Home რუბრიკები საზოგადოება ნუგზარ მხეიძე: ბინაში, სადაც ჟვანიას გვამი აღმოაჩინეს, შეუძლებელი იყო, ბუნებრივ აირს გაეჟონა,...

ნუგზარ მხეიძე: ბინაში, სადაც ჟვანიას გვამი აღმოაჩინეს, შეუძლებელი იყო, ბუნებრივ აირს გაეჟონა, რადგან მოშორებით დაზიანება მოხდა და კორპუსს გაზი საერთოდ არ მიეწოდებოდა, სისტემა გათიშული იყო

ბევრის მომსწრე და ბევრი მნახველი”, _ ასე შეაფასა თავისი ცხოვრება მხცოვანმა მოქალაქემ ნუგზარ მხეიძემ. ეს გვარსახელი ყველასთვის ცნობილი მას შედეგ შეიქნა, როცა სკანდალური განცხადება გააკეთა პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გარემოებებზე. ბატონ ნუგზარს საინტერესო ცხოვრება აქვს განვლილი: 1959 წლიდანთბილგაზისწამყვანი თანამშრომელი იყო და თბილისის გაზიფიკაცია, ასე ვთქვათ, მის ხელში მოხდა. “თბილგაზში” 54 წელი იმუშავა. აღსანიშნავია, რომ რეპრესირებული ოჯახის შვილი სტალინის სახელის დასაცავად 1956 წლის 9 მარტს თავდაუზოგავად იბრძოდა. სწორედ 1956 წლის 9 მარტს განვითარებული მოვლენების დეტალების გასახსენებლად ვეწვიეთ ნუგზარ მხეიძეს, თუმცა მასთან საუბარი სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

_ ბატონო ნუგზარ, იქნებ გაიხსენოთ 1956 წლის 9 მარტი? რა მოხდა მაშინ საქართველოს დედაქალაქში?

_ ძალიან მძიმე დღე იყო, მაგრამ სტალინზე საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ.

1953 წლის 2 მარტს გამოაცხადეს, რომ სტალინი ავად გახდა. ეს შემზარავი ინფორმაცია იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში სტუდენტები ერთ-ერთ რესტორანში ვიკრიბებოდით და იქ რადიოს ვუსმენდით. ყოველ წუთს ახალ ინფორმაციას გადმოსცემდნენ სტალინის ჯანმრთელობის შესახებ. ვიცოდით, რამდენით დაიწია ან აიწია დიდი ბელადის ორგანიზმის ტემპერატურამ. შინ თითქმის არ მივდიოდით, ვისხედით და ახალ ამბებს ვისმენდით. 5 მარტს კი გამოაცხადეს, სტალინი გარდაიცვალაო. ეს უდიდესი ტრაგედია იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რეპრესირებული ოჯახის შვილი ვიყავი, სტალინის სიყვარული სისხლში მქონდა გამჯდარი. ასე მზრდიდნენ, მის სიყვარულსა და პატივისცემას მასწავლიდნენ. ჩემსავით იყო ყველა. ბევრჯერ შემიშალა ხელი იმ ფაქტმა, რომ მამაჩემი რეპრესირებული იყო, მაგრამ ამის გამო სტალინი არ შემიძულებია.

სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დიდი ბელადის “კულტის” მსხვრევა დაიწყო.

საქართველოში ყოველ წელს ვიკრიბებოდით სტალინის გარდაცვალების დღეს. მის ძეგლთან უამრავი ადამიანი მიდიოდა, ვამკობდით ყვავილებით. ასე მოხდა 1956 წელსაც, როდესაც დახურული წერილი მოვიდა კრემლიდან, _ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის _  ნიკიტა ხრუშჩოვის დავალებით, სტალინი მავზოლეუმიდან გამოყავთო. ამ ინფორმაციას დიდი ამბავი მოჰყვა.

სტალინის ძეგლთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. არაფერს ვაშავებდით. ლექსებს ვკითხულობდით, სიტყვით გამოვდიოდით.

9 მარტს სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიაჩესლავ მოლოტოვისთვის წერილი მიგვეწერა დამავზოლეუმში სტალინის დატოვება გვეთხოვა. აგრეთვე, გადავწყვიტეთ, კავშირგაბმულობის სახლში შევსულიყავით და მსოფლიოსთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რას უპირებდნენ სტალინს. კავშირგაბმულობის სახლთან მივედით, მაგრამ იქ ავტომატიანი ხალხი დაგვხვდა. შენობაში შესვლა და ინფორმაციის გადაცემა ვერ შევძელით. ცოტა ხანში მოვიდა ჯგუფი ახალგაზრდებისა და მათ თქვეს, _ სროლა დაიწყესო. გავრბოდით, გზადაგზა საშინელი სანახაობა გვხვდებოდა. ორი ბიჭი მოასვენეს, მათ ზურგში ჰქონდათ ნასროლი, შემზარავი სანახავი იყო.

ქუჩაში ხალხი 5 მარტიდან გამოვიდა, 9-ში უკვე დასასრული იყო. 5 მარტს სტალინის ძეგლზე ავედი, ძეგლი ისე იყო გაკეთებული, თითქოს სტალინს ხელი ტუმბოზე ედო, სწორედ იმ ხელზე ჩამოვკიდე გვირგვინი. იქიდან სახანძრო მანქანით ჩამომიყვანეს, რადგან კიბე, რომლითაც ავედი, გატყდა.

1956 წლის მარტში თბილისმა რამდენიმე მძიმე დღე გამოიარა, დასასრული კი ტრაგიკული აღმოჩნდა. იმხანად ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ 100-ზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო გვამებს მტკვარში ყრიდნენ.

_ ბატონო ნუგზარ, თქვენ საინტერესო რამ თქვით _ ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, მსოფლიოსთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რას უპირებდნენ სტალინსო. რას ელოდით მსოფლიოსგან, გეგონათ, რომ მხარს დაგიჭერდნენ და სტალინის კულტის მსხვრევას ხელს შეუშლიდნენ?

_ დიახ, ასე გვეგონა. იმხანად საბჭოთა კავშირში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ჯუ დე იმყოფებოდა. ვცდილობდით, ყველასთვის მიგვეწვდინა ხმა. ამ გადასახედიდან ვხვდები: ილუზია იყო ის, რომ მსოფლიოს ეს ამბავი შეაშფოთებდა.

_ 9 მარტმა რომ ჩაიარა, აქტიური ახალგაზრდები არ დაგსაჯეს?

_ კი, ყველა უმაღლეს სასწავლებელში შემოვიდნენ უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები და ბევრი ახალგაზრდა სასწავლებლიდან გარიცხეს.

_ რას ფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოში სტალინის ძეგლი არ დგას?

_ სტალინის ძეგლი ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა იდგეს და არამხოლოდ ამ ქვეყანაში. მან ხომ ფაშიზმის დამარცხება შეძლო და მსოფლიო გადაარჩინა. სტალინი უდიდესი პიროვნება იყო, ადამიანი, რომელმაც ფაშიზმი მისივე ბუნაგში გაანადგურა. ის უდიდესი მორწმუნეც იყო, ომის მიმდინარეობისას ყაზანის ღვთისმშობლის ხატი თვითმფინავით სსრ კავშირის ცაზე მოატარა.

_ ამბობენ, რომ გორში, სტალინის სახლმუზეუმის ეზოში, ძეგლის დადგმას პოლონეთის ელჩმა შეუშალა ხელი

_ მართლა? საქართველოში რეიგანის ძეგლი უნდა იდგეს და სტალინის _ არა? ეს, ხომ ქვეყანა არ არის? ჩვენ ხალხი არ ვყოფილვართ. სტალინს რას უწუნებენ? იმ დალოცვილმა კაცმა იმაზე ცუდი რა ქნა, ვიდრე ესენი სჩადიან?! საბჭოთა კავშირზე ჰუმანური ქვეყანა არ ყოფილა და არც იქნება, ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება იყო. 83 წლის კაცი ვარ, ბევრის მომსწრე და მნახველი, მაგრამ საბჭოთა კავშირზე უკეთესი არაფერი მინახავს.

დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ტვინი ისე აქვს გამორეცხილი, რომ სტალინსა და ჰიტლერს ერთ დონეზე აყენებს.

_ რადგან თვითონ დაიწყეთ იმაზე საუბარი, რომ ბევრის მომსწრე და მნახველი ხართ, გვითხარით, პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს რა ნახეთ და რისი მომსწრე ხართ?

_ შემთხვევის ადგილზე ღამის სამ საათზე გამომიძახეს. მითხრეს, გაზმა გაჟონაო. არადა, ბინაში, სადაც ჟვანიას გვამი აღმოაჩინეს, არ შეიძლებოდა ბუნებრივ აირს გაეჟონა, რადგან მოშორებით დაზიანება იყო და კორპუსს აირი საერთოდ არ მიეწოდებოდა, სისტემა გათიშული იყო. ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ადგილას რომ მივედი, ვნახე, ვიღაცას ბუნებრივი აირი ჩაურთავს და მაქსიმალურ სიმძლავრეზე აუწევია.

_ ამის შესახებ თქვენ თავიდანვე განაცხადეთ, მაგრამ შემდეგ აღარ გაგიმეორებიათ. რა მოხდა?

_ ტელეფონზე ვლაპარაკობდი, როცა უცებ ვიღაც ჩაერთო და მითხრა: ბატონო ნუგზარ, ძალიან დიდი პატივს გცემთ, ამიტომ გთხოვთ, შეწყვიტოთ საუბარი, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია”. როგორ დამირეკეს, როგორ შეიტყვეს, ვის ველაპარაკებოდი, არ ვიცი. ალბათ, მითვალთვალებდნენ. ბევრი ჟურნალისტი მიკავშირდებოდა მაშინვე და ყველას ვეუბნებოდი, რაც მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ამ ზარის შემდეგ, რომელიღაც რუსული არხიდან მოვიდნენ, _ ინტერვიუს ჩაწერა უნდოდათ, ვუთხარი, რომ სადმე გავსულიყავით და იქ დაველაპარაკებოდი. მანქანით წამიყვანეს, მტკვრის გაღმა გავედით და საუბარი იქ დავასრულეთ. ამის შემდეგ ჩემთვის აღარავის დაურეკავს.

_ დღეს, როდესაც ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზე ამდენს საუბრობენ და გამოძიებაც ხელახლა დაიწყეს, არავის დაუბარებიხართ დასაკითხად? და, საერთოდ, ფიქრობთ, რომ ამ საქმის გამოძიება სწორად მიმდინარეობს?

_ ერთხელ დამიბარეს, საგაზეთო ინტერვიუც ჩამომართვეს, ყველაფერი ვთქვი. ვთქვი, რომ იქ სახიფათო არაფერი იყო, მერე მოხდა ყველაფერი. ახლა ხომ იმაზეც საუბრობენ, ცხედარი საიდანღაც მოიტანეს და იქ დაასვენესო. რა გითხრათ, რაც ვიცი, ვთქვი…

_ ბატონო ნუგზარ, მოგწონთ ახალი ხელისუფლება? 83 წლისა თავს დაცულად გრძნობთ?

_ სად არის ხელისუფლება? ვინ არის ხელისუფალი? ვინ არის ამ ქვეყანაში დაცული, მე რომ ვიყო?

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. საოცარი პიროვნება ნაღდი ქართველი სიტყვები არ მყოფბის ბატონი ნუგზარის მიმიართ საქებარი სიტყვები დავწერო ,პირველმა ვინც საქართველოში ცისფერი ალი ააფრიალა გაზი დაანახა საქართელოს,უნიკალური პიროვნება იცით რა მაწუხებს საქართელოში ნუგზარ მხეიძის დონის კოლორიტული პიროვნება ძალიან ცოტა დარჩა ერთხელაც არავის გასჩენია სურვილი მასეზე ცოტა დაეწერათ ან სატელევიზიო რეპორტაჟი მაინც გაეკეთებინათ იქნებ წაიკითხოთ და ეხლა მაინც გაკეთდეს!თქვენ კი ბატონო ნუგზარ ღვთის წყალობა ნუ მოკგლებოდეთ საუკეთესოს გისურვედთ თქვენი ხელქვეითებიდან რამდენი გლოცავთ გაქებთ გადიდებთ! ერთი ჰკითხეთ ბატონ ნუგზარ რას ნიშნავ საქართელოსოსთის გაზპრომი ოოო იცის იცის ის რაც თქვენ არ იცით და არც გინდათ იცოდეთ რა გადავიტანეთ ჩვენ ყველამ 90 იან წლებში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here