Home რუბრიკები საზოგადოება ასე იცხოვრა ეროსიმ…

ასე იცხოვრა ეროსიმ…

661

ბავშვობისდროინდელი განუმეორებელი განცდა: სოფელს ბინდი ეპარება, ფერდებამოვსებული საქონელი ნებიერი ბღავილით ბრუნდება სამწყემსურიდან, შარვალდაკოტავებული ბიჭები, ფეხბურთის თამაში ესესაა რომ დავამთავრეთ, ეზოში, კოინდარზე ვყრივართ და მოუთმენლად ველოდებით ნამდვილი ფეხბურთის დაწყებას. რამდენიმე წუთიც და რადიომიმღებიდან სანუკვარი მარშის ხმა ეფინება ეზოყურეს

და ეროსი მანჯგალაძე ომახიანად იწყებს: “ყურადღება, ლაპარაკობს თბილისი, ლაპარაკობს თბილისი, ჩვენი მიკროფონები თბილისის “დინამოს” სტადიონზეა!..” შემდეგ ეროსის ვბაძავდით, ხმას ვიბოხებდით და, თუ ზოგჯერ ეროსი მანჯგალაძეს არ მიჰყავდა მატჩის რეპორტაჟი, გულდაწყვეტილი ვიყავით, რაღაც ეშხი და მარილი აკლდა გადაცემას.

ჰოი, როგორ მინდოდა, გამეცნო ეს ბუხუნა ხმის მქონე კაცი, რომლის ყოველი გამოსვლა რადიოთი ფეხბურთის რეპორტაჟების, რადიოსპექტაკლებისა თუ მხატვრული კითხვის დროს ერთიანად მიმაჯაჭვავდა ხოლმე რადიომიმღებთან.

თბილისში რომ ჩამოვედი, გავიცანი “ცოცხალი ეროსი მანჯგალაძე” ჯერ სპექტაკლებიდან, შემდეგ კი გაზეთ “კომუნისტიდან” გამაგზავნეს მასთან სასაუბროდ. და ბატონი ეროსიც მომიყვა, როგორ გახდა დიმიტრი ალექსიძისა და გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფე, როგორ მოხვდა რუსთაველის თეატრში…

საუბრისას ისიც მითხრა, თეატრის გარდა, როგორ უყვარდა ლიტერატურა, როგორ ჰგვრიდა განსაკუთრებულ სიამოვნებას ილია ჭავჭავაძისა და გალაკტიონის ნაწარმოებების კითხვა… როგორ უყვარდა თავისი უმცროსი დაიკო, და, რომ ერთადერთი, ის შერჩა მის ცხოვრებას.

…გული დაწყვიტა ყველას, შემოქმედებით ზენიტში მყოფი, შემქმნელი დაუვიწყარი სახეებისა სპექტაკლებში: “ჭინჭრაქა”, “ესპანელი მღვდელი”, “დიდი ხელმწიფე”, “გვადი ბიგვა”, “ოიდიპოს მეფე”, “ხანუმა”, “ჩვენი პატარა ქალაქი” და ასე შემდეგ… უზადო შემსრულებელი კინოროლებისა ფილმებში: “წარსული ზაფხული”, “ლონდრე”, “ნატვრის ხე”, “თოჯინები იცინიან”, “ქვევრი”, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, “ვერის უბნის მელოდიები”… და სხვა, მოულოდნელად რომ წავიდა ჩვენგან 57 წლისა.

ბევრს ახსოვს გადაჭედილი რუსთაველის გამზირი ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვის დღეს… ოპერის თეატრიდან გამოსვენებული დიდი მსახიობი ხელით მიასვენეს დიდუბის პანთეონამდე…

განა ასეთ ბედს ყველას ჩუქნის მამაზეციერი?!

რა შეიძლება ვთქვათ ამჯერად მასზე ისეთი, რაც ჩვენი მკითხველისთვის, შეიძლება სიახლე იყოს? მაგალითად, ხომ არ შევეხმიანოთ მის უსაყვარლეს დაიას, ქალბატონ ბელას? იგი ამჟამად ძალზე ხანდაზმულია, მაგრამ, იქნებ, ტელეფონზე რამე-რუმე ჩამაწერინოს… მართლაც, ვრეკავ ვაკეში, ეროსი მანჯგალაძის ბინაში. ყმაწვილის ხმამ მიპასუხა.

_ ვინ ბრძანდებით? _ ვეკითხები.

_ მე ეროსი ვარ!

გამაჟრიალა ტანში…

_ როგორ, ეროსი?!

_ კი, ბელა ბებოს შვილიშვილი _ ეროსი ბალავაძე!..

_ ო…ო…ო…ო… იცოცხლე შვილო, გაგემართლებინოს ეროსი ბაბუს სახელი!.. ეროსი მკარნახობს ქალბატონ ბელას ტელეფონის ნომერს, მეც ვრეკავ, ვეცნობი, ვთხოვ, ერთი-ორი სიტყვა მითხრას თავისი სახელოვანი ძმის შესახებ და ისიც იხსენებს ზოგიერთ ეპიზოდს.

* * *

_ სამი დედმამიშვილი ვიყავით _ რეზო გვყავდა უფროსი ძმა მე და ეროსის… ეროსი ჩემზე 4 წლით იყო უფროსი…

_ რა პროფესიის ბრძანდებით, ქალბატონო ბელა?

_ უნივერსიტეტი დავამთავრე, ფსიქოლოგი ვარ… ძალიან ტრავმირებული ოჯახი გვქონდა… ერთ წელიწადს მშობლებმა ბავშვები ბებიასთან წაგვიყვანეს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში. რაღაც ბედად, დედა მწიფე ბალის ხეზე ავიდა, ტოტი მოუტყდა, ჩამოვარდა, საშინლად დაიმტვრა და 26 წელი ლოგინში გაატარა… ულამაზესი რაჭველი ქალი იყო, დიდ პატივს სცემდა სამსახიობო ხელოვნებას და ეროსის სწორედ მან დააძალა, სამსახიობოზე ჩაბარება… უფროსი ძმა _ რეზო 1940 წელს ჯარში გაიწვიეს, წავიდა და წავიდა… მამა ცნობილი ეკონომისტი იყო… გამოიარა პატიმრობა, 30-იანი წლები გაუხსენეს… მოკლედ, ასე ვიყავით სევდიან-დარდიანები… ეროსი გვართობდა ცოტას… აღარ იცოდა, ჩემთვის როგორ ესიამოვნებინა. ძალიან მგრძნობიარე, თბილი გულის პატრონი იყო. უკვე მოგვიანებით, ცნობილი კაცი რომ გახდა, მოვიდოდა ჩვენთან და პირველად იმას იკითხავდა _ ვინმე ჩვენიანს ხომ არაფერი უჭირსო. ბლოკნოტი ჰქონდა და მასში ინიშნავდა ჩემი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის საკეთებელ საქმეს…

_ ვიცი, რომ უამრავი მეგობარი ჰყავდა და მათთან დროსტარებაც უყვარდა

_ ვაკეში ყოველდღეს სავსე იყო მისი ბინა… დიასახლისი ხშირად მე ვიყავი… თვითონ ცოტ-ცოტას სვამდა. ახალგაზრდობაში კუჭი გაუსკდა და ბეწვზე გადარჩა… ჩემს შვილიშვილებს დაუტოვა ვაკეში ბინა… ეროსი და ირაკლი ბალავაძეები სტუდენტები არიან… კარგი ბიჭები…

_ თავად ვერ შექმნა ოჯახი

_ ძალიან უყვარდა ლენა ყიფშიძე გადავუხადეთ ქორწილი. სულ სამი თვე იცხოვრეს ერთად… დაცილდნენ რატომღაც. მერე აღარავინ შეურთავს… ძალიან გულნატკენი იყო. ეტყობა, ბედ-იღბალი მთლად არ სწყალობდა ჩემს ძამიას…

_ საერთოდ, გულნატკენი წავიდა, ქალბატონო ბელა, არა?..

_ კი… თეატრში მოხდა რაღაც… უკვე ქვეყანამ იცის და აღარ გვინდა მასზე ლაპარაკი…

_ თქვენი ნებაარა თქმა უნდა, მისი ყველა როლი გეყვარებათ, მაგრამ თუ გამოარჩევთ მაინც რომელიმეს?..

_ მართლაც ყველა როლი ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ გვადი ბიგვას მაინც გამოვარჩევ!..

_ უღრმესი მადლობა, ქალბატონო ბელა!.. ბოდიშს გიხდითდაგღალეთ!..

_ მადლობა თქვენ, ჩემი ეროსი რომ გაიხსენეთ!..

_ იცოცხლეთ!..

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/burchuladze-da-saaka.jpg

ასე ცხოვრობს ბურჭულაძე

ახალგაზრდა, ნიჭიერ და უკვე აღიარებულ ქართველ ბანს _ პაატა ბურჭულაძეს, რომელიც ევროპაამერიკის ქვეყნებში მიემგზავრებოდა საგასტროლოდ, გზა დავულოცე, წარმატებები ვუსურვე და, მართლაც, ისე ყველაფერი კარგად აგვიხდეს, რა სახელდიდებაც პაატამ უცხოეთის საოპერო თეატრებში თავისი გამოსვლებით მოიპოვაეს დაახლოებით 35 წლის წინათ იყოისე მოხდა, რომ მას შემდეგ, როგორც ჟურნალისტი, აღარც შევხვედრივარ, სტრიქონიც აღარ დამიწერია მასზეგულით მიხაროდა, მის სასიკეთო მამულიშვილობას რომ ვხედავდი და ვისმენდი

რატომ გადავედი წარსულ დროში?.. აგერ, გუშინ, გუშინწინ არ იყო ეს ყველაფერი?!

ჰაი, ჰაი, რომ იყო!.. იყო, სანამ პაატას პოლიტიკაში ჩართვა მოუნდებოდა და სანამ თავისი პარტიის თუ გაერთიანების შექმნას გადაწყვეტდა…

“რამ გადარია ამხელა ხელოვანი, უბრალო ხალხის დასახმარებლად შემართული პიროვნება-მეთქი”, _ ვფიქრობდი ჩემთვის. თურმე, არ დაიცდი? პაატა ბურჭულაძე უკვე “საქმეში” ყოფილა გასული, მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, საქართველოს ამშენებელი მიხეილ სააკაშვილიც კი საუბრობს თავის “მარჯვენა ხელთან” _ ზურაბ ადეიშვილთან, საუბრობს კიევში, სადღაც რომ მიდიან მანქანით ეს ორნი.

ნეტა, არ წამეკითხა უკრაინული “ვიკილიქსის” ეს ჩანაწერი, ნეტა, არ წამეკითხა ეს ადგილი:

მიხეილ სააკაშვილი: _ შენ ბურჭულაძეზე მითხარი, რა ქენით?

ზურაბ ადეიშვილი: _ მაგას ჩვენები მივაბით, მესამე ძალად უნდა ავაგოროთ, ფონდი რომ დაარქვა, ცუდია, გასაპიარებელია! მაგრამ კოალიციის სახეს მივცემთ. შენი დახმარება არის საჭირო, ამერიკელებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

მიხეილ სააკაშვილი: _ ზურა, შენ გააკონტროლე, რა, ეგ საქმე. გირჩა _ მირჩებმა იაქტიურონ ბურჭულაძესთან, ვანო როა, მაჭავარიანის ძმა, ბოჩოლასავით რო ნაბავს თვალებს, გააქტიურდეს ყველა. მერე გააბაზრეთ, რომ ამერიკელების პროექტია და ეგ ძალა მოდის სათავეში, პინგვინა გაფრთხილებულია და ბურჭულაძე მოდის, ესე ილაპარაკეთ ყველგან. პაატას შევპირდი, გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას და “რუსთავი” შენზე იმუშავებს-მეთქი. მაგანაც მთხოვა ამერიკელების მხარდაჭერა, შევპირდი, შენ იაქტიურე და მერე კელი გამოვა და თავისას იტყვის! დიდი მადლობა, ყველაფერს გავაკეთებ, ბატონო მიშა, _ ბარიტონით მითხრა!.. რა გაცინებს შეჩემა!

ზურაბ ადეიშვილი: _ კაი, რა! მაგარი სირია ისე ეგ ტიპი!

მიხეილ სააკაშვილი: _ მოიცა, ეხლა! ღადაობას თავი დაანებე! კაცო, მარგველამ რა თქვა, რაო?

ზურაბ ადეიშვილი: _ მარგველას ბოკერია ელაპარაკება ძმაკაცურად. ახალ წლამდე კი შეგვპირდა უგულავაზე, მაგრამ თავი შეიკავა, სათანადო პოლიტიკური გარემო არის შესაქმნელი და ვერ გავაკეთებო. ვანოსაც შევიწყალებ და სხვასაცო, მაგრამ პოლიტიკური გარემო უნდა შეიქმნასო”.

რა თქმა უნდა, ბევრს ექნება წაკითხული “ვიკილიკსის” ეს მასალა, ახლახან, გაზეთებში. და, დარწმუნებული ვარ, ყველა იფიქრებდა ჩემსავით: ზურაბ ადეიშვილი რომ სირს დაგიძახებს, უკვე კარგადაა შენი საქმე”!

მოკლედ, თქვენი საქმისა, თქვენ იცით, ბატონო პაატა ბურჭულაძევ! ისე, ჩემგან არ გესწავლებათ: ხალხის სიყვარულს გაფრთხილება უნდა!

ვილენ მარდალეიშვილი

1 COMMENT

  1. თუ ნაღდი გურულია, ვერ გაძლებს პოლიტიკისა და პარტიის გარეშე, ვერა. ერთ გურულს ჰკითხეს, კი მაგრამ ანარქისტების პარტიაში მაინც რამ შეგყივანაო და იმან, აბა ჩვენს სოფელში სხვა პარტია არ იყო და რა მექნაო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here