Home რუბრიკები საზოგადოება მინისტრები სამსახურში “ავტოსტოპით” ივლიან

მინისტრები სამსახურში “ავტოსტოპით” ივლიან

541

მოსახლეობის მხრიდან საოცრად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ახალი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ინიციატივას იმის შესახებ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა შავი ჯიპებითა და ესკორტებით აღარ უნდა იარონ სამსახურში. სამაგიეროდ, ამ ინიციატივამ ძალიან დააბნია თვითონ მთავრობის წარმომადგენლები. თავდაპირველად, ზოგიერთ მინისტრს ეგონა, რომ აქცენტი მხოლოდ შავი ფერის ჯიპებზეა და სასწრაფოდ გადაღება თავისი ჯიპი შედარებით ღია ფერში, მაგრამ მალე გაირკვა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი, ფერის მიუხედავად, საზოგადოდ, ჯიპებით სიარულს უკრძალავს მინისტრებს.

როგორც ყველა სამინისტროში ჩანერგილმა ჩვენმა არც ისე სანდო წყაროებმა გვაცნობეს, თურმე მინისტრები ამ ამბავს კიდევ უფრო მეტად დაუბნევია და დიდხანს ყოფილან საგონებელში, _ აბა, რით უნდა იარონ მინისტრებმა სამსახურში _ “სედანებით”, “ჰეჩბეკებით” თუ “სპორტკარებით”?

ეს დაბნეულობა ისევ პრემიერმა კვირიკაშვილმა გაფანტა, როდესაც ორჯერ უკვე გამოჩნდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას “მიკროავტობუსის” ტიპის ავტომობილით. ალბათ, სწორედ დაბნეული მინისტრების საყურადღებოდ გააკეთა ისიც, რომ პირველად იგი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის პრობლემების გასაცნობად შავი ფერის მიკროავტობუსით ჩავიდა, ხოლო მეორედ _ უკვე თეთრი ფერის მიკროავტობუსით.

როგორც ჩანს, ამით მან მინისტრებს ისევ და ისევ მიანიშნა, _ ფერს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ჯიპით არ იაროთ და მიკროავტობუსებით იარეთო.

კვირიკაშვილის ასეთმა თვალნათელმა მაგალითებმაც ვერ უშველა დაბნეულ მინისტრებს, რადგან, როდესაც მათ სცადეს ისეთივე მიკროავტობუსების შეძენა, როგორითაც კვირიკაშვილი საქართველოს რეგიონებს ესტუმრა, გაირკვა, რომ ეს მიკროავტობუსები იმ ჯიპებზე უფრო ძვირიც ღირდა, რომლებითაც მინისტრები მანამდე მოძრაობდნენ.

არადა, პრემიერის ამ აღმაფრთოვანებელი ინიაციატივის მიზანი ხომ სწორედ საბიუჯეტო თანხების დაზოგვა იყო პირადი კომფორტის მოკლების ხარჯზე. სხვათა შორის, როგორც აღმოჩნდა, ამ მიკროავტობუსებში გაცილებით მეტი კომფორტიცაა, ვიდრე ნესბიერი ტიპის ჯიპში…

მაშ, რაღა უნდა ქნან მინისტრებმა? როგორღა დაზოგონ საბიუჯეტო სახსრები?

ვიდრე მინისტრები ასეთ ფიქრებში იყვნენ, ბოროტმა ხმებმა უკვე დაიწყეს ქირქილი, _კვირიკაშვილის ასეთ “პაკაზუხური” ინიციატივები ძალიან ჰგავს მიხეილ სააკაშვილის ცნობილ “პიარსვლებს”, როდესაც იგი ხან ძვირფასი მობილურების გამოყენებას უკრძალავდა თავის მინისტრებს და ხანაც ველოსიპედით სიარულისკენ მოუწოდებდა, სინამდვილეში კი, ბიუჯეტი ყველას ფეხებზე ეკიდა, ადრინდელზე ათჯერ მეტსაც ხარჯავდნენ და ეს “ტრიუკები” მხოლოდ მოსახლეობის თვალში ქულების ჩაწერის საშუალება იყო არჩევნების წინა პერიოდშიო…

მთავარია, მინისტრებმა რეალურად საქმე აკეთონ და სამსახურში ფეხით და ველოსიპედით სიარული სულაც არ არის აუცილებელი, შეიძლება საშუალო კლასის ჯიპითაც იოლად გავიდნენო, _ ამბობდნენ ბოროტი ხმები.

როგორც ჩვენი არც ისე სანდო წყარო გვატყობინებს, როგორც კი ასეთ ხმებს მოჰკრა ყური, გიორგი კვირიკაშვილს ძალიან ეწყინა და გადაწყვიტა, მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ სააკაშვილის “პაკაზუხობისგან” განსხვავებით, ის ნამდვილად ცდილობს, ბიუჯეტის სახსრებს გაუფრთხილდეს.

ამ მიზნით სულ მალე გამოვა კვირიკაშვილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წარმომადგენლებს სახლიდან სამსახურში ნებისმიერი ტრანსპორტით, მათ შორის, ველოსიპედითაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხითაც კი ეკრაძლებათ მოძრაობა!

ერთადერთი საშუალება, რომლითაც მინისტრებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება, ეს არის ე.წ. ავტოსტოპი, ანუ, როგორც ავადსახსენებელ საბჭოთა დროს ეძახდნენ, “პაპუტნი”.

ჩვენი არც ისე სანდო წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ შესაბამისი ექსპერიმენტი უკვე ჩაუტარებია კვირიკაშვილს. როგორც ამბობენ, ის მთელი ორი საათი ამაოდ იდგა გზაზე და ცდილობდა, სახელმწიფო კანცელარიისკენ მიმავალი “პაპუტკა” გაეჩერებინა. პრემიერს თურმე არც ერთმა მძღოლმა არ გაუჩერა და ის-ის იყო ექსპერიმენტი ჩაშლილად უნდა ჩათვლილიყო და ბრძანებაც გაუქმებულიყო, რომ კვირიკაშვილს გონება გაუნათდა და კიდევ ერთმა გენიალურმა იდეამ გაიელვა მის ტვინში. თვითმხილველები ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა თავისი ტრაფარეტი წარწერით _ “სახელმწიფო კანცელარიისკენ” , რომლითაცპაპუტნისგაჩერებას აპირებდა, იღლიაში ამოიდო და ბუჩქებში დაიმალა. ტრასაზე კი თამარ სანიკიძე და თეა წულუკიანი დააყენა შესაბამისი ტრაფრატებით _ “განათლების სამინისტროსკენდაიუსტიციის სამინისტროსკენ”.

ამ გენიალურმა იდეამ შედეგი მაშინვე გამოიღო, როგორც კი გოგოებმა კაბა ოდნავ მუხლს ზევით აიწიეს. განსაკუთრებით თეა წულუკიანს მოუწადინებია და პირველივე მანქანის მუხრუჭის ხმაზე გიორგი კვირიკაშვილი თურმე ელვასავით გამოვარდა ბუჩქებიდან და გაოგნებულ მძღოლს წინა სავარძელზე დაუსკუპდა!

აი, ასე მოხერხებულად შეუძლია ხელისუფლების ყველა ღირსეულ წარმომადგენელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვა, თუკი მოინდომებსო, _ აღფრთოვანებულები აღნიშნავენ ჟურნალისტები, ექსპერტები და კიდევ სხვა ათასი ჯურის უსაქმურები.

მასე აბარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here