Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

860

_ აქამდე ნიუორლეანში ვცხოვრობდი, _ თქვა ჯომ.

_ იქ რას აკეთებდი? _ ვკითხე მე.

ჯომ ღვარძლიანად გადაიხარხარა.

_ ვმუშაობდიგამომპანღურებლად ვმუშაობდი გოგოებიან ღამის ბარში და მომსვლელებისათვის პრეზერვატივებს ვყიდდი. ბიზნესს ვეწეოდი. ჩვენი სტრიპტიზი საუკეთესოდ ითვლებოდა _ გოგოები სცენაზე თითქმის მთლიანად შიშვლდებოდნენ. კაბინეტებშიც ყველაფერი იყო. ასე რომ, ცოლის მოყვანაც ვერ გადავწყვიტე:> ყოველი გოგონა მეძავი მეგონა. ხელფასი ცუდი არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს მივაფურთხე და ფრისკოში წავედი.

ჯომ შეიგინა და ჰამაკში აწრიალდა.

_ მაშ, მოდიხართ ბარში, მაიორო?

მე უარი ვუთხარი…

დიახ, ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომელი დღიდან და საათიდან დაიწყო ჯომ სმა.

1945 წლის 6 აგვისტო, 22 საათი კუნძულ ტინიანის დროით…

_ დავლიოთ, _ ვეუბნები, _ და მენზურას ვუჯახუნებ.

დღეს სამშაბათია.

კიდევ ორი დღე უნდა გავძლო.

მე აირინზე და ლუსიზე ვფიქრობ.

11.

დრეიფუსი.

საკო და ვანცეტი.

როზენბერგები.

ოპენჰეიმერი.

მსოფლიომ ათეულობით და ასეულობით პროცესი იცის, რომლებზეც განაჩენი ჯერ კიდევ მანამდე იყო გამოტანილი, სანამ მოსამართლე წარმოთქვამდა: “ხალხი, ღვთის წყალობით თავისუფალი და დამოუკიდებელი”… ანდა სხვა საწყის ფორმულას, თუ თვალთმაქცობა შეერთებული შტატების გარეთ თამაშდებოდა.

ამ ზვავში, თოვლის პატარა გუნდასავით, წვეტიან ქვებზე ქვევით მოგორავს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაიორის, “მეწამული გულისა” და სხვა საბრძოლო ორდენების კავალერის, 42 წლის, ცოლიანის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის, ვინმე კლოდ ემრიჩის საქმე.

კლოდ ემრიჩი _ ეს მე ვარ.

რისი იმედი მაქვს? სამართლიანობისა და კანონის? ხომ არ ჰგავს ეს იმას, თუ როგორ ცდილობს პატარა ბავშვი, ხელით დაიჭიროს მზის სხივი?

ლარი მხნევდება.

_ შენ მოიგებ, ძმობილო.

აირინი წერს, რომ დარწმუნებულია საქმის კეთილად დაგვირგვინებაში.

ფრედ მაკ-კორმაკიც არცთუ ისე სკეპტიკურადაა განწყობილი.

ჩემი თავი მაგონებს ავადმყოფს, რომლის საწოლთანაც დგანან უმწეო, მაგრამ საუკეთესო ზრახვებით აღვსილი ნათესავები. ავადმყოფის სიცოცხლე ქირურგზე და თვითონ მასზეა დამოკიდებული.

ასეთ ვითარებაში შეუძლებელია საკუთარ თავს მიუკერძოებელი მეთვალყურის მზერით უყურო. უსამართლობა ჯერ კიდევ არაა ჩადენილი, შენ კი უკვე პროტესტს აცხადებ მის წინააღმდეგ; ბოროტი, აღშფოთებული სიტყვები; გული ძგერს, ძგერს, ძგერს…

გონივრულია, მოსთხოვო ადამიანს შეუძლებელი?

გაწაფულმა ადვოკატებმა არ იციან საკუთარი თავის დაცვა.

ბრწყინვალე ორატორები ენადაბმულნი ხდებიან განსასჯელთა სკამზე.

ასე დაემართა დანტონს.

ასე დაემართა ოპენჰეიმერს.

დანტონმა, რომლის ბრალდებებისა თვით რობესპიერსაც ეშინოდა, ვერ შეძლო თავის ბრალმდებელთათვის პასუხი გაეცა და გილიოტინაზე დაასრულა სიცოცხლე.

იულიუს რობერტ ოპენჰეიმერი, ადამიანი, რომელსაც შეეძლო საკუთარ თავზე ეთქვა: “ჯენტლმენებო, მე ვარ ავტომური ბომბი”, თანამედროვე ნიუტონი და ციცერონი, შეწყალების იმედით, უბრძოლველად ჩაბარდა გამარჯვებულებს _ გორდონ გრეის, თომას . მორგანს და როჯერ რობს.

ეს მოხდა 1954 წლის 12 აპრილს.

ვაშინგტონი. სამსახურებრივი “ბილდინგ თ-3”.

სასამართლოს დარბაზი _ კანცელარია #2022.

მოსამართლეები:

გორდონ გრეი _ გაზეთებისა და რადიოსადგურების მფლობელი, მილიონერის შვილი, ყოფილი სამხედრო მინისტრი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

თომას ა. მორგანი _ “სპერი ჟიროსკოპ კომპანის” პრეზიდენტი.

უორდ ვ. ივენსი _ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი.

პროკურორი:

როჯერ რობი _ სენატორ მაკარტის თანამშრომელი.

რობი:

_ მისტერ ოპენჰეიმერ, თქვენ მორალური მოსაზრებების გამო იყავით წინააღმდეგი ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდებისა?

ოპენჰეიმერი:

_ მე მოგახსენეთ ჩემი შეშფოთების მიზეზები და მოსაზრებანი.

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენი მოსაზრებანი მიმართული იყო მისი ჩამოგდების წინააღმდეგ?

_ მე მოგახსენეთ მისი ჩამოგდების საწინააღმდეგო ჩემი დასაბუთებანი!

_ ატომური ბომბის ჩამოგდების?

მახე დაგებულია. ოპენჰეიმერი დაიღალა წინააღმდეგობის გაწევით.

_ დიახ!

ტკაც! _ და მახე დაიკეტა. იულიუს რობერტ ოპენჰეიმერმა, ატომური ბომბის მამამ, თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი. ორმა მრეწველმა და ერთმა პროვოკატორმა გამოიტანეს გადაწყვეტილება: 1. დოქტორ ოპენჰეიმერის ქცევა და მისი კავშირები წარმოადგეს უშიშროების სისტემის მოთხოვნათა სერიოზული იგნორირების გამოვლინებას; 2. ჩვენ ეს მიგვაჩნია მის სუსტ ადგილად. მსგავსი განწყობილებანი ქვეყნის უშიშროების სისტემას ასუსტებს.

პროფესორი ივენსი წინააღმდეგი იყო. მან განაცხადა:

_ აქ ასამართლებენ განწყობილებას და არა გადაცდომებს.

პროცესის მსვლელობისას, 22 აპრილს, ოპენჰეიმერს 50 წელი შეუსრულდა. “მადლიერმა” სამშობლომ ოდნავ დაგვიანებით აღნიშნა მისი იუბილე, “ეროვნული მოღალატის” ტიტული მიანიჭა მას.

რას იზამ, ეს არაფრით ჩამოუვარდება ეროვნული გმირის წოდებას.

მე ვიამაყებდი.

ამის შესახებ ვეუბნები ლარის.

ჰარბერტი მარწმუნებს:

_ ყველაფერი მოგვარდება, კლოდ. ჩვენ კიდევ დავლევთ შენი წარმატებების სადღეგრძელოს.

_ ძვირფასო ექიმო, არ არის საჭირო ეს ფსიქოთერაპია!

ვიცინი, ისეთ სახეს ვიღებ, თითქოს არ ვსაჭიროებ ნუგეშისცემას, მაგრამ ძნელია ლარის მოტყუება.

_ დარწმუნებული ხარ შენს თავში? _ მეკითხება იგი.

_ რა თქმა უნდა! _ ვპასუხობ გაზვიადებული მხიარულებით.

ვერ ვურიგდები დამარცხების შესახებ აზრს. აირინი წერს: “როცა გაგიჭირდება, გაიხსენე, კინაღამ რომ ჩამოგაგდეს ნორმანდიაში. შენ მეუბნებოდი, რომ თქვენ გადარჩენის ასიდან ერთი შანსი გქონდათ, მაგრამ თქვენ გადარჩით. ნუთუ შენ იმდენად შეიცვალე, რომ მზადა ხარ კრიტიკულ წუთებში მხნეობა დაკარგო?”

აირინი ამარტივებს. ჩვენი “B-29”-ის ქვემეხები “მესერშმიტების” ქვემეხებს დაუპირისპირდნენ; ჩვენი ნებისყოფა გერმანელი პილოტების ნებისყოფასთან ჩაება ბრძოლაში; ოსტატობა ებრძოდა ოსტატობას. ეს იყო პატიოსანი ბრძოლა. გაიმარჯვა იმან, ვინც ოდნავ უფრო ზუსტად იბრძოდა, ოდნავ უფრო შეუდრეკელი და მარჯვე იყო… მაგრამ მოზრდილთაგან ვის მოუვა თავში აზრად, იზეიმოს ბავშვზე გამარჯვება?

ადამიანი და სასამართლო. დავითისა და გოლიათის ორთაბრძოლა, როდესაც დავითი უშურდულოდ იბრძვის.

ვცდილობ, ლარის ავუხსნა ეს; მას პასუხი უკვე მზად აქვს:

_ ამერიკაში არ არის ჰიტლერის საიდუმლო ტრიბუნალები.

მაინც კარგია, რომ ლარი გვერდითაა.

მასთან ერთად უფრო იოლია.

_ გინდა, ნემსს გაგიკეთებ? _ მეკითხება ლარი, _ ერთხელ შეიძლება.

_ გმადლობთ, მორფიუმის გარეშეც გავძლებ.

ვერ ვიტან ნემსებს. მეშინია მათი, როგორც ბავშვებს გომბეშოსი; არც ისე მტკივნეულია, მაგრამ საზიზღრობაა. ბარკერმა შეამჩნია ეს და დაუყოვნებლივ გამომიწერა ამინაზინი. ამინაზინისგან დუნდულები დამისივდა და ბზასავით მაგარი გახდა. ყოველდღე დავდივარ გასათბობად _ სხვაგვარად შეუძლებელია წოლა.

დერეფანში ჯოკი ავადმყოფებს იძახებს.

_ სკოტი, ლოუსონ, ასტორ…

მცირე დაყოვნების მერე:

_ მისტერ ემრიჩ!

უნდა წავიდე. ულტრამაღალი სიხშირის თერაპია არა მარტო ტკივილების შემსუბუქებაა, არამედ რამდენადმე გართობაცაა. საავადმყოფოს ერთ ციცქნა სამყაროში ისეთი რამ, როგორიცაა გასეირნება ან სპეციალურ კაბინეტში სიარული, იძენს საერთაშორისო მოვლენების ხასიათს. ისეთი იღბლიანები, როგორიც ასტორია, ახერხებენ დღეში სამჯერ-ოთხჯერ მოგზაურობას ყველანაირ ონკოლოგებთან, ოტოლარინგოლოგებთან და ფტიზიატრებთან. ჩემთვის ეს მიუწვდომელია: ბარკერმა და გორდონმა ჩემზე ნაკლებად როდი იციან სპეციალისტებთან სიარულის ნამდვილი მნიშვნელობა და ერთხელ და სამუდამოდ ამოიღეს ჩემი გვარი იმ პირთა სიებიდან, რომლებიც გასინჯვებზე იყვნენ განწესებული. მაგრამ ულტრამაღალი სიხშირის თერაპიის წინააღმდეგ მათ არაფრის თქმა არ შეუძლიათ _ შეთბობა ესაჭიროება ყველას, ვისაც ამინაზინით აწამებდნენ.

გზად იზოლატორის საჭვრეტელში ვიხედები.

ჯო ჯერ კიდევ დამაწყნარებელ პერანგშია.

ყოველი შემთხვევისთვის ვეძახი:

_ ჯო!

ის კარს უყურებს, მაგრამ აშკარად ვერ ხვდება, ვინ ეძახის. კვნესის:

_ ოო… მოაშორეთ მზე!.. ო-ო…

მგონია ვხვდები, რატომაც ეჩენება მზის აუტანელი კაშკაშა ელვარება. ხიროსიმის შემდეგ ის ხშირად მევლინებოდა ჩემს სიზმრებში.

ფიზიოთერაპიის კაბინეტში უხმაუროდ ფუსფუსებს მის ემი _ სანდომიანი არსება იისფერი ქიმიური ტუჩებით. მისი შემყურე ასტორი კმაყოფილებისაგან ბღავის, მაგრამ ემიმ იცის, როგორ უნდა მოექცეს. მეორე წამს ლოიდი უკვე ულტრამაღალი სიხშირის თერაპიის დისკოს ქვეშ წევს, საიმედოობისათვის ღვედებით დაბმული, როგორც საგზაო ჩემოდანი.

_ მარჯვედ ახერხებთ, _ ვამბობ.

ემი მკაცრია.

_ მისტერ ემრიჩ…

არცთუ სასიამოვნოა ახალგაზრდა გოგონას თანდასწრებით პერანგის ამხანაგისამარა წოლა, მაგრამ რას იზამ. ვწვები. ემი ხელსაწყოს რთავს. ის წყნარად ზუზუნებს, სითბოს აფრქვევს.

ემი ყველას აწვენს და თავის მაგიდასთან ჯდება. შლის ლამაზყდიან ჟურნალს.

_ საინტერესოა, ემი?

_ ძალიან. ეს მიკი სპილეინია.

_ რომელი სერია?

_ ალაბამის საიდუმლოებანი. მასში ტრაქტორით ჭყლეტენ ქალს.

_ ჰოო… ალბათ, კარგი გასართობია…

_ მერე როგორი! _ ამბობს ემი და კითხვაში ეფლობა. საათი რიტმულად წიკწიკებს.

ასტორი ცქმუტავს დისკოს ქვეშ. საცოდავად იძახის:

_ ცხელა!

ემი დაყრუვდა. მიკი სპილეინმა შთანთქა მისი ყურადღება. ჯერ კიდევ ვერ წავსულვართ შორს იმ ველურებისაგან, ნათესავთა ხორცით რომ ტკბებიან-

მის ემი თვრამეტი წლისაა.

თვრამეტი წლისა იყო ფრედ მაკნამუსიც, რომელიც ელექტროსკამზე დაჯდომამდენიუ იორკ ჯორნელშიწერდა: “29 მარტის ღამეს ფულის შოვნის მიზნით მოვკალი ორი უცნობი. 30 მარტის ღამეს იმავე მიზნით მოვკალი კიდევ ორი უცნობი. 28 მარტის ღამეს გავაჩერე შავწითელიპლიმუტი”. პატრონი გასროლით მოვკალი, როცა უარი მითხრა მანქანის მოცემაზე. ყველა ეს მკვლელობა ჩავიდინე ჩემი ცოლის, ანუ იმ ქალისაგან ფარულად, რომელსაც ჩემს ცოლად ვთვლი, უფრო ზუსტად, როცა მას ეძინა”.

მაკმანუსის “ცოლი”, დიანა ვეგელენდი, 16 წლისა იყო.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here