Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

712

ფრედი არ მალავს თავის გრძნობას. ის, საერთოდ, არაფერს მალავს. საგამოძიებო კომისიაში ჰკითხეს: ხარ თუ არა კომუნისტი? მან უპასუხა, სამწუხაროდ, არაო და დაუმატა, რომ ხელს უშლის ბურჟუაზიული წარმოშობა. ის იცავს კომუნისტებს, მონაწილეობს სამოქალაქო თავისუფლებათა დაცვის კავშირის მმართველობაში, “კაშკაშა ვარდისფერისსახელი აქვს და უკვე დიდი ხანია დაკარგა სოლიდური კლიენტურა

_ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია! _ ამბობს იგი ძველმოდური თავმოწონებით.

ფრედის ფრაზები სხარტი და მოქნილია, _ მაშინვე იგრძნობა ადვოკატი. მაგრამ სასამართლოზე იგი ხანდახან ენამახვილობს. უეიკოში ის პირდაპირ მეჯიბრებოდა მოსამართლე ჰეილის წონასწორობიდან გამოყვანის მცდელობაში. სხვათა შორის, იგი საკმაო საბაბს გვაძლევდა ამისათვის. მან მკითხა:

_ მისტერ ემრიჩ, ხომ არ გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ მარტომ ჩაიდინეთ ყველა დანაშაული?

რაც კი შემეძლო, გულუბრყვილო სახე მივიღე.

_ თავისთავად ცხადია, სერ. ბევრნი მეხმარებოდნენ. შემიძლია დავასახელო ყველაზე ცნობილნი.

_ სასამართლო დააფასებს თქვენს გულახდილობას.

_ მაშ ასე, _ ვთქვი მე, _ მეხმარებოდნენ მისტერ ოპენჰეიმერი _ ატომური ბომბის მამა, მისტერ ტელერი _ წყალბადის ბომბის მამა, მისტერ მაკარტური _ ჯარების სარდალი, კონგრესმენი იუჯინ ლი სმიტი _ “დიუპონ დე ნემურისდირექტორი, მისტერ

მოსამართლემ ჩაქუჩი დააბრახუნა.

_ ოცდაათი დღე სასამართლოს უპატივცემლობისათვის!

მაკკორმაკი წამოდგა.

_ პროტესტს ვაცხადებ, თქვენო ღირსებავ! კითხვა ისე იყო ფორმულირებული, რომ მისი გაგება მრავალნაირად შეიძლებოდა. მისტერ ემრიჩი ფიქრობდა, რომ თქვენ ჰიროსიმაზე ეკითხებოდით.

_ სამი დღე სასამართლოს უპატივცემლობისათვის! მოიხდით პროცესის დამთავრებისთანავე.

_ ისევ და ისევ ზარალი, _ მწუხარედ თქვა ფრედმა და კიდევ სამი დღე მიიღო.

_ ეს დონკიხოტობაა, _ ვუთხარი ფრედს შესვენებაზე.

მან მკვახედ მომიგო:

_ დაუტენავი პისტოლეტით საძარცვად სიარული აღარ არის დონკიხოტობა? იმედი გქონდათ, რომ მოგკლავდნენ?

_ ხომ იცით…

_ რა თქმა უნდა, ვიცი. მაგრამ ეს არაა მეთოდი. მიიღო ტყვია პოლიციელისაგან _ ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანაშაულის გამოსყიდვას. ჩემი აზრით, ეს, უბრალოდ, სიმხდალეა. მითხარით, რატომ არ მოაწერეთ ხელი სტოკჰოლმის მიმართვას? შეგეშინდათ?

არა, არ შემშინებია. თვალთმაქცობა არ მინდოდა. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი. სისულელეა. მაკკორმაკი ჩემს ყველაზე მტკივნეულ ადგილს შეეხო და ჩვენ წავიჩხუბეთ. მე არ მინდოდა წარსულში ქექვა და იმ საღამოებზე ფიქრი, როცა სახლიდან გამოვდიოდი ერთადერთი იმედით _ მიმეღო სწორედ ის ცოდვების გამომსყიდველი ტყვია, რომელზეც მაკკორმაკი იცინოდა. ეს იყო “რუსული რულეტკა”, როცა ნაგანის ლულაში თვითმკვლელი ტოვებს ერთ ტყვიას და თვალდახუჭული ატრიალებს სავაზნეს, სანამ გაშეტს გამოჰკრავს. მაგრამ ყოველ გამოკვრაზე ცარიელი ბუდე მხვდებოდა.

მაკკორმაკს ესმოდა ეს, მაგრამ ვერ ურიგდებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა კი თავისებურად გაიგეს. ამიტომაც აღმოვჩნდი აქ და არა ციხეში. მათ ვერავითარი ლოგიკა ვერ დაინახეს ჩემს მოქმედებაში _ მე ხომ შემეძლო უბრალოდ ტყვია მეკრა შუბლში. ამაზე ადვილი რა იქნებოდა?

მაგრამ საქმეც ისაა, რომ არ შემეძლო.

აირინმა თქვა, რომ მე პოზიორი ვარ.

ასეც იყო.

მინდოდა, სიკვდილის წინ კარი გამეჯახუნებინა. ჯიბით დავატარებდი წერილს, რომელშიც ჩემს ნაბიჯს განვმარტავდი.

ეს იყო ფარდის დაშვების წინა თეატრალური ეფექტი.

რა იყო ეს _ პატივმოყვარეობა?

თუ ლამაზი პოზა?

ერთიცა და მეორეც. და, კიდევ, ჰიროსიმა.

ატომები მოსვენებას არ მაძლევდნენ. “ატომურიპომადა. აირინისატომურიბიუსტჰალტერი. “კოლიერსის” “ატომურიგამოშვება. “ატომურირეკლამა. “ატომურიფილები. “ატომურისაუკუნე.

ძალიან ბევრია ერთი ადამიანისათვის.

ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი სინდისი.

ფიზიკოსებს, სამხედროებს, პრეზიდენტს, კონგრესსა და კომპანიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა. მაგრამ სინდისი მხოლოდ ფიზიკოსებს გაახსენდათ. სხვებზე ადრე ოპენჰეიმერი აღდგა წყალბადის ბომბების წინააღმდეგ. იგი შიშობდა, რადგან იცოდა.

მეც ვიცოდი.

ახლა თითქმის ყველამ იცის, ლარი ამბობს, რომ ფსიქიატრებმა აღმოაჩინეს ახალი მანია _ ატომური. ადამიანები ჭკუიდან იშლებიან ატომური ბომბის საშინელებათა წინაშე. ლუსისთან, კოლეჯში, საწვრთნელი განგაში მოაწყვეს. ამის შემდეგ მას ორი დღე არ უძინია.

ჰიროსიმის ფერფლი ჩემს გულში ფეთქავს.

8

იზოლატორი.

ბარკერმა გამახსენა ამბავი, ასტორს რომ გადახდა. შემთხვევა იმაზე ადრე მომეცა, ვიდრე მსურდა. შემოვლა გამომეპარა და გორდონმა აირინისათვის წერილის წერაზე წამასწრო. ქაღალდი და ფანქარი ლარიმ მომცა.

ჩაციებით გამომკითხეს. ბარკერი პირდაპირ კანკალებდა მოჩვენებითი სიბრაზისაგან. გორდონის შუშის თვალები გამოცოცხლდნენ. გაუგონარი დარღვევაა _ ფანქრით ხომ შეიძლება ვინმეს თვალი გამოსთხარო. ვის? აი, თუნდაც იმავე კონოლის. გორდონისა და ბარკერისთვის ყველაფერი ნათელია! და “ზოგიერთი” კიდევ ბედავს ცილი დასწამოს პერსონალს, თითქოსდა ვეტერანებს ძალზე მკაცრად სჯიდნენ! ბარკერის აზრით, ავადმყოფები თვითონ სცემენ ერთიმეორეს და ჭრილობებს აყენებენ ერთმანეთს ფანქრის საშუალებით. დიახ, ფანქრებითაც. აბა წარმოიდგინეთ, სერ, რა იქნებოდა იმავე ემრიჩის ხელში დანა რომ აღმოჩენილიყო?!

გორდონმა წარმოიდგინა. მის ფიზიონომიაზე შეძრწუნება აისახა, შუშის თვალებში კი კმაყოფილება. დასჯისათვის კანონიერი საბაბი ნაპოვნია. დანაშაული მძიმდება იმითაც, რომ დამნაშავემ არ მოისურვა თავისი ნებით წერილი მოეცა და არც სანიტარს მისცა საშუალება წაერთმია.

და მე იზოლატორში მათავსებენ.

გამარჯობა, ძველო ნაცნობო! დიდი ხანია, ჩვენ დავმეგობრდით. დაიცა, როდის იყო ეს? 1960 წლის 22 დეკემბერს მე დალასში დამიჭირეს. ოცდაშვიდში იქ გადმომიყვანეს. ასე რომ, ერთმანეთი ოცდარვაში გაგვიცნია.

ახლა მარტია, გაზაფხული. კიდევ ორი კვირა და სანაპიროზე სიცხეები დადგება. მაშინ უმჯობესია, არ მოხვდე იზოლატორში _ ამ ჩახუთულ სათაგურში, ზომით _ ოთხი სამ ფუტზე (30,48 სმ _ რედ). მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება გაძლება. უფრო გრილა, ვიდრე პალატებში და არც ისე ყარს. იატაკზე შეიძლება წამოწოლა, თუ ფეხებს არ გაშლი.

არაფერია, ურესიც ყოფილა.

თავისუფლება უაღრესად შედარებითი ცნებაა. ორი წლის წინათ, “წყნარი” განყოფილებიდან რომ გავიქეცი, ვფიქრობდი, რომ ის მოვიპოვე. მთელი ქვეყანა იყო ჩემ წინ გაშლილი. საითაც მინდოდა, იქით წავიდოდი. გზატკეცილზე გავედი და ხელი ავწიე. მანქანამ დაამუხრუჭა. იგი დეტროიტში მიდიოდა. ჩემთვის სულერთი იყო, საით წავიდოდი.

თავისუფლება კარგია, როცა მაძღარი ხარ. აირინმა ჩიგაკოში გამომიგზავნა ფული, მეორედ _ უკვე ვეღარ შეძლო; გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტები სინჯავდნენ მისი, მშობლებისა და ჩვენი ნაცნობების მიმოწერას. ერთი კვირა ვიშიმშილე და ისევ გზატკეცილზე გავედი.

ლურჯი დანჯღრეული “ფორდი” გაჩერდა.

_ ფილადელფია? ძალიან კარგი, ერთი გზა გვქონია.

მანქანის პატრონმა ნამცხვრის ნაჭერი მომცა. ცუდად გავხდი. მან იფიქრა, რომ შემაშინა საგზაო ნიშანმა, რომელიც მოსახვევში გვაფრთხილებდა: “ნუ იჩქარებ შენი სიკვდილის შესახვედრად”.

_ რა მოგივიდათ?

_ გმადლობთ, არაფერი.

მე ფრთხილად მიმყავს მანქანა.

მან ნამცხვრის მეორე ნაჭერი და ვეება ომლეტიანი სენდვიჩი მომართვა.

_ არ გაგიმართლა?

_ როგორც წყალწაღებულს.

_ მეც. ჩემი ფერმა ბანკმა გადაყლაპა. ვეცდები ფილადელფიაში მოვეწყო… უფროსი შვიდისაა, უმცროსი სამი თვის. სულ ოთხი მყავს. პირველ ხანობას როგორმე გავძლებთ.

ფილადელფია.

_ ვისაუზმოთ, ძმობილო, მე გპატიჟებთ.

ომლეტი ბეკონით და ფინჯანი შავი ყავა. კოლოფი სიგარეტი.

_ აი, ორი დოლარი, ძმობილო… მაპატიე, მეტი არ შემიძლია.

ლურჯმა ”ფორდმა” გვერდით ქუჩაზე შეუხვია და გაუჩინარდა.

რა ერქვა მას, ამ ადამიანს?..

ორი დოლარით რიგიანადაც ვერ ისადილებ, მაგრამ ბანკის დაარსება კი შეიძლება. მოხუცი რიდი თავის დროზე ასეც მოიქცა და შემდეგ “თაიმსში” ჰყვებოდა:

“ჩემ სახლზე ჩამოვკიდე ფირნიში: “ბანკი” _ და დავიწყე ლოდინი. მოდის ვიღაც და შესანახად მაბარებს ას დოლარს, რამდენიმე საათის მერე მოდის მეორე და მოაქვს ხუთასი დოლარი. ამ დროისათვის მე იმდენად ვირწმუნე ჩემი წამოწყების სოლიდურობა, რომ საკუთარი დოლარი დავაბანდე მასში!”

ეს ყველაფერი ხუმრობა როდია.

სამწუხაროდ, არც რიდი ვიყავი და არც მორგანი. ორი დოლარი ორ დღეს ძლივს მყოფნიდა. “კონტინენტალ პასიფიკი”, ალბათ, სახელმწიფოსაგან ამავე სახსრებით იღებდა იჯარით რკინიგზას 99 წლით. ხომ იყიდა პიტერ მინუიტმა ინდიელებისაგან კუნძული მანჰეტენი ერთი ყუთი ჯინის ფასად?

ფილადელფიიდან გავგზავნე ჩემი პირველი ანტიატომური სტატია ნიუ-იორკში. მე ვწერდი: “ადამიანთა უმრავლესობა სისულელედ ჩათვლის ომის წინააღმდეგ ბრძოლის ჩემს მეთოდს. მაგრამ ვერ ვხედავ სხვა გზას დავუმტკიცო ადამიანებს, რომ ატომურ ომს მორალურ გადაგვარებამდე მივყავართ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მას თან მოაქვს დიდი ნგრევა”.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here