Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი კაკაბაძე: ან შევაკვდებით, ან მურუსიძეს დავამთავრებთ

ირაკლი კაკაბაძე: ან შევაკვდებით, ან მურუსიძეს დავამთავრებთ

603

უკვე მერამდენე წელიწადია, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ საზოგადოებას თავისი ეპატაჟური გამოსვლებით ახსენებს თავს. პატრიარქს ხან ზარების რეკვის ხანგრძლივობაზე ედავება, ხან _ ქონებასა და საკუთრებაზე. ნინია კაკაბაძის განცხადება ილია მეორის ქონებაზე არავისთვის იქნებოდა ცნობილი, მის ძმას _ მწერალსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ირაკლი კაკაბაძეს სააშკარაოზე რომ არ გამოეტანა.  

ჩვენთვის ირაკლი კაკაბაძე მხოლოდ ამ მიზეზით არ აღმოჩნდა საინტერესო, ირაკლიმ და მისმა თანამოაზრეებმა მოსახლეობას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყება აუწყეს, იმ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიული გზით არჩეული უწოდა. “ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. ეს ადამიანი არის ამის გარანტი”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ოპოზიცია, ადვოკატთა კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ აქციებს დაიწყებენ. აქციებში მონაწილეობის მზადყოფნას რიგითი მოქალაქეებიც გამოთქვამენ. აქციების ერთერთი ლიდერი ირაკლი კაკაბაძეა. მოკლედ, დაძმა კაკაბაძეები ახალი წლის პირველი დღეებიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ვესაუბრებით ირაკლი კაკაბაძეს.

_ ბატონო ირაკლი, უახლოეს დღეებში მოსამართლე ლევან მურუსიძის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავთ. როგორ ფიქრობთ, მიაღწევთ სასურველ შედეგს?

_ მარტო მურუსიძის წინააღმდეგ არ იქნება საპროტესტო აქციები, ამ პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვება.

_ რას შეიძლება მიაღწიოთ ამ აქციებით? ლევან მურუსიძეს დიდი მფარველი ჰყავს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახით.

_ შეიძლება კი არა, ან შევაკვდებით, ან მურუსიძეს დავამთავრებთ. სიტყვა “შეიძლებას” თქმა არ შეიძლება. მათ თავიანთი სამყოფელიდან გამოვიყვანთ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია _ ან სიკვდილი ან გადარჩენა. თუ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მურუსიძისნაირი მოსამართლეები ქვეყანაში აღარ იყვნენ, მაშინ ჩათვალეთ, რომ დავმარცხდით.

რაც შეეხება მურუსიძის მფარველებს, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ გავიმარჯვებთ, იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს.

_ მურუსიძის შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნა ევროპულმა სასამართლომაც გამოაქვეყნადღეს, როდესაც ქვეყანაში ასეთი ამბავია ამ ერთი, ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლის გარშემო, საქართველოში მოქმედი არც ერთი საელჩო არ გამოხმაურებია, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია?

_ ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა, მურუსიძე ჩვენი ქვეყნის მოსამართლეა და ჩვენვე უნდა ვიმოქმედოთ. ამ საქმეს სხვების დაუხმარებლად მოვაგვარებთ. იუსტიციის საბჭოს დავშლით. ღარიბაშვილი უნდა გადამდგარიყო. თუ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, მაშინ მას დროულად მიუღია. ქვეყანას კიდევ რომ ჰყავს მურუსიძეები, ეს სწორედაც ღარიბაშვილის დამსახურებაა, ვერ მოერია პოლიციურ რეჟმს, ვერ გაუმკლავდა, საკუთარი თუ ცოლის ნათესავების ტყვეობას ვერ დააღწია თავი, პოლიციას თითქმის მძევლად ჰყავდა აყვანილი.

_ აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ თქვენი და პატრიარქის შეხვედრის შესახებ. ძალიან განაწყენებულია უწმინდესი თქვენს დაზე?

_ ამ საკითხზე ბევრი ვილაპარაკე, დავწერე კიდეც. პატრიარქს ჩემი სურვილით ვეახლე, იქ მარტო არ ვიყავით, იქ ბევრი და ცნობილი ადამიანი იყო. შობის შემდეგ მშვენიერი საღამო გაიმართა.

რაც შეეხება ჩემს დას, მე და პატრიარქს ამაზე განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს, უბრალოდ, რაღაც იყო გამოქვეყნებული პატრიარქის კერძო საკუთრებაზე. ამ საკითხზე მან ორიოდე სიტყვით უწყინრად მითხრა თავისი სათქმელი.

_ ბატონო ირაკლი, 2016 საარჩევნო წელია, რომელიც პრობლემებით დაიწყოღარიბაშვილის წასვლის დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაურკვეველია ისიც, რას აპირებს, პრობლემებია საარჩევნო კოდექსში. მურუსიძისა და იუსტიციის საბჭოს გამო საპროტესტო აქციები დაიწყება

_ წინასწარ იმის განჭვრეტა, როგორი არჩევნები იქნება, მშვიდად ჩაივლის თუ ქაოსურად, ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ პრემიერმინისტრზე დიდ იმედებს ამყარებენ, ხალხს ის მოსწონს. საერთოდ, ყველაფერი მთავრობაზეა დამოკიდებული, აუცილებელია სოციალური პრობლემების მოგვარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ათასობით ქართული ოჯახებისთვის ყურადღების მიქცევა, რომლებსაც ბანკების “წყალობით” სახლები აღარ აქვთ. მოკლედ, თუ სოციალური პრობლემები არ მოგვარდება, ყველაფერი ძველებურად დარჩება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. აგრეთვე, იმისთვის, რომ გაიგოთ ვინ გვართმევს და გვყრის სახლებიდან, შეგიძლიათ, გაეცნოთ მის \\\”ნაღვაწს\\\” ცეკავშირის ქონების და ფინანსური სახრების მიტაცებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here