Home რუბრიკები პოლიტიკა უნდა გადადგეს თუ არა თავდაცვის მინისტრი გამოძიების დასრულებამდე

უნდა გადადგეს თუ არა თავდაცვის მინისტრი გამოძიების დასრულებამდე

860

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის საფუძვლად იქცა პარლამენტარ გოგი თოფაძის განცხადება, რომლითაც მან თავდაცვის მინისტრი, ფაქტობრივად, არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ თინა ხიდაშელმა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით მუხროვანის სპეცუბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების _ სამხედრო მოსამსახურეების _ რაოდენობა სპეციალურად გაზარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

პარლამენტარმა გოგი თოფაძემ პირველად სწორედ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში ისაუბრა საგარეჯოს არჩევნებში თავდაცვის მინისტრის მიერ შეტანილ “წვლილზე”: “წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს”, _ განაცხადა თოფაძემ. მალე პროკურატურას აღნიშნული საკითხით დაინტერესება მოსთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციამსაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”. ორგანიზაციის ხელმძღვანელ ეკა გიგაურის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქმე ცილისწამებასთან გვაქვს თუ არჩევნების გაყალბებასთან.

“სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფრაქციის თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, გამოძიება არ დაინტერესებულა საგარეჯოს ოლქში არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მტკიცებულებებისა და დოკუმენტების არსებობაზეც იყო საჯაროდ საუბარი. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით არჩევნების გაყალბება და საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა დასჯადია…

ფრაქციის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებების იგნორირება ყოვლად დაუშვებელია”, _ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში (სტილი დაცულია _ რედ.)

ჩვენ დავუკავშირდით “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელობას, მაგრამ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარისგან რატომღაც თავი შეიიკავეს.

რესპუბლიკელები კი ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მყოფი პროდასავლური ძალების დასასუსტებლად მიმართულ კამპანიად მიიჩნევენ. “თოფაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, ცრუ ბრალდებებით გამოდის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. ხელისუფლებიდან გაგდებული ბრეგაძე უხამსი ბრალდებებით გამოდის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. არჩევნებში დამარცხებული ირმა ინაშვილი ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოდის და ითხოვს თავდაცვის მინისტრის უფლებამოსლების შეჩერებას. ეს ყველაფერი, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება”, _ აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

2016 წლის 31 ოქტომბერს საგარეჯოში გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 559 ხმით მოუგო “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატს _ ირმა ინაშვილს, რომელმაც არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო გაყალბებაზე საუბარი. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომის მოთხოვნით ინაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად შიმშილობაც გამოაცხადა. გოგი თოფაძის განცხადების შემდეგ კი ირმა ინაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენოს, რაც მოწმეებზე ზეგავლენის შესაძლებლობას გამორიცხავს.

თავდაცვის მინისტრი, თუ მას ღირსება აქვს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს

ირმა ინაშვილი, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსისგენერალური მდივანი:

_ ეს, ერთი მხრივ, სამართლებრივი, მეორე მხრივ კი, ღირსების საკითხია. როდესაც თავდაცვის მინისტრი არჩევნების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი თუ მხილებული, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს. მოგეხსენებათ, დღეს არ დამიწყია ამ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი. ჩვენ არჩევნების ღამესვე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ მუხროვანში, კონკრეტულად უჯარმის მე-13 უბანზე, ჯარისკაცების ასმა პროცენტმა ხმა სახელისუფლო კანდიდატს მისცა, რაც თავისთავად ეჭვს და ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ამას გარდა, კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, როგორ მიიღო ჯარმა ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვიცით, რომ გამოიყენესკარუსელიდა ჯარისკაცების ნაწილმა ხმა მისცა როგორც სამხედრო უბანზე, ასევე საერთო სიით. უამრავი კანონდარღვევა მოხდა, არჩევნები გაყალბდა და თავდაცვის მინისტრი, თუ მას ღირსება აქვს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

_ პრემიერი გაითვალისწინებს თქვენს მოთხოვნას და გადააყენებს თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრს?

_ ვფიქრობ, რომ არ გაითვალისწინებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! მე ვაყენებ ამ საკითხს და ეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია, რას იზამს. ჩვენ საგარეჯოს არჩევნების დასრულებისთანავე მოვითხოვეთ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების თანამდებობიდან გადაყენება და ეს საკითხი დღის წესრიგიდან დღემდე არ მოგვიხსნია.

_ რა პასუხს გასცემთ დავით ბერძენიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ თქვენი ცრუ ბრალდებები პროდასავლური კურსის წინააღმდეგაა მიმართული?

_ დავით ბერძენიშვილი თავის ძმასთან ერთად არის “სტუკაჩოვი” და ცნობილი “სტუკაჩოვების” გამონათქვამებზე რა უნდა ვთქვა. ჩვენ ვლაპარაკობთ დანაშაულზე და საგარეო ვექტორები არაფერ შუაშია. ჯერ გაირკვეს, არის თუ არა დანაშაული ჩადენილი, მიბრძანდნენ პროკურატურაში, მისცენ ჩვენება და მერე ვილაპარაკოთ, არის თუ არა არჩევნების გაყალბება პროდასავლური კურსი. ეს არის სისულელე და პროვინციული აზროვნება, როდესაც ჩვენ სისხლის სამართლის დანაშაულზე ვლაპარაკობთ და ისინი კი _ საგარეო ვექტორზე.

გამოძიების დასრულებამდე თავდაცვის მინისტრს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს

თავდაცვის მინისტრის გადადგომას დიასპორის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძეც მოითხოვს:

_ პროკურატურას სიმართლის დასადგენად სჭირდება მოწმეები, რომლებიც ან დაადასტურებენ, ან უარყოფნ თინა ხიდაშელის მონაწილეობას არჩევნების ფალსიფიკაციაში. მოწმეების უმრავლესობა კი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და უშუალოდ ექვემდებარება ხიდაშელს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებზე მას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია.

როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო გამოძიება, მინისტრმა დავით კირვალიძემ ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და დაკავებული თანამდებობიდან წავიდა. ანალოგიურად მოიქცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც. ქალბატონი თინა ხიდაშელი ძალიან უთავმოყვარეოდ იქცევა, მისთვის მხოლოდ თანამდებობაა პრიორიტეტული და საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას არაფრად აგდებს. თუ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან არ გადადგება, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება მაინც უნდა შეიჩეროს, მაგრამ, როგორც ვხედავ, ის მსგავსს არაფერს აპირებს, პირიქით _ რესპუბლიკელები საუბრობენ, თითქოს ეს ყველაფერი ქვეყნის პროდასავლური კურსის წინააღმდეგაა მიმართული. ნუ ეფარებიან პროდასავლურ კურსს, არანაირი კავშირი მათ ნატოსთან, ევროკავშირთან და არც რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურასთან არ აქვთ და ნუ აქვთ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ საქართველოს ნატოსა თუ ევროკავშირში შესვლა რესპუბლიკელებზეა დამოკიდებული.

რესპუბლიკელები დღესაც ახლოს არიან მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც გვაშანტაჟებდა, რომ, თუ ის არ იქნებოდა პრეზიდენტი, საქართველო იზოლაციაში მოექცეოდა.

_ მიხეილ სააკაშვილთან რესპუბლიკელების ახლოს ყოფნაში რას გულისხმობთ? ამბობთ, რომ მათ დღესაც აქვთ ურთიერთობა?

_ შემიძლია, დადასტურებული ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ გიგა ბოკერიას, “თავისუფლების ინსტიტუტისჯგუფსა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ და დღესაც უნისონში მოქმედებენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ მომავალ პარლამენტში მოხვდნენ და შემდეგ ნაციონალებთან ერთად იმოქმედონ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. ეს პროცესი, უკვე კარგა ხანია, დაწყებულია

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი: რესპუბლიკელებიც და ნაციონალებიც მხარს უჭერენ საქართველოში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების დაკანონებას. რა თქმა უნდა, ამ საკითხის წამოჭრა ჩემი მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, მათთვის ძალიან არასასურველი იყო. არჩევნების წინ ხდება ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია და დავინახეთ, რომ რესპუბლიკელები, რომელთაც მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, აპირებენ, სხვისი ავტორიტეტით მოხდვნენ პარლამენტში, რათა შემდეგ არამხოლოდ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არამედ სხვა ბევრი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი საკითხი დააკანონონ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here