Home რუბრიკები სამართალი იოსებ ბაჩიაშვილი: შემოვიღეთ გერმანული კანონმდებლობა, ფრანგულ-ამერიკული სასამართლო სისტემა და ახლა გვიკვირს, რატომ...

იოსებ ბაჩიაშვილი: შემოვიღეთ გერმანული კანონმდებლობა, ფრანგულ-ამერიკული სასამართლო სისტემა და ახლა გვიკვირს, რატომ არ შეეთავსა ისინი ერთმანეთს

1877

ცნობილი იურისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, პოპულარული ავტორი მონოგრაფიისაერი და დრო, ანუ გვიყვარს თუ არა ქართველებს საქართველო”, პროფესორი იოსებ ბაჩიაშვილი რუსეთის იურიდიულ მაცნიერებათა აკადემიამ თავის წევრად აირჩია. დღეს იგი ჩვენს რედაქციას სტუმრობს.

_ ბატონო იოსებ, საქართველოს მართლმსაჯულების ზემო ეშელონებში ბოლო პერიოდში მომხდარი გაუგებრობა, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენმა მოსახლეობამ არაერთგვაროვნად შეაფასა. თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს?

_ სპეციალური განათლების არასაკმარისი დონის.

_ უვიცები მართავენ ხელისუფლების ამ შტოს?

_ ნუ ვიქნებით ასე კატეგორიულები, მაგრამ პრობლემები არის.

_ ქართულ იურისპრუდენციაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რას მიიჩნევთ?

_ დავიწყებ ელემენტარულით: ყველაფერი ცოდნით იწყება, ცოდნას განათლება სჭირდება, განათლებას კი _ სწავლა. დღეს ჩვენი იურიდიული განათლება ძალზე ღრმა და სისტემური პრობლემების წინაშე დგას. პირდაპირ რომ ვთქვათ, მიჭირს კიდეც იმის თქმა, ჩვენი უნივერსიტეტები ჭეშმარიტად სამართალმცოდნეებს ამზადებენ თუ რაიმე სხვა დარგის სპეციალისტებს. იურიდიული განათლების სფეროდან პრაქტიკულად ამოღებულია ან უაღრესად შევიწროებულია ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგი, როგორიც არის სახელმწიფომცოდნეობა და იგი მთლიანად გადატანილია პოლიტოლოგიის სფეროში… იურიდიულ ფაკულტეტებზე სავალდებულო საგნებში არ გხვდება ისეთი ფუძემდებლური აკადემიური დისციპლინები, როგორიც არის სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, ფილოსოფია, ეკონომიკის საფუძვლები, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორია, ლოგიკა და ა.შ. ზოგიერთ უნივერსიტეტში ისწავლება ამ უმნიშვნელოვანესი საგნების სუროგატები შემოკლებული, უაღრესად ფორმალიზებული, უსისტემო და უშინაარსო ფორმით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუდენტს არ ვაძლევთ აუცილებელ განზოგადებულ და სისტემურ თეორიულ ცოდნას, მთავარ აქცენტს ვაკეთებთ სამართლის დარგებსა და, საზოგადოდ, იურიდიულ კონკრეტიკაზე. ამ უკანასკნელის სრულფასოვანი შესწავლა კი შეუძლებელია სათანადო თეორიული მომზადების გარეშე. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვამზადებთ ხელოსნებს და არა _ ინჟინრებს, ექთნებს და არა _ ექიმებს, თანაც ამ ხელოსნობასა და ექთნობასაც ვერ ვასწავლით სრულფასოვნად. სწორედ აქედან იწყება უამრავი პრობლემა, რომელიც შემდგომ პრაქტიკაში იჩენს თავს, როგორც გადაულახავი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საკითხი.

_ კერძოდ, რა გაქვთ მხედველობაში?

_ ძალიან მარტივი რამ. უპირველეს ყოვლისა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარკვეული სამართლებრივი იდეოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც ყალიბდება სამართლებრივი პოლიტიკა, რომლის განსახორციელებლად დგინდება შესაბამისი სტრატეგია და ტაქტიკა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აყალიბებს სამართლებრივ სისტემას. ჩვენ არც ერთი გვაქვს, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე.

_ შეგიძლიათ გაშიფროთ?

_ შევეცდები. მთელი ჩვენი სამოქალაქო კანონმდებლობა უშუალოდ არის დაკავშირებული გერმანულ სამართალთან, რაც მისასალმებელია, რადგან გერმანული სამოქალაქო კანონმდებლობა საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ გერმანია დიდი ქვეყანაა მკვეთრად გამოხატული ფედერალური სახელმწიფოს ნიშნებითა და უნიკალური სასამართლო სისტემით, რაც პირდაპირ და უშუალოდ არის გათვალისწინებული ამ ქვეყნის კანონმდებლობაში. ეს კი ნიშნავს, რომ, თუ ვსარგებლობთ გერმანული კანონმდებლობით, უნდა ვისარგებლოთ მსგავსი ინსტიტუციური და სასამართლო სისტემითაც. ჩვენთან ყველაფერი პირიქით მოხდა: შემოვიღეთ გერმანული კანონმდებლობა, ფრანგულ-ამერიკული სასამართლო სისტემა და ახლა გვიკვირს, რატომ არ შეეთავსა ისინი ერთმანეთს. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ არ არსებობს მაღალპროფესიული, შეწონილი და ჰარმონიული სამართლებრივი იდეოლოგია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავიწყეთ მრავალსართულიანი და რთული შენობის აგება მყიფე ნიადაგზე ისე, რომ არც ამ შენობის პროექტი გვაქვს და არც რაიმე გათვლა გაგვაჩნია, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში რთული იქნება საბოლოო მიზნის მიღწევა.

ვნახოთ, თუნდაც რა მარწუხებშია მოქცეული პროკურატურის სისტემა. მსოფლიოში არსებობს პროკურატურის სამი სახის სისტემა: ა) პროკურატურა _ სასამართლო ხელისუფლების ქვესისტემა; ბ) პროკურატურა _ აღმასრულებელი ხელისუფლების ქვესისტემა; გ) პროკურატურა _ ე. წ. საკონტროლო ხელისუფლების ქვესისტემა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან ჩვენ დავიწყეთ პროკურატურის სისტემის შექმნა, რომელიც უნდა ყოფილიყო და გარკვეული დროის განმავლობაში იყო კიდეც სასამართლო ხელისუფლების ორგანო. შემდეგ უცებ მოვინდომეთ და დავიწყეთ პროკურატურის გადაწყობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანოსი, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე და ლოგიკურ დასასრულამდე.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ მხედველობაში მაქვს ის, რომ, თუ პროკურატურა განიხილება აღმასრულებულ ხელისუფლებაში, მაშინ მისი ხელმძღვანელი, ანუ გენერალური პროკურორი უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი. ის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, აგებს პასუხს ხელისუფლებისა და ხალხის წინაშე პროკურატორის საქმიანობაზე. ასეთია მრავალსაუკუნოვანი და ათასგზის შემოწმებული საერთაშორისო სტანდარტი. ახლა ვნახოთ, რა გავაკეთეთ ჩვენ: იუსტიციის მინისტრს კანონით ავუკრძალეთ პროკურატურის კონკრეტულ საქმეებში ჩარევა და, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ყველაფერი გაკეთდა მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ალმის ქვეშ. საბოლოო ჯამში, მივიღეთ წინააღმდეგობრივი სისტემა _ თანამდებობის პირი, რომელიც პასუხს აგებს კონკრეტული სტრუქტურის ფუნქციონირებაზე, მოკლებულია ამავე სტრუქტურის კონტროლის რეალურ საშუალებას.

_ კი, მაგრამ, ხომ შეიქმნა პროკურატურის საბჭო?

_ ასეთი ორგანო მსგავსი ფუნქციებითა და დანიშნულებით მსოფლიოში არ არსებობს. ამ ორგანოს შექმნა კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას მისი ელემენტარული ულოგიკობისა და უსისტემობის გამო. ამ ორგანოს შექმნამ საერთოდ გაუგებარი გახადა, თუ საბოლოოდ ვის აკისრია პროკურატურის საქმიანობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიან, როგორც იუსტიციის სამინისტროსა და თვით პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც არავითარი ორგანული კავშირი არ აქვთ პროკურატურასთან. ამასთანავე, მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებულია მასვე დაქვემდებარებული თანამდებობის პირების წინაშე, რაც, უბრალოდ, ნონსენსია.

_ არადა, ხომ არსებობს იუსტიციის საბჭო?

_ გულწრფელად გეტყვით, რომ მე, და არა მარტო მე, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი არსებული ფუნქციითა და ფორმით როგორც იუსტიციის, ისე პროკურატურის საბჭოს შექმნის. იუსტიციის საბჭოს მიმართ უამრავი შეკითხვა აქვთ აქეთ სამართალმცოდნეებს, მათ შორის, მაღალი დონის პროფესიონალებს. ვფიქრობ, საზოგადოება ამას კარგად ხედავს. საერთოდ, იუსტიციის მართვა და ხელისუფლების სასამართლო შტოს დამოუკიდებლობა რთული, კომპექსური პრობლემაა, რომელიც, ვფიქრობ, ცალკე საუბრის თემაა. კარგად უნდა გავითავისოთ, რომ სახელმწიფოში არ არსებობს და ვერც იარსებებს ხელისუფლების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სუბიექტი. ხელისუფლება ერთიანია. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სისტემები არის მხოლოდ ამ მთელის შემადგენელი ნაწილები (შტოები), რომელთა შორის უნდა არსებობდეს მყარი შიგასისტემური კავშირი და კომპეტენციათა აუცილებელი ბალანსი.

_ ბოლოს და ბოლოს, რა გამოსავალს ხედავთ?

_ გამოსავალი ერთია: ცოდნა და პროფესიონალიზმი.

_ თქვენ სახელმწიფო მოღვაწეობის დიდი და რთული გზა განვლეთ, როგორ შეაფასებთ ახალი პრემიერმინისტრის _ გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობას?

_ ხელისუფლების მაქებარ ადამიანად ნამდვილად ვერ გამოგადგებით, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, მინდა ვთქვა, რომ მისდამი საზოგადოებაში საკმაოდ დიდი სიმპათია არსებობს. მას კარგი გზა აქვს გავლილი და კომპეტენციის თვალსაზრისით მოწონებას იმსახურებს. მეტიც, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული, რომ რაიმე დამაჯერებელი დასკვნები გავაკეთოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ამ დონისა და პოტენციური შესაძლებლობების პრემიერმინისტრი არ ჰყოლია. მგონი, ღმერთმა გადმოგვხედა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. პრემიერი რომელიც საკადრო საკითხსაც ვერ წყვეტს, რაც არ უნდა გენიოსი იყოს შეძლებს რამის გაკეთებას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here