ციხისძირიდან ექსკლუზიურად გვატყობინებენ, რომ “ბიძინას ხე” შუა ზღვაში გაიჭედა და, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ადგილიდან ვერ დაძრეს. ხან შეულოცეს, ხან ეხვეწნენ, ხან ვინ ეჯიკავა, ხან _ ვინ, ქურდებიც კი ჩარიეს საქმეში, მაგრამ ასწლოვანმა ტიტამ პოზიცია არ შეიცვალა და თქვა: ან აქ, ან არსადო.
ჩვენმა სანდო წყარომ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება, ამჯერადაც სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. ამ შემთხვევაშიც ჩვენი ინფორმატორი ციხისძირში შემთხვევით აღმოჩნდა, როგორც ამბობს, საღამო ხანს სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა.
“ასე 10 საათი იქნებოდა, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა გადავწყვიტე და გამოვუყევი ნაპირს. ვიჯექი ზღვასთან ფიქრებმოძალებული, როდესაც ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით შავი “რაფი” გაჩერდა. იქიდან 3 ადამიანი გადმოვიდა, ყველაზე მეტად მათმა სპეციფიკურმა ჩაცმულობამ დამაეჭვა და გადავწყვიტე, იქვე, ბუჩქებში მივმალულიყავი.
ეს ხალხი ერთმანეთში საუბრობდა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ რომელიმე სექტის წარმომადგენლები იყვნენ და ცოტა შემეშინდა, მაგრამ ერთ-ერთმა ნიღაბი მოიხსნა და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იმ ღამეს ციხისძირში თამარ ჩერგოლეიშვილი ვნახე. სიგარეტს მოუკიდა და მის გვერდით მდგომს გადაძახა, _ ისე უნდა ვქნათ, ეს ხე ადგილიდან ვეღარავინ დაძრას, დროზე შევუდგეთ საქმეს, ფოტოები ოდესაში უნდა გადავგზავნოო.
ამასობაში სამივემ მოიხსნა ნიღაბი, რას წარმოიდგენდნენ, თუ მე იქვე ვიყავი და ამ ყველაფერს ვუყურებდი. დავინახე, როგორ ამოალაგა რაღაც საგნები ხათუნა გოგორიშვილმა, იქვე იყო გივი თარგამაძეც, რომელსაც ხელში ბაწარი ეჭირა და ჩერგოლეიშვილთან ერთად შლიდა, თან თავისთვის ამბობდა: “სულს ამოგხდიო”, სავარაუდოდ, ივანიშვილის მისამართით.
გივიმ და ხათუნამ წყალში შეცურეს, გივიმ ჩაყვინთა და ხათუნამ ბაწრის ერთი ბოლო მიაწოდა, მეორე კი ხის ტოტს მოაბა და რამდენიმე წნული გაუკეთა. ნაპირზე ჩერგო იდგა და ფოტოებს იღებდა, სავარაუდოდ, ოდესაში გასაგზავნად.
ამასობაში კიდევ ერთი შავი “რაფი” მოადგა ნაპირს, იქიდანაც სამნი გადმოვიდნენ. მათ ნიღბები არ ეკეთათ და მაშინვე ვიცანი, ნინო დანელია, ნინია კაკაბაძე და ელენე ხოშტარია იყვნენ. მიესალმნენ თამარას, ჩანთიდან არაყი ამოიღეს, ჭიქებში ჩამოასხეს და სიცილ-კისკისით დაცალეს ბოთლი.
_ რა ქენი, გაუგზვნე ფოტოები? _ ჰკითხა ელენემ თამარას.
_ კი, ახლა მიიღო და მაგარი იღადავა: მაგრად დაამაგრეთ, ხვალ “რუსთავი 2” უნდა მოვიდეს და, ხე რომ გაიჭედება, ეგ კადრები უნდა გადაიღოსო.
ღამის 12 საათი ხდებოდა, მოულოდნელად ქარი ამოვარდა და წვიმა წამოვიდა. შუაგულ ზღვაში მდგარი ხიდან გოგორიშვილის განწირული ყვირილის ხმა შემომესმა, რომელიც ნაპირზე მყოფებს შველას სთხოვდა. როგორც დავაკვირდი, ხათუნა ბაწრის მოსაბმელად კენწეროზე ასულა და ვეღარ ჩამოდიოდა. უნდა გენახათ, როგორ არხევდა ქარი ტიტის ტოტებზე შემომჯდარ ხათუნას, რომელიც სასოწარკვეთილი ითხოვდა შველას, მაგრამ ნაპირზე მყოფი ქალები კარგად შეზარხოშებულები იყვნენ და ღრმად ჩასძინებოდათ.
არც გივის ესმოდა მისი ხმა, წყლის სიღრმეში იყო ჩაყვინთული, რათა ბაწარი დაემაგრებინა და ასე შეეკავებინა ლეგენდარული “ბიძინას ხე”. ხათუნას ყვირილმა შედეგი ვერ გამოიღო და ასე მთელი ღამე ხის კენწეროზე გათენება მოუხდა.
მეც ჩამძინებია, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, მეფხიზლა. უცებ რაღაც ხმაურმა გამაღვიძა, გავახილე თვალი და რას ვხედავ – სპეცფორმაში ჩაცმული ბიძინა, რომელსაც თავზე ე.წ კასკა ეხურა და ხისკენ იშვერდა ხელს.
მოულოდნელად საშინელი ხმა შემომომესმა და ზღვის ტალღის მჩქეფარებამ რამდენიმე მეტრს მიაღწია, როგორც შემდგომში გავარკვიე, ბიძინას დანახვაზე ხათუნა გოგორიშვილი შიშისგან გადმომხტარა ხის კენწეროდან და წყალში მოუდენია ბრაგვანი. გივიმ კი ის–ის იყო ზედაპირზე ამოყო თავი, რომ ბიძინას დანახვაზე ისიც წყალში ჩაიმალა.
აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ _ ხათუნას წყალში ბრაგვანმა იმდენად დიდი ტალღა წარმოქმნა, რომ გაჭედილი ხე ადგილიდან დაძრა და ინერციით ნაპირზე გამორიყა. ხათუნა, გივი და მისი თანამოაზრეები კი ერთმანეთს შეშფოთებული სახეებით უყურებდნენ და თან იგინებოდნენ, უკვე ყველაფერი გვიან იყო _ ხე წყლიდან გამოვიდა და ბიძინამაც ღიმილ-ღიღინით დატოვა ციხისძირის ტერიტორია.
გაწბილებული ნაცები კი სასწრაფოდ ჩასხდნენ შავ “რაფში” და ასევე ელვის სისწრაფით დატოვეს ტერიტორია.
გრიგოლ ინგაძე