თბილისში, ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაარსების დღიდან საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს. ამ თემაზე “საქართველო და მსოფლიოშიც” არაერთი მასალა დაიბეჭდა, თუმცა რა ტიპის კვლევები ტარდება ლაბორატორიაში და, საერთოდ, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მისი არსებობა ქვეყნისთვის, კვლავ პასუხგაუცემელია.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეზე საჯარო საუბარი პირველმა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა დაიწყო. მან ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაახლოებით ორი წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები მოიწამლნენ და ინფიცირებული პერსონალი გადაიყვანეს პირველ კლინიკურ (ე.წ. არამიანცის) საავადმყოფოში, მაგრამ ინფორმაცია დღემდე მკაცრადაა გასაიდუმლოებული. დეტალებში გასარკვევად “საქართველო და მსოფლიო” ჯეფრი სილვერმანს დაუკავშირდა.
_ ბატონო ჯეფრი, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში განაცხადეთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინათ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე თანამშრომელი მოიწამლა. რა მოხდა მაშინ და, თუ შეგიძლიათ, ამ ადამიანების ვინაობა გაგვიმხილეთ?
_ ეს ინფორმაცია მომაწოდეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა. მათ მითხრეს, რომ დაემუქრნენ, ამ შემთხვევაზე არავისთვის ეთქვათ. რომც ვიცოდე ამ ადამიანების ვინაობა, მაინც არ გავამჟღავნებდი. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ, ვინაიდან ლაბორატორიის მილგაყვანილობიდან მოხდა გაჟონვა. მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალი გადარჩა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობაც გააფრთხილეს ამ ამბის შესახებ არავისთან ესაუბრათ.
ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ: ეს ლაბორატორია არ დაარსებულა იმისათვის, რომ ქართველებს ემართათ და იქ ქართველები ყოფილიყვნენ დასაქმებულები.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ დამალა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია, რის შეეშინდა?
_ შენობა რამდენიმეჯერ გადააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამშენებლო-საინჟინრო კომპანია “ბეტჩელ ნეიშენალი” შეეცადა, გაეზარდა მოგება და ქვეკონტრაქტორად დაიქირავა თურქული კომპანია მასალების ეკონომისთვის. თურქებმა უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები და ამით ყველამ დიდძალი ფული იშოვა. ბევრმა იქ თავისი ახლობლები და ნათესავები დაასაქმა. არადა, ხარჯების შემცირება პოტენციურად სასიკვდილოა არა მხოლოდ მათთვის, ვინც ლაბორატორიაში მუშაობს, არამედ სრულიად საქართველოსთვისაც და რეგიონისთვისაც.
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ლუგარის ლაბორატორიაზე ყოველწლიურად 12 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს. სხვათა შორის, “ბეტჩელ ნეიშენალს” მჭიდრო კავშირები აქვს ამერიკის მთავრობასთან, მას 1947-დან 1982 წლამდე აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯორჯ შულცი, ხელმძღვანელობდა.
ვეჭვობ, საქართველოს ხელისუფლება სრულიად ვერ აცნობიერებს, რაც ამ ლაბორატორიაში ხდება.
_ იცით თუ არა, სად არიან ახლა მოწამლული ადამიანები?
_ ეს ადამიანები, სავარაუდოდ, კვლავ ლაბორატორიაში მუშაობენ, თუმცა, ჭკუა რომ ჰქონდეთ, საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ლაბორატორიაში სამუშაოდ აღარ უნდა დაბრუნებულიყვნენ.
საქართველოს უშიროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ამბობს, რომ ლაბორატორიის თანამშრომლების მოწამვლის შესახებ მასაც სმენია, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში, საზოგადოებისთვის უცნობია:
“ლუგარის ლაბორატორია ისეთი ლეგენდებითაა მოცული, რომ იქ რეალურად რა ხდება, არავინ იცის. თუმცა ამ ლაბორატორიის მიმართ ეჭვებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ლაბორატორიის შექმნა, ჩამოყალიბება და მისი ფუნქციური დატვირთვა ისე ამოვარდნილია სივრციდან, რომ ეჭვს იწვევს.
_ რას გულისხმობთ?
_ საკითხავია, რისთვის სჭირდებათ ამერიკელებს ასეთი ლაბორატორია საქართველოში? ამას გარდა, არავინ იცის, რეალურად რა ხდება და რა კვლევები ტარდება ამ ლაბორატორიაში, ახალი შტამები გამოჰყავთ, ცდებს ატარებენ თუ არსებულ შტამებზე აწარმოებენ დაკვირვებას?! ამერიკელებს ერთი დოლარის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებიათ ქართულ ეკონომიკაში და, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში ამდენი თანხა დახარჯეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათ სერიოზული ინტერესი აქვთ.
_ ლაბორატორიის პერსონალის მოწამვლის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?
_ დიახ, მოწამვლის ფაქტის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში. ყველაზე მეტ კითხვას იწვევს ის, რატომ გადაიხადეს ამერიკელებმა ამ ლაბორატორიისთვის ამხელა თანხა, თორემ ლაბორატორიის, სამეცნიერი კვლევითი ცენტრისა და სასწავლო დაწესებულების დაფუძნებაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, როცა ლაბორატორიის საქმიანობა ამდენ ეჭვს იწვევს და ვერ ვხედავთ მისი საქმიანობის რეალურ პროდუქტს, ვერ ვხედავთ, რა სარგებლობა მოაქვს მას საქართველოსთვის და ისიც არ ვიცით, რა მიზნით აშენდა ეს ლაბორატორია, ბუნებრივია, ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვს აჩენს ქართველ საზოგადობაში”.
პირველი კლინიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანამშრომლები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ვერ იხსენებენ, მართლა მკურნალობდა თუ არა საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიის მოწამლული პერსონალი. “ორი წლის განმავლობაში, სამასი ათასამდე ავადმყოფმა იმკურნალა ჰოსპიტალში და მათი სახელებისა და გვარების დასახელების გარეშე ვერაფერს გეტყვით”, _ განგვიცხადა პირველი კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მამუკა ფრანგულაშვილმა.
ინფორმაციას ლაბორატორიის მავნებლობაზე არ ადასტურებს არც ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. “ლუგარის ლაბორატორია არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, პირიქით _ ასეთი დონის ლაბორატორია ქვეყნის სიმდიდრეა”, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ 2015 წლის შემოდგმაზე, “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების” ცენტრის მიერ გამართულ საგანგებო კონფერენციაზე, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ მიმდინარე მითქმა-მოთქმას ეხებოდა. ამ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პოლიტოლოგი გიორგი მდივანი, რომელმაც “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი ლაბორატორიები, საქართველოს გარდა, არსებობს ტაილანდში, კენიაში, გვატემალაში, ყაზახეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფიკასა და ბანგლადეშში.
“ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტის კერებთან ყველაზე ახლოს სწორედ ლუგარის ლაბორატორია მდებარეობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს უბრალო დამთხვევაა. 2011 წელს საქართველოში დიდი პომპეზურობით გაიხსნა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია, რომლის გახსნის ცერემონიასაც საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესწრებოდნენ. საქართველოში ამ ლაბორატორიის გასახსნელად და შემდგომში უკვე მის ასამუშავებლად 300 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. ამხელა ინვესტიცია პენტაგონმა გაიღო. თვითონ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, ან მხოლოდ მინიმალურ დონეზე ფლობს ელემენტარულ ინფორმაციას. რეალურად კი, აქ ბევრი გარემოება იწვევს ინტერესს. მაგალითად, 2013 წელს ამ ლაბორატორიაში 50 ადამიანი მუშაობდა, მათგან 6 საქართველოს მოქალაქე. იმხანად ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო გიორგი მაღლაფერიძე, რომელიც თავის დროზე ზოოვეტში სწავლობდა და მის მეცნიერულ ნამუშევრებზე ინფორმაცია არ მოიპოვება. ადრე ამ თანამდებობას საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ჟვანია იკავებდა. რა კავშირია მეცნიერულ ლაბორატორიასა და დაზვერვას შორის, ამერიკელებმა უკეთ იციან. შეგახსენებთ, ეს ის ანა ჟვანიაა, რომელზეც აშშ–ის საელჩო საქართველოში საკმაოდ კარგ ნოტას აგზავნიდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს მომოწერა “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დირექტორის მოადგილის თანამდებობას კი ვინმე ვახტანგ ბერიაშვილი იკავებდა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ლუგარის ლაბორატორიამდე ის ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოში” მუშაობდა. კავშირი მის წინა და ახალ სამუშაო ადგილებს შორის ყველასთვის ნათელია. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში დაარსებული ლუგარის ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს აშშ–ის უოლტერ რიდის უნივერსიტეტთან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ უნივერსიტეტს არა სამედიცინო, არამედ სამხედრო პროფილი აქვს. ინტერნეტში ამ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში ყველაფერზე არსებობს მასალები. ეს კიდევ ერთი დამატებითი კითხვის ნიშანია ლუგარის ლაბორატორიის თემის გარშემო.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ჯეფრი სილვერმანმა დასავლურ მედიასაშუალებებში სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ამერიკელი სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით საქართველოში დაარსებულ ლუგარის ლაბორატორიაში, ბიოიარაღის შექმნის მიზნით, 2011 წლიდან ტარდება ექსპერიმენტები. ჯეფრი სილვერმანის აზრით, სამოქალაქო ჯანდაცვისა და კომერციული კუთხით ლუგარის ლაბორატორიას საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; იდეაში ეს ლაბორატორია საფრთხეებს უნდა ებრძოდეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, თვითონ დაიწყოს ამ საფრთხეების შექმნა.
საკითხს თუ ჩავუღრმავდებით, ერთ ძალიან საინტერესო გარემობას წავაწყდებით _ 2013 წლამდე ლუგარის ლაბორატორია იყო ავტონომიური და დამოუკიდებელი წარმონაქმნი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში კი არ შედიოდა, არამედ უშუალოდ პენტაგონის დაქვემდებარებაში იყო. ეს საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და გარკვეულწილად საფრთხის შემცველიცაა, როდესაც შენს ქვეყანაში არსებულ ლაბორატორიას ქვეყნის სამინისტრო ან დაავადებების კვლევის ცენტრი კი არა, უცხო ქვეყნის სამხედრო უწყება აკონტროლებს.
მხოლოდ 2013 წელს, როდესაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილმა გადაიბარა, ლუგარის ლაბორატორია საქართველოს იურისდიქციაში მოექცა და საქართველოს დაავადებათა კვლევის ნაციონალურ ცენტრს გადაეცა.
პენტაგონის მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, ბევრი კითხვის ნიშანი, ბევრი საკითხის გასაიდუმლოება მთავარი მომენტებია. პირადად მე ამ ლაბორატორიას სპკეპტიკურად ვუყურებ”, _ აცხადებს გიორგი მდივანი.
მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა