Home რუბრიკები ისტორია გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

გეორგიევსკის ტრაქტატი _ რა ისტორიულ-პოლიტიკურმა მიზეზებმა უბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით

1079

1783 წლის 3 აპრილი. სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტის, გენერალანშეფის, უგანათლებულესი თავადის .. პოტიომკინის ორდერი კავკასიის კორპუსის სარდალს გენერალპორუჩიკ .. პოტიომკინს ქართლკახეთის მეფის ერეკლე II-ის სრულუფლებიან წარმომადგენელებთან მოლაპარაკების წარმართვისა და ტრაქტატის დადების წესის შესახებ

საიდუმლოდ ბატონ გენერალპორუჩიკსა და კავალერ პოტიომკინს

მისმა იმპერატორებითმა დიდებულებამ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ეს მისი დიდებულებისადმი წარდგენილი თხოვნის თანახმად, რომელიც ეხებოდა მისი (ერეკლე II-ის) მისი (ეკატერინე II-ის) უმაღლეს მფარველობაში გადასვლას, უმოწყალესად მიბრძანა დავდო მასთან ტრაქტატი… გამომდინარე იქიდან, რომ მე ავარჩიე თქვენი აღმატებულება ამ საქმის აღმასრულებლად და (ტრაქტატის დასადებად) მოგამაგრეთ პოდპოლკოვნიკი, ბატონი ტამარა (ვასილი სტეფაძეს ძე ტომარა, რუსი სამხედრო მოღვაწე და დიპლომატი), სახელმძღვანელოდ გაძლევთ შემდეგ დარიგებას.

1. თანდართულ წერილში მეფე ერეკლეს ვაცნობებ მისი იმპერატორებითი დიდებულების მოწყალებითს გადაწყვეტილებას, ერეკლე II-ის მიერ შეთავაზებული ხარკის მისსავე პირად სარგებლობაში დატოვების შესახებ, და რომ აღჭურვილი ვარ მასთან ტრაქტატის დადების უფლებით, რომლის ასლსაც მას ვუგზავნი. ვაცნობებ აგრეთვე, რომ თქვენს აღმატებულებას გადავეცი უფლება, დადოთ მასთან ტრაქტატი.

შევთავაზე გამოგზავნოს თავისი წარმომადგენლები იმ ადგილზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ და გადასცემთ აღნიშნულ პაკეტს.

2. ადგილის დანიშვნისა და უფლებამოსილთა ჩამოსვლისთანავე თქვენს აღმატებულებას ვთხოვ შეუდგეს მათთან ერთად ტრაქტატისა და თანდართული სეპარატული არტიკულების დადებასა და ხელმოწერას. გამორიცხულია, რომ აქ რაიმე დაბრკოლებას წააწყდეთ, რადგან მეფის ყველა თხოვნა დაკმაყოფილებულია და მისთვის იმაზე მეტია გაკეთებული, ვიდრე მას სურდა. ტრაქტატზე ხელმოწერის დროს მეფისგან უფლებამოსილებმა ხელი უნდა მოაწერონ მეფისა და მისი მემკვიდრეების ფიცის ნიმუშს, რომლითაც ისინი აღიარებენ მათზე რუსეთის ხელისუფლების აღმატებულებას.

3. რაც შეეხება ტრაქტატის ფორმას, გაცნობებთ, რომ იგი ყოველთვის იწერება ალექსანდრის ქაღალდზე (ძვირად ღირებული ქაღალდი, რომელსაც იმ დროს სახელმწიფო დოკუმენტების შედგენისას იყენებდნენ; აქვე მითითებულია, დოკუმენტის შედგენის დეტალები და უფლებამოსილთა მიერ ხელმოწერილი ტრაქტატის ეგზემპლარების გაცვლის წესი).

4. მის დიდებულებას სურს, რათა ამ მნიშვნელოვანი და რუსეთის იმპერიისთვის სასარგებლო საქმის კვალზე ქართლისა და კახეთის მეფის მაგალითს მიბაძოს იმერეთის მეფე სოლომონმა, რომლის განწყობილება უკვე ეთანხმება მისი იმპერატორებითი დიდებულების ნებას. მაგრამ ოსმალეთის იმპერიისადმი მისი ერთგვარი მიდრეკილება გვაიძულებს, თავი შევიკავოთ ამ ქმედებისგან; სანამ არ შეიქმნება ხელსაყრელი გარემოება, არ უნდა უარვყოთ ყველაფერი ის, რაც კი ხელს შეუწყობს იმერეთის მფლობელისა და მისი ქვეშევრდომების რუსეთის ტახტისადმი ერთგულებას. მე ვაცნობებ მას უმაღლეს მფარველობაში ერეკლე მეფის მიღებას და იმედს გამოვთქვამ, რომ სარგებელი, რომელიც ამით მოიპოვება მეფე ერეკლემ, საკმარისად წააქეზებს სოლომონს ისურვოს მისი (ერეკლეს) თანაზიარი ხვედრი.

ტრაქტატის დადებისა და ამრიგად იმ ყველაფრის განხორციელების შემდეგ, რაც თქვენ გქონდათ დაკისრებული, დაუყოვნებლივ გამომიგზავნეთ ხელმოწერილი ტრაქტატი და თქვენი გამოწვლილვითი პატაკი, და ამ დეპეშის ჩემთან მოტანა ანდეთ ბატონ პოდპოლკოვნიკ ტამარას.

თავადი პოტიომკინი, აპრილის დღე მესამე, 1783 წლისა

შენიშვა: მიღებულია მაისის 6-, 1783 წლისა.

1783 წლის 9 მაისი. კავკასიის კორპუსის სარდლის გენერალ-პორუჩიკ პ.ს. პოტიომკინის წერილი იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს, ქართ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის რუსეთის მფარველობაში მიღებისა და იმერეთსა და ქართლ-კახეთს შორის კავშირის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ

იმერეთის უგანათლებულეს ხელმწიფეს სოლომონ მეფეს

თქვენს უგანათლებულესობას ვაახლებ მისი უგანათლებულესობის თავად გრიგორი ალექსანდრეს ძე პოტიომკინის წერილს. საიდანაც შეიტყობთ, რომ ქართლკახეთის მეფე ერეკლე, მისი თხოვნისა და სურვილის თანახმად ხდება რუსეთის იმპერატორებითი ტახტისადმი დამოკიდებული და მიღებულია მისი მფარველობის ქვეშ, და რომ მისი იმპერატორებითი დიდებულების კეთილგანწყობით მისი სახლი და სამეფო დაცული იქნება ყველა იმ ხალხისგან, რომლებიც კი გაბედავენ მათს დაჩაგვრას ან შეურაცხყოფას. გულწრფელად გისურვებთ, რომ ამ გარემოებებმა გაგიკვალოთ გზა და თქვენმა უგანათლებულესობამ ისარგებლოს ასეთივე უპირატესობით და გფარავდეთ მტკიცე ფარი უძლეველი და გულუხვი ეკატერინესი.

მისი იმპერატორებითი დიდებულების უზენაესი ნებაა, რომ თქვენი უგანათლებულესობა და საქართველოს მეფე მარადჟამს იყოთ ერთმანეთს შორის უწყვეტ და კეთილ კავშირში. ვალდებულება მაკისრია გაცნობოთ იმპერატორის კარის ეს ნება და შევახსენო იგივე მის უგანათლებულებას მეფე ერეკლეს.

ამ წერილის მომრთმევი ბატონი პოლკოვნიკი ტამარა თქვენს უგანათლებულესობას განგიმარტავთ დანარჩენ საქმეებს, მე კი, ჩემის მხრივ, გიდასტურებთ ჩემს ჭეშმარიტ პატივისცემას, დავშთები მარად”.

1783 წლის 4 ივნისზე უადრეს. ხერსონის პიკინერის პოლკის პოდპოლკოვნიკ ვ.ს. ტომარას (ტამარას) პატაკი კავკასიის კორპუსის სარდალს, გენერალ-პორუჩიკ პ.ს. პოტიომკინს ქართლ-კახეთის მეფის _ ერეკლე II-ის კარზე განწყობილებებისა და ქართული დელეგაციის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულების დასადებად მზადების შესახებ

“მაქვს პატივი მოვახსენო თქვენს აღმატებულებას, რომ თქვენი დავალების თანახმად გავემგზავრე მოზდოკიდან ამა წლის 11 მაისს, მაგრამ გზაზე შეჩერებისა და მდინარე თერგზე გადასვლის დაბრკოლებების გამო იძულებული გავხდი მცველთა რაზმის ნაწილი და ცხენები სრულად უკან გამებრუნებინა, ამიტომ თბილიში 18-ში, მოზდოკიდან გამომგზავრების მხოლოდ მერვე დღეს ჩავედი.

მეფე ერეკლეს დამოკიდებულების შესახებ შეთავაზებული ტრაქტატისა და იმპერატორის კარისადმი განწყობილების შესახებ იმაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, რაც თქვენი აღმატებულებისთვის ცნობილი იყო. ჩვენი მხრიდან მისთვის შეთავაზებულ ყველა პირობას იგი უსაზღვრო თანხმობით იზიარებს, რის გამოც ყველა საქმე, მით უფრო, ისეთი, როგორიც ამჟამინდელია და მისთვის სასარგებლოა, უსწრაფესად უნდა განხორციელდეს. მაგრამ ამის სანაცვლოდ წავაწყდი უკიდურესად წარმოუდგენელ სიზანტეს. ამას ხელს უწყობს, უწინარეს ყოვლისა, სრული და საყოველთაო არცოდნა იმ წესისა, რომელიც სახელმწიფო ხელშეკრულებების დადების დროს სრულდება. ამდენად, უფლებამოსილების შედგენა და მომდევნო ფორმალობების თითოეული სიტყვა საჭიროებს საყოველთაოდ ცნობილი განმარტებების კვლავ და კვლავ გამეორებას. ამასთან, ამ მხარის ხელმწიფეთა მიერ ნასაზრდოები უნდობლობა ქვეშევრდომებისადმი და ნათესავების მიმართადაც კი, აიძულებთ უფლებამოსილთა არჩევისა და თუნდაც ერთი საჭირო ფორმის მოძებნისა და შეთანხმებისთვის, უწინარესად, გამოიცნონ სხვათა აზრი, რადგან ეშინიათ ისეთი გამონათქვამების, რომელთა გამოც არაერთხელ დაზარალებულან.

თქვენი დროის პატივისცემის გამო, დაწვრილებით არ გატყობინებთ იმ მიზეზებს, რომლებმაც დამაყოვნეს დღემდე. ხვალ მივემგზავრები იმერეთს სოლომონთან და მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ორ კვირაში საბოლოოდ იქნებიან დასახელებული უფლებამოსილები. ორ კვირაშივე მომზადებული იქნება ყველაფერი საიმისოდ, რაც მათი ჩემთან ერთად იმერეთიდან გამგზავრებისთვის იქნება საჭირო. თბილისში ჩასვლას დავეთანხმე იმიტომ, რომ იქაური გზების მცოდნე ყველა ადამიანი, მათ შორის, ბატონი დოქტორი რეინეგსიც, რომლებიც რამდენიმე დღეში თქვენს აღმატებულებასთან უნდა გამოემგზავრონ, ირწმუნებიან, რომ წლის ამ დროს პირდაპირი გზა იმერეთიდან მოზდოკში ჩაკეტილია, და რომ მეფე ერეკლეს, ოგორც ჩანს, სურს, რათა მისი სრულუფლებიანი წარმომადგენლებიც ჩემთან ერთად გამოემგზავრონ, რაც უზრუნველჰყოფს დანიშნულ დროეზე მათ ჩამოსვლას.

თქვენი აღმატებულების მითითებების აღსასრულებლად, მის უგანათლებულებას მეფეს ვთხოვე, რათა გზად სტეპანც-მინდიდან (სტეფანწმინდიდან), _ ან კაზიბეკიდან (ყაზბეგიდან), საიდანაც მისი სამფლობელო იწყება და მის სხვა მიწებზე თბილისამდე, უზრუნველჰყოს საჭირო სურსათით მებრძოლთა გუნდი, რომელიც ტრაქტატის ვალდებულებათა თანახმად თბილისს მიემგზავრება. (მან) რამდენჯერმე დამარწმუნა, რომ სურსათი თქვენს მიერ მითითებული ოდენობით დამზადებული იქნება იმ მიწებზე, სადაც ჯარი განლაგდება, ასევე, გზის გაყოლებით მდებარე და ახლომახლო სოფლებში, საიდანაც ყოველდღიურად გუნდს მიაწოდებენ საკვებს ურმებითა და საზიდავებით, ხოლო იქ, სადაც შეუძლებელი იქნება, _ საპალნე ცხენებით. აღნიშნული გუნდი (გზას) კაზი-ბეკიდან თვით დუშეთამდე, რაც ოთხმოცდახუთი ვერსია, ერთობლივად კი არ გაივლის, არამედ დაიყოფა ექვს ნაწილად, რაც, ვგონებ, იმ ადგილების მოთხოვნილებას უპასუხებს, რომელიც ჩემი მგზავრობის დროს უძნელესად მეჩვენა… სტეპანცმინდიდან კობამდე მანძილი ძალიან ძნელი გზის სულ ცოტა 25 ვერსია ორი გადასასვლელით მდინარე თერგზე, რამდენიმე ღრმა ნაკადულის ჩაუთვლელად და კაზიბეკიდან თვით კობამდე 5 ვერსის ზევით, ანუ 20 ვერსის მანძილზე, ვერ ვნახე ადგილი, ერთ ასეულს შეძლებოდა დაბანაკება.

მეფესთან საუბრებში ყოველნაირად ვცდილობდი თქვენი მითითებების თანახმად გამეგო მისი (ერეკლე II-ის) აზრი მისი ექვს ვაჟის მემკვიდრეობითობის შესახებ, ბერის (უფლისწულ თეიმურაზის, ბერობაში ანტონის) ჩაუთვლელად. დღეს არავითარი საშიშროება არ არის, რომ მან თავისი სამეფო ექვს ნაწილად დაჰყოს. პირიქით, მან ერთხელ მითხრა, რომ ეს მავნე ჩვეულება მათთან დიდი ხანია, რაც აღმოფხვრილია.

დანარჩენ ცნობებს, რომლებიც თქვენს მიერ მქონდა დავალებული, მოვამზადებ იმერეთიდან ჩემი ჩამოსვლის შემდეგ…

შენიშვნა: ორიგინალთან შედარებული და დამოწმებულია ტომსკის პოლკის კვარმაისტერის მიხაილ მარკოვის მიერ”.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here