Home რუბრიკები ისტორია შეხვედრები სტალინთან

შეხვედრები სტალინთან

715

ვიაჩესლავ მალიშევი და სტალინი

ქვემომოყვანილ წერილში მოგითხრობთ ვიაჩესლავ მალიშევზე, საბჭოთა კავშირის სატანკო მრეწველობის მინისტრზე, კეთილშობილ და განათლებულ ადამიანზე, რომელსაც სტალინმა საბჭოთა კავშირის მთავარი ინჟინერი უწოდა.

_ რომელი საათია? _ ჰკითხა მძღოლმა თავის მინისტრ მალიშევს.

_ შენს საათს ჩაეძინა? _ იყო პასუხი.

_ მე საათი არ მაქვს. ჩემს მეჯვარეს ვაჩუქე ქორწილში, _ უპასუხა მძღოლმა.

_ სამი საათი და ოცდახუთი წუთია, _ მძიმედ უპასუხა მინისტრმა და სადარბაზოსაც მიადგნენ.

მინისტრი ახალი ჩაძინებული იყო, კრემლის ტელეფონმა რომ დარეკა. ბურანში მყოფმა მალიშევმა პოსკრებიშევის ხმა იცნო:

_ სასწრაფოდ წამოდით კრემლში. გერმანიამ საზღვარი გადმოლახა. საზღვრისპირა რაიონები იბომბება.

საუბარი აღარ გაგრძელებულა. მალიშევი სასწრაფოდ წამოდგა და დაბლა დაეშვა. სადარბაზოსთან უკვე ელოდებოდა მანქანა. ცოტა ხანიც და სტალინის მოსაცდელში იყო.

“სტალინთან პოლიტბიუროს წევრები, მარშლები და სახალხო კომისრები რიგის მიხედვით შედიოდნენ. მე, როგორც საშუალო მანქანათმშენებლობის მინისტრს, შავი მეტალურგიის მინისტრ ივანე თევოსიანთან ერთად მომიწია სტალინთან შესვლა. მისალმების შემდეგ სტალინმა მოგვმართა:

_ სწრაფად შემოდით და დასხედით მაგიდასთან! ამხანაგო თევოსიან, შეგიძლიათ თუ არა ყოველდღიურად მოგვცეთ 250 ტანკი?

_ უნდა გავიავნგარიშოთ და ისე მოგახსენოთ, ამხანაგო სტალინ.

_ გაძლევთ ორ დღე-ღამეს საკითხის მოსაფიქრებლად და მოსამზადებლად.

_ თქვენ რას იტყვით, საშუალო მანქანათმშენებლობის მინისტრო, რამდენი ტანკი შეგიძლია გამოუშვა?

_ ამხანაგო სტალინ, ასეთი წესით ტანკების გამოშვებას ორგანიზებას ვერ გავუწევთ და პროგრამა არ შესრულდება. ერთი სამინისტრო იძლევა ფოლადს, მეორე _ ჯავშანს, მესამე _ ძრავებს. ათასი წვრილმანია გაბნეული სხვადასხვა უწყებაში. ტანკი ჩვენი თავდაცვისა და მტერზე გამარჯვების ძირითადი იარაღია, ამიტომ ყველა ეს დარგი ერთ ძლიერ მუშტად უნდა შევკრათ და ერთ უწყებას ჩავაბაროთ ტანკების გამოშვება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ტანკი იმდენი გვეყოლება, რამდენიც საჭირო იქნება”, _ იგონებს მალიშევი.

მალიშევის გაბედულებამ და თვალსაზრისმა სტალინსა და პოლიტბიუროს სხვა წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯერ კიდევ ჩაუმქრალ ჩიბუხს სტალინმა ხელი დაავლო, სათათბირო მაგიდას შემოუარა და მალიშევს ცხვირწინ გაუჩერდა:

“ამხანაგო მალიშევ, სასწრაფოდ დაიწყეთ მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება სატანკო მშენებლობის სამინისტროს შექმნის თაობაზე! მოგეხმარებათ თევოსიანი. გაითვალისწინეთ, რომ ახალშექმნილ ტანკმშენებლობის სამინისტროს თქვენ უხელმძღვანელებთ. დადგენილების პროექტი 24 ივნისისთვის მზად უნდა იყოს პოლიტბიუროზე განსახილველად”.

24 ივნისს, 12 საათზე, მალიშევმა სტალინის კაბინეტის კარი შეაღო. უძინარმა და მშიერმა მინისტრმა მექანიკურად ორივე ხელით სახე მოისრისა, გონზე რომ მოსულიყო, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა სტალინისთვის.

_ თქვენ ორი დღის უძინარი და უჭმელი ხართ, რისთვისაც საყვედურს გიცხადებთ. მე არ მჭირდება უძინარი, მშიერი და დასუსტებული მინისტრები, _ უთხრა სტალინმა და ზარს თითი დააჭირა. კაბინეტში პოსკრებიშჩევი შემოვიდა.

_ მოამზადეთ დადგენილების პროექტი იმის შესახებ, რომ ყველა მინისტრმა დღე-ღამეში აუცილებლად იძინოს 7 საათი. დააწესეთ კონტროლი დადგენილების შესრულებაზე და შედეგები პერიოდულად მომახსენეთ, _ ბრძანა სტალინმა.

_ თქვენც უძინარი ხართ, ამხანაგო სტალინ, _ შეჰბედა მალიშევმა.

_ ეხ, მალიშევ! მე უკვე ბებერი ვარ, ჩემი ორგანიზმი ბევრ ძილს არ ითხოვს, თქვენ კი ახალგაზრდა ხართ და ორგანიზმი აუცილებლად უნდა დაასვენოთ.

სტალინი დადგენილების პროექტს გაეცნო. მალიშევი, როგორც მინისტრი, სხვა მინისტრების კომპეტენციაში არ შეიჭრა და მათ გარკვეული ადგილი დაუტოვა ტანკმშენებლობაში.

_ თქვენ, ამხანაგო მალიშევ, გინდათ, რომ მგლებიც მაძღარი გყავდეთ და ცხვრის ფარასაც ერთი სული არ აკლდეს?! _ ასე არ გამოვა. სატანკო მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა მინისტრი უნდა ჩაითვალოს თქვენს მოადგილედ. მათ ისევე უნდა მოსთხოვოთ, როგორც თქვენს თანამშრომლებს. ეს ყველაფერი დადგენილების პროექტში უნდა აისახოს. უნდა ჩაატაროთ ერთიანი საწარმოო თათბირი და თითოეულს უნდა მოსთხოვოთ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ დავალების შესრულებას”.

ვიაჩესლავ მალიშევმა სტალინის კაბინეტი დატოვა და უმალ თავის კაბინეტს მიაშურა. შემდეგ კი სასწრაფოდ თანაშემწე იხმო.

_ ხვალ, 12 საათზე, შედგება საწარმოო თათბირი, რომელზეც აუცილებლად უნდა დაესწრონ მინისტრები: თევოსიანი, კოტინი (და ჩამოთვალა ყველა იმ მინისტრის სახელები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ სატანკო მშენებლობასთან _ გრ. ონიანი)… თათბირი გაიმართება ჩემს სამუშაო კაბინეტში დღის წესრიგით: სატანკო მშენებლობის სწრაფი განვითარების გზები და მეთოდები. თათბირზე მხოლოდ სამინისტროთა პირველი პირები იქნებიან დაშვებულნი, _ მტკიცედ განუცხადა მალიშევმა თავის თანაშემწეს, რომელიც გაოცებული შესცქეროდა თავის მინისტრს.

_ ეს როგორ, ამხანაგო მინისტრო, ჩვენს თათბირზე მინისტრები გამოვიძახო? _ იკითხა ფერწასულმა თანაშემწემ.

_ სასწრაფოდ შეასრულე ჩემი ბრძანება! _ სტალინის დავალებაა.

თვალებგაფართოებულმა და გაამაყებულმა თანაშემწემ ქუსლები ერთმანეთს მიარტყა, სალამი მომცა და ბედნიერმა შემომძახა: “არის ამხანაგო მინისტრო, შევასრულო თქვენი ბრძანება!” _ შემდეგ კი ოთახიდან სამწყობრო ნაბიჯით გავიდა”, _ იგონებს მალიშევი.

აი, ამ კაცზე _ კეთილშობილ, უაღრესად განათლებულ და მოწესრიგებულ ადამიანზე _ ვიაჩესლავ მალიშევზე მოგითხრობთ დღევანდელ წერილში.

ვიაჩესლავ ალექსანდრეს ძე მალიშევი 1902 წელს დაიბადა ქალაქ სიკტივკარში. 1924 წელს დაამთავრა სარკინიგზო ტექნიკუმი. 1918-1920 წლებში მუშაობდა სახალხო სასამართლოს მდივნის თანაშემწედ, 1924 _1926 წლებში რკინიგზის დეპოში მემანქანის თანაშემწედ. 1927 წელს შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში. 1934 წელს დაამთავრა ბაუმანის სახელობის რკინიგზის უმაღლესი სასწავლებელი. 1934-1939 წლებში მუშაობდა განსაკუთრებულI სექტორის საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსის მოადგილედ, შემდეგ გადაიყვანეს კოლომენსკის კუიბიშევის სახელობის ქარხნის დირექტორად. ყველა სამუშაო ადგილზე გამოჩენილი ცოდნისა და საქმისადმი ერთგულების გამო არჩეული იქნა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეთვრამეტე ყრილობის დელეგატად. ყრილობაზე მანმოსალოდნელი ომის შესახვედრად მზადყოფნის შესახებ წარმოთქვა საპროგრამო სიტყვა, რომელმაც ყრილობის მთელ შემადგენლობაზე და თვით სტალინზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ მალიშევი დაინიშნა მძიმე მანქანათმშენებლობის მინისტრად. 1940-1944 წლებში იყო სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ამასთანავე, ხელმძღვანელობდა საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს, შემდგომ კი _ სატანკო მშენებლობის სამინისტროს. ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელიც პოლიტბიუროს წევრად აირჩიეს სტალინის სიცოცხლეში (როგორ არ ჰგავს თანამედროვე მინისტრების ცხოვრებისა და შრომის გზას! _ გრ. ონიანი).

1941 წლის 24 ივნისს პოლიტბიუროზე მიღებული დადგენილების საფუძველზე იმავე წლის 11 სექტემბერს შეიქმნა სატანკო მშენებლობის სამინისტრო ვიაჩესლავ მალიშევის ხელმძღვანელობით, რომელმაც სატანკო მშენებლობა ურალს გაღმა გადაიტანა. სატანკო თუ საარტილერიო დანადგარები, რომელიც მალიშევის ინიციატივით იქმნებოდა, ძალიან აძლიერებდა საბჭოთა კავშირის სამხედრო პოტენციალს და იგი დღითიდღე უტოლდებოდა გერმანულ სატანკო ნაწილებს, ცოტა ხანში კი გადააჭარბა კიდეც, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად.

მალიშევის სახელთან არის დაკავშირებული პირველი ბირთვული და წყალბადის ბომბის წარმოება, პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, პირველი ატომური ყინულმჭრელი ხომალდის აგება, დედამიწის პირველი თანამგზავრის გაშვება კოსმოსში.

1954 წელს წყალბადის ბომბის გამოცდისას მალიშევი პოლიგონზე იდგა და ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ურთულეს საქმეს _ წყალბადის ბომბის გამოცდას, სადაც დიდი დოზით მიიღო დასხივება, რის გამოც ექიმების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად მხოლოდ 3 წელი იცოცხლა და 1957 წელს 54 წლისა გარდაიცვალა. მალიშევის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი სამუშაო კაბინეტი გააღეს და სეიფი გახსნეს, სხვა საიდუმლო პროექტებსა და მიმოწერასთან ერთად აღმოჩნდა მისი დღიურებიც, რომლებშიც აღწერდა სტალინთან შეხვედრებს.

ცნობისთვის: 1939-დან 1953 წლამდე, სტალინის გარდაცვალებამდე, მალიშევს ბელადთან 107-ჯერ ჰქონდა საქმიანი შეხვედრა და საუბარი როგორც კრემლის სამუშაო კაბინეტში, ასევე კრემლის ბინაში და კუნცევოს აგარაკზე. ვიაჩესლავ მალიშევის ჩანაწერები, მიუხედავად ანტისტალინური ისტერიისა, ერთერთ მნიშვნელოვან აღმოჩენად ჩაითვალა და, რადგან ის კრემლის რამდენიმე მაღალჩინოსანს უკვე წაკითხული ჰქონდა, კაცთმოძულე ნიკიტა ხრუშჩოვმა ვეღარ გაბედა, გაენადგურებინა მალიშევის ეს ძვირფასი დანატოვარი და ბრძანა, საიდუმლოდ შეენახათ სტალინის არქივში.

ახლა, როდესაც სტალინის არქივის მასალების საერთო რაოდენობის რამდენიმე პროცენტის ნახვა და დამუშავება დაუშვეს, დღის სინათლე ნახა მალიშევის ამ მეტად საინტერესო და ყურადსაღებმა ჩანაწერებმა, რომლის ზოგიერთ ამონარიდსაც გაგაცნობთ.

მალიშევი იგონებს 1939 წლის 13 სექტემბრის პოლიტბიუროს სხდომას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა სტალინი. მან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ქვანახშირის მრეწველობის მინისტრი ლაზარ კაგანოვიჩი და სამინისტროს წარუმატებელი მუშაობა კაგანოვიჩის უცოდინარობას დააბრალა, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა შეარჩიოს და გაანაწილოს კადრები. აი, რა ჩაწერა დღიურში მალიშევმა:

“ამხანაგმა სტალინმა მოიყვანა ორი მაგალითი იმის შესახებ, როგორ ცუდად ზრდის ამხანაგი კაგანოვიჩი ხალხს. მაგალითები ეხებოდა ამხანაგებს _ იზოტოვსა და დიუკანოვს. სტალინმა პირდაპირ მიუთითა იმაზე, რომ ეს ამხანაგები არ იყვნენ მზად ქვანახშირის კომბინატის უფროსებად მუშაობისთვის, ისინი კი მაინც წარადგინეს ამ თანამდებობებზე. სტალინმა განსაკუთრებულად მიუთითა იმაზე, როგორ არის საჭირო ხალხის აღზრდა… კარგი სტახანოველია? _ დანიშნე ის შახტის უფროსად, დააკვირდი, დაეხმარე, იმუშაოს, როგორც საჭიროა, შემდგომში შეიძლება სასწავლებლად გაიგზავნოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი წარდგენა ტრესტის თუ კომბინატის უფროსად. ამხანაგმა სტალინმა მიუთითა, რომ სტახანოველი შახტის უფროსიც კი მიჩვეულია კონკრეტული ხალხის ხელმძღვანელობას, კომბინატის უფროსმა კი უნდა იცოდეს ბალანსი, ფინანსები და სისტემურად უნდა აზროვნებდეს. ეს კი უნდა აღიზარდოს ადამიანებში. ძნელია, მეხსიერებაში ყოველივე იმის აღდგენა, რაზეც საუბრობდა ამხანაგი სტალინი, მაგრამ მისი გამოსვლა განსაკუთრებულად ძლიერი იყო. შემდგომ სტალინმა დასძინა: “ახლა ამხანაგი იზოტოვი და დიუკანოვი უკან უნდა დავწიოთ. დავამახინჯეთ ხალხი და ვინ არის ამაში დამნაშავე? იგივე ხდება გზებისა და კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატში. ამხანაგ კაგანოვიჩთან საკადრო არეულობაა. ჩვენ ცენტრალურ კომიტეტში იძულებული შევიქენით, აგვეკრძალა ამხანაგ კაგანოვიჩისთვის ყოველდღიური საკადრო ცვლილებები”.

ძალიან ბევრი რამ გვასწავლა მეც და იქ დამსწრეთ ამხანაგ სტალინის ამ შესანიშნავმა გამოსვლამ.

1939 წელი 21 დეკემბერი _ დღეს სტალინის დაბადების 60 წლისთავია. მიმდინარეობს თავდაცვის კომიტეტის სხდომა, _ იხსენებს მალიშევი. კომიტეტის სხდომაზე გამოიტანეს დადგენილების პროექტი, რომელიც რთული ენით არის დაწერილი, რომლის გაგება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, ხანგრძლივი კამათის შემდეგ სიტყვით სტალინი გამოვიდა და განაცხადა:

“მე ამ დადგენილებას ხელს არ მოვაწერ, რადგან ეს ხალხის ენაზე არ არის დაწერილი, თქვენ თუ დაგავიწყდათ ხალხის ენაზე საუბარი, მე იგი არ დამვიწყებია”.

ყველა სტალინს შევყურებდით და ვგრძნობდით, რომ ხალხის ბელადი გვესაუბრებოდა და გვსაყვედურობდა. ეს მცირე ფაქტია, მაგრამ ამაში მთელი სტალინია, ნამდვილი სახალხო ბელადი”, _ ასკვნის ბოლოს მალიშევი.

ერთხელ პოლიტბიუროზე განიხილებოდა თავდაცვის ზოგიერთ ქარხანაში სამუშაო დღის ხანგრძლივობის გაზრდის საკითხი, სადაც ბუნდოვნად იყო ასახული, როგორც დროის განსაზღვრის, ასევე ზედმეტ საათებში მუშაობის ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა. სტალინმა რამდენიმეჯერ ითხოვა საკითხის დაზუსტება, რამდენჯერ მოიმატებდა მუშის ხელფასი იმ ზედმეტი საათებისთვის, როცა ის ქარხანაში იმუშავებდა, მაგრამ, როდესაც გარკვეული პასუხი ვერ მიიღო, განაცხადა:

“ამ გადაწყვეტილებას მე ხმას არ მივცემ, ვიდრე ანაზღაურების საკითხი არ გადაწყდება”. და იქვე მჯდომ შვერნიკს მიმართა:

_ შენ მუშათა წარმომადგენელი ხარ და ჩუმად ზიხარ, როდესაც მე ვიბრძვი თქვენ მაგიერ, _ ღიმილით გადახედა შვერნიკს და საკითხიც განხილვიდან მოიხსნა.

სტალინის დამახასიათებელი თვისებაა ყველა წვრილმანში ჩაწვდომა, განაკუთრებით, თუ ეს წვრილმანები ასე თუ ისე ეხება ხალხს”, _ დასძენს მალიშევი.

“თავდაცვის კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე სტალინმა მიმართა შეიარაღების სახალხო კომისარს, რომ თვითსატენ შაშხანას აქვს დეფექტები, _ შაშხანას ხიშტი ბლაგვი აქვს, არ არის კარგად ალესილი. ვანიუკოვმა გაიკვირვა, _ “შაშხანა სახელმწიფო კომისიამ შეაფასა, როგორც კარგი”.

როდესაც ვანიუკოვმა შენიშვნა არ მიიღო, სტალინმა ბრძანა, სხდომაზე შემოეტანათ შაშხანა. პოლიტბიუროს წევრებისა და დამსწრე ამხანაგების შემოწმებით, შაშხანა მართლაც კარგი იყო, მაგრამ ხიშტი ბლაგვი აღმოჩნდა. სტალინი თავის მაგიდასთან ჩამოჯდა, აიღო ფანქარი და ფურცელი და მკაფიოდ დახაზა, როგორი უნდა ყოფილიყო ხიშტი და სად უნდა ალესილიყო. შემდეგ ნახაზი ვანიუკოვს გადასცა. სტალინის დამახასიათებელი თვისებაა ხალხის მოსმენის უნარი. ის ყოველთვის ისმენს საწინააღმდეგიო აზრსა და წინადადებას, თითქოს ყველაზე უმნიშვნელოსაც კი. მუდამ ითვალისწინებს ყველა გარემოებას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

სტალინი ბევრს კითხულობდა და სწავლობდა რუსული არმიის ისტორიას და სამხედროებსა და სარდლებს ყოველთვის მიუთითებდა, რომ ყურადღებით მოჰკიდებოდნენ რუსული არმიის კარგ ტრადიციებს. ერთხელ, როდესაც ფინეთის ომის შედეგებს იხილავდა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე, განაცხადა შემდეგი:

_ ჩვენს სამხედრო ხელმძღვანელებს რუსული არმიის ისტორია რომ შეესწავლათ, მიებაძათ რუსული არმიის კარგი ტრადიციებისთვის, ეცოდინებოდათ, რომ ყველა შესანიშნავი გამარჯვება რუსული არმიის მიერ ზამთარში იქნა მოპოვებული. ალექსანდრე ნეველმა ზამთარში დაამარცხა გერმანელები ჩუდის ტბაზე. ვინაიდან რუსი ჯარისკაცები გაკაჟებული იყვნენ ზამთრის პირობებში ბრძოლისათვის. პეტრე პირველმა ზამთარში დაამარცხა შვედები ფინეთში. ალექსანდრე პირველმა ზამთარში დაამარცხა შვედები ფინეთში და ბოლოს _ კუტუზოვმა ზამთარში დაამარცხა ნაპოლეონი.

შემდგომ სტალინმა ყურადღება მიაპყრო ისეთ წვრილმანს, როგორიც არის ორცხობილა. თურმე არმიის რაციონიდან ამოუღიათ ორცხობილა და გალეტებით შეუცვლიათ. გალეტები კი ყინვაში მაგრდებოდა და მათი ჭამა შეუძლებელი იყო. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ არმიის ხელმძღვანელები არ ინტერესდებოდნენ ისეთი საკითხებით, როგორიც იყო არმიის კვება. ნამდვილი გრაფი კუტუზოვი დადიოდა ჯარისკაცებთან და ნახულობდა, რას ჭამდნენ ისინი, ხოლო “თვითნაკეთი გრაფი” კულიკი ამას არ აკეთებდა.

ჩვენი რიგითი შემადგენლობა შესანიშნავი მასალაა, ხოლო მეთაურთა შემადგენლობა არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. ჩვენი ამოცანაა, გავაუმჯობესოდ მეთაურთა შემადგენლობა, აი, მაშინ კი ჩვენი არმია მსოფლიოში საუკეთესო იქნება.

კადრების აღზრდის საკითხს სტალინი ხშირად უბრუნდებოდა თავის გამოსვლებში და ყოველთვის ცდილობდა, ფართო გზა გაეხსნა ახალგაზრდებისთვის, მაგრამ გულს არასოდეს სწყვეტდა შრომაში გაკაჟებულ და ასაკოვან ადამიანებს.

1944 წლის 4 თებერვალს ვოროშილოვის მეუღლის 60 წლისთავს აღნიშნავდნენ ვიწრო წრეში, სადაც მეც ვიყავი მიწვეული, _ იგონებს ვიაჩესლავ მალიშევი. სუფრაზე სტალინმა სადღეგრძელო წარმოთქვა:

“მოხუცებმა უნდა გაიგონ, თუ ახალგაზრდებს არ დავუშვებთ ხელმძღვანელობაში, ეს დამღუპველი იქნება. ჩვენ, ბოლშევიკები, იმით ვართ ძლიერნი, რომ თამამად ვაწინაურებთ ახალგაზრდებს. ხანდაზმულებმა ხალისით უნდა დაუთმონ ძალაუფლება ახალგაზრდებს”.

სტალინი შეეხო ჩვენს საქმიანობას საგარეო პოლიტიკაში და აღნიშნა:

“საგარეო პოლიტიკა ტარდება ორი საშუალებით _ დიპლომატიითა და არმიით. ჩვენი დიპლომატია კარგად მუშაობს, მაგრამ ის ვერაფერს გახდებოდა, დიდი და თანამედროვე არმია რომ არ გვყოლოდა. ოდესღაც მეფის მთავრობა ოცნებობდა, მშვიდობიან დროს მილიონშვიდასათასიანი არმია ჰყოლოდა, მაგრამ მხოლოდ მილიონ ასიათასამდე შეძლო მისი გაზრდა. ჩვენ კი გვყავს ოთხმილიონიანი კარგად შეიარაღებული არმია. ეს ძალაა, რომელსაც არ შეიძლება, ანგარიში არ გაუწიო საერთაშორისო საკითხების გადაჭრისას, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ საგარეო პოლიტიკაში, რაკი ძლიერი არმია გვყავს”.

1944 წლის 19 ოქტომბერი. კრემლში ჩერჩილის პატივსაცემად სტალინმა სადილი გამართა. სადილზე მიწვეულ სხვა მინისტრებთან ერთად მეც გახლდით. პირველად ვნახე ჩერჩილი. ის ძალზე მოხუცია, _ იგონებს მალიშევი. სტალინმა სადღეგრძელო წარმოთქვა და შესვა ომის ღმერთის _ არტილერიის სადღეგრძელო. მან დამსწრეთ შესთავაზა, დაელიათ არტილერიის მთავარი მარშლების _ ამხანაგ ვორონოვისა და ამხანაგ უსტინოვის სადღეგრძელო. შემდეგ სტალინმა თქვა:

_ ჩვენ გვყავს მინისტრები, ჩვენებურად _ სახალხო კომისრები. მათ შესახებ არ წერენ კომუნიკეებში, ისინი ჩრდილში დგანან, მაგრამ დიდ საქმეს აკეთებენ და მათი წარმატებული მუშაობის გარეშე ვერ გავიმარჯვებდით ომში. ისინი ახალგაზრდები და კარგი ხელმძღვანელები არიან. მე გთავაზობთ, შევსვათ საავიაციო მრეწველობის სახალხო კომისრის, ამხანაგ შახურინისა და სატანკო მრეწველობის სახალხო კომისრის, ამხანაგ მალიშევის სადღეგრძელო.

ჩერჩილმა სტალინის სადღეგრძელო წარმოთქვა:

_ მე ვსვამ გაერთიანებული ერების, მუშების, ჯარისკაცებისა და მარშალ სტალინის სადღეგრძელოს, მუშისა და ჯარისკაცის სადღეგრძელოს, რომლებსაც ის თავის თავში აერთიანებს.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა არჩიბალდ კლარკ კერმა თავის სადღეგრძელოში თქვა:

_ მე ვსწავლობ სტალინისა და მოლოტოვის ქცევას და შევამჩნიე, რომ, როდესაც სტალინი რაიმეთი უკმაყოფილოა, ხშირად ეწევა ჩიბუხს, მაგრამ ბოლო დროს სტალინმა თავი დაანება ჯიბუხს და პაპიროსს ეწევა. ამიტომ უნდა მომენახა სტალინის განწყობის ახალი ნიშანი და მე ის ვიპოვე. როდესაც სტალინი რაიმეთი უკმაყოფილოა, ის ძირს უშვებს თავის ლამაზ ცხვირს, ხოლო როცა კმაყოფილია, მაღლა სწევს.

როდესაც ბატონი მოლოტოვი უკმაყოფილოა, ის ხშირად იხსნის და იკეთებს პენსნეს. ერთხელ ვუთხარი ამის შესახებ ბატონ მოლოტოვს, ახლა ის უფრო ფრთხილად ეპყრობა თავის პენსნეს და ამიტომ ბატონ მოლოტოვის განწყობის გაგება ჩემთვის გართულდა”, _ იგონებს ვიაჩესლავ მალიშევი.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

1 COMMENT

  1. Диди,диди мадлоба,батоно Григол асети документебис гамоквекнебиствис! Ес дзалиан арис сачиро ахалгазрдебиствис,ром шеисцавлон зоги раме рас цармоадгенс СТАЛИНИЗМИ! Троцкистеби да
    хрущевмстебма беври талахи исролес СТАЛИНИС авторитетс,амитом Дгевандели либерастеби асе беврс кбедобен СТАЛИНИС цинамгдег.Арц исе ушедегод.Даангриес квекана чвен каргат вхедавт халхис цховребис шедегебс!!! Ахал целс гилоцавт!!!

  2. ძალიან კარგია ასეთი წერილების გამოქვეყნება. იქნებ დასავლური პროპაგანდით გაბრუებული ხალხი გამოფხიზლდეს.

  3. ჯანმრთელობა და სტალინისებური ენერგია, პატივცემულო გრიშა! :))

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Нико Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here