ყაზახეთის პარლამენტის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც პედოფილების ქიმიური ზემოქმედებით კასტრაციას ითვალისწინებს. საკანონმდებლო შესწორება მიმართულია “არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გასამკაცრებლად”. სენატის წევრმა ბირგანიმ აიტიმოვამ განმარტა, რომ “ქიმიური კასტრაცია დროებითი ზომაა, რომელიც ერთჯერადი ინიექციით ხორციელდება”.
შესაბამის პროცედურას მსჯავრდადებულებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაუტარებენ. “თუკი ჩვენ ამგვარად თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეს დავიცავთ, ვფიქრობ, ამის გაკეთება ღირს”, _ აღნიშნა აიტიმოვამ.
ქიმიური კასტრაცია ითვალისწინებს ჰორმონული პრეპერატების მიღებას, რომლებიც ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას რამდენიმე თვით აფერხებს და სქესობრივ აქტიურობას ამცირებს.
პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონები არაერთ ქვეყანაში მოქმედებს, მაგალითად, მოლდოვასა და პოლონეთში. რუსეთში დაშვებულია ნებაყოფლობითი ქიმიური კასტრაცია პატიმრობის ვადის შემცირების სანაცვლოდ.