Home რუბრიკები პოლიტიკა თინა ხიდაშელი მეუღლესთან ერთად ნატოში გაიქცა

თინა ხიდაშელი მეუღლესთან ერთად ნატოში გაიქცა

589

ცოტა ხნის წინათ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს ევროპული კურსი გაიტაცა და დავით უსუფაშვილთან ერთად ნატოში გაიქცა. ამის შესახებ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი იტყობინება, რომელიც ფაქტის უშუალო თვითმხილველი შეიქნა.

“ღამის 3 საათი იქნებოდა, სოლოლაკში ვცხოვრობ, ბიძინის ფერდობზე და ღამით უცნაურმა ხმაურმა გამომაღვიძა, ვიფიქრე, სიზმარი იყო და ძილი შევიბრუნე, თუმცა ხმა უფრო იმატებდა და ადამიანთა რაოდენობაც იზრდებოდა. გამოვიხედე ფანჯარაში და დავინახე თეთრი მოსკვიჩი”, რომლიდანაც თინა ხიდაშელი და, სავარაუდოდ, მისი მეუღლე გადმოვიდნენ. თინას თეთრი ხელთათმანი და შავი სათვალე ეკეთა. მის მეუღლეს, მგონი, წავის შუბა ეცვა, რომ არავის ეცნო, და თავზე პარიკი ეხურა. მესმოდა, როგორ ეუბნებოდა, _ ფრთხილად, არ გაგვიგოსო. თინამ მიუგო, _ გაჩუმდი და საქმეს მიხედეო. მოგვიანებით დავინახე ძმები ბერძენიშვილები, რომლებიც ნაცრისფერი სახედრით მოვიდნენ. ბატონი ლევანი თმის ღერით ვიცანი, თორემ ისინიც შენიღბულები იყვნენ. დავინახე, როგორ გადაინაწილეს სამოქმედო არეალი. დავით უსუფაშვილი ივანიშვილის კართან დააყენეს და გარე პერიმეტრს ის აკონტროლებდა. ყველაფერს თინა უწევდა კურატორობას. ხელში რაღაც რკინის ხელსაწყო ეჭირა და ზევით მიიწევდა. ძმები ბერძენიშვილები, მგონი, ბატონი ბიძინას ბოსტანში განლაგდნენ და სიტუაციას იქიდან აკონტროლებდნენ. 4-ის ნახევარი ხდებოდა, ბატონი ბიძინას საძინებელში მოულოდნელად შუქი რომ აინთო. დავინახე, როგორც გამოიხედა ყოფილმა პრემიერმა ფანჯარაში და, საეჭვო რომ ვერაფერი დაინახა, უკან შებრუნდა. ამ დროს კი თინა ფანჯარაზე იყო უკვე ამძვრალი და ძლივს იკავებდა თავს. ამასობაში ყინვამ მოიმატა, მაგრამ სანახაობა ისე საინტერესო იყო, რომ აღარაფერი მახსოვდა.

თინამ, როგორც იქნა, საძინებლის ფანჯარა ნელ-ნელა შეაღო და მოულოდნელად ბრაგვანის ხმა გავიგონე. თავდაპირველად თინა მეგონა, მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ ის არ იყო, კარგად დავაკვირდი და ვიცანი, _ ელისო ყოფილა (ჟურნალისტი) _ მინისტრს ჩუმად გამოჰყვა, როგორც ჩანს, და მის გადაღებას გეგმავდა, მაგრამ ქალბატონი ელისოს ბრაგვანზე ყველა დაფრთხა და თინაც ცუდ დღეში აღმოჩნდა. როგორც იქნა, სიტუაცია ასე თუ ისე მინელდა, ბიძინას აღარ გამოუხედავს ფანჯარაში, შეშინებული ელისო კი უმალ გაეცალა იქაურობას. ის თინამ და მისმა თანამოაზრეებმა ვერ შენიშნეს. ამასობაში 4 საათიც შესრულდა. დათო ატუზული იდგა ბიძინას კართან და სიტუაციას ზვერავდა, ბერძენიშვილები კვლავ ბოსტანში იყვნენ მობილიზებულები.

შუაღამე იყო უკვე, ბიძინას საძინებელში შუქი კიდევ ერთხელ აინთო და დავინახე, როგორ ქექავდა თინა ექსპრემიერის შარვალს, მერე რაღაც გასაღები ამოიღო, უმალ გადმოეშვა ფანჯრიდან და ავტოსადგომისკენ გაემართა. როგორც ამბობენ, სწორედ გარაჟში, ერთერთ ავტომანქანაში, ინახავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პროდასავლურ კურსს.

დავინახე, როგორ ცდილობდა თინა მანქანის დაქოქვას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

მოულოდნელად ცაზე ევროკავშირისა და ნატოს დროშა გამოისახა, ცა გაიხსნა და იენს სტოლტენბერგის მადლი გადმოესხურა იქაურაობას. თინამ ნატოს სავედრებელი წაიკითხა და თანამებრძოლებთან ერთად უმალ გაუჩინარდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული, ვხედავდი ცაში მოელვარე და გაბრწყინებულ თინას, რომელიც გაიძახოდაარის, აღსრულდა!”, ეს ხმები ექოში მეორდებოდა”, _ ამბობს ჩვენი კორესპონდენტი.

გაუჩინარებულ თინას და მის მეგობრებს სამართალდამცველები ეძებენ.

როგორც საჰაერო კონტროლის ცენტრი იტყობინება, თინა მანქანას 200 კილომეტრი საათის სიჩქარით მართავს და კატასტროფა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. საქმეში ჩართულია ამერიკის საელჩოც. როგორც იან კელიმ განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს თინას კურსის დასტაბილურებისთვის.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here