Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: ლენინგრადის ბლოკადის დროს რუსმა ხალხმა არნახული გმირობა გამოიჩინა. უზრდელი და...

ვალერი კვარაცხელია: ლენინგრადის ბლოკადის დროს რუსმა ხალხმა არნახული გმირობა გამოიჩინა. უზრდელი და გაუნათლებელია, ვინც იმ გმირულ დღეებს აბუჩად აიგდებს

635

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ერთი წლის წინათ ყველა ენთუზიაზმით უყურებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ფიქრობდა, რომ ეს შეზღუდვები რუსეთში გამოიწვევდა ეკონომიკის დაცემას, ხალხი გავიდოდა ქვეყნიდან და ხელისუფლება გამოფხიზლდებოდა. თუმცა ერთი წლის წინათ მინისტრი იმასაც ამბობდა, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომლის მკვიდრნი ლენინგრადის ბლოკადის დროს, 900 დღე, ვირთხებსა და კატებს ჭამდნენ. 

კრიზისი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ისინი გადარჩნენ და გაიმარჯვეს. სწორედ ამ ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ცნება სიდუხჭირისა და ბედნიერების, რაც აქ ამერიკაში გვაქვს, ან საფრანგეთში, ან იტალიაში, არის სრულიად შეუსაბამო და სწორედ ეს არის შეცდომა, რომელსაც ყველა ვუშვებთ”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიისას 2015 წლის 19 აგვისტოს.

ჩვენ გვაქვს თემების წამოწევის მიზეზი. მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში, ეს ეხება თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციები სულერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლებისა და კატების ჭამას (იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადა). ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის სულერთი არ არის, რომელ სამხედროპოლიტიკურ ბლოკში არიან ჩვენი მეზობლები. რა თქმა უნდა, გვაშფოთებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პოზიციას არ შევიცვლით. გეოპოლიტიკური ამოცანები ეროვნული ინტერესების მიხედვით უნდა გადაიჭრას. არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლებაზეა”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და აღნიშნა, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

გრეგორი კარასინის ამ განცხადებას მოკრძალებულად გამოეხმაურა საქართველოს საგარეო მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: “მე არ მჯერა, რომ თინას ეთქვას რაიმე ასეთი ლენინგრადის ბლოკადის შესახებ. ეს მოვლენა იყო გმირობის მაგალითი საბჭოთა კავშირის ერების არაერთი წარმომადგენლისა და ის ისეთივე ხელშეუხებელი და ისეთივე საამაყოა, როგორც ძალიან ბევრი ასეთი გმირობა მრავალი ერის ბრძოლისას ფაშიზმის წინააღმდეგ, ამიტომ მე არა მგონია, რომ თინას ასეთი რამ ეთქვას. 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ ომში. მათ შორის იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც. ეს გმირობის მაგალითები, როგორიც იყო კონკრეტულად ლენინგრადის ბლოკადა, არის საამაყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ამ ერებს წარმოვადგენთ დღეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და მათგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებზე პოლიტოლოგი ვალერი კვარაცხელია გვესაუბრება.

_ ბატონო ვალერი, ბევრი პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში აღშფოთებას ვერ მალავს თავდაცვის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებების გამო. თინა ხიდაშელის შეურაცხმყოფელი განცხადება ლენინგრადის ბლოკადის დროს რუსი ხალხის გმირობაზე რუსეთის საგარეო უწყებამ ცხვირწინ აგვიფრიალა

_ თინა ხიდაშელის საქციელი დაუფიქრებელი, უკულტურო, გაუნათლებელი ადამიანის საქციელია. ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში რუსმა ხალხმა არნახული გმირობა გამოიჩინა. უზრდელი და გაუნათლებელია ყველა, ვინც ამ გმირულ დღეებს აბუჩად აიგდებს, მაგრამ ამაში თინა ხიდაშელი არ არის დამნაშავე, დამნაშავეა საქართველოს ყველა ხელისუფლება, რადგან 25 წელია, საქართველო მხოლოდ რუსეთის შეურაცხყოფით არის დაკავებული _ წლების განმავლობაში მთავრობებმა ხაზი გადაუსვეს იმ დიდ და მართლაც, შეუდარებლად ლამაზ ურთიერთობებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს ჰქონდა.

_ თინა ხიდაშელის ამ განცხადებას გრიგორი კარასინი გამოეხმაურა და რამდენიმე დღეში რუსეთის თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

_ არა მგონია, საჰაერო სივრცის დარღვევა ხიდაშელის განცხადების გამო მომხდარიყო. თურქეთმა თვითმფრინავი ჩამოუგდო რუსეთს და ომი მათთან არ დაუწყია და, მით უმეტეს, თინა ხიდაშელს ამხელა მნიშვნელობას არ მიანიჭებდნენ. კარასინმა კი ნამდვილად გაბრაზებულმა ისაუბრა ამ თემაზე. ქართველი პოლიტიკოსების დაუფიქრებელი საუბრები წვეთწვეთობით ავსებს რუსეთის მოთმინების ფიალას და ორ ერს შორის გაუგებრობასა და დაპირისპირებას აღრმავებს.

_ მართალია, ერთი თინა ხიდაშელი ხელისუფლება არ არის, მაგრამ, როდესაც მის განცხადებებს ქვეყნის მთავრობის მეთაური უპასუხოდ ტოვებს, ამ შემთხვევაში იგულისხმება თუ არა, რომ თავდაცვის მინისტრი მთავრობის პოზიციას გამოხატავს?

_ თინა ხიდაშელი ამ განცხადების გამო აუცილებლად უნდა დასჯილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მან ხმამაღლა თქვა ის, რასაც მთავრობა ფიქრობს. საერთოდ, დიდი შეცდომა და დიპლომატიური სიბეცეა, როდესაც ერთი რომელიმე სახელმწიფო მეორეს ასე შეურაცხყოფს. ეს არავის უნდა შერჩეს, ამ შემთხვევაში დანაშაული თავდაცვის მინისტრმა ჩაიდინა და, თუ მას მთელი ხელისუფლება არ ემხრობა, მაშინ თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინათ ან ბოდიში მაინც მოეხდევინებინათ მისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა რაღაც ბოდიშის მაგვარი კი ამოილუღლუღა, მაგრამ ასეთი ბოდიში შეცდომაზე უარესია. მის განცხადებას გულწრფელობა აკლდა და არ ჩანდა, რომ ხელისუფლების პირით საუბრობდა. ხიდაშელის ყველა განცხადება დამანგრეველია ქვეყნისთვის.

_ საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლების ასეთმა მიდგომამ რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს?

_ რუსეთთან უხეშ საუბარს ძალიან დიდი და ძლიერი სახელმწიფოებიც ვერ ბედავენ. ევროპისა და აზიის უდიდესი სახელმწიფოები ითვალისწინებენ, ვისთან აქვთ საქმე. სამწუხაროდ, საქართველო ამას არ აკეთებს, რაც გვეტყობა კიდეც. ჩვენი სახელმწიფო სამ ნაწილად არის დაყოფილი, მაგრამ ისეთი სახე გვაქვს, თითქოს სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ, თითქოს ჩვენი იურისდიქცია ყველგან ვრცელდება. არადა, საქართველო არის დანაწევრებული ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებებს თვითონ ვერ იღებს და ყოველ ნაბიჯზე კარნახობენ, რა თქვას და მოიმოქმედოს. ჩვენი მთავრობა ამერიკის მიერ, ამერიკის ელჩის ხელით იმართება.

25 წელია, უგუნურ პოლიტიკას ვატარებთ, ამიტომ ვერ შევძელით რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. საქართველოს დაშლის პროცესი დაწყებულია, მაგრამ დამთავრებული _ არა. ასე თუ გაგრძელდა, საქმე ძალიან ცუდად წაგვივა. ხელისუფლების მიდგომები ძირფესვიანად შესაცვლელია.

_ საქართველოს დიდი საფრთხე ემუქრებაისლამური სახელმწიფოსგან”, თუ რუსეთმა ბოლომდე იბრძოლა და ტერორისტული სახელმწიფო დაშალა, ბევრი ტერორისტი თავშესაფრის ძებნას საქართველოში ეცდება. ვინ დაიცავს საქართველოს მოსალოდნელი საფრთხისგან _ ნატო?

_ ნატო თავის თავს ვერ იცავს, რადგან ნატოსდირექტორი” _ ამერიკა, თვითონვე არის ტერორისტული სახელმწიფოს შემქმნელი და მკვებავი. რამდენიმე ხნის წინათ რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ დაადანაშაულა თურქეთი _ ნატოს წევრი ქვეყანა, რომ ის “ისლამური სახელმწიფოს” ნაქურდალ ნავთობს ატარებს თავის ტერიტორიაზე და გააქვს მსოფლიო ბაზარზე. ვლადიმერ პუტინმა ფაქტები გამოამზეურა, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონია. ეს ტერორისტებთან თანამშრომლობაა.

ამერიკამისლამური სახელმწიფოისე შექმნა, როგორც საერთაშორისო დანიშნულების მქონე სტრატეგიული იარაღი. ტერორისტული სახელმწიფო ბირთვული იარაღის საპირწონედ შექმნეს, რადგან ბირთვული იარაღი დამანგრეველია და მისი გამოყენება არავის სურს. “ისლამური სახელმწიფოსშექმნით ამერიკელებმა კაცობრიობის ისტორიაში არნახული და გაუგონარი რამ ჩაიდინეს _ ტერორისტებს სახელმწიფო შეაქმნევინეს.

ეს მონსტრი ჩვენს ქვეყანასაც ემუქრება, ტერორისტებს საქართველო საკუთარ ვილაიეთად აქვთ გამოცხადებული. მხსნელი მხოლოდ რუსეთია, მხოლოდ მას შეუძლიაისლამური სახელმწიფოსბედის გადაწყვეტა.

საქართველოს ხვალინდელი დღე რუსეთის სიძლიერესა და მის გამარჯვებაზეა დამოკიდებული.

_ და, თუ ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს რუსეთის ისეთ შეურაცხყოფას, როგორიც თინა ხიდაშელმა გაბედა, როგორ ფიქრობთ, გვერდით დაგვიდგებიან?

_ თუკი რუსეთი იგრძნობს, რომ უარყოფითი იმპულსები, რომლებიც საქართველოდან მიდის, არის გარედან თავსმოხვეული და საქართველოს მოსახლეობა ასე არ ფიქრობს, რა თქმა უნდა, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი შეიცვლება. მეზობელ ქვეყანას უამრავი ბერკეტი აქვს, რომ ჩვენ მათი დამანგრეველი შედეგები ვიწვნიოთ, ამისთვის ომი აუცილებელი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ აკეთებს. რუსეთმა იცის, რომ ქართველი ხალხის დამოკიდებულება მათდამი არ ემთხვევა ხელისუფლების თვალსაზრისს.

_ ბატონო ვალერი, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, თინა ხიდაშელის უაპელაციო განცხადებებმა ომში ჩაგვაბას? ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი და მისი გამომწვევი მიზეზები.

_ არა მგონია, ხიდაშელის განცხადებების გამო რუსეთმა ომი დაგვიწყოს, მაგრამ ცუდია, რომ ხელისუფლებაც ასე ფიქრობს. ამას ხიდაშელის დაუსჯელობა მალაპარაკებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავისი მომზადების დონით, ინტელექტით, მეტყველებით და თუნდაც ჟესტიკულაციით არანაირად არ შეეფერება მინისტრის თანამდებობას. თინას არ აქვს ის განათლება, რომ მინისტრის პორტფელი ჰქონდეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ხიდაშელის სიტვები შეიძლება გაიგო სხვანაირადაც და ჩემი აზრით იმ სხვანაირ აზრს გულისხმობდა ის! რუსები არ შეუშინდებიან ეკკონომიურ კრიზისს, თუ დასჭირდათ ისევ შეჭამენ კატებს და ძაღლებს მაგრამ არ გატყდებიან. ასე რომ ამ გზით მათზე ზემოქმედება უსარგებლოა! მგონი ამის თქმა უნდოდა მას

  2. ეს ქალი საქართველოს სირცხვილია_ შინ და გარეთ.მთავრობა კი,რომელიც ამისთანა გამოხტომებზე ხმას არ სცემს და არ გადააყენებს,კიდევ უფრო მეტი სირცხვილია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here