Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საარჩევნო სისტემა, ანუ არის თუ არა არჩევნები ყველა უბედურებისა და...

სტალინი და საარჩევნო სისტემა, ანუ არის თუ არა არჩევნები ყველა უბედურებისა და გაუგებრობის სათავე

1000

 თავის გადაწყვეტილებაში, ჩატარებულიყო საყოველთაო, ფარული და პირდაპირი არჩევნები, სტალინი სრულიად დარწმუნებული იყო და მას ქვეყნის განვითარების ერთადერთ სწორ გზად მიიჩნევდა. ის ამბობდა:

საქმე ეხება არა იმას, რომ ჩვენ გვექნება საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი არჩევნები, თუმცა ამას თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს, არამედ საქმე ეხება იმას, რომ საყოველთაო არჩევნები ჩატარდება როგორც ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის არჩევნებთან შედარებით. საყოველთაო არჩევნები ტარდება ზოგიერთ კაპიტალისტურ, ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ქვეყანაშიც, მაგრამ რა ვითარებაში ტარდება იქ არჩევნები? კლასობრივი შეტაკებების ვითარებაში, კლასობრივი შუღლის ვითარებაში, კაპიტალისტების, მემამულეების, ბანკირებისა და კაპიტალიზმის სხვა სვავების მხრიდან ამომრჩეველზე ზეგავლენის ვითარებაში. ასეთ არჩევნებს, საყოველთაო თანასწორი, ფარული და პირდაპირი რომც იყოს, არ შეიძლება ეწოდოს სრულიად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მინდა მოგცეთ რჩევა, დეპუტატობის კანდიდატის რჩევა თავისი ამომრჩევლისადმი. თუ ავიღებთ კაპიტალისტურ ქვეყნებს, იქ დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის არსებობს თავისებური, მე ვიტყოდი, საკმაოდ უცნაური ურთიერთობა. ვიდრე არჩევნები მიმდინარეობს, დეპუტატები ელაციცებიან ამომრჩევლებს, ელაქუცებიან მათ, ეფიცებიან ერთგულებას, აძლევენ ათასგვარ დაპირებას. გამოდის, რომ დეპუტატები დამოკიდებული არიან ამომრჩეველზე. როგორც კი არჩევნები ჩატარდება და კანდიდატები დეპუტატებად გადაიქცევიან, _ ურთიერთობა ძირფესვიანად იცვლება. ამომრჩეველზე დეპუტატების დამოკიდებულების ნაცვლად იწყება მათი სრული დამოუკიდებლობა. ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში, ესე იგი, ახალ არჩევნებამდე, დეპუტატი არის სრულიად თავისუფალი. ხალხისაგან, თავისი ამომრჩევლისაგან დამოუკიდებელი. მას შეუძლია გადავიდეს ერთი ბანაკიდან მეორეში, შეუძლია გადაუხვიოს სწორი გზიდან, შეუძლია გაებას არასაკადრისი ხასიათის მაქინაციაშიც კი, მას შეუძლია ყირაზე გადავიდეს, როგორც ნებავს _ იგი დამოუკიდებელია. დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ იგი არის ხალხის მსახური, მის მიერ წარდგენილი უმაღლეს საბჭოში და იგი უნდა გაჰყვეს იმ ხაზს, რომელიც ხალხმა დაუწესა. თუ გზას გადაუხვია, ამომრჩეველს უფლება უნდა ჰქონდეს, მოითხოვოს ახალი არჩევნების დანიშვნა და ის დეპუტატი, რომელმაც გზას გადაუხვია, ყორანივით გააშავოს. ეს შესანიშნავი კანონია. ჩემი რჩევაა, დეპუტატობის კანდიდატის რჩევა თავისი ამომრჩევლისადმი, ახსოვდეთ დეპუტატთა ვადამდე გაწვევის უფლება, თვალყური ადევნონ დეპუტატებს, კონტროლი გაუწიონ მათ და, თუ ისინი განიზრახავენ სწორი გზიდან გადახვევას, თავიდან მოიშორონ, მოითხოვონ ახალი არჩევნების დანიშვნა. მთავრობა ვალდებულია, დანიშნოს ახალი არჩევნები. ჩემი რჩევაა, გახსოვდეთ ეს კანონი და გამოიყენოთ იგი”.

სტალინური არჩევნების შედეგად ხელისუფლება ხალხის კონტროლქვეშ მოექცეოდა და თავიდან იქნებოდა აცილებული სახელისუფლო ბიუროკრატიის გახრწნისა და გადაგვარების მოსალოდნელი საფრთხე. ამიტომ იყო, რომ ძველი გვარდია, რომელიც ფეხს ვერ უწყობდა ახალ ცხოვრებას, არჩევნების გზით უნდა ჩამოცილებულიყო ხელისუფლებას და არა რეპრესიებით. სწორედ ამიტომ დაატრიალეს ტროცკისტებმა სისხლიანი კალო ქვეყანაში და დაბეჭდილი ბიულეტინები, რომლებშიც რამდენიმე კანდიდატი იყო დასახელებული ასარჩევთა შორის, მყისიერად შეიცვალა. სტალინი იძულებული შეიქნა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთიანობა და მდგრადობა განემტკიცებინა და შემდეგ მიეხედა დემოკრატიისთვის. სტალინი დარწმუნდა, რომ წინასაარჩევნოდ მას არც ერთიანი გუნდი ჰყავდა ხელისუფლებაში და არც უმრავლესობა. ასეთ რთულ ვითარებაში სტალინი და ვიაჩესლავ მოლოტოვი, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, პირადად შევიდნენ სარჩევნო საკითხების შემმუშავებელ კომისიაში დემოკრატიული არჩევნების ლობირებისთვის. მაგრამ პოლიტბიუროს მორიგ სხდომაზე, რომელსაც 9-ვე წევრი ესწრებოდა, არჩევნების რეფორმის საკითხს მხოლოდ სტალინმა, ანდრია ჟდანოვმა, ანდრია ანდრეევმა და მიხეილ კალინინმა დაუჭირეს მხარი. როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს, კლიმენტი ვოროშილოვმა, ლაზარ კაგანოვოჩმა, ანასტას მიქოიანმა, სტანისლავ კოსიორმა და ვლას ჩუბარმა ხმა სტალინის წინააღმდეგ მისცეს, შედეგად პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც გამორიცხა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რადგან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები პარტიული ორგანოების მიერ უნდა ყოფილიყვნენ შერჩეულნი. არადა, როგორც სტალინის ზემოთ ნათქვამიდან იყო ცნობილი, საარჩევნო კომისიები პარტიულ კონტროლს არ უნდა დამორჩილებოდნენ.

რეპრესიების ტალღამ მთელ ქვეყანას გადაუარა. არჩევნების ჩატარების თარიღამდე, 15 დეკემბრამდე, რეპრესიები შეეხო სტალინის უახლოეს თანამებრძოლებს, ალტერნატიული საარჩევნო სისტემის ავტორებსა და ხელმძღვანელებს. ეს არ იყო ანტირეფორმისტების უბრალო გაბრძოლება, ეს იყო გადამწყვეტი შეტევა სტალინზე და სტალინურ პოზიციებზე. სტალინმა ნათლად დაინახა ტრაგედიის მოახლოება. განსაზღვრა, რომ არ უნდა აჰყოლოდა ანტირეფორმატორთა გამოწვევას და ეფიქრა სახელმწიფოებრივად.

ნიკიტა ხრუშოვმა მოითხოვა, 41 500 კაცით გასაზღვრულიყო რეპრესირებულთა ლიმიტი, რობერტ ეიხე 10 800 კაცს დასჯერდა, ნიკოლაი ეჟოვმა საქართველოს 3000 კაცის რეპრესირება განუსაზღვრა.

გარეშე და შინაური მტრებით გარშემორტყმული სტალინი დინჯი ნაბიჯით მი-მოდიოდა თავის კაბინეტში და ქვეყნის გადარჩენის გზებს ეძებდა. მან კარგად იცოდა, რომ სისხლმოწყურებულ “ძველ გვარდიას” მხოლოდ სისხლი შეაჩერებდა…

1937 წლის ბოლოს სისხლის კალო უკვე გალეწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ, საუბედუროდ, უამრავი სისხლი დაკარგა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბევრის სისხლი სამართლიანად დაიღვარა.

ამ გამოუცხადებელი სამოქალაქო ომის შედეგები 1938 წლის პარტიის იანვრის პლენუმზე შეაჯამეს. სიტყვით გიორგი მალენკოვი გამოვიდა, რომელმაც ფარდა აჰხადა ძველი გვარდიის სისხლიან ანგარიშსწორებას და მოუწოდა, გამოეძიათ მათი საქმეები, ვინც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყანაში პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა. სწორედ მათ შეუშალეს ხელი სტალინს, რომ რეფორმების გატარებით ქვეყანაში დემოკრატია და ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ჩამოყალიბებულიყო.

ანტირეფორმისტულმა ძალებმა თვითონვე დაუგეს თავიანთ თავს მახე და თვითონვე გაებნენ ამ მახეში. სტლინმა პარტიული ფუნქციონერების მიერ ჩადენილი დანაშაულები მათივე დასაპატიმრებლად გამოიყენა.

თვალი გადავავლოთ იმ ღონისძიებებს, რომლებიც სტალინმა გააანალიზა და შემდგომ ცხოვრებაში გაატარა:

* 1938 წლის 17 ნოემბერს პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად შინსახკომსა და პროკურატურას აეკრძალათ მასობრივი დაპატიმრებები და დასაპატიმრებელთა ლიმიტების დაწესება. გაიცა მითითება, რომ დაპატიმრება მომხდარიყო მხოლოდ კონსტიტუციის მიხედვით პროკურორის სანქციისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

* 1938 წლის 23 ნოემბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ნიკოლაი ეჟოვი დაიბარეს სტალინის კაბინეტში, სადაც, აგრეთვე, იმყოფებოდნენ მოლოტოვი და ვოროშილოვი. ეჟოვმა აღიარა სახელმწიფო დონეზე უკანონობის დამკვიდრება და ის გადაყენებული იქნა თანამდებობიდან. ჯერ გადაიყვანეს საწყლოსნო ტრანსპორტის კომისრად, ხოლო 1939 წლის აპრილში დააპატიმრეს და 1940 წლის თებერვალში სასამართლოს გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

იმ პერიოდის უკანონობას ხალხი უწოდებდა ეჟოვშჩინას, რაც მოგვიანებით, ხრუშჩოვის მიერ სტალინის მიმართ ანტისახელმწიფოებრივმოღალატური ბრალდებების შედეგად, რომელიც, როგორც ბოლოდროინდელი გამოკვლევებით ირკვევა, დასავლეთის სახელისუფლო წრეებთან იყო შეთანხმებული, სტალინიზმად მონათლეს.

ეჟოვთან ერთად დახვრიტეს შინსახკომის ხელმძღვანელობის თითქმის მთელი შემადგენლობა, რომელთა კისერზეც იყო 1937-38 წლების რეპრესიები. ეჟოვის ადგილზე დანიშნულმა ბერიამ 1939 წელს თანამდებობრივი დანაშაულის ბრალდებით კომისარიატიდან გაათავისუფლა 7372 ადამიანი (საერთო რაოდენობის 23%), ხელმძღვანელ ორგანოებში მუშაობდა 6195 ადამიანი, გაათავისუფლეს 3830, ანუ 62%, ცენტრალური აპარატიდან დაითხოვეს 695 ადამიანი. იმავე 1939 წელს მიიღეს 14 506 ახალი თანამშრომელი, მათ შორის 45% იყო ახალი ოპერატიული მუშაკი.

 სხვათა შორის, ბერიამ საქართველოდან რუსეთში გადაიყვანა და მაღალ თანამდებობებზე დანიშნა ბოგდან ქობულოვი, ვლადიმერ დეკანოზოვი, ლავრენტი ცანავა, სერგო გოგლიძე და სხვები, რომლებიც საბჭოეთის დემოკრატიზაციის პიონერად წარმოჩენილმა ხრუშჩოვმა, ბერიას ლიკვიდაციის პარალელურად დახვრიტა, როგორც მისი ერთგული თანამშრომლები.

მხოლოდ 1939 წელს ბანაკებიდან გაათავისუფლეს 223 600 პატიმარი, ხოლო კოლონიებიდან _ 103 800. ამ პერიოდს “ბერიას დათბობას” უწოდებდნენ, რაც შემდგომ ხრუშჩოვმა დაიბრალა თავის თავზე. ეს პროცესი გაგრძელდა 1940-41 წლებშიც.

ბერიას მმართველობისას, 1939 წელს, კონტრევოლუციური საქმიანობისთვის ბრალი დაედო 63 889 ადამიანს, მათგან 24 720- _ ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციისთვის, მათგან 25 წელი მიუსაჯეს 526 ადამიანს, 11-დან 15 წელი _ 883-, 6-დან 10 წელი _ 23 723-, 3-დან 5 წელი _ 29 737 ადამიანს, დახვრეტა მიუსაჯეს 2 552 ადამიანს, ხოლო 1940 წელს _ 1649 ადამიანს.

ეს მონაცემები იმიტომ მოგვყავს, რომ გასაგები გახდეს, რა მასშტაბით მცირდებოდა ბრალდებულთა რაოდენობა 1937-38 წლებთან შედარებით, რაც კაციჭამია ხელისუფლებისთვის, როგორსაც ლიბერალისტური იდეოლოგია სტალინის მმართველობას ხატავს, სრულიად ულოგიკო მოვლენაა.

რეპრესირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ შესანიშნავი გამოკვლევები აქვს დაწერილი ისტორიკოს ვიქტორ ზემსკოვს, რომელიც 7 წელიწადი თავაუღებლად მუშაობდა გასაიდუმლოებულ არქივებში.

ვიქტორ ზემსკოვმა საბჭოთა ისტორიოგრაფიის გამყალბებელთა მოსყიდული არმია წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე ამხილა ურცხვ სიცრუეში, რომ თითქოს სტალინი იყო მსოფლიო ისტორიაში სისასტიკით გამორჩეული ჯალათი და დამნაშავე პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც შექმნა ადამიანების მასობრივად გამანადგურებელი დანაშაულებრივი სისტემა. ისტორიის ეს გამყალბებლები მცდელობას არ აკლებენ, რომ სტალინის მმართველობა, ფაშისტური მმართველობის მსგავსად, საერთაშორისო ტრიბუნალის სამსჯავროს გადასცენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის.

მანამდე კი სიმართლედ ასაღებდნენ ალექსანდრე სოლჟენიცინის მსგავსი თაღლითების ზღაპრებს, რომ სტალინის ეპოქამ თითქოს ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვითონ სოლჟენიცინი მეორე მსოფლიო ომის წლებში კონტრდაზვერვის ოფიცრებმა დაიჭირეს ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის და სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბანაკში გამოამწყვდიეს, ხრუშჩოვის პერიოდში რეაბილიტირებული იქნა, მაგრამ შემდგომ დასავლეთში გააძევეს, 1970-80-იან წლებში კი ანტისაბჭოთა სიყალბეების წერისთვის ნობელის პრემია მიაკუთვნეს. სოლჟენიცინის სიძულვილი ისე დიდი იყო საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ დასავლეთს მოუწოდებდა, ატომური ბომბები ჩამოეყარათ რუსეთის მოსასპობად. სოლჟენიცინის რეალური სახის აღქმის შემდგომ პატრიოტი რუსების დიდი ნაწილი მას რუსეთის მოღალატედ თვლის.

სიცრუეს ემსახურება დისიდენტურ მოძრაობას მიტმასნილი რუსი მწერალი როი მედვედევიც, რომელიც, სხვათა შორის, თბილისშია დაბადებული. მისი ფანტაზიები იმდენად უსაზღვროა, რომ უაპელაციოდ ამტკიცებდა, სტალინის ეპოქამ 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირაო, მაგრამ შემდგომში იძულებული შეიქნა, შეცდომა ეღიარებინა.

ამერიკელი ავტორებიც არ იხევენ უკან სიყალბის გავრცელებაში. მაგალითად, სტივენ კოენი 1968 წელს რობერტ კონკვესტის მიერ გამოცემულ წიგნზე (“დიდი ტერორი”) დაყრდნობით წერს, რომ 1939 წლის ბოლოს საბჭოთა ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში 9 მილიონი პატიმარი იხდიდა სასჯელს.

ზემსკოვის მიერ მოძიებული ზუსტი გათვლების საფუძველზე კი რეალობა ასეთია: 1940 წლის იანვარში ბანაკებში იმყოფებოდა 1 მილიონ 334 408 პატიმარი, კოლონიებში _ 315 584 და ციხეებში _ 190 266 პატიმარი. სულ მათი რაოდენობა შეადგენდა 1 850 258 პატიმარს, რაც 5-ჯერ ნაკლებია იმ მონაცემებზე, რომლებზეც ეს ამერიკელი მკვლევარები ლაპარაკობენ.

ცნობისთვის: იყო პერიოდები, როცა აშშის საპატიმროებში სამიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი იხდიდა სასჯელს. ამერიკა ახლაც ლიდერია პატიმრების რაოდენობით _ ამჟამად დემოკრატიის ციტადელად სახელდებული ამერიკის ციხეებში 2,2 ადამიანი იხდის სასჯელს _ ეს რაოდენობა პლანეტის ყველა პატიმრის 25 პროცენტია(!).

სტალინს ერთ-ერთ ბრალდებად უყენებენ გადასახლებული ხალხების ტრანსპორტირებისას მასობრივ სიკვდილს. მაგალითად, ერთი ცნობილი ყალბისმქნელის _ მანსუროვის ანგარიშით, ყირიმიდან გაასახლეს 194,1 ათასი ყირიმელი თათარი, ბერძენი, სომეხი და სხვ., მაგრამ 1944 წლის 1 ივლისს დანიშნულების ადგილზე _ უზბეკეთში მხოლოდ 151 424 ადამიანი ჩავიდა, დანარჩენმა ცოცხალმა ვერ ჩააღწია მგზავრობისას არაადამიანური პირობების გამოო. საარქივო დოკუმენტაციით უკვე უდავოა, რომ 42 ათასი ადამიანი სხვა რეგიონებში გაანაწილეს, რის შედეგადაც 193,8 ათასი კაცი დაგეგმილ ადგილას ჩაიყვანეს და გზაში მხოლოდ გადასახლებულთა 0,1 პროცენტი დაიღუპა.

სტალინის ეპოქის კრიტიკოსები განგაშს ტეხენ სტალინის ეპოქის დროინდელი შრომითი ბანაკების, ე.წ. გულაგის შესახებ. არავინ უარყოფს, რომ “გულაგი” არსებობდა და დამნაშავეთა მთელი არმია სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა, რაც საბჭოეთის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობდა ხელს, თუმცა საბჭოთა ეკონომიკის მასშტაბურ მშენებლობაში წილობრივად ის გადამწყვეტი მნიშვნელობისა ნამდვილად არ იყო.

ამასთანავე, თუ პატიმრების იძულებითი მუშაობა მკრეხელობად მიაჩნიათ დასავლური დემოკრატიის აპოლოგეტებს, მაშინ საინტერესოა, რატომ ხუჭავენ თვალს ამერიკის ისტორიის იმ ეპიზოდზე, როცა ზუსტად კოლექტივიზაციის პერიოდში, 1929-33 წელს, ამერიკის ეკონომიკური კრიზისის _ “დიდი დეპრესიის” _ წლებში მილიონობით ამერიკელი ფერმერი გაკოტრდა და კრედიტებისა და გადასახადების გადაუხდელობის გამო ბანკებისა და სახელმწიფოს მიერ განდევნილნი იქნენ თავიანთი მიწებიდან.

ამერიკის იმჟამინდელი დემოგრაფიული დანაკლისი 7 მლნ ადამიანს შეადგენდა, რომელთა ნაწილი შიმშილით დაიღუპა. ამერიკის მთავრობამ ეს გაღატაკებული ხალხი შრომით ბანაკებში გადაანაწილა. ეს ოპერაციადიფარლინგ”-ის სახელით არის ცნობილი. ისინი ჩააბეს საზოგადოებრივ სამუშაოებში და 3 მილიონ ადამიანს პატიმრებთან ერთად ამუშავებდნენ გზების, ხიდების, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურულ მშენებლობაზე. თითოეული მუშის ანაზღაურება თვეში შეადგენდა 30 დოლარს, მაგრამ 25 დოლარს საშემოსავლოს უკავებდნენ და მხოლოდ 5 დოლარს აძლევდნენ, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ.

ამ იდეის ავტორი იყო ჰაროლდ იკესი, აშშ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც 1930-იან წლებში ფინანსური კრიზისიდან სახელმწიფოს გამოყვანის კომისიის ხელმძღვანელი გახლდათ. იკესის შრომით ბანაკებში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და თითქმის მონასავით შრომობდა. ბევრს, ვისთვისაც ამ ბანაკებში ადგილი არ მოიძებნა, პირდაპირ ქუჩაში ეძინა. ასე რომ, ამერიკასაც ჰქონდა შრომითი ბანაკები, მაგრამ ამის შესახებ ხმას არ იღებენ, სხვას კი უკიჟინებენ ანალოგიური ქმედებისთვის.

ხრუშჩოვისა და მის მიერ წახალისებული შოვინიზმით გაჟღენთილი ავტორების სტალინის მიმართ კიდევ ერთი შეთითხნილი ცინიკური ბრალდებაა ჰიტლერულ გერმანიასთან ომის წინ საბჭოთა არმიის გენერალიტეტისა და ოფიცრების მიმართ რეპრესიები, რომელთა შედეგადაც თითქოს პროფესიონალი სამხედროების გარეშე დარჩა შეიარაღებული ძალები. ამ ავტორებისგან გამოირჩევა გენერალი ვოლკოგონოვი, რომელსაც ბოლო ხანს მხარი აუბა რუსეთის დუმის წევრმა ჟირინოვსკიმ.

ეს ვაიისტორიკოსები ამბობენ, რომ 1937 წლის მაისიდან 1939 წლის სექტემბრამდე საბჭოთა არმიაში რეპრესირებული იქნა 40 ათასი სამეთაურო კადრი. ამ განცხადებას ამყარებენ სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსის, 1940 წლის 5 მაისს გენერალ-ლეინტენანტ შჩადენკოს მიერ სტალინისადმი წარდგენილი ანგარიშით. არადა, ამ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 1937-39 წლებში არმიიდან გათავისუფლებული იქნა 36 898 მეთაური, მათგან 1937 წელს _ 18 658 (13,1% საერთო სამეთაურო და პოლიტიკური შემადგენლობიდან), 1938 წელს გაათავისუფლეს 16 362 ადამიანი (შემადგენლობის 9,2%), ხოლო 1940 წელს _ 1878 (0,7%).

გათავისუფლების მოტივები იყო: 1) ასაკი; 2) ჯანმრთელობის მდგომარეობა; 3)დისციპლინარული დარღვევები; 4) მორალური არამდგრადობა; 5)პოლიტიკური მოტივების გამო გაათავისუფლეს 19 106 კაცი (მათგან საჩივრის განხილვის შემდეგ 9 247 აღადგინეს სამსახურში 1938-39 წლებში), 6) დაპატიმრებული, ანუ რეპრესირებული იქნა 9 579 ადამიანი, მაგრამ მათგან 1457 გაამართლეს და აღადგინეს სამსახურში 1938-39 წლებში.

ამრიგად, დაპატიმრებული ოფიცრების რაოდენობა შეადგენდა 8122 კაცს, რაც იყო 1939 წლის სამხედრო მეთაურთა შემადგენლობის მხოლოდ 3%. მათგან დახვრეტა მიუსაჯეს 70 კაცს, ხოლო დახვრიტეს 17, მათგან 3 მარშალი: მიხეილ ტუხაჩევსკი _ ტროცკისტული სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი, ალექსანდრე ეგოროვი _ ჯაშუშობის ბრალდებით და ვასილი ბლიუხერი _ სამხედრო-ფაშისტური შეთქმულებისთვის, რის შედეგადაც ხასანის ტბასთან სამხედრო ოპერაციის ჩავარდნამ დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც სტალინს უყენებენ, არის, რომ თითქოს მისი ბრძანებით ყველა ტყვედყოფილს ბანაკებში აგზავნიდნენ, როგორც მოღალატეებს. სინამდვილეში მათ ამოწმებდნენ საფილტრაციო ბანაკებში, რადგან ომის პირობებში მტრის აგენტურასთან ბრძოლა აუცილებელი იყო. შედეგად, 1944 წლის 1 მარტისთვის, საფილტრაციო ბანაკები გაიარა 312 594 ტყვედყოფილმა, მათგან 75% დააბრუნეს არმიაში ან სახალხო მეურნეობაში, ან სამკურნალოდ გაუშვეს. 0,6% გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელიც ნაცისტური მძიმე ტყვეობის მიზეზით იყო გამოწვეული. მხოლოდ 6,2 % დააპატიმრეს ან გაუშვეს საჯარიმო ბატალიონებში.

ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ე .წ. გადამღობი ბატალიონების შესახებ, რომლებიც თითქოს მასობრივად ხოცავდნენ უკანდახეულ საბჭოთა ჯარისკაცებს. 1941 წლის 10 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ შინსახკომის განსაკუთრებული ნაწილების მიერ დაკავებული იქნა 657 364 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც თავიანთ ნაწილებს ჩამორჩნენ ან ფრონტიდან გაიქცნენ. მათგან დააპატიმრეს 25 878 კაცი (4%), დანარჩენი ფრონტზე დააბრუნეს. სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, პანიკიორობის, დეზერტირობის, თვითდაზიანების, ღალატისა და ჯაშუშობისთვის დახვრიტეს 10 201 ადამიანი (დაკავებულთა 1.6%), მათგან სამხედრო მწყობრის წინ დახვრიტეს 3 321.

რაც შეეხება საჯარიმო ბატალიონებს, არიან ისეთი ცინიკოსებიც, რომლებიც ომის მოგებას საბჭოთა არმიაში საჯარიმო ბატალიონების დიდი რაოდენობით ხსნიან. სტატისტიკური მონაცემებით, ომის პერიოდში საჯარიმო ბატალიონებში გაიგზავნა 427 910 სამხედრო. ომის დროს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 34 მილიონ 476, 7 ათასი ადამიანი. გამოდის, რომ საჯარიმო ბატალიონებში ჯარისკაცთა მხოლოდ 1, 24 % მოხვდა. ასე რომ, საერთო ჯამში მათი წვლილი ომის მოგებაში მეტად მოკრძალებულია.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here