Home რუბრიკები პოლიტიკა ფანტომებზე ოცნების დასასრული

ფანტომებზე ოცნების დასასრული

672

მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დარბაზი რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის გამოსვლისას დემონსტრაციულად დატოვა. არავინ გაჰყოლია. ჩანს, გაერთო და დაავიწყდა, რომ, სახელმწიფოს მეთაური კი არა, სხვა ქვეყნის ერთ-ერთი ოლქის ადმინისტრაციის უფროსია. მის ყოფილ თანამოაზრეთა წრეში განწყობები სულ უფრო ჭრელდება. უკრაინაში დესანტის სახით გადასროლილმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯერ გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება, მაგრამ “მხარდაჭერა ვერ მიიღო” და გადაიფიქრა, მერე კი სააკაშვილს მიუბრუნდა და განაცხადა, რომ “ბოლო დროს ოდესის გუბერნატორი ყველას მისამართით უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს”.

რა უნდა ექნა კვიტაშვილს, როცა სააკაშვილმა იგი კორუფციაში დაადანაშაულა?

“სააკაშვილთან დაკავშირება არასდროს გამჭირვებია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ახლა არაფრის გარკვევა არ მიცდია. ვერც ვიკადრებდი მისთვის კითხვების დასმას. არ ვიცი, იაცენიუკის გუნდის წევრად რომ მომიხსენია, ეს პოლიტიკური ეჭვიანობის გამო ხდება თუ სააკაშვილს მცდარ ინფორმაციას აწვდიან”…

საზოგადოდ, როცა პრეზიდენტს (ყოფილსაც, მათ შორის) არ გინდა, აწყენინო, ყველაზე კარგი ფორმულირებაა “მცდარ ინფორმაციას აწვდიან”. მაგრამ, როგორც ჩანს, მას კი არ აწვდიან მცდარ ინფორმაციას, არამედ თვითონ აკეთებს არასწორ გათვლებს, როგორც ალექსანდრე კვიტაშვილის ამ გამონათქვამიდან ირკვევა, “უკრაინაში სააკაშვილისთვის ოპოზიციაში გადასვლა და ამ გზით პრემიერად მოსვლა ძნელი იქნება. მოგეხსენებათ, უკრაინაში კოალიციური ხელისუფლებაა, სადაც, ძირითადად, ორი პოლიტიკური ძალის ინტერესებია გაერთიანებული. არარეალურია, რომ სიდიდით მეორე ფრაქციამ საკუთარ კვოტაზე უარი თქვას და იაცენიუკის თანამდებობაზე სააკაშვილი დაინიშნოს”.

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია: კვიტაშვილსაც კი ესმის, რომ სააკაშვილის უკრაინული რეინკარნაცია უტოპიაა, მხოლოდ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ მიუნხენში მისი დემარში სასაცილო იყო და ახლოსაც არ იდგა პოლიტიკურ დღის წესრიგთან. იქ კითხვებს, მას კი არა, სულ სხვა პირებს უსვამდნენ. შტაინმაიერს, ლავროვსა და ჰემონდს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, პროცენტულად როგორ აფასებენ ძალადობის შეწყვეტის პერსპექტივას სირიაში. შტაინმაიერმა ლაკონურად უპასუხა: “51%-ით”. ლავროვმა ახსნა, რომ აუცილებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კოლექტიური მოქმედება და, რაკი ეს მთლად ასე არ არის, იგი უფრო 49%-ისკენ იხრება. რა უპასუხა ჰემონდმა? სწორია, გამოცანა გერგებათ: “ყველაფერში კრემლია დამნაშავე”! გეცნობათ რიტორიკა?

თუმცა კრემლს მოგვიანებით მივუბრუნდეთ, სააკაშვილის კიდევ ერთი თანამებრძოლი ნიკა გვარამიაც კვიტაშვილივით აჭრელებულ განწყობაზეა და ამტკიცებს, რომ ყველაფერს საკუთარი ნიჭითა და უნარებით მიაღწია. ბოლო პერიოდში ჩვევაში გადასული “სიტყვაზე დაჭერა” ამჟამად უცნობის მიერ “სოფლელ” ჟურნალისტებზე გამონათქვამს მოჰყვა. “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

“წარმავალი კლასის წარმომადგენელ ორ ფუყე თავთავს ვეხმაურები:

1. სოხუმელი ვარ (ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და, რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში დამხმარებია. იოტისოდენითაც კი. მიდი, აბა, შემეჯიბრე შენ და შენი ვაკელობა. მიდი, აბა, “სოფლელ” ბარბარე სამხარაძესა და გიორგი ნაკაშიძეზე უკეთ იმღერე, პრეტენზიულო და ფუქსავატო უნიჭო, ყველაფერში უნიჭო!

2. სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო, აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა _ აბიტურიენტების მომზადებით დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყავდა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ გზაზე ჩემი დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.

მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ, სოფლელებმა და ოფიციანტებმა, თქვე დროს აცდენილო, შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო”.

აი, ასე! ნიკა გვარამიას რომ არავინ არაფერში დახმარებია იქიდანაც ჩანს, რომ, მინისტრობა-პროკურორობა გამოვლილი, სააკაშვილმა სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნა და იქიდან დაბრუნებულს თვალის ჩინივით გასაფრთხილებელი “რუსთავი 2” ჩააბარა; იქიდანაც ჩანს, რომ მისი შრომის ანაზღაურება ხუთნიშნა რიცხვს არ ჩამოსცილებია არც მაშინ და არც ახლა, მაგრამ უმადურობას რას უზამ! “იოტისოდენითაც” კი არავინ დამხმარებიაო! არ მეგონა, თუ შემეცოდებოდა სააკაშვილი, მაგრამ მართლა ცოდვაა მისივე მეგობრების შემხედვარე!

მათი “გზაზე დამყენებელი” ამერიკა კი მათსავით აჭრელებულ განწყობებს ავლენს. აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გასულ კვირას სენატში ყოველწლიური მოხსენებისას მსოფლიო საფრთხეების შესახებ ისაუბრა. საქართველოს მიმართ ყველაზე ხმამაღალი განცხადება ქვეყნის პოლიტიკური კურსის რუსეთის გავლენით შესაძლო ცვლილებას შეეხებოდა. აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს ამერიკელი ანალიტიკოსები _ მაიკლ კოფმანი და ალექს ვატანკა გამოეხმაურნენ.

კითხვაზე _ იყო თუ არა ჯეიმს კლაპერის განცხადება ერთგვარი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მან მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, თუ რეკომენდაცია აშშ-ის მთავრობისადმი, უფრო მეტად იაქტიუროს რეგიონში რუსული გავლენების გასანეიტრალებლად, მაიკლ კოფმანი ამბობს, რომ ჯეიმს კლაპერის მიერ სენატში გაკეთებული ყოველწლიური მოხსენება მსგავსს არაფერს გულისხმობდა: “მას არაფერი ასეთი არ ჰქონია მხედველობაში. კლაპერმა ივარაუდა, რომ იმდენად, რამდენადაც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებულია, ფაქტობრივად, შესაძლებელია, საქართველო მომავალში შეუდგეს დასავლეთთან ინტეგრაციის საპირისპირო გზას და ერთადერთი ალტერნატიული ორბიტა აქ მხოლოდ რუსული ორბიტაა. რუსეთის გავლენა და ზეწოლის საშუალებები მეზობელ საქართველოზე საკმაოდ ძლიერია. კლაპერმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ თავის დროზე, რუსეთს იქ გავლენის სრული აღდგენა არ გაუჭირდება”.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვან ანალიტიკოს ალექს ვატანკას მიაჩნია, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთისა და პერიოდულად რუსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. “ვფიქრობ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოზე მეტი ზეწოლა მიიტანოს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამის გადალახვა და დაძლევა. მიზეზი მარტივია: აშშ ომს არ დაიწყებს საქართველოში ვლადიმერ პუტინთან. სანამ ამერიკის ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამაა, ეს მიდგომა დარჩება. არ ვიცი, შესაძლოა, უფრო მეტი კონცენტრირება გამოიჩინოს ამერიკის მომავალმა ადმინისტრაციამ, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთი, ფაქტობრივად, მიშვებულია, გააკეთოს ის, რაც მის ინტერესებს ემსახურება სამხრეთ კავკასიაში”.

როცა ამას მე ვამბობ, პრორუსულ განწყობებს აბრალებენ, როცა ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ იმავეს, ეს საღი აზრი და პრაგმატულობაა, თუმცა ამას უკვე ნაჩვევი ვართ და არც ის ანდაზა გაუუქმებია ვინმეს, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს! ანალიტიკოსებს ვინ ჩივის და, თვით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც იმავე განწყობას ავლენს: “რა გინდათ ჩემგან? რუსებს ომი დავუწყო? ეს გინდათ?” _ ასე მიმართა მან ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელს ალეპოში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

ასეა თუ ისე, წლების განმავლობაში არასასურველი რეჟიმების არაძალადობრივი, ხოლო სადაც ეს არ გამოდის, ძალადობრივი გზით შეცვლის სცენარი სირიაში აღარ მუშაობს და ვაშინგტონს სერიოზულად მოუწევს ნაფტალინწაყრილი ინსტრუქციების ან, სულაც, საგარეო პოლიტიკური მიდგომების შეცვლა. ბოლო გამონათქვამების შემდეგ საქართველოში სულ უფრო ბევრი ადამიანი დაფიქრდა იმაზე, რომ დასავლეთი თვითონ ამბობს უარს საქართველოზე და ნელ-ნელა გვაჩვევს ამას. დაფიქრდნენ იმაზეც, რომ აშშ-ის დაზვერვის უფროსის მოხსენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკელთა დაფინანსებული კვლევების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ჩვენი საზოგადოების 65-70% ურყევად უჭერს მხარს ევროატლანტიკურ არჩევანს.

გასულ კვირას რუსეთის პატრიარქისა და რომის პაპის შეხვედრა ჰავანაში ზოგმა “ისტორიულად” შეაფასა, ზოგმა _ მართლმადიდებელი პატრიარქის მხრიდან ღალატად, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ ამ ორი იერარქის შეხვედრის შემდეგ დაისვა საკითხი ახლო აღმოსავლეთის ძალადობრივი დექრისტიანიზაციის შესახებ. თუმცა დექრისტიანიზაცია ჯერ ევროპაში დაიწყო და ახლა, მიგრანტთა არნახული მოზღვავების გამო, ეს პროცესი სულ უფრო ღრმავდება. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ იცვლება ევროპის ის სახე, რომლის აღქმაც ჩვენთვის (და თავად მათთვისაც) ჩვეული იყო. თუ ქრისტიანები აღარ იქნებიან ახლო აღმოსავლეთში და ევროპაც დემოგრაფიულად უპირატესად მუსლიმანური გახდება, რა ბედი ეწევა ევროპულ ცივილიზაციას?

ჩასაფრებულთათვის აქვე ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს “რად გვინდა ასეთი ევროპა? აქეთ მივდივართ?”. ჩემთვის საქართველო ისტორიულად უფრო იყო ევროპა მისი ღირებულებებით, ვიდრე დღევანდელი ევროპა მისი აჭრელებული ლანდშაფტით. ფაქტია, რომ უნდა შეიქმნას ახალი ნარატივები, ახალი მიდგომები, სხვაგვარად სამყაროს ამ სახით არსებობა აღარ შეუძლია. პარადოქსია, მაგრამ დღეს ანტიგლობალისტური მოძრაობებიც უკვე გლობალურ ხასიათს იძენს. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დაწერილ სცენარებსა და პროექტებს დღეს უკვე მათ წინააღმდეგ იყენებენ. სანქციებს კონტრსანქციები მოჰყვება. ირანს სანქციებს უხსნიან, რუსეთს _ უმკაცრებენ. ირანმა 40 წელი გაუძლო სანქციებს. რამდენს გაუძლებს რუსეთი? ალბათ, მეტსაც, როგორც ეკონომიურ-გეოგრაფიული რუკა მეტყველებს.

ჩვენ გამო (არც უკრაინის, არც სირიის და სხვ.) რუსეთს რომ ომს არც ევროპა დაუწყებს და არც აშშ, უკვე გვითხრეს. ამაზე მე მანამდეც ვწერდი და ვამბობდი, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ კლასს ამის შესმენა არ სურს. ახლა ჩვენ გარშემო სწორედ ის ვითარება შეიქმნა, როცა აქტიური მოქმედება და საკუთარი ინტერესით წინა პლანზე გამოსვლაა აუცილებელი. მზად არის ამისთვის ჩვენი ხელისუფლება? არჩევნებამდე თვეები დარჩა. ან თავს ვანებებთ ფანტომებზე ოცნებას (ეს ჩემი ტერმინი არ არის, თინა ხიდაშელმა ახსენა მაპზე მორიგი უარის კონტექსტში) და რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, ან ამას ახალი, 2016 წელს არჩეული ხელისუფლება გააკეთებს.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. თუ გვინდა რომ ეკონომიურად ძლიერები გავხდეთ, ევროკავშირისკენ უნდა დავეშუროთ,
    თუ გვინდა რომ თურქთა ასკერები ჩადგნენ ჩვენს სამშობლოში, მაშინ ნატოსკენ უნდა
    ვისწრაფოდ. არასულგაყიდული, სამშობლოს ერთგული და ჭკვიანი ხელისუფალი დააბალანსებდა აქ ამერიკა-რუსეთის ინტერესებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here