Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მხოლოდ ცეკვა-თამაშითა და შოპინგით არიან დაკავებულნი”

“საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მხოლოდ ცეკვა-თამაშითა და შოპინგით არიან დაკავებულნი”

827

მანანა ჯინჭარაძე ქართველი ემიგრანტია, რომელმაც საქართველო 2006 წელს დატოვა და ამჟამად იტალიის ქალაქ ფლორენციაში იმყოფება. დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ამბობს, რომ ფიცხი, ემოციური, მეაბოხე ადამიანია და 16 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მერაბ კოსტავას საზოგადოებაში.

_ ქალბატონო მანანა, რატომ წახვედით საქართველოდან?

_ 1990-იანი წლების ბოლოს შემეძლო ამერიკაში წასვლა, მაგრამ ოჯახმა გადასძლია _ პირველ რიგში, მამამ, რომლის უდიდესი ხათრი და სიყვარული მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, მაინც ვერ გავბედე 15 და 12 წლის ბიჭების დატოვება იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, რათა წესიერ ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ. 2006 წელს უფროსი ბიჭი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად ინგლისში გაუშვეს. სწავლის თანხის დასაფარავად თბილისში სახლი გავყიდე, რადგან სხვა გზა არ მქონდა. გახარებული ვიყავი, უჭკვიანესი და უთბილესი შვილი მეზრდებოდა, მაგრამ ხანმოკლე გამოდგა ჩემი სიხარული _ სასწავლებლად წასვლიდან ერთი წლის თავზე ლონდონის ერთერთ ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს მოგეხსენებათ, შემდეგ რა პრობლემებთან მექნებოდა საქმე _ ჩამოსვენება, სასამართლოები ლონდონში, ადვოკატები, რომლებიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ამ ყველაფერს მეორე ბინაც შეეწირა. ბოლო მომენტამდე არ მინდოდა ოჯახის დატოვება, პირველ რიგში, მშობლებისა და ჩემი შვილის საფლავის გამო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური სამსახური და ანაზღაურება მქონდა, იძულებული შევიქენი, წამოვსულიყავი, რადგან მეორე შვილსა და შვილიშვილს პატრონობა სჭირდებოდა…

ევროპა არ არის ამერიკა, სადაც უფრო იოლია თავის დამკვიდრება, ცხოვრება. ევროპა გაცილებით ამბიციურია თავისი კანონებით, ტრადიციებითა და მენტალიტეტით. იტალიაში საბუთი რომ აიღო და რამეს მიაღწიო, აუცილებლად ან მიწაზე უნდა იმუშაო, ან მომვლელად, ან დამლაგებლად. ემიგრანტებისთვის კანონი მხოლოდ ამ სამ პროფესიაზე მოქმედებს. პირველი ბარიერი აქაურ დამსაქმებლებთან საერთო ენის გამონახვაა. ერთი ამბავი მახსენდება: ჩემმა დედობილმა ერთ ქალთან მიმიყვანა, _ მან ბევრს უშოვა სამსახური და ვთხოვოთ, იქნებ შენც რამე გამოგიძებნოსო. მივედით. _ ქალბატონო, სამსახურს ვეძებ, იქნებ რაიმე გქონდეთ, ახალი ჩამოსული ვარ და საარსებოდ მჭირდება-მეთქი. ამხედ-დამხედა ამ ქალმა და შემეკითხა იმერული აქცენტით: _ გოგო, საბუთი გააქ? _ არა, რა საბუთი, ორი კვირის ჩამოსული ვარ, მხოლოდ ვიზა მაქვს ჯერჯერობით-მეთქი. როცა მკითხა, ენა თუ იციო, ვუპასუხე, _ 4 ენა ვიცი, მაგრამ იტალიური არ მისწავლია, არ მეგონა, თუ დამჭირდებოდა-მეთქი. აბა, შენ ვინ მიგიღებს სამსახურშიო და ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა ყელში რაღაც… ამ შეხვედრის შემდეგ მალე ვიშოვე სამსახური, ენაც სამ თვეში ვისწავლე და საბუთიც ერთ წელიწადში გავაკეთე, მაგრამ ამ დიალოგს ვერაფრით ვივიწყებ. ეს ერთგვარი სტიმული იყო. 2011 წლის 1 იანვარი _ ეს იყო ემიგრაციაში ყოფნის პირველი დღე ჩემს ცხოვრებაში და, ალბათ, ყველაზე საშინელი. დილის საქმეების დასრულების შემდეგ მითხრეს, შუადღეს 2 საათი დრო გაქვს გარეთ გასასეირნებლადო. გამოვედი, ვათვალიერებ, სულიერი არ ჩანს, ფანჯრები, დარაბები ყველას მიხურული აქვს, ვიფიქრე, ცენტრში გავალ, ახალი წელია, კაფე მაინც იქნება ღია-მეთქი. არა. მოკლედ, შემეშინდა და მეგობარს დავურეკე, _ ეს სად ვარ, რა ხდება, ომი ხომ არ დაიწყო-მეთქი. ისეთი განერვიულებული ვიყავი, დედაჩემის ხმის გაგონება მინდოდა. მოკლედ, ტელეფონით დედას რომ დავკავშირებოდი, 15 კილომეტრი ფეხით გავიარე, თან ცრემლს ვერ ვიკავებდი. დედის ხმის მოსმენის შემდეგ ყველაფერი დამავიწყდა და უკან ისევ 15 კილომეტრის გავლის შემდეგ, როგორც იქნა, მივაღწიე სახლამდე.

_ ალბათ, ძალიან მძიმეა ოჯახისგან მოშორებით ყოფნა….

_ ჩემთვის სამშობლო ყველაფერია, ჰაერია, რომლითაც ვსუნთქავ. მე ის ბალახი ვარ, რომელიც სხვა მიწაზე ვერ ხარობს. არ შემიძლია საქართველოს გარეშე, ოჯახის, ჩემი ახლობლებისა და მეგობრების გარეშე ცხოვრება. მე აქ ერთი დღეც არ მიცხოვრია, მე აქ, უბრალოდ, ვარსებობ. შვილიშვილი 5 თვისა დავტოვე და ახლა უკვე 6 წლის ხდება. სკაიპის ბებია ვარ. შვილების გიჟი დედა ვიყავი ყოველთვის, ასე ვთქვათ, “კუდში დავდევდი”, ახლა ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული. 29 წლის შვილს და ძმისშვილს დღეში რამდენჯერმე ვურეკავ,_ სად არიან, რას შვრებიან, რით სუნთქავენ… მშობლებს და ჩემს ძმას, ხომ საერთოდ… დილისა და საღამოს “წნევა” უნდა ჩავიბარო, ისე ვერ მოვისვენებ.

_ ნოსტალგია ხშირად გეუფლებათ?

_ 5 წელია, ნოსტალგია ვერ გადავლახე. ახალგაზრდობაში თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი მოსკოვში, პეტერბურგში, ყაზახეთშიც კი, მაგრამ იქ ყოველთვის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი. ეს სულ სხვაა. ახალჩამოსულს ბიძაშვილმა ლეპტოპი მიყიდა _ ამის გარეშე ვერ გაძლებო. პრობლემებისგან გონებაგათიშულს მატარებელში დამრჩა. ერთი კვირა გიჟს ვგავდი, ინფორმაციული ვაკუუმის გამო. სასწრაფოდ ახალი კომპიუტრი ვიყიდე, ჩემმა დამსაქმებელმა მითხრა, რა არის, მანანა, ეს ყუთი სულ ჩართული რომ გაქვსო? ესყუთიჩემი ცხოვრებაა, ამ ყუთში ჩემი სამშობლოა, ჩემი ოჯახი და ჩემი აქ ყოფნაც ამ ყუთზეა დამოკიდებულიმეთქიდა ყველაზე მთავარი: ფლორენციაში არის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი და გვყავს საოცარი მამა ანდრია, რომლის წყალობითაც განვაგრძობ ცხოვრებას

_ რატომ ვერ ბრუნდებით სამშობლოში?

_ 25 წელია, მიგრაცია დაიწყო და ამ წლების განმავლობაში არც ერთ მთავრობას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ საქართველოში დაებრუნებინათ ემიგრანტები. როცა ისეთი პატარა და ეკონომიკურად არამდგრადი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერ ახერხებს მიგრაციის შეჩერებას და, მით უმეტეს, ვერ უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების უკან დაბრუნებას, იმაზე მაინც უნდა იფიქროს სახელმწიფომ, რომ უცხოეთში გადახვეწილ ადამიანებს, იქ, სადაც არიან, ცოტაოდენი ყურადღება მიაქციოს. საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მხოლოდ ტურიზმით, კულტურული ცხოვრებით, ცეკვა-თამაშითა და შოპინგით არიან დაკავებულნი, ხელფასს კი ჩვენს ხარჯზე იღებენ. 5 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივწერე სხვდასხვა უწყებას _ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმჟამინდელ დიასპორის სამინისტროს. სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ ყველაზე დიდი პრობლემები, რომლებიც უცხოეთში ყოფნისას ჩნდება, არის დაღუპული ემიგრანტის გადასვენება სამშობლოში, იურიდიული მომსახურება და ამანათები… ერთი დიდი პრობლემა, როგორც იქნა, გადაწყვიტა ამჟამინდელმა მთავრობამ _ დაღუპულის სახელმწიფო ხარჯით გადასვენება. ენით აუწერელი ტკივილია უცხო მიწაზე სიკვდილი, როცა პატრონი არ გყავს, არავის სცალია. კვირაობითა და თვეობით გროვდება ფული, რომ “მაცივრიდან” სახლში გადავასვენოთ მიცვალებული. ასევეა, იურიდიული მომსახურება, ამანათებზე ხომ, საერთოდ, ქაოსური მდგომარეობაა… ახლა, როგორც იქნა, აქედან ამანათების გაგზავნა გააიაფეს, ისევ მათი ჯიბის გამო, რადგან აღარავინ გზავნიდა, მაგრამ საქართველოდან გამოგზავნა ისევ ოთხი ევრო ღირს. რატომაა ამხელა განსხვავება, გაუგებარია, რატომ არ ერევა სახელმწიფო საქართველოს ფოსტის საქმეში ან ვისაც ეკუთვნის ამ სფეროს მართვა… არის კიდევ ერთი პრობლემა: ქართველებს, რომლებიც 10-15 წელი აქ ცხოვრობენ და არანაირი ფინანსური თუ სხვა პრობლემები არ აქვთ (ზოგს ხუთი სახლი აქვს ნაყიდი), უკან დაბრუნება არ სურთ, მიეჩვივნენ აქაურ “მონობას” და მანდ “მუსიკის შეკვეთას”. და ეს უნდა ითქვას… ემიგრაციის პრობლემა ყველამ ერთად უნდა მოაგვაროს _ როგორც მთავრობამ, ისე ოჯახმაც, ერთად უნდა შეუწყონ ხელი, რომ წლობით წასული ადამიანი სამშობლოში დაბრუნდეს…

_ რას ამბობენ იტალიელები ქართველებზე?

_ ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ქართველებს მკაცრი ხელი სჭირდებათ. ზედმეტი დემოკრატია აფუჭებს ხალხს. იმას, რომ შუა ქუჩაში არ უნდა იარო, ქუჩაში ნაგავი არ დაყარო, შენს საცხოვრებელ ადგილსა და მიწას მიხედო, მოაწესრიგო, მოუარო, გაალამაზო, გზებზე რომ გამართული მოძრაობა იყოს და არა მანქანების ზედახორა, დიდი პოლიტიკოსობა არ სჭირდება. ეს აღზრდის, შინაგანი კულტურის საქმეა. აი, აქედან უნდა დავიწყოთ საზოგადოების აღზრდა. ზოგადი განათლების დეფიციტი აქვს ჩვენს ახალ თაობას, ელემანტერულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ ყველა ექიმი და იურისტი ვერ იქნება, ვიღაცის შვილი მიმტანიც უნდა იყოს და ტაქსის მძღოლიც.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციას, ბევრი რამ არ მომწონს, პირველ რიგში, დაუსჯელობის სინდრომი, შერჩევითი სამართალი… რაც შეეხება ეკონომიკას და ლარის კურსს, ეს გლობალური პრობლემაა და, რადგან მიბმული ვართ გლობალურ საფინანსო სისტემას, ამიტომაც განიცდის ლარის კურსი ცვლილებას. იტალია ერთ-ერთი დიდი და განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანაა, მაგრამ სულს ღაფავს… ძირითადად, დანაზოგით ცხოვრობს ხალხი და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოხუცებულობის პენსია _ 500 ევრო, პენსიონერს ჰყოფნის, ძალიან ცდება. პენსია მხოლოდ გადასახადებში მიდის… და, საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპის სოციალური სფერო, ძირითადად, გადასახადებით ცოცხლობს. სამი ოქროს სიტყვა აქვთ ევროპელებს _ იმუშავე, დაზოგე, შეინახე, რამაც გადაარჩინა კიდეც კრიზისის დროს ევროპელები. ქვეყნის პოლიტიკას თოთოეული ადამიანი ქმნის, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ვერ ვატყობ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ან მოქალაქე სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს და უყვარდეს თავისი ქვეყანა, ყველას თავისი თავი უყვარს მხოლოდ.

რას შემოვუთვლიდი საქართველოს? პირველ რიგში, მშვიდობასა და გამძლეობას ვუსურვებ ჩემს ქვეყანასა და საყვარელ ხალხს. მინდა, ღიმილი დაუბრუნდეთ ადამიანებს და სიკეთემ დაისადგუროს მათ გულებში, რადგან სიკეთისა და სიყვარულის გარეშე ქვეყანა არ აშენდება.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. მარტო საელჩოების? აქ სამინისროების უმრავლესობა მაგითაა დაკავებული და ფლირტაობით თანამშრომლებთან

  2. კა ნათქვამია.კაი ნათქვამს კაი გამგონი უნდაო.მეც გსმაწვალენ,საზღვარზე და მოსკოვის საელჩოში.საელჩოში დიდი დამპლები მუშაობენ.ხალხს ცხოველებად თვლიენ. ცუდათ ეპყრობიან.არც მინდა მასზე წერა ვიტყვი რომ შესასვლელში ტურნიკეტიაქთ რომ აწვალონ ადამიანები.სხვა ქვეყნის საელჩოში რომ შევედი სასტუმროში მეგონა თავი.მოსკოვის საელჩო სანაგვეა. ყველას კარგად ყოფნას ვუსურვებ

  3. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი!მანო,საელჩოები,საკონსულოები და სათვისტომოები პირადი კეთილდღეობისთვისაა სამწუხაროდ,ისევე როგორც მთავრობის და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებული ჩინოვნიკები! არც კი უფიქრიათ,როგორ და რა საშუალებით არის შესაძლებელი ქართული დიასპორის გაძლიერება!ვერა და ვერ მივაღწიეთ,დაუძლურებული და ლოგინად ჩავარდნილის სამშობლოში გამგზავრებას სახელმწიფო ხარჯებით,ასევე გარდაცვლილთა გადასვენება და მათთვის სამოსახლოს გამოყოფას!სრულიად დაუცველები ვართ…მხოლოდ წინა საარჩევნო მარათონის დროს ახსენდებათ ხალხი და მაშინაც ტყული დაპირებებით კვებავენ მოსახლეობას!

  4. es werili kvela emigrantis gulidan amosuli sitkvebia, vetanxmebi kalbatons, erti rac namdvilad ar aris martali evropis amerikastan shedarebaa, me 18 welia amerikashi vimkopebi da arc ise advilia ak cxovrebis awkoba ,rogorc werilshi weria, amerikashi sabutis ageba im gzit rac italiashi xdeba sheuzlebelia……stresi da monatreba kvela kveknis emigrantis xvedria….chvenc zalian vitanxebit kalbatono amerikis emigrantebi…….italiashi chemma megobarma 2wlis shemdeg moaxerxa ojaxis daxmarebit sabutis ageba da ojaxis monaxuleba, me ki didi mcdelobis shemdeg 17 wlis shemdeg shevzeli es……emigrantebi kvelgan saerto tkivilsa da monatrebas vatarebt gulit…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here