ოქროს გვირგვინს, ტახტს, ამისთვის უამრავი ადამიანის სიცოცხლე იწირება, ხოლო ეკლის გვირგვინს არავინ ეპოტინება, ეს გაცილებით იაფი ჯდება _ ერთი კაცის სიცოცხლე.

ზვიად გამსახურდიამ თვითონ გადადგა ნაბიჯი ეკლის გვირგვინისკენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ზვიად გამსახურდიას ვერ იტანენ თუმცა ზვიადობა ყველას უნდა…მე მხოლოდ ამას დავამატებ…..ამას ყოველთვის ვამბობ ..ზვიადი რომ დიდი მამულიშვილი იყო და მისი პროგნოზები მართლდება ეს სახეზეა…1992წლ ხელისუფლებაში ის ძალებია ვინც აქტიურად მონაწილეობდა პუტჩშში= კომუნისტური ნომეკლატურა+წითელი ინტელიგენცია+კრიმინალები….და რა თქმა უნდა ე.წ. დემოკრატიული დასავ₾ეთი და მსოფლიო ხელისუფლება…
    დიედბა გმირებს….უფალმა გვიმრავლოს დავითეები,გორგასლები,თამარები,ქეტევანნი,გიოგრგიანნი,ილიასნაი,ზვიადები და მერაბისნაირი ქართველეი მამულიშვილები…..

  2. გადატრიალების შედეგად გამდიდრებულ- გაზულუქებული რენეგატები მართავენ ქვეყანას და სხვა რამის იმედი, რაც კაცობრიულ პატიოსნებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გულიიხმობს,მაგათგან არც უნდა ველოდოთ და არც უნდა გვინდოდეს რადგანაც მათ შეგნებაში ეს პრიორიტეტები არ არსებობს.

  3. ვეთანხმები ბ-ონ თემურს. ივანიშვილი ვერ იტანს ზვიადს, რადგან ის ვერ იტანს იმ იდეას, რასაც ზვიადი შეეწირა.ის საერთოდ აგრესიულად არის განწყობილი ეროვნულების მიმართ.ის კოსმოპოლიტია, როგორც რესპუბლიკელები. ის ფარული რესპია. ეკლესიაშიც სხვის დასანახად შედის.კი,სამების ტაძარი მისი ფულით აშენდა, მაგრამ ყოველთვის მიკვირდა რატომ არ იყო კედლები მართლმადიდებლური წესით მოხატული.ამასთან გავიხსენოთ აპოკალიფსი, სადაც ნათქვამია იმაზე, რომ სატანა მთავარ ტაძარს დაიკავებს და მადლი უფლისა აღარ იქნება არც ერთ ტაძარში იმ დროს. მართლმადიდებლები ილოცებენ სახლებში,მათ შეავიწროვებენ. იქნება დევნა.ასე რომ ურწმუნო ადამიანების ’ქველმოქმედებას’ ხბოს აღტაცებით ნუ შევხვდებით.ეგ კიდევ არაფერს ნიშნავს.ნათქვამია ყოველივე დაფარული გამჟღავნდეს-ო.მალე ყველა ნახავს რა მოხდება.

  4. ქართველები სომხებს დაემსგავსნენ: გმირული სული მოწამეობრივი სულით შეეცვალათ. პროვოკატორები (შევარდნაძე და გამსახურდია – მაგათი მოწყობილია 9 აპრილი) ხელისუფლებისათვის სწირავდნენ ხალხს (რა ცოტა მსხვერპლი ყოფილაო, უთქვამთ მათ მსხვერპლთა რაოდენობის გამოცხადების შემდეგ), მაგრამ ხალხს რა რჯიდა თავის გასაწირად?! სსრკ ქართველის შექმნილი და ქართველების იმპერია იყო, რუსი მუშაობდა ქართველი სვამდა, ჭამდა და ლხინობდა („მასვი, მაჭამე, მალხინე!“). დავუშვათ, ასე არ იყო, ტანკზე ჯოხი უნდა ერტყათ? რატომ დაივიწყეთ რუსთაველი: „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან“. რატომ არ დაუჯერეთ ბრძენ პატრიარქს და სულელ პროვოკატორ წერეთელს აჰყევით???
    დაღუპულთა სულები ნათელში იყვნენ! ტექსტი

  5. ზვიად გამსახურდიას ეკლის გვირგვინს ქართველი ხალხის სიყვარული აქვს ჩაწნული,ისეთი სიყვარული რომელსაც ვერცეთ ფულად ვერ იყიდიან,მადლობა უფალს რომ ერში გვყავდა ასეთი ადამიანები და კვლავაც გვეყოლება.უფალმა დალოცოს საქართველოსთვის თავდადებულები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here