Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: ჩვენი ხელისუფლება, ავლაბრის რეზიდენციასა და კანცელარიაში კი არა, ამერიკის საელჩოში...

ვალერი კვარაცხელია: ჩვენი ხელისუფლება, ავლაბრის რეზიდენციასა და კანცელარიაში კი არა, ამერიკის საელჩოში ზის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინათ საქართველო, ფაქტობრივად, ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა. “მოსკოვს აქვს მტკიცებულება, რომ ისლამური რადიკალური დაჯგუფება, .. ისლამური სახელმწიფო თავისი მიზნებისთვის პანკისის ხეობას იყენებს, კონკრეტულად კი პანკისის ხეობა ამ დაჯგუფების მებრძოლების თავშესაფარია”, _ განაცხადა ლავროვმა. რას მასწავებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ელის თუ არა ქვეყანას მორიგი საფრთხე რუსეთისგან და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება? _ “საქართველო და მსოფლიოსპოლიტიკური პარტიანეიტრალური საქართველოსთავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია ესაუბრა.

_ პანკისის თემაზე ლავროვის განცხადებას წინ უძღვოდა რუსეთის განცხადებები სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, მაგრამ ისიც ითქვა, რომ, ვინაიდან ორ ქვეყანას შორის 2008 წლის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ არსებობს, ამაზე ფიქრი და მუშაობაა საჭირო. ეს არის ძალიან საინტრესო და საჭირო გზავნილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ხელისუფლება ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

 იქვე ახსენეს პანკისის საკითხი. პანკისის პრობლემა რომ არსებობს, ეს დღეს ყველამ იცის. ვინაიდან ეს არ არის ახალი თემა _ უკვე წლებია, ამაზე საუბრობენ. როდესაც ჩეჩნეთის საკითხი იდგა რუსეთის წინაშე, პანკისის ხეობა ჯერ კიდევ მაშინ იყო რუსეთისთვის მტკივნეული თემა. ვინაიდან სწორედ პანკისის ხეობიდან შედიოდა რუსეთში მის საწინააღმდეგოდ მომუშავე როგორც სამხედრო ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა, ფინანსები და იარაღი, ანუ საქართველოს ტერიტორიას იყენებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად. ახლა ამ ყველაფერს დაემატა ახლო აღმოსავლეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. ტერორისტულმა დაჯგუფებამ პრეტენზია განაცხადა სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე და ისიც ხომ ვიცით, რომ პანკისიდან მართლაც მიდიან მებრძოლები “ისლამური სახელმწიფოს” მხარდასაჭერად. ანგარებით აკეთებენ ამას თუ სხვა მოტივი ამოძრავებთ, ფაქტია, რომ ასე ხდება და ისიც კარგად ვიცით, რომ “ისლამურ სახელმწიფოში” დღეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ იბრძვიან, მიდიან მთელი მსოფლიოდან: რუსეთიდან, ევროპიდან და შედეგ თავიანთ სახელმწიფოებში ქმნიან დაჯგუფებებს, ქსელებს და, სადაც ხელი მიუწვდებათ, ბინძურ ტერორისტულ საქმიანობას ავრცელებენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საქართველოდან წასული ადამიანებიც თავისთავად ქმნიან გარკვეულ საფრთხეს, თანაც ეს ხდება რუსეთის საზღვართან, რის გამოც რუსეთს ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი.

_ ეს რუსეთს აძლევს მიზეზს, საქართველოში ჯარი შემოიყვანოს?

_ რუსეთს მიზეზს აძლევს კი არა, ის ვალდებულიცა, ასეთ რაღაცებზე რეაქცია ჰქონდეს. რადგან რუსეთის სამხედრო დოქტრინაში პირდაპირ წერია, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამხედრი მოქმედება, თუკი ამის აუცილებლობა შეიქმნება.

საქართველოს ეს საკითხი ორი მიმართულებით უქმნის საფრთხეს: ჯერ ერთი, რუსეთთან შეიძლება კვლავ დაპირისპირებულნი აღმოვჩნდეთ, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლებისგან და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ის არის დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო რუსეთი მტერი და ოკუპანტია. ამიტომ, თუ რუსეთი იგრძნობს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მას რაიმე საფრთხე ემუქრება, რუსეთთან დაპირისპირება, რა თქმა უნდა, რეალურ სახეს შეიძენს.

არის მეორე საფრთხეც: ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დახაზული აქვს თავისი რუკა, რომელშიც შესულია საქართველოც, კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, ამიტომ, თუ ჩვენ რუსეთის ინტერესებს დავუპირისპირდებით, ხოლო რუსეთის ინტერესებიისლამურ სახელმწიფოშივერ გაიმარჯვებს, “ისლამური სახელმწიფოსგავლენის ქვეშ აღმოვჩნდებით და ჩვენთვის ამაზე მეტი საფრთხე რაღა უნდა იყოს?!

თუმცა, ისიც ხომ ცნობილია, რომ “ისლამური სახელმწიფო” ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა?! ის შეიქმნა აშშ-ის უშუალო მონდომებითა და მეცადინეობით. ჩვენ ვხედავთ უგუნურებას პოლიტიკაში, როდესაც ქვეყანა ნებისმიერი მეთოდით ცდილობს, მოიპოვოს გაბატონებული მდგომარეობა მსოფლიოზე. ამისთვის ერთერთი უნიკალური იარაღი, რომელიც აშშმა შექმნა, არის ტერორისტული .. ისლამური სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ამაში ჩათრეული აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი თურქეთიც და ამ ვითარებაში საქართველოსთვის გამოსავალი მხოლოდ ოპტიმალური გზის მოძებნაა. ასეთი გზა კი, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, არის დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობებზე უარის თქმა და რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკის მხარდაჭერა. ამის გარეშე საქართველოს უზარმაზარი პრობლემები შეექმნება და არამხოლოდ რუსეთის მხრიდან… ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, რომელიც ისედაც სამ ნაწილადაა დაშლილი და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უარესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

_ საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, თვით ამერიკის ელჩიც კი ამბობენ, რომ პანკისის ხეობაში არანაირი ტერორისტული ბაზა არ არის.

_ ერთადერთი, ვინც ჩავიდა პანკისის ხეობაში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად, იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. იქ შეხვდნენ მოსახლეობის მცირერიცხოვან ჯგუფს და განაცხადეს, რომ იქ არავითარი ტერორისტები არ არიან. თითქოს ტერორისტები იქ ბირჟაზე ელოდებოდნენ. ეს არის საკითხის ყოველგვარი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება. აბა, რას იტყვიან აშშისა და ევროპის ელჩები, რომლებიც დაპირისპირებულები არიან რუსეთთან? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პანკისში სერიოზული პრობლემებია და მათი წაყრუება და სირაქლემის პოზაში ყოფნა კარგს არაფერს მოგვიტანს?! ხელისუფლებაში ყოფნა უდიდესი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს გათვითცნობიერებული. მათთვის თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებაა, საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. მათ უნდა დაიკისრონ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე და პასუხი უნდა აგონ ყველა შედეგზე, რომლებიც მათი უგუნური ქმედების შედეგად დადგება, ამიტომ არ შეიძლება ასეთ უმძიმეს თემებს ასე ქარაფშუტულად ეპყრობოდეს ქვეყნის ხელისუფლება.

საქართველოს ხელისუფლებას ოდნავი გონიერება რომ ჰქონდეს, ჯერ _ პუტინის და მოგვიანებით ლავროვის განცხადების შემდეგ უნდა დაეწყო სერიოზული მუშაობა, განეხილა ეს საკითხი, დაემუშავებინა, მოეწვია საზოგადოების წევრები და უნდა ყოფილიყო საპასუხო რეაქცია. ჩვენ კი მივიღეთ სრულიად გაუაზრებელი რეაქცია შაბლონებისა და სტერეოტიპების დონეზე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ხელისუფლების წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, სანამ ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ შეიძლებაო. იმავეს იმეორებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, პრემიერი და პრეზიდენტი…

_ დიახ, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთს არ დაელაპარაკება. არასწორია ასეთი პოზიცია?

_ რა თქმა უნდა, არასწორია. პრობლემა ჩვენ გვაქვს და ამიტომ ყველა შესაძლო შემთხვევაში დიალოგი უნდა დავიწყოთ, გავარკვიოთ, რა არის რუსეთის ინტერესი, რა ჩვენი და ვეძებოთ არა კონფრონტაციის, არამედ პრობლემების დაძლევისა და გადაწყვეტის გზები.

მარგველაშვილმა ისიც განაცხადა, ლავროვს ქვეყნის პირველი პირი არ უნდა შეხვდესო. ჯერ ერთი, მან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ყველა ქვეყნის პირველი პირი ხვდება სხვა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს მიღებული პრაქტიკაა და, როდესაც მარგველაშვილი, რომელიც პირველ პირად განიხილავს თავს, აცხადებს, რომ არ შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან რანგით არ შეეფერება, სიბეცე და საერთაშორისო პოლიტიკის სრული უცოდინარობაა. არ შეიძლება ასეთი ამპარტავნული, ქედმაღლური დამოკიდებულება. მაგრამ ვინ გვეუბნება, რომ, გინდა თუ არა, ლავროვს შეხვდითო? პირველი პირები შეხვდნენ ერთმანეთს, რა პრობლემაა?!

_ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რუსეთის პირველი პირების მხრიდან რამდენჯერმე გაისმა განცხადებები დიალოგის დაწყების თაობაზე, რატომ ვერ დგამს საპასუხო ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლება.

_ რა უნდა უთხრას საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს? სათქმელი არ აქვს! ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მათიდირექტორებიარ აძლევენ რუსეთის ხელისუფალთან შეხვედრის უფლებას. ჩვენი ხელისუფლება, ავლაბრის რეზიდენციასა და კანცელარიაში კი არა, დიდ დიღომში ზის. საქართველოს ხელისუფლება აშშის ელჩთან შეუთანხმებლად ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. ასეთი რამ რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ხვალ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზოს, მზად ვართ, ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ დაგიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიებიო, რა გგონიათ, მიიღებენ ამ წინადადებას? გაიქცევიან დოღომში და იქ დაიწყებენ გარკვევას, _ ასეთ უცნაურ რაღაცას გვეუბნება რუსეთი და როგორ მოვიქცეთ, თქვენ გადაწყვიტეთო. აბსოლუტურად არაფრის უფლება არ აქვს ამ ხელისუფლებას.

_ ანუ, საქართველო ვერც ერთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს?

_ საქართველო დღეს უფროა დამოკიდებული გარე ძალებზე, ვიდრე თუნდაც საბჭოთა პერიოდში. რა თქმა უნდა, იმ დროს სერიოზულ გადაწყვეტილებებს მოსკოვი იღებდა და ყველა მნიშვნელოვან საკითხს მასთან ათანხმებდნენ, მაგრამ იყო საკითხები, რომლებიც თბილისში წყდებოდა. დღეს კი არც ერთი საკითხი არ წყდება თბილისში. აბსოლუტურად სუვერენიტეტდაკარგული ხელისუფლება, საქართველოსთვის სასარგებლო თუნდაც ერთ პატარა ნაბიჯსაც ვერ დგამს.

_ ბატონო ვალერი, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი რუსეთთურქეთის ურთიერთობაა. რამდენიმე დღის წინათ თურქეთმა რუსეთი საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თურქეთის საჰაერო ძალებმა ავიაბაზებზე განგაშიც გამოაცხადეს. მოსალოდნელია თუ არა კონფლიქტის გამწვავება ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე?

_ რაც შეეხება თურქეთის განცხადებებს, ამას წინათ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ხომ ჩამოაგდეს, რატომ ახლაც იგივე არ გაიმეორეს? ან არ ყოფილა მსგავსი ფაქტი, ან იყო და ვეღარ გაბედეს, თუმცა კონფლიქტის გამწვავება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. რადგან ვისმენთ აშშ-ის განცხადებებს, რომელიც ყველაფერში რუსებს ადანაშაულებს, თუმცა დღემდე არც ერთი რეალური სამხილი არ გამოუქვეყნებია. რუსეთის წინააღმდეგ აგრესია თანდათან მწვავდება, რადგან მათ დაინახეს, რომ რუსეთის დაშლა და დაჩოქება მათთვის მიუღწეველ ამოცანად დარჩა, თუმცა პუტინის მოსვლამდე ახლოს იყვნენ ამ სურვილებთან. საქართველოზე ეს სიტუაცია ცუდად აისახება. მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანება, ამიტომ, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია ყველაზე ოპტიმალური გზის გამონახვა, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით რატომღაც არ ვფიქრობთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანება, ამიტომ, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია ყველაზე ოპტიმალური გზის გამონახვა, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით რატომღაც არ ვფიქრობთ…………….. მიექანება კი არადა დიდი ხნის დაწყებულიცაა. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ უბრალო მოკვდავმა ხალხმა რომ ცოტა სიმშვიდე მოვიპოვოთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here