Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ პაპავა: საქართველომ ზედმეტი აქტიურობისგან ან რომელიმე მხარის გაღიზიანებისგან თავი უნდა შეიკავოს

ვასილ პაპავა: საქართველომ ზედმეტი აქტიურობისგან ან რომელიმე მხარის გაღიზიანებისგან თავი უნდა შეიკავოს

677

ვითარება სირიაში და რუსეთთურქეთის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება. დგას თუ არა მსოფლიო ახალი ომის დაწყების საფრთხის წინაშე და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა, “საქართველო და მსოფლიოსექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში _ ვასილ პაპავა ესაუბრება:

5 წელიწადია, სირიაში კონფლიქტი მიმდინარეობს და ის დღეს კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობს, ეს მოვლენების ჯაჭვური რეაქციაა, რომელსაც საუდის არაბეთისა და თურქეთის ხელისუფლების მხრიდან გაუაზრებელი ნაბიჯები იწვევს.

მოგეხსენებათ, ირანს სანქციები მოუხსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა წლების განმავლობაში არსებული იზოლაციიდან გამოვა და თავისი ენერგორესურსების წყალობით, შესაძლოა, ახლო მომავალში დაჩრდილოს საუდის არაბეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა. ამას გარდა, პოსტსანქციურ პერიოდში ირანს, რა თქმა უნდა, გაუჩნდება დამატებითი თანხა, რომელსაც ეკონომიკისა და არმიის მოდერნიზებისთვის გამოიყენებს. მაგალითად, ერთი კვირის წინათ ირანის თავდაცვის მინისტრი რუსეთში იმყოფებოდა და 8-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა შეიარაღების შესყიდვაზე.

ბოლო რამდენიმე თვეა, რუსეთისა და ირანის ერთობლივი ძალისხმევით, ასევე, სირიის სამთავრობო არმიისა და მათი მოკავშირეების მხარდაჭერით, ხდება ფართომასშტაბიანი გარღვევა ყველა ფრონტზე და ახლა აქტიურად მიმდინარეობს შეტევა აღმოსავლეთისკენ, “ისლამური სახელმწიფოსდედაქალაქისკენ, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს იმ სახელმწიფოების უკმაყოფილებას, რომლებიც, წლებია, ამ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ამარაგებდნენ. გამოდის, რომ პროექტმა, რომელიც მიზნად ისახავდა სირიის ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობას, კრახი განიცადა. იქ სხვადასხვა დაჯგუფება მოქმედებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო და ირანმა სირიაში თავისი სამხედრო წარმოამდგენლობა გაზარდა, “ბოევიკებს” არც ერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია აღარ განუხორციელებიათ.

საუდის არაბეთი და თურქეთის მეორე არმია, დაახლოებით 100 ათასი ჯარისკაცი, მზად არის და სირია-თურქეთის საზღვარზე ბრძანებას ელოდება, რათა შეიჭრას სირიაში ე.წ. ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ (როგორც ისინი უწოდებენ) ან “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად. რა თქმა უნდა, ეს არის საბაბი, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ისინი აფინანსებდნენ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს, მაგრამ, რადგან მათი მეშვეობით ასადის დამხობა ვერ მოხერხდა, ახლა კი, უკვე რუსეთისა და ირანის უშუალო ჩართვის შემდეგ, ფანტაზიიის ზღვარს სცდება, რომ ისინი ამას ოდესმე მოახერხებენ. სწორედ იმან გამოიწვია საუდის არაბეთისა და თურქეთის გაღიზიანება, რომ მათ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.

რუსეთმა გააფრთხილა თურქეთი, თუ ის თავის საჯარისო ნაწილებს დამასკოსთან შეუთანხმებლად შეიყვანს სირიაში, თუნდაც ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ის მას აგრესორად მიიჩნევს და თავს დაესხმება.

 _ თურქეთი ნატოს წევრია, როგორი იქნება ნატოს პოზიცია რუსეთთურქეთის კონფლიქტის შემთხვევაში?

_ რაც შეეხება ნატოს პოზიციას, ეს ორგანიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ თურქეთს თავს ვინმე დაესხმება, მაგრამ ახლა გამოდის, რომ თურქეთი იჭრება სხვა სახელმწიფოში.

_ ამ შემთხვევაში რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ? როდესაც რუსეთსა და თურქეთს შორის სიტუაცია დაიძაბა, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მხრიდანაც, ფაქტობრივად, თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის, მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინეთ. ამ ვითარებაში ასეთი განცხადებები მართებულია?

_ ამ სიტუაციაში ნატოს წევრი ქვეყნებიც კი იკავებენ თავს თურქეთის ხმაურიანი მხარდამჭერი განცხადებისგან, ამიტომ ჩვენი განცხადებები ალოგიკურია და საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ზედმეტი აქტიურობისა და პროთურქული ან პრორუსული განცხადებებისგან, რადგან ეს მეორე მხარის ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს. რაკი ვხედავთ, რომ არც ერთი მხარე უკან დამხევი არ არის, ჩვენი რაიმე განცხადება ამ ვითარებაში მხოლოდ გამაღიზიანებელი იქნება და ვერც ვერაფერს გადაწყვეტს.

_ საქართველოში ზოგი ფიქრობს, რომ რუსეთთურქეთის დაპირისპირების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების დაბრუნების შანის გაუჩნდება. გამართლებულია ასეთი პროგნოზი?

_ როგორც ჩანს, ენთუზიასტები გამოჩნდნენ. საქართველო არც ეკონომიკური, არც სამხედრო, არც დიპლომატიური კუთხით დღეს არ არის ისეთი ძლიერი, რომ თუნდაც თურქეთის დაშლით ან რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის გამწვავებით დივიდენდები მიიღოს. პირიქით _ ეს დაპირისპირება ჩვენს ეკონომიკურ ვითარებაზე უარყოფითად აისახება, რადგან თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ მეც ვფიქრობ და არაერთმა ექსპერტმა თქვა უკვე, რომ საჭიროა ეკონომიკიური ურთიერთობების დივერსიფიკაცია, რადგან, თუ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, სავარაუდოდ, თურქეთის სტაბილურობა წარსულს ჩაბარდა და ქვეყანაში ტერორისტული საფრთხეების ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება.

ცოტა ხნის წინათ საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს შიიტი სასულიერო მოღვაწე ნიმრ ბაქრ ალნიმრი. რისთვის დასჭირდა საუდის არაბეთს ეს მოქმედება ასეთ რთულ ვითარებაში? როგორც ჩანს, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, ვინაიდან საუდის არაბეთი დასავლეთსა და ირანს შორის სანქციების მოხსნის თაობაზე გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გააღიზიანა. საუდის არაბეთი შეეცადა, ირანი წამოეგო პროვოკაციაზე, გაუაზრებელ ნაბიჯზე, რაც ეკონომიკური სანქციების ნიველირებას გამოიწვევდა, მაგრამ ირანმა სატყუარა არ გადაყლაპა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში ბევრი სახელმწიფო, რომლებიც დღეს ასე ომახიანად ბაქიბუქობენ, საერთოდ შეწყვეტს არსებობას. აქედან გამომდინარე, საქართველომ პრაგმატიზმი უნდა გამოიჩინოს და ზედმეტი აქტიურობისგან ან რომელიმე მხარის გაღიზიანებისგან თავი შეიკავოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

2 COMMENTS

  1. მერედა გენერალისიმუსი თინათინის ქვიშასავით არმია აქ არ არის?!
    სულ კუდით ქვას ასროლინებს ირანსა და რუსეთს თურქეთს, ჩვენ საუკუნო \\\”მეგობარს\\\” რამე რომ დაუშავონ…

    • ჩვენს თინათინს ქმარიც თურქული წარმოშობის არ ყავს ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here