მიწის წინდახედულად და დაკვირებით მართვის აუცილებლობა, მისი რესურსების უფრო ინტესიურად გამოყენება ქმნის ერთიან საერთო გლობალურ საზრუნავს. მიწა არის ადამიანის ყველა სახის საქმიანობის საწყისი და საფუძველი. მიწას განსაკუთრებელი, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივ რესურსებს შორის. ის საზოგადოების წევრების სასიკეთო მდგომარეობის მატერიალური საფუძველია. დედამიწაზე დამუშავებული მიწების 40% არადანიშნულებით და არაეფექტიანად არის გამოყენებული. მცდარია მსოფლიოში დამკვიდრებული აზრი, რომ მიწა არ განიცდის ცვეთას.
დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში 50-70 წლის შემდეგ მოსალოდნელია სერიოზული საფრთხე, რომ დამუშავებაში არსებული მიწები ვერ უზრუნველყოფს ადამიანების 30%-ის არათუ სრულყოფილად გამოკვებას, არამედ საერთოდ გამოკვებას. მომწიფდა საკითხი, რომ მსოფლიოში შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანიზაცია (ან გაეროსთან), რომელიც გააკონტროლებს მიწების გამოყენებისა და აღრიცხვის საკითხებს. საჭიროა, მსოფლიოში კატეგორიულად აიკრძალოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე სამრეწველო ობიექტების მშენებლობა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ჩვენი პლანეტის საერთო ფართობი 510 მილიონი კვ.კმ-ია. მისი უმეტესი ნაწილი დაფარულია წყლით _ 361 მილიონი კვ.კმ (71%); ხმელეთს უკავია 149 მილიონი კვ.კმ; საქართველოს ტერიტორიის ფართობია 7 628 400 ჰა; აქედან 3 026 300 ჰა(39.67%) სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. საქართველოში სამოქალაქო არეულობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველოს სოფლის მეურნეობა. ქართული სოფლის მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობამ გამოსავალი იმაში ნახა, რომ 1992 წელს დაიწყო კოლმეურნეობებისა და სახელმწიფო მეურნეობების დაჩქარებული და მოუფიქრებული ლიკვიდაცია და ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწების უფასო პრივატიზაცია. სახნავი მიწების მასივები დაიყო წვრილ კონტურებად და განაწილდა, როგორც სოფლის, ასევე დაბისა და ქალაქის მოსახლეობაზე. მიწის ასეთმა რეფორმამ გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაქუცმაცება და პრივატიზებული მიწის ფრაგმენტაცია საქართველოს მასშტაბით. 1992 წლამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ძირითადი ფართობები მუდმივ სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა კოლმეურნეობებს და სარგებლობაში _ სახელმწიფო მეურნეობებს.
1992 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მიიღო დეკრეტი #29 “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასაფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ. დადგინდა: სახელმწიფო მეურნეობები, კოლმეურნეობები და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, ვალდებული არიან, 1992 წელს გაატარონ რეორგანიზაცია. რაც არ შესრულდა. სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო–სამეურნეო საწარმოების ბაზაზე გლეხური (ფერმერული) მეურნეობების, კოოპერაციული სასოფლო–სამეურნეო საწარმოების, აგროფირმების, აქციონერული საზოგადოებების, კოპერატივების შექმნის ნაცვლად დაიწყო ქონების დატაცება. განადგურდა მეცხოველეობის კომპლექსები, მეფრინველეობის თანამედროვე ფაბრიკები, ვეტერინალური მომსახურების, ჯიშთა გამოცდის, სასელექციო, მანქანა-ტრაქტორთა პარკის სადგურები, დაიწყო ტრაქტორების ქურდობა და ჯართში ჩაბარება, ათი გრამი სპილენძისთვის მწყრობიდან გამოყავდათ ძვირად ღირებული დაზგა-დანადაგარები და ჯართში აბარებდენ ან ჩალის ფასად ჰყიდდნენ თურქეთსა და ირანში. გაუქმდა სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტები და ლაბორატორიები. განადგურდა მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული 400-ზე მეტი უნიკალური ვაზის ჯიშის სანერგე მეურნეობა; კატასტროფულად შემცირდა ნათესი ფართობები, განადგურდა ჩაის ნარგავები, შემცირდა სოფლო-სამეურნეო კულტურები; მოიშალა, შეიძლება ითქვას, განადგურდა სოფლის მეურნეობის დარგობრივი ინფრასტრუქტურა, თესლბრუნვები, მრავწლიანი ნარგავების ნერგების წარმოება, ხელოვნური დათესვლის სადგურები, თესლის ხარისხისა და აღმოცენების დადგენის სამსახურები; კატასტროფულად შემცირდა მარცვლეულის, ხილის, ყურძნის, ჩაის, ხორცის, კვერცხის, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და დამზადება; დაიწყო დაშრობილი ფართობების მეორადი დაჭაობება, მოიშალა სარწყავი სისტემები, მიწიდან იღებდენ სარწყავ მილებს და ჯართში აბარებდენ. გორისა და ქარელის რაიონებში მოიშალა ათასობით ჰექტარი დაწვიმებითი სარწყავი სისტემა _ მალხაზის წვერზე მოწყობილი სრულიად ახალი, უახლესი ტექნოლოგიით მოწყობილი დაწვიმებითი სარწყავი სისტემა ჯართში ჩაბარდა. ანალოგიური რამ მოხდა სიღნაღის რაიონის წნორის კომპლექსის დაწვიმებით სარწყავ სიტემაზეც _ ჯართში ჩააბარეს ფრეგატების დაწვიმებითი სარწყავი დანადგარები. სოფლებში ელექტროსადენებს იპარავდენ და ჯართში აბარებდენ. საქართველოს ტყეებში შეწყდა ტყეთმოწყობის სამუშაოები, მოიშალა მცენარეთა დაცვის სამსახურები, ხეები დაავადდა, აღარ ტარდებოდა სანიტარული და მოვლითი ჭრები, დაიწყო ტყეების უსისტემო ჩეხვა-განადგურება. საქართველო მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად იქცა. 200 ჩაის ფაბრიკიდან აღარაფერი დარჩა (ახლა ვიწყებთ აღდგენას), თითქმის აღარ არსებობს კვების მრეწველობა. საქართველოში შემოსავლების 50%-ზე მეტი კვების მრეწველობაზე მოდიოდა. 70-ზე მეტი დასახელების პროდუქცია გადიოდა საექსპორტოდ. ახლა ჯართი და ღვინომასალები გადის. საქართველო მარცვლეულის მხოლოდ 18%-ს აწარმოებს, 82% შემოგვაქვს. ყოველივე ამას დიპლომატიური სიბრძნით უყურებდა თბილი კაბინეტიდან ჯერ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, შემდგომ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
იმის გაკეთებას, რაც არ გაკეთდა 1992-1998 წლებში _ არ მოხდა არსებული მეურნეობების გარდაქმნა კოოპერატივებად _ ახლა ცდილობს საქართველოს მთავრობა. ეს კი შეუძლებელია მიწების კონსოლიდაციის გარეშე.
საქართველოში სახნავი მიწები 1900 წლისთვის შეადგენდა 1303.6 ათას ჰექტარს, 2005 წლისთვის (ამის შემდეგ აღრიცხვა აღარ არსებობს) _ 798.6 ათას ჰექტარს (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით), ანუ შემცირებულია 505.00 ათასი ჰექტრით.
1862 წელს თბილისში ცხოვრობდა 62 082 კაცი, სულ საქართველოში _ ერთ მილონზე ცოტა მეტი. თბილისის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 7%-ს შეადგენდა, დღეს თბილისის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტია. ჩემი ასაკის ადამიანებს კარგად გვახსოვს, როგორ მარაგდებოდა თბილისი მისი მიმდებარე სოფლებიდან (დიღომი, გლდანი, ავჭალა, კრწანისი და სხვ.) სასოფლო–სამეურნო პროდუქტებით. დღეს ამ პროდუქტებით სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი გვამარაგებს. საქართველოში ვაშლი შემოდის პოლონეთიდან(?!), სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნის 80% საზღარგარეთიდან შემოტანილი პროდუქტებით კმაყოფილდება. თბილისის ტერიტორის ზრდა ხდებოდა მიმდებარე სახნავი მიწების ხარჯზე. თუ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მეტ-ნაკლებად გამართლებული იყო თბილისის ტერიტორის ზრდა მიმდებარე სოფლების სახნავი მიწების ხარჯზე, 2006 წლის საქართველოს პარლამენტის #4173 დადგენილება: “ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ”, რომლის შედეგად 22 სოფელი შემოუერთდა თბილისს, ყოვლად გაუმართლებელი და საფუძველს მოკლებულია. ამ დადგენილებით კიდევ ერთხელ განადგურდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი მიწები. საქართველო თავკომბალას დაემსგავსა.
2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე უცხოელების მიერ შეიქმნა 395 იურიდიული პირი, რომლებმაც იყიდეს 271 ნაკვეთი. დღევანდელი მდგომარეობით (არაზუსტი მონაცემებით), უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდულია ათასობით ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. მცხეთის რაიონში უცხოელმა მოქალაქემ (არარეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომ იტყვიან, “ჩალის” ფასად შეიძინა, დაყო ნაკვეთებად და გამზადებული აქვს თავის თანმემამულეებზე გასაყიდად. უახლოეს პერიოდში მცხეთის რაიონში მოსალოდნელია შეიქმნას ოთხი ახალი სოფელი, რომლებშიც უცხოელები დასახლდებიან. ამ ფონზე ორგანიზებულად ხორციელდება და უკვე მასობრივ ხასიათს იძენს უცხოეთიდან საქართველოში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა შემოსახლება. არაოფიციალური მონაცემებით, გარდაბანში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწები მიჰყიდეს ინდოელებს; ყვარელში _ იტალიელებს; დედოფლისწყაროში _ ინდოელებს; იორმუღალოში _ ბრიტანელებს; იმერეთში _ ჩინელებს, ჩეხებს, ირანელებსა და ინდოელებს; გორსა და ქარელში _ ინდოელებს; სამეგრელო–ზემო სვანეთში _ იტალიელებს, ფრანგებს, ჩინელებს, გერმანელებს, ებრაელებსა და ინდოელებს; ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც.
აი, რას ამბობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში ვაჟა–ფშაველა: “საქართველო დღეს წააგავს მსუქნ დუმას, გარეშე კაცი მიეტანა ამ დუმას და ნელ–ნელა ათლის კაი–კაი ნაჭრებს. ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის და ჩვენ, ქართველები, ამ დუმის თლას _ მიწა–წყლის გადასვლას სხვის ხელში, როდი ვეწინააღმდეგებით სასტიკად. როგორ ეკადრება ასეთი საქციელი ჩვენს კეთილშობილებას… რას სჩადიხართ, ვინ მოგცათ ნება, ერის საუნჯე ტერიტორია საძმო, საკაცობრიო ტაბლად აქციოთ და თვით ერსაც ხელი ეროვნულობაზე ააღებინოთ?!”
ამ საკითხზე ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია წერს: “ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს, ხოლო ერი არ არის დღევანდელი თაობა, არამედ წინა და მომავალი თაობებიც, ერთად აღებული, ერის არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის” (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, # 21, 2013 წ.). საუბედუროდ, ამით არ დასრულებულა ქართული მიწის ღალატი. 2005 წლამდე ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს.
2004 წელს, მას შემდეგ, რაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჩვენი აზრით, ქართული მიწის ღალატის ფასად, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან ერთად გაუქმდა მის დაქვემდებარებაში არსებული მიწათმოწყობის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი და ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორია, გაჩერდა ნიადაგების კვლევის და სხვა სამუშაოები. სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში (ამ დარგის ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელში) შეწყდა მიწათმომწყობთა კადრების გამოშვება.
მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა ქვეყანაში დღემდე არ ხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენი ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო სავარგული აქვს ქვეყანას, მათგან რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით; არ ვიცით რამდენი ჰექტარი ვენახი, ხილის ბაღები, ჩაი, ციტრუსი და სხვა კულტურები გვაქვს. არ არის დაზუსტებული საზღვრები რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. საინტერესოა, როგორ შეიმუშავა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2012 წელს “სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2012- 2022 წ.წ.” როდესაც არ იცის, რამდენი სასოფლო–სამეურნეო სავარგული აქვს კულტურებისა და საკუთრების მიხედვით.
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ აიღო კრედიტი _ 52 მილონი გერმანული მარკა და 12 მილონი დოლარი, გააფორმა ხელშეკრულება ერთ–ერთ გერმანულ ფირმასთან და ამ ფირმამ დაიწყო სასოფლო–სამეურნეო დანიშულების მიწების აზომვითი სამუშაოები. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ამ ფირმის ერთი ხელმძღვანელის ყოველთვიური ანაზღაურება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1660 თანამშრომლის წლიურ ხელფასს შეადგენდა. კიდევ უფრო დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: სამუშაოები განხორციელდა, აღებული კრედიტი მთლიანად ათვისებული იქნა, მაგრამ დღეს ვერავინ იტყვის, ვინ და რისთვის გამოიყენა ამ სამუშაოების შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ წყალში გადაიყარა 52 მილიონი გერმანული მარკა და 12 მილიონი დოლარი თავისი პროცენტებით.
ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეწყვიტა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა საქართველოს მოქალაქეებზე. სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო ითხოვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაყვანას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გააქვს აუქციონზე გასაყიდად, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ასეთი ქმედება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიმართ ღალატის ტოლფასია.
დღეს საქართველოს არც ერთი კანონი არ იცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს დაქუცმაცებისა და გაუბედურებისაგან, პირიქით _ ხელს უწყობს მიწების დანაწევრებას. “სასაფლო–სამეურნეო დანიშულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აკრძალული იყო მიწის ნაკვეთის გასხვისება, თუ გასხვისების შედეგად დარჩენილი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლები იქნება. სამწუხაროდ, კანონიდან ეს პუნქტი ამოღებული იქნა. ამ კანონის მიღების მომენტში კანონი შედგებოდა 22 მუხლისაგან. კანონის მიღებიდან დღემდე შეტანილი 14 ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა 11 მუხლი. კანონმა, ფაქტობრივად, დაკარგა არსებითი მნიშვნელობა და ვერ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს.
იმისათვის, რომ მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორდეს გადაუდებელი ამოცანაა:
1. საქართველოში ჩატარდეს სასაოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაცია;
2. აღდგეს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი;
3. დამუშავდეს და საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საქართველოს მიწის კოდექსი. საჭიროა, კანონმდებლობა იცავდეს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებს დანაწევრებისაგან და მის გადაყვანას არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით;
4. გაძლიერდეს თანამშრომლობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და მიწის მართვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის;
5. განხორციელდეს მიწათსარგებლობის აღრიცხვა და მონიტორინგი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს _ როგორია მიწათსარგებლობის საერთო მდგომარეობა ქვეყანაში, რა არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი და რა ღონისძიებებია განსახორციებელი. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენა. უნდა შემუშავდეს მიწის გაუმჯობესებული მართვის სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს მიწის ფრაგმენტაციის პრობლემის მოგვარებას. უნდა შემუშავდეს დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით მიწის აღრიცხვის კონცეფცია. უნდა განისაზღვროს სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის აღრიცხვისა და მიწის მონიტორინგის ფუნქციის განხორციელებას. საქართველოს მიწის ფართობების აღრიცხვის უგულებელყოფა(მიწის ბალანსი) და მიწის კოდექსის არარსებობა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მომავალი თაობა ამას არ გვაპატიებს.
ანზორ მესხიშვილი,
დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების
(მიწის) საკითხებში, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი