ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხისა და შემადგენლობის ნორმების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. ამას ითვალისწინებს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, იმპორტი ისეთი ბენზინისა და დიზელის საწვავისა, რომლის ხარისხიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით, ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოება, რომლის ხარისხიც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარის ოდენობით, ხოლო ასეთი ბენზინისა და დიზელის საწვავის შენახვა, განთავსება ან მიწოდება გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.