Home რუბრიკები პოლიტიკა მერკელი განრისხებულია. ბუნდესვერის გენერალმა რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო შეაქო

მერკელი განრისხებულია. ბუნდესვერის გენერალმა რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო შეაქო

560

გერმანიის კანცლერის _ ანგელა მერკელის ადმინისტრაცია ხელქვეითების საქციელმა განარისხა. ჯერ იყო და, ბავარიის პრემიერმინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი ეწვია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ახლახან კი გერმანიის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარმა ინსპექტორმა ჰარალდ კუიატმა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია შეაქო. რა თქმა უნდა, ოპონენტისთვის ჭიქებისა და საფერფლეების სროლამდე საქმე არ მისულა, მაგრამ მერკელის ხელქვეითები ძალიან გაღიზიანებული არიან.

ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) ყოფილი ინსპექტორის მიერ რუსეთის სამხედრო ოპერაციის შექებას გერმანიის მთავრობამ თავის გადაქნევით უპასუხა: “ასეთ რაღაცებზე ჩვენ დროს არ ვხარჯავთ, _ განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში, _ ყოფილი გენერლის პლაკატური თეზისების ადგილი თოქშოუებშია და არა სერიოზულ პოლიტიკურ სცენაზე”, _ წერს გერმანული გამოცემა “შპიგელი”.

ყველაფერი დაიწყო ჰარალდ კუიატის ინტერვიუთი, რომელიც მან გამოცემა Passauer Neue Presse -ს მისცა. “მხოლოდ რუსეთის სამხედრო ჩარევის შემდეგ შეიქნა შესაძლებელი ამ ქვეყანაში (სირიაში _ რედ.) სამშვიდობო პროცესის დაწყება. არც ამერიკელებსა და არც ევროპელებს სირიაში მშვიდობის დამყარების სტრატეგია არ ჰქონდათ, ისინი არც ამ საქმეში აქტიური მონაწილეობისთვის იყვნენ მზად. ეს გააკეთეს რუსებმა და ამით პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების ფანჯარა გააღეს”, _ განაცხადა გენერალმა.

კუიატის ინტერვიუდან ციტატები გამოაქვეყნეს გერმანიის წამყვანმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, ახალი ამბების ტელეარხმა “ნ-ტვ”-მ, რომელმაც, მერკელის ადმინისტრაციასთან დაახლოებული “შპიგელისგან” განსხვავებით, ბუნდესვერის გენერლის ბევრი გამონათქვამი გაუშვა სატელევიზიო ეთერში და კომენტარებიც დაურთო:

“კუიატმა უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ალეპოს დაბომბვით ვითარება გაამწვავოს. სირიაში რუსეთი თავისი სტრატეგიული გეგმით მოქმედებს _ მხარს უჭერს სირიის სამთავრობო ჯარების ოპერაციას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, ალეპო კი ამ გზაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რადგან დაპყრობილი ჰქონდა ოპოზიციას”.

ამასთანავე, როგორც ტელეარხი იუწყება, კუიატი სირიაში ნატოს სამხედრო ძალების ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა: “ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ კონფლიქტში რამე მოვიმოქმედოთ, ვიდრე არ განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი და რას მივიღებთ საბოლოოდ. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა: რას სურთ, მიაღწიონ, რომელი სტრატეგიული მიზნებისკენ მიილტვიან?”

გენერლის განცხადებით, რომელიც Deutsche Welle -ს მოჰყავს, “რომ არა რუსეთის ჩარევა, სირია რამდენიმე კვირაში გამოიფიტებოდა, შემდეგ კი ქვეყანას “ისლამური სახელმწიფო” ჩაიგდებდა ხელში. შემდეგი მიზანი კი იქნებოდა ლიბანი, მას მოჰყვებოდა ისრაელი”.

აღსანიშნავია, რომ გადამდგარი გენერალი ბერლინელმა მაღალჩინოსნებმა მას შემდეგ შერისხეს, როცა განაცხადა: “უკრაინაში რუსეთის რეგულარული ჯარები არ არიან”, და დასავლეთს მოუწოდა, ემოქმედა “პუტინთან ერთად და არა პუტინის წინააღმდეგ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here