მე -18 სამკურნალო დაწესებულებაში კვლავ გრძელდება ავადმყოფ პატიმართა მიმართ ცინიკური დამოკიდებულება
უკვე დიდი ხანია, საქართველოს მოსახლეობა აღარ ელოდება, რომ დღეს უკვე არაახალი ხელისუფლება ოდესმე იზრუნებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე. აშკარაა, რომ ქვეყნის ე.წ. მესვეურები სამართლიანობის აღდგენის იმიტაციასაც კი აღარ ცდილობენ და არ არსებობს სახელმწიფო რაიმე ინსტიტუტი, რომლის საქმიანობაში ოდნავი პროგრესი, წინსვლა შეინიშნებოდეს. მათ შორის არის სასჯელაღსრულების სისტემა, რომელშიც ყველაზე მწვავედ და მტკივნეულად იჩენს თავს დღევანდელი პრობლემები.
ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა, როცა სისტემის სამართავი თითქმის ყველა რგოლის სათავეში დატოვეს და ხშირ შემთხვევაში დააწინაურეს “ნაცმოძრაობის” დროინდელი ფუნქციონერები, მათ შორის, სასჯელაღსრულების სამინისტროს ე.წ. სამკურნალო დაწესებულების მედპერსონალი მთავარი ექიმის _ ვახტანგ ქერქაძის “თამადობით”. ეს ის ხალხია, რომელიც ამ დაწესებულებაში აქტიურად “მოღვაწეობდა” ბაჩანა ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში, როცა თითქმის ყოველდღე გაჰყავდათ გარდაცვლილი (უფრო სწორად დაღუპული) პატიმრები ამ დაწესებულებიდან და ამ სადიზმისა და უზნეობის გამოაშკარავებამ საბოლოოდ გამარჯვება მოუტანა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში დღევანდელ ხელისუფალთ.
მინდა, მკითხველს მოვუთხრო, რა ხდება მსჯავრდებულთა და პატიმართა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც მიშა სააკაშვილის დროს გამოირჩეოდა პატიმართა მიმართ ისეთი სასტიკი მოპყრობით, რომელსაც, უპრიანი იქნება, სადიზმი ვუწოდოთ. მე-18 დაწესებულების სამედიცინო დარგს დღესაც ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც განაგებდა მას ბაჩანა ახალაის “ბატონობის” პერიოდში და რომელიც “პირნათლად” ასრულებდა ნაციონალი “ნევრასტენიკების” სურვილებსა და ბრძანებებს. უცვლელია სამედიცინო პერსონალიც.
შედეგიც შესაბამისია. მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კვლავ გრძელდება ავადმყოფ პატიმართა მიმართ ცინიკური დამოკიდებულება. მათ მკურნალობა უტარდებათ “სიმბოლურად”, არ სრულდება სპეციალისტთა მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაცემული იქნა სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებებში; უმძიმეს ავადმყოფებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, არ უკეთდებათ ოპერაციები; ხოლო იმის “შიშით”, რომ შესაძლოა, რომელიმე მსჯავრდებული ავადმყოფი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გასაშვები გახდეს, კატეგორიულად აცხადებენ უარს ექსპერტიზის დანიშვნაზე, თუნდაც ამ უარს გამოუსწორებელი (ფატალური) შედეგი მოჰყვეს ისედაც გაუბედურებული ჩვენი მოქალაქეების მიმართ. სწორედ ამ კატეგორიის ავადმყოფებს, რომლებსაც, აუცილებელი საჭიროების მიუხედავად, უარი ეთქვათ ოპერაციების გაკეთებაზე, რომლებსაც არ უტარდებათ სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა და არ ენიშნებათ შესაბამისი ექსპერტიზა, მიეკუთვნება ჩვენი მოქალაქე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული, 25 წლის ზვიად მეოტიშვილი.
ზვიად მეოტიშვილი, რომელიც 15 წლის იყო, როცა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მე-11 წელია, იხდის სასჯელს, მაგრამ, როგორც ყველამ ვიცით, ნაცებისთვის მხოლოდ სასამართლოს განაჩენი და მისი შესაბამისი აღსრულება არ იყო საკმარისი და სრულიად ჯანმრთელი ყმაწვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ (მათ შორის ხსენებულ “სამკურნალო” დაწესებულებაშიც, სადაც, როგორც ამჟამად, იმ პერიოდშიც მთავარი ექიმის პოსტს ვახტანგ ქერქაძე იკავებდა) სადისტი ბაჩანა ახალაიას ჯალათების “მეცადინეობით”, უმოწყალო ტანჯვა–წამების შედეგად დააინვალიდეს და მიაჯაჭვეს ინვალიდის ეტლს. გამუდმებული ცემისა და წამების შედეგად იგი დასნეულდა უმძიმესი დაავადებებით: ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზით, მე-3, მე-4, მე-5 დისკოპათიით, ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია და დაავადებული მალების რაოდენობა მკვეთრად მომატებული (დაავადდა უკვე 11 მალა) ლუმბოიშიალგიით, მარჯვენა ბარძაყის კუნთის ნაწილობრივი დაზიანებით, ობსტრუქციული ურპათიით, შარდ-კენჭოვანი დაავადებით, მარჯვენა შარდსაწვეთის პლასტიკის შ/პ, ქრონიკული ეზოფაგოგასტროდუონდენიტით, კარდიის უკმარისობით, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, ბოლქვის დეფორმაციით. გათიშული აქვს ერთი თირკმელი, ხოლო მეორე თირკმელში კენჭების გამო განიცდის საშინელ ტკივილს. აღსანიშნავია მისი ფსიქიკური მდგომარეობაც, რომელიც ასახულია მისთვის დასმულ დიაგნოზშიც _ “ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობით, მიდრეკილი აუტოაგრესიისადმი”. მან აუტანელი ფიზიკური თუ მორალური ტკივილის გამო არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა. ამ ამბავს, არაერთი თხოვნისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, არც დაწესებულების სამედიცინო პერსონალის და არც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის _ თამთა დემურიშვილის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ბანალურ პასუხებს _ “ავადმყოფს უტარდება საჭირო მკურნალობა და ….”
2015 წლიდან დღემდე არაერთხელ მივმართეთ განცხადებითა და საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაგრამ არც ამას მოჰყოლია შედეგი. მსჯავრდებულის უმძიმეს მდგომარეობაზე, აგრეთვე, არაერთხელ განვაცხადეთ ტელეკომპანიების _ “ობიექტივისა” და “მაესტროს” _ ეთერშიც, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ოდნავ მაინც გაეუმჯობესებინათ მკურნალობა, დაწესებულების განაწყენებულმა ექიმებმა მედიკამენტების მიწოდება შეუმცირეს უმძიმეს ავადმყოფს და, ჯიბრში ჩაუდგნენ რა უმწეო ადამიანს, თითქმის შეუწყვიტეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ინვალიდ მსჯავრდებულს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიწოდება, რომლებიც მცირეოდენ შველას ჰგვრიდა მას ძლიერი ტკივილების დროს. არა მგონია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “მოღვაწე” მედიკოსებისთვის ცნობილი არ იყოს, რომ ასეთი დამოკიდებულება ავადმყოფისადმი, რომელსაც ძლიერი ტკივილების განცდისას არ აწვდიან ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, წამების ტოლფასია.
ამჟამად მსჯავრდებული ზვიად მეოტიშვილი შიმშილობს და ითხოვს, რომ მიეცეს საშუალება, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული “სიცოცხლის” უფლებით.
როდემდე გაგრძელდება ასე, ბატონებო, როდემდე?!
პატივისცემით, ადვოკატი
ვლადიმერ კიკნაძე