მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა.
13 ნოემბერს პარიზში “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა ტერაქტების სერია მოაწყვეს. დაიღუპა 130-ზეც მეტი ადამიანი.
12 ნოემბერს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. დაიღუპა 40-ზე მეტი ადმიანი, 250-მდე კი დაშავდა.
10 ოქტომბერს თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. ორი აფეთქება დედაქალაქ ანკარაში, რკინიგზის სადგურის რაიონში, სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე განხორციელდა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, 250-მდე კი დაშავდა.
17 აგვისტოს ტაილანდში, ბანგკოკის ტურისტულ ნაწილში, ინდუისტთა ტაძართან ბომბი აფეთქდა, შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, 120-ზე მეტი კი დაშავდა.
20 ივლისს თურქეთში, სირიის საზღვრის ახლოს მდებარე ქალაქ სურუჩში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ბომბი კულტურული ცენტრის შესასვლელთან აფეთქდა, სადაც თურქეთში მცხოვრები ქურთები შეხვედრას მართავდნენ.
17 ივლისს ერაყის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბანი საადში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, როცა ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის, დასასრულს აღნიშნავდა. დაიღუპა 120 ადამიანი.
12 ივლისს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტების სერია განხორციელდა, რის დროსაც რამდენიმე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. გარდა ამისა, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტების სერიას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
1 ივნისს ერაყის პროვინცია ანბარში, სამხედრო ბაზის ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად დაიღუპა 40-მდე სამხედრო, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
18 აპრილს ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ტერაქტების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
2 პარილს კენიის ქალაქ გარისაში ექსტრემისტული დაჯგუფება “აშ-შაბააბის” წევრები უნივერსიტეტთან არსებულ საერთო საცხოვრებელს დაესხნენ თავს. ტერაქტის შედეგად 150-მდე ადამიანი დაიღუპა, 80-მდე კი _ დაშავდა.
20 მარტს იემენის დედაქალაქ სანაში, თვითმკვლელი ტერორისტების მონაწილეობით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ტერაქტების შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა, 345 კი _ დაშავდა.
7 იანვარს იემენის დედაქალაქ სანაში თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტობუსი ააფეთქა. დაიღუპა 50 ადამიანი.