ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა თამაზ დაუშვილმა ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, რადგან საკუთარ თავზე გამოსცადა უკანონობა, რომელმაც მოსარჩელე ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადა. პუბლიკაცია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ამაზეა.
მესამე და _ სამართალიო. ეს ხალხური სიბრძნე ასე განსჯის: თუ ორ მოპაექრეს (მოთამაშეს) შორის პირველ ორ რაუნდში ვერც ერთი გაიმარჯვებდა ანუ ორთაბრძოლა ფრედ დასრულდებოდა, მესამე რაუნდს უნიშნავდნენ.
გადამწყვეტს.
ხელოვნურად შეთითხნილ “საქმეს”, რომელიც სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სამ წელიწადზე მეტხანს გრძელდება, “საქართველო და მსოფლიო” დღევანდელ პუბლიკაციამდე სამჯერ დაუბრუნდა. სამჯერ! მაგრამ სამართლიან გადაწყვეტას არა და არ დაადგა საშველი.
ვერა და ვერ მოხერხდა “ქმნა მართლისა სამართლისა” ერთი კერძო კოლიზიის შემთხვევაში, რომელშიც მოსარჩელის არგუმენტები დადასტურებული და განმტკიცებულია უტყუარი ფაქტებით და, რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილებებით.
სააპელაციო სასამართლოს ერთმა შემადგენლობამ ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილებები, მეორე შემადგენლობამ გააუქმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ რატომღაც მხარი დაუჭირა სააპელაციო სასამართლოს მაინცდამაინც მეორე შემადგენლობის (კოლეგიის თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე) გადაწყვეტილებას, მეტიც: მოსარჩლის ქონებისთვის ყადაღის დადება კანონიერად მიიჩნია.
ასე გაჭრა და გაკერა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სამართალმა, რომლის მსგავსი ვაიმოსამართლეებისგან საქართველოს “რეფორმირებული” სასამართლო სისტემა _ პირველიდან უზენაეს ინსტანციამდე _ დღემდე ვერ გათავისუფლებულა.
ჩვენს სასამართლო ოლიმპზე ბოლო ხანს დატრიალებული გაუგებრობების მთელი რიგი, რომელთა სახელგატეხილი (რბილად რომ ვთქვათ) ფიგურანტები რაღაც მანქანებით კვლავ თემიდას ქურუმებად წარმოგვიდგნენ, ადასტურებს სამწუხარო რეალობას: სამართლის დაპურება დამშეულ საქართველოში ძნელი წარმოსადგენი გახდა.
ის “რაღაც მანქანები” კი გადაღებეს, მაგრამ, როგორც ეტყობა, არც “ამძრავი ღვედები” შეუცვალეს, არც _ საწვავი მარკით “კორუფცია”…
ახლა კი იმ საკითხის მოკლე შინაარსს გაგაცნობთ, რომელსაც “საქართველო და მსოფლიო” კიდევ ერთხელ უბრუნდება: აქა ამბავი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, თამაზ დაუშვილის ქონების დაყადაღებისა უსამართლო სასამართლოს მიერ.
ამონარიდი თამაზ დაუშვილის წერილიდან:
“ჩვენი ოჯახი ფლობდა მიწის ნაკვეთს მარშალ გელოვანის ქუჩაზე. ჩემთან მოვიდნენ ბიძაშვილები _ აკაკი და დავით ენუქიძეები, რომლებსაც უშუამდგომლა კახა არაბიძემ, და შემომთავაზეს ამ ადგილზე საცხოვრებელი სახლის აშენება, სანაცვლოდ 33 პროცენტს დამპირდნენ. 2007 წლის 13 ივლისს ყველა წესის დაცვით დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “არენა სითი”, თავმჯდომარედ აირჩიეს დავით ენუქიძე”.
ენუქიძეებმა რამდენიმე თვეში მოახერხეს ბინების მიღების მსურველთა მიერ შემოტანილი თანხის, დაახლოებით 300 ათასი ლარის, საკუთარ განკარგულებაში აკუმულირება და… ქვაბულის ამოთხრით დამთავრდა ახალი სახლის “მშენებლობა”.
მოკლედ _ მიითვისეს.
“ენუქიძეების თაღლითობას სხვებთან ერთად ჩვენც შევეწირეთ, _ განაგრძობს თამაზ დაუშვილი, _ ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 80 000 ლარად გაიყიდა”.
და დაადგნენ დაზარალებულები სასამართლოს გზას. იჩივლეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა. 2012 წლის 20 მარტის განაჩენით დავით და აკაკი ენუქიძეებს მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა დაზარალებულის (მოსარჩელის) მიერ გადახდილი არც ერთი თეთრი არ მოხმარებია ამხანაგობას და საერთო თანხა სრულად იქნა მითვისებული დავით და აკაკი ენუქიძეების მიერ.
ამ განაჩენის ძალაში შესვლიდან 3 წელიწადი გავიდა და დაიწყო საქმის სასამართლო განხილვა სამოქალაქო წესით. იმის გამო, რომ სარჩელები შეტანილი იყო ეტაპობრივად, ისინი სხვადასხვა დროს განიხილა სასამართლოს რამდენიმე შემადგენლობამ და ინსტანციამ, მათ შორის მოსამართლეებმა: ლევან გვარამიამ, თამარ ბურჯანაძემ, შორენა ჯანხოთელმა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, ამხანაგობის წევრებისთვის ზარალის ანაზღაურება, ანუ მითვისებული თანხის დაბრუნება დაეკისრა დავით და აკაკი ენუქიძეებს.
ეს გადაწყვეტილება ორჯერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. პირველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ერთი შემადგენლობა (ადეიშვილი, გიორგიშვილი, ეცადაშვილი) გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს, მეორე შემადგენლობა (გუჯაბიძე, მესხიშვილი, ნაზღაიძე) _ აუქმებს.
ე.ი. ექვსი სასამართლოს, მათ შორის, სისხლის სამართლისა და სააპელაციო სასამართლოების, გადაწყვეტილებით, დაზარალებული მომჩივნებისთვის თანხის გადახდა დაეკისრათ დავით და აკაკი ენუქიძეებს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ერთადერთმა კოლეგიამ (გუჯაბიძე, მესხიშვილი, ნაზღაიძე) გააუქმა ეს გადაწყვეტილება და თანხის გადახდა დააკისრა სოლიდარულად ამხანაგობის ყველა წევრს.
უფრო ზუსტად: სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატამ (გუჯაბიძე, ნაზღაიძე, მესხიშვილი) შვიდი მოსარჩელისთვის თანხის გადახდა სოლიდარულად დააკისრა ამხანაგობის გამგეობის ყველა წევრს (მათ შორის _ თამაზ დაუშვილსაც), მიუხედავად იმისა, რომ მათ ენუქიძეების აფერასთან საერთო არაფერი ჰქონიათ. “აკაკი და დავით ენუქიძეები წესითა და კანონით დაფუძნებული ამხანაგობისთვის გვერდის ავლით, თავიანთი ყალბი ამხანაგობის სახელით მოქმედებდნენ და ბინების ყიდვის მსურველებს შეტანილი თანხის დამადასტურებლად ისეთ ფარატინა ქაღალდებს ურიგებდნენ, რომელთაც არავითარი იურიდიული ძალა არ ჰქონდა”.
თამაზ დაუშვილი გაოცებულია:
_ რა ხდება, ვერ გამიგია: თაღლითობისთვის მსჯავრდებულმა ენუქიძეებმა სასჯელი უკვე მოიხადეს, ჩემთვის, ანუ დაზარალებულისთვის ყადაღის ახსნას კი საშველი არ დაადგა. კურიოზია, მეტი რომ არაფერი ვთქვა. გამოდის, რომ დამნაშავეები ჩვენვე ვყოფილვართ, ჩვენ _ დაზარალებულები.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძისა და მისდაგვართათვის კანონი არაფერს ნიშნავს, სამართლის ზეობა მათი პროფესიული მიზანი არ არის. მთავარია, ხელის მოთბობა, დაინტერესებულ ელემენტებთან კორუფციული გარიგება და ამის წყალობით საკუთარი ჯიბის გასქელება. აშკარაა, რომ ყოფილი რეჟიმის ხეს ტოტები კი შეაჭრეს, მაგრამ ფესვები დარჩა!
“საქართველო და მსოფლიოში” 2015 წლის 37-ე ნომერში გამოქვეყნებული წერილი ქალბატონ ნინო გვენეტაძისადმი მიმართვით მთავრდებოდა: “ბრძენ ხალხს უთქვამს: სამართალი ურმით დადის და ამიტომ აგვიანებსო. ქალბატონო ნინო, თქვენ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ხელგეწიფებათ, დაამტკიცოთ როგორც ზოგადად, ასევე, თამაზ დაუშვილისა და სამშენებლო ამხანაგობის წევრების გაჭიანურებული სასამართლო დავის ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტით, რომ ხალხი არ ცდება”.
ვერ დამტკიცდა.
_ ბატონო თამაზ, მაშ, ვერ იზეიმა სამართალმა?
_ ისე იზეიმოს თქვენმა მტერმა და მოშურნემ.
_ ესწრებოდით, ალბათ, უზენაეს სასამართლოში თქვენი სარჩელის განხილვას…
_ არა. იმასაც ვერ გეტყვით, საერთოდ გაიმართა თუ არა სხდომა. ჩემი სარჩელის განხილვა წელიწად-ნახევარი გაიწელა. 6 ათასი ლარი გადამახდევინეს, წარმოებაში რომ მიეღოთ ჩემი განცხადება. კარგად იცით, რა ფასი ედო ამ თანხას 3 წლის წინათ. ახლა იმის ნახევარიღა დარჩა.
ამ ფულის დაბრუნებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ ზეპირი განხილვის გარეშე არ დააკმაყოფილა ჩემი საკასაციო საჩივარი, რითაც სრულად უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჩემი სარჩელი განუხილველი დატოვა და სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა, როგორც იტყვიან, ხელმა ხელი დაბანა.
ამ დარღვევას მეორეც დაემატა: 2016 წლის 14 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც რატომღაც ხელს აწერს სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრი ქეთევან მესხიშვილი და არა კოლეგიის თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე, რაც მისი პირდაპირი მოვალეობა იყო. როგორც ჩანს, მან არ მოინდომა აშკარა უკანონობის თავისი ხელმოწერით დაკანონება. შეეცადა, პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა.
მაგრამ ეს ჩემს გაჭირვებას არაფერს შველის, რადგან ჩემი ქონების დაყადაღება ალავიძე–გუჯაბიძის ტანდემის მცდელობით ძალაში დარჩა. დღეს თუ ხვალ მომადგებიან და გამიყიდიან სახლ–კარს. ცარიელზე, ღია ცის ქვეშ მტოვებენ 76 წლის კაცს, რომელსაც ოჯახში 4 არასრუწლოვანი შვილი მყავს და შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დეპუტატის პენსია დამრჩენია.
უკანონობას, რომელიც ჩემ მიმართ განახორციელეს ალავიძემ და გუჯაბიძემ, ეჭვი არ მეპარება, კორუფციული გარიგება უდევს საფუძვლად. ისეთი ურთიერთობა აქვთ დამყარებული (ლოგიკურად ასე ჩანს), რომ ქოთანს საითაც სურთ, იქიდან მოაბამენ ყურს.
_ ქოთანი ცარიელია?
_ ეგაა საკითხავი და გაარკვიონ იმათ, ვისაც ევალება.
დღეს ყველა, ვისაც რამე საქმე აქვს ან ჰქონია სასამართლოსთან, უკმაყოფილოა ჩვენი მართლმსაჯულებით. არადა, ლამის მთელი მოსახლეობა სასამართლოს კართან დგას.
შოთა ბერიძე
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საქმეებს აძლევენ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება ეწურებათ დანიშნულ სასამართლო სხდომამდე და მერე გადადებენ ორი თვით, თითქოს ორი თვე, ორი დღე იყოს.