Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მოლოტოვი

სტალინი და მოლოტოვი

1371

დისტანციური მართვა

ნაწილი II

სოჭთან ახლოს, ზღვისპირა მყუდრო აგარაკზე ფაფრიანი ლომი მშვიდად იწვა და თვალებს ნაბავდა. დღისით იძინებდა, პერიოდულად კი დაცულ ტყეში სეირნობდა. ჩვეულებრივად იღებდა დოკუმენტებს, ამუშავებდა და უკან უგზავნიდა კრემლში “სამეულს”. “ოთხეულის” მეოთხე წევრს კი ლონდონში ყურადღებას არ აკლებდა. ფოსტას არასასურველი შეტყობინებაც მოჰყვა:

“შესაძლებელია, აშშ-მა საბჭოეთის 20 დიდ ქალაქში ნაგასაკი და ხიროსიმა გაიმეოროს”.

სტალინი ის კაცი არ არის, ამერიკელების მიერ დაყრილმა ჭორებმა რომ დააშინოს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

მოლოტოვის დისტანციური მართვიდან კურჩატოვთან გადაერთო და კატეგორიულად მოსთხოვა, დაეჩქარებინა პროექტის დასრულება. “ოთხეული” კი დააიმედა: “თუ დასავლეთმა რამე გაბედა, ევროპას მუხლუხების ქვეშ მოვაქცევ”.

როგორც ამბობენ, სტალინი ხშირად იმეორებდა ვაჟას სტროფებს და, შესაძლოა, იმხანად გულშიც კი გაუელვა ამ სტრიქონებმა:

“ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს

გაშლილს, გაფანტულს ველადა!”

გაივლის ცოტა დრო, არწივი კვლავ გაშლის ფრთებს და იმ კომბალს, რომელიც ტრუმენს “რუსი ბიჭებისთვის” ჰქონდა გამზადებული, კობა იმავე ტრუმენს თავზე გადაამტვრევს.

სექტემბრის ბოლოს კვლავ პროცედურულ საკითხებს დაუბრუნდა სესია. თითქოს გაჭრა მოლოტოვის სიჯიუტემ, მაგრამ ბერნსი და ბევინი კვლავ თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ თვალსაზრისს, მოლოტოვის შეუვალ პრინციპებსა და მოთხოვნებს ბირნსმა ჰიტლერის მეთოდები უწოდა. ამის მოსმენისთანავე მოლოტოვი სწრაფად წამოიჭრა სავარძლიდან და კატეგორიულად მოსთხოვა ბერნსს, ბოდიში მოეხადა. ბერნსი დაიბნა, მაგრამ ბოდიშის მოხდას მაინც არ აპირებდა. მაშინ მოლოტოვმა თავისი დელეგაციის წევრებს საბჭოს დატოვება უბრძანა და კარისკენ გაემართა. აი, მაშინ კი იკადრეს ბერნსმა და ბევინმა, მოლოტოვს უკან დადევნებოდნენ და ბოდიშებით მიეცილებინათ მის სავარძლამდე.

გამოცხადებული შესვენების დროს ყველაფერი მოახსენა მოლოტოვმა სტალინს, რითაც ბელადი კმაყოფილი დარჩა. შესვენების შემდეგ კონსულტაციაგავლილმა მოლოტოვმა, კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა 11 სექტემბრის დადგენილების გადასინჯვის მიმართ, რამაც კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში მოლაპარაკება.

ახლა საკითხავი იყო, ვის დაედებოდა ბრალი სესიის ჩაშლაში.

მოლოტოვმა ისევ მოახსენა სტალინს თავისი თვალსაზრისი ბერნსისა და ბევინის შესახებ: ამ გამოუვალ მდგომარეობაში მათ, როგორც ჩანს, სესიის ჩაშლა სურთო. სტალინმა უპასუხა:

_ ესე იგი, მზად უნდა ვიყოთ ჩვენი “პატივცემული მოკავშირეების” ღია ანტისაბჭოთა გამოსვლისთვის. მასზე პასუხის გაცემა თავდასხმის სახით მოგვიხდება. ტრაგიკულად ნუ აღიქვამ ბევინის მაქინაციებს, მშვიდად მიიღე ყოველივე. ჩვენ არაფერს წავაგებთ, მხოლოდ ისინი დარჩებიან წაგებული.

მეორე დღეს სესიამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ კომუნიკეც კი არ გამოუქვეყნებიათ, საბჭოთა დელეგაციას კი სხდომების სტენოგრამაც არ წაუღია მოსკოვში.

სტალინი, როგორც მსოფლიოს პოლიტიკის საჭეთმპყრობელი, უდიდესი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სრულიადაც არ აპირებდა “მოკავშირეებთან” კავშირის გაწყვეტას, მაგრამ არ უფრთხილდებოდა მათი ნერვების დაწყვეტას. ამის შედეგი იყო ის, რომ ლონდონში მოკავშირეთა ქცევით განრისხებულმა სტალინმა იაპონიიდან სასწრაფოდ გამოიწვია საბჭოეთის წარმომადგენელი, გენერალი კუზმა დერევიანკო და გააუქმა “კეთილი ნების” ჟესტი ტრუმენის მიმართ, უარი თქვა გიორგი ჟუკოვის დაგეგმილ გამგზავრებაზე აშშ-ი, მაგრამ მოლაპარაკებების კარი მაინც ღია დატოვა.

სტალინი დასვენების პერიოდში (თუ ამას დასვენება ჰქვია _ გრ. ონიანი) არავის შეხვედრია და არც არავისთვის უპასუხია ტელეფონზე, “ოთხეულის” გარდა. ერთადერთი შემთხვევა, რომელიც დაშვებული იქნა “ოთხეულის” მიერ სტალინთან შეთანხმებით, იყო აგარაკზე ამერიკის ელჩის _ ჰარიმანის სტუმრობა, რომელსაც ტრუმენის პირადი ბარათი უნდა გადაეცა ბელადისთვის. ეს იმით იყო განპირობებული, რომ “ოთხეული” ფიქრობდა, ტრუმენი, ალბათ, დათმობის წერილს უგზავნისო სტალინს.

27 ოქტომბერს მოსკოვში დაბრუნებულმა ჰარიმანმა საჯაროდ განაცხადა:

“გენერალისიმუსი სტალინი თავს მშვენივრად გრძნობს და ჭორებს მისი ავადმყოფობის შესახებ, საფუძველი არ აქვს”.

პირში ჩალაგამოვლებული დარჩა მსოფლიო პრესა, რომელიც ათას ჭორ-მართალს ავრცელებდა სტალინის ავადმყოფობის თუ გარდაცვალების თაობაზე, რომელსაც თითქოს არ უმხელენ საბჭოთა ხალხსა და მსოფლიოს.

ამერიკაში კი ჰარიმანმა შემდეგი შეტყობინება გაგზავნა:

“ისეთი განცდა მაქვს, რომ მას (სტალინს) ჩვენთან მოლაპარაკება სურს, მაგრამ განუზომელი ეჭვით აღიქვამს ჩვენს ყოველ ნაბიჯს”.

სტალინთან ჰარიმანის შეხვედრის შემდეგ “ოთხეულისაგან” სტალინმა მიიღო ამერიკის ნოტაზე პასუხის პროექტი იაპონიისთვის კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ. სტალინმა მოითხოვა მოლოტოვისა და ჰარიმანის საუბრის სტენოგრამა, რომელიც სასწრაფოდ გაეგზავნა მას. სტენოგრამის გულდასმით გარჩევისას სტალინმა ხაზი გაუსვა მოლოტოვის კიდევ ერთ პოლიტიკურ შეცდომას, რომელიც ხმის მიცემის პროცედურის დროს რაღაც დათმობას გულისხმობდა. მოლოტოვის წინადადებამ, რომელიც ამერიკელთათვის გასაგზავნ პასუხშიც იყო გადატანილი, სტალინს უცბად მოლოტოვის მიერ 11 სექტემბერს დაშვებული შეცდომის რეციდივი დაანახვა, რის გამოც “სასიკვდილო განაჩენი” გამოუტანა თავის მოადგილეს და სასწრაფოდ მისწერა “ოთხეულს”:

“მოლოტოვის მანერა, განცალკევდეს მთავრობისგან, უმძიმესი შეცდომაა, სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება”.

სტალინის მითითებით სასწრაფოდ შეიკრიბა პოლიტბიურო, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა: “არასწორად იქნეს მიჩნეული მოლოტოვის მანერა, განცალკევდეს სახელმწიფოსაგან და საკუთარი თავი მთავრობაზე უფრო ლიბერალად და დამთმობად წარმოაჩინოს”.

მოლოტოვმა პოლიტბიუროზე მოინანია თავისი შეცდომა და განაცხადა:

_ შევეცდები, მომავალში აღარ დავუშვა მსგავსი შეცდომა.

თუმცა საქმე იმით დასრულდა, რომ სტალინი აღარ ენდო აღარც მოლოტოვს და აღარც “ოთხეულს”. სტალინმა თავისი ხელით დაწერა ამერიკელებისთვის გასაგზავნი ნოტა და მოსკოვში “ოთხეულს” გაუგზავნა შესათანხმებლად.

“ოთხეულმა”, რა თქმა უნდა, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე მოაწერა ხელი და ნოტაც გაიგზავნა.

ინციდენტი ახალი ამოწურული იყო, როცა მოლოტოვმა ახალი შეცდომა დაუშვა. მისი პირადი მითითებით, “პრავდამ” გამოაქვეყნა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში ჩერჩილის ერთ-ერთი გამოსვლის შინაარსი, რომელშიც მან ქებით მოიხსენია საბჭოთა ხალხი და მისი ბელადი. ჩერჩილმა განაცხადა: “მე არ ძალმიძს, უდიდესი აღფრთოვანების გარდა, რაიმე სხვა გრძნობას განვიცდიდე ამ ჭეშმარიტად დიდი ადამიანის, თავისი ქვეყნის მამის მიმართ, რომელიც მშვიდობიან დროს განაგებდა ქვეყნის ბედს და გამარჯვებით დაიცვა იგი ომის პერიოდში”.

ასეთი და ამაზე მეტი პანეგირიკებიც გამოუთქვამთ ომის დროს სტალინზე, მაგრამ მაშინ სტალინს არ გაუპროტესტებია, ახლა კი, ამ შექების წაკითხვის შემდეგ, განრისხებულმა “ოთხეულს” მისწერა:

“შეცდომად მიმაჩნია რუსეთისა და სტალნის ქება-დიდების შესახებ ჩერჩილის სიტყვის გამოქვეყნება, ყოველივე ეს ჩერჩილს იმისთვის სჭირდება, რომ სინდისი დაიმშვიდოს (რომელიც სუფთა არ აქვს) და შენიღბოს თავისი მტრული დამოკიდებულება სსრკ-ისადმი. კერძოდ, შენიღბოს ის ფაქტი, რომ სწორედ ჩერჩილი და მისი მოწაფეები ლეიბორისტული პარტიიდან არიან სსრკ-ის წინააღმდეგ ინგლისურ-ამერიკული-ფრანგული ბლოკის ორგანიზატორები”.

ჩერჩილისთვის ნიღბის ჩამოგლეჯას მოსდევს მთავარი აზრი _ გაფრთხილება საბჭოთა უმაღლეს ხელმძღვანელობას:

“ამჟამად ჩვენთან ბევრია ისეთი პასუხისმგებელი მუშაკი, რომლებიც გულუბრყვილო აღტაცებას განიცდიან ჩერჩილების, ტრუმენებისა თუ ბერნსებისაგან ქება-დიდების გაგონებაზე და პირიქით _ ხასიათი უფუჭდებათ ამ ბატონების მხრიდან არაკეთილსასურველი გამოხმაურების შემთხვევაში. ამგვარი განწყობა სახიფათოდ მიმაჩნია, რადგან უცხოელი ფიგურების მიმართ მაამებლობას ავითარებს ჩვენში. უცხოელთა წინაშე მაამებლობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლაა საჭირო. თუკი ჩვენ მომავალშიც გამოვაქვეყნებთ მსგავს გამოსვლებს, ამით დავნერგავთ მაამებლობას და მლიქვნელობას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საბჭოთა ლიდერებს არაფრად სჭირდებათ ქება უცხოელი ლიდერების მხრიდან. მე რაც შემეხება, ამგვარი ქება, უბრალოდ, მეჩოთირება.

სტალინი”.

პასუხად კვლავ ექოსავით გაისმა მოლოტოვის ბოდიშები:

“მე ეს შეცდომად მიმაჩნია, რადგან იმ სახითაც კი, როგორითაც ჩვენთან გამოქვეყნდა, გამოვიდა, რომ რუსეთისა და სტალინის ქება-დიდება ჩერჩილის მხრიდან საბჭოთა კავშირის მიმართ მტრულ მიზნებს ემსახურებოდა. ყოველ შემთხვევაში, შენი თანხმობის გარეშე ამის გამოქვეყნება არ შეიძლებოდა”.

1945 წლის 7 ნოემბრის აღლუმის შემდეგ კრემლში გამართულ სადილზე, სადაც ქვეყნის პირველკაცობა მოლოტოვს ჰქონდა მინდობილი, მასთან ჭიქით ხელში მივიდა ამერიკელი ჟურნალისტი, რომელსაც მოლოტოვი ცენზურის გაუქმებაზე ესაუბრა.

ყველაფრის მცოდნე სტალინმა უმალვე შეიტყო დარბაზობაზე მოლოტოვის მოქმედების შესახებ, რის გამოც სასწრაფოდ დაუკავშირდა კრემლში მოლოტოვს და შეუტია:

_ ვინ მოგცა ცენზურის გაუქმების უფლება?

მოლოტოვმა უპასუხა, ცენზურა არ გამიუქმებიაო.

_ სიმთვრალეში რას აღარ წამოაყრანტალებ ხოლმე (თვითმხილველთა თქმით, დარბაზობებზე საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ერთი-ორჯერ მართლაც ზედმეტი გადაჰკრა)! _ მრისხანედ უთხრა სტალინმა

მიღებული ახსნა-განმარტების შემდეგ სტალინმა მოსთხოვა “ოთხეულს”, დაეწყო გამოძიება, რათა ძირშივე აღეკვეთათ საბჭოთა კავშირსა და მის მთავრობაზე ახალი პასკვილების ბეჭდვის შესაძლებლობა. ძიების საქმეში “ოთხეულის” მოხსენება სტალინს არადამაკმაყოფილებლად და ლიბერალურად მოეჩვენა, რისთვისაც “დატუქსა” კიდეც ისინი. შეფუცხუნებულმა “სამეულმა” მეორე მოხსენებაში პირდაპირ დაადანაშაულა მოლოტოვი, რადგან, როგორც გამოძიებამ აჩვენა, ნოემბერში ნამდვილად შესუსტებული იყო კონტროლი მიმოწერასა და პრესაზე, საგარეო საქმეთა კომიტეტის პრესის განყოფილებისთვის კი განკარგულება გაცემული ჰქონდა მოლოტოვს.

სტალინმა გადაწყვიტა, მოლოტოვისთვის სუბორდინაციისა და ფხიზლად ყოფნის მკაცრი გაკვეთილი ჩაეტარებინა, რომელიც სხვა მაღალი თანამდებობის პირთათვისაც სამაგალითო იქნებოდა.

სტალინმა სპეციალურად აღარ მიაქცია ყურადღება მოლოტოვს და “ოთხეული” გარდაქმნა “სამეულად”. ამას მოწმობს მალენკოვისთვის, ბერიასა და მიქოიანისთვის მიწერილი წერილი:

“არადამაკმაყოფილებლად მიმაჩნია თქვენი პასუხი ცენზურის საკითხზე. ვხედავ მას, როგორც იმ საქმის მიფუჩეჩების მცდელობას, რომელიც, ერთი მხრივ, “სამეულის” მიამიტობის შედეგია; ხოლო, მეორე მხრივ, ჯგუფის მეოთხე წევრის _ მოლოტოვის მოხერხებულობისა. ხომ კითხულობდა მოლოტოვი ყველა ამ პასკვილს, ზიანი რომ მოაქვს ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟისათვის. რატომ არ მიიღო სათანადო ზომები? არც ერთ ჩვენგანს უფლება არ აქვს, მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენი პოლიტიკის კურსის შეცვლის საქმეში. მოლოტოვმა კი მიითვისა ეს უფლება. რატომ, რის საფუძველზე? იმიტომ ხომ არა, რომ ეს პასკვილები შედის მისი მოღვაწეობის გეგმაში? თქვენგან დაშიფრული ცნობის მიღებამდე ვფიქრობდი, რომ მოლოტოვისადმი საყვედურით დავკმაყოფილებულიყავით. ამჟამად ეს უკვე საკმარისი არ არის. დავრწმუნდი, რომ მოლოტოვი არც ისე უფრთხილდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და მთავრობის პრესტიჟს, ოღონდ კი პოპულარობა მოიპოვოს უცხოეთის წრეებში. ასეთ ამხანაგს ვეღარ ჩავთვლი ჩემს პირველ მოადგილედ”.

სტალინმა მითითება მისცა “სამეულს”, გამოეძახებინათ მოლოტოვი და წაეკითხათ ეს წერილი, მაგრამ არამც და არამც ხელში არ ჩაეგდოთ მისთვის: “ამას თქვენ გიგზავნით და არა მას”.

იმავე დღეს “სამეულმა” შერისხული მოლოტოვი “ხალიჩაზე გამოიძახა” და სტალინის დეპეშა წაუკითხა. ყველასათვის ნათელი უნდა იყოს მოლოტოვის მდგომარეობა იმ წუთებში, როდესაც “სამეული” _ ტრიბუნალს, თვითონ _ ბრალდებულს, ხოლო სტალინის დეპეშა საბრალდებო დასკვნას წარმოადგენდა.

სცენა კრიტიკულია, მაგრამ მისი დასასრული მხოლოდ და მხოლოდ სცენარის ავტორმა და რეჟისორმა იცის, რომელიც შავიზღვისპირა აგარაკიდან უყურებს სპექტაკლს. “სამეულმა” სტალინს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

“გამოვიძახეთ მოლოტოვი, წავუკითხეთ დეპეშა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ თქვა, რომ უამრავი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამგვარი უნდობლობა უსამართლობად მიაჩნია, ცრემლი მოერია. ამის შემდეგ ჩამოვუთვალეთ ყველა შეცდომა _ დაწყებული ლონდონის შეხვედრიდან, 7 ნოემბერს გამართულ ბანკეტამდე. ისიც შევახსენეთ, რომ მან თანხმობა განაცხადა ჩერჩილის ვაჟის მიღებაზე, რომელიც არ შედგა იმიტომ, რომ ჩვენ გამოვთქვით საწინააღმდეგო მოსაზრება”.

“სამეულმა” კარგად იცოდა, რომ მას (სტალინს) არა მხოლოდ მოლოტოვის ქმედებათა სრული სურათი სჭირდებოდა, არამედ ცდიდა “სამეულს” ერთგულებასა და მიუკერძოებლობაში, რომელსაც შეიძლება საბედისწერო შედეგი მოჰყოლოდა.

 იმავე დღეს სტალინმა თავის აგარაკზე მონანიების წერილი მიიღო მოლოტოვისგან, რომელიც მოლოტოვისეული პათოსით გვირგვინდებოდა:

“შენი დაშიფრული დეპეშა ჩემ, როგორც ბოლშევიკისა და ადამიანის, მიმართ დიდი უნდობლობით არის გამსჭვალული, რომელსაც ვიღებ, როგორც ძალზე სერიოზულ პარტიულ გაფრთხილებას ჩემი მომავალი მუშაობისათვის. სადაც უნდა ვიმუშაო, ვეცდები, საქმით მოვიპოვო შენი ნდობა, რომელშიც ყოველი პატიოსანი ბოლშევიკი, პირად ნდობას კი არა, პარტიის ნდობას ხედავს, რაც ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასია”.

სტალინმა ორიდღიანი პაუზა გააკეთა, რათა მოლოტოვი კიდევ მეტად მოხარშულიყო თავის წვენში და მესამე დღეს, გვიან ღამით, უპასუხა დეპეშით, რომლის ადრესატი იყო არა “სამეული”, არამედ “ოთხეული”.

სტალინმა ფინალამდე მიიყვანა სპექტაკლი თავისი დაწერილი სცენარით და მოლოტოვი ისევ თავის ახლობელთა წრეში ჩასვა. მიზანი მიღწეულია, სპექტაკლი კი დამთავრებული. ახლა საჭიროა გასული ორთაბრძოლების ზუსტი ანალიზი.

ტრიუმფატორი სტალინი ახალ-ახალ სასიამოვნო ცნობებს იღებდა დედამიწის ყველა კუთხიდან: შეიტყო, რომ ბულგარეთსა და იუგოსლავიაში პროსაბჭოურმა ძალებმა გაიმარჯვეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კი კრემლს აცნობა, რომ თანახმაა, ლონდონის სესიისგან განსხვავებით, პოტსდამის ხელშეკრულების ფორმატში შედგეს სამი სახელმწიფოს წარმომადგენლების შეხვედრა. “დიდმა სამეულმა” პოტსდამიდან მოსკოვში გადაინაცვლა. კრემლისთვის ეს კიდევ უფრო სასიამოვნო იმით იყო, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება შეთანხმებული არ იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელიც კიდევ ერთ კოზირს აძლევდა კრემლს მათ შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად.

ყველასათვის ცხადი შეიქნა სტალინის სტრატეგიის განუმეორებლობა და სიდიადე. სტალინის სიმტკიცე და დიპლომატიური ჭვრეტა კი ნათელმხილველის დონეს სცილდებოდა და კოსმოსურს უახლოვდებოდა.

სტალინი კი შავიზღვისპირა ერთ მყუდრო აგარაკზე სასხლავით ხელში ბაღში დადიოდა და ნარგავებს გამხნარ ტოტებს აცლიდა. ალბათ, მაშინაც მისი საყვარელი ვაჟას ლექსის სტროფს ღიღინებდა:

“ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდაც ხისაო”.

საღამოს სტალინი საწერ მაგიდას მიუჯდა და “უსტარი” მისწერა “ოთხეულს”:

“ჩვენი სიმტკიცის წყალობით მოვიგეთ ბრძოლა მოსკოვის თათბირის შემადგენლობაზე, ვინაიდან ამ შემადგენლობიდან ჩინეთისა და საფრანგეთის გამორიცხვა იმას ნიშნავს, რომ ამერიკამ და ინგლისმა უკან დაიხიეს ლონდონში დაკავებული პოზიციიდან.

მოვიგეთ ბრძოლა ბულგარეთსა და იუგოსლავიაში. ამას მოწმობს ამ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შედეგები. ხსენებული ქვეყნების საკითხებში ყოყმანი რომ დაგვეწყო და სიმტკიცე არ გამოგვეჩინა, ბრძოლას აუცილებლად წავაგებდით.

ერთხანს თქვენ (მოლოტოვი) დაემორჩილეთ დაშინებას და ზემოქმედებას ამერიკის მხრიდან, დაიწყეთ ყოყმანი, დაიჭირეთ ლიბერალური კურსი უცხოელი კორესპოდენტების მიმართ და აშშ-ისა და ინგლისის გულის მოსაგებად საკუთარი მთავრობა სალანძღავად მიუგდეთ ამ კორესპოდენტებს. თქვენი ანგარიში ცხადია, მიამიტური იყო. მე მეშინოდა, რომ ამ ლიბერალიზმით ძირს გამოუთხრიდით ჩვენს მტკიცე პოლიტიკას და დააღალატებდით ჩვენს სახელმწიფოს. სწორედ იმ ხანებში უცხოური პრესა გაჰყვიროდა, რომ რუსებმა ვერ გაუძლეს, დათმეს და შემდგომ დათმობებზეც წავლენ, მაგრამ შემთხვევა დაგეხმარათ და დროულად დაუბრუნდით სიმტკიცის პოლიტიკას. ისეთ პარტნიორებთან საქმის დაჭერისას, როგორიც აშშ და ინგლისი არიან, სერიოზულს ვერაფერს მივაღწევთ, თუ ჩვენი დაშინების უფლებას მივცემთ და მერყეობას გამოვიჩენთ. ასეთ პარტნიორებთან რაიმეს რომ მიაღწიო, სიმტკიცისა და გამძლეობის პოლიტიკით უნდა შეიარაღდე.

სწორედ იმავე სიმტკიცისა და გამძლეობის პოლიტიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ სამი მინისტრის მომავალი კონფერენციის მუშაობისას”.

სწორედ მოსკოვში გამართულმა “სამეულის” კონფერენციამ უზრუნველყო ცხოვრებაში პოტსდამის კონფერენციის დეკლარაციების ცხოვრებაში გატარება, დემოკრატიული ქვეყნების აღიარება, იაპონიის საკითხის გადაწყვეტა, შორეული აღმოსავლეთის კომისიის შექმნა და სამშვიდობო პროცესების განმტკიცება.

საბჭოთა კავშირის მხრიდან დათმობად კი აღიარეს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეიქმნა “ატომური ენერგიის კომისია”. ასე დამთავრდა ევროპისა და მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური მოწყობის სტალინური გეგმა, რომელსაც 50 წლის განმავლობაში არც ფორმა შეუცვლია და არც შინაარსი.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. სტალინს ლანძღავს ის ხალხი, ვისაცცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნია და არ გაუკეთებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here