Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

669

კლოდ ემრიჩი შიშველი კინოვარსკვლავის თანაბრად ფასობდა.

სიტყვამ მოიტანა და, კინაღამ მეც გავხდი კინოვარსკვლავი.

“ბობ ჰოუპ პროდაქშენმა” შემომთავაზა ასი ათასი დოლარი ჩემი ცხოვრების ეკრანიზაციისთვის. ელ გირშბეგმა, ათობით უფერული წიგნის ავტორმა, გადაწყვიტა, სცენარისტობა მოესინჯა. მან ჰაქსლისგან აიღო საავადმყოფოში ჩემი ნახვის ნებართვა. უარი შევუთვალე. ასი ათასმა დოლარმა, რომლითაც ელი ცდილობდა ჩემს დაყოლიებას, ვერ მოახდინა ის ეფექტი, რომელსაც ელოდა. ჰაქსლიმ თქვა, რომ ამან მას თავზარი დასცა.

ფულები… დოლარები, აქციები, სერტიფიკატები…

კონგრესმა სამხედრო ხარჯებისთვის გამოყო 13 580 000 000 დოლარი.

1956 წელს დოლარებმა მოიმატეს _ 44 478 000 000.

ციფრებში იმდენი ნულები იყო, რომ შეძრწუნდებოდი. ნული ნიშნავსარაფერს”. “გალეულიარაფრად აქცევდა ადამიანებს. დაიბადა ახალი არითმეტიკა _ ატომური. ცოტა ხნით ადრე, ორმოცდახუთის ოქტომბერში, ტრუმენი კონგრესს სწერდა: “ატომური ენერგიის მიღების ხერხის აღმოჩენამ ცივილიზაციის ისტორიაში ახალ ერას დაუდო სათავე. მეცნიერული ცოდნა და ტექნოლოგია, რომელთა საფუძველზეც გახდა შესაძლებელი ეს აღმოჩენა, არ იფარგლება მხოლოდ კიდევ ერთი სახეობის იარაღის წარმოებით”.

სკეპტიკოსმა ჯონ დაიფრუტუნა:

_ გებელსი უფრო გონებამახვილი იყო.

მან ეს ყველას გასაგონად წამოროშა ოფიცერთა ბარში და ათი დღით პატიმრობაც მიიღო.

“ცივილიზაციის ისტორიის ახალმა ერამ” კაცობრიობას უძღვნა “მაიკი”, ისევე, როგორც ოდესღაც აფრიკას აჩუქა ჩვენი კულტურის ფასდაუდებელი მიღწევები _ მონობა და ლუესი.

მეხსიერებამ ძილი მომიწამლა.

ჩემი მეხსიერება ომს ეკუთვნის.

ომს გაატანეს ახალგაზრდობა და ჭკუა ნაადრევად მარაზმში ჩავარდნილმა ქალიშვილებმა და ქალებმა, საწოლებიდან რომ ყვიროდნენ: “მამაკაცი!”“და ისტერიკა ემართებოდათ.

შეიძლება წამით დაუბრუნდათ მეხსიერება, გაახსენდათ, რომ ოდესღაც ისინიც იყვნენ დები, ცოლები, შეყვარებულები.

დიახ, ახლა ბევრი რამ გავიგე. ჩვენ პატარა ბავშვებივით, რომლებსაც სჯერათ სანტა კლაუსის, გვწამდა, რომ ჩვენმა ატომურმა ბომბებმა გადაწყვიტეს იაპონიასთან ომის ბედი. სისულელეა! ახლა მე ვიცი: იაპონია არ აპირებდა კაპიტულირებას ჰიროსიმისა და ნაგასაკის შემდეგაც კი. ღვთაებრივ იამატოს არ მიაჩნდა საჭიროდ იარაღის დაყრა. ყველაფერი სხვა რამემ გადაწყვიტა _ საბჭოებმა. მათმა არმიამ მუხლებზე დააჩოქა იამატო.

ჩვენი ატომური ბომბები რაღა იყო?

სიკვდილის საზიზღარი “სათამაშოები” _ აი, რა იყო ეს!

დიახ, საშინელია ღირებულებათა გადაფასება…

კონოლი ლუღლუღებს:

_ გავფრინდეთ ესენისაკენ, კლოდ…

და იცინის, იცინის, იცინის…

შევყურებ მას, ვფიქრობ ომზე, ქვემოთ მყოფ ქალიშვილებზე და ვერ ვამჩნევ პალატაში შემოსულ ლარის.

ლარი მხარზე მეხება.

მას სახე შეშუპებია, მსხვილი ხელი შესამჩნევად უკანკალებს.

_ გამარჯობა, კლოდ, _ მეუბნება, _ ჟურნალები და ახალი ამბები მოგიტანე.

7

_ წავიდეთ, მეგობარო, _ მეუბნება ლარი.

მისი კაბინეტი სიდიდითა და კომფორტით ოდნავ თუ განსხვავდება ძაღლის ხუხულისაგან, მე მომწონს აქ ყოფნა. თუკი საგნები რამდენადმე მაინც განსაზღვრავენ პატრონის ხასიათს, ლარის შესახებ მათი საშუალებით ვერ იმსჯელებთ, რადგან ოთახში ავეჯი თითქმის არ არის _ მაგიდა, ორი სკამი და მეტი არაფერი. არის კიდევ კედლის კარადა, რომელშიც ინახება ავადმყოფთა ისტორიები და ერთი ბოთლი ვისკი. გორდონის კაბინეტში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას სტაციონარული ელექტროკარდიოგრაფი დგას, ის ერთხელაც არ უხმარიათ. ბარკერს გიჟების ნახატების კოლექციათა და ჰოლივუდის კინოვარსკვლავების ფოტოსურათებით მოაქვს თავი. შუა საუკუნეებში მეჩექმეები სახელოსნოთა შესასვლელთან კიდებდნენ თუნუქის ჩექმებს, ნამდვილს რომ ძალიან ჰგავდა. მას შემდეგ რეკლამა შორს წავიდა წინ.

ლარი ვიწროდ გრძნობს თავს კაბინეტში. იგი ტანადი ყმაწვილია კეთილი ღიმილით _ ნამდვილი პოლ ბენიანი ან დეივ კრეკეტი ღია ფერის შარვალსა და სახელოდაკაპიწებულ პერანგში, ცხვირზე უჩარჩოო სქელმინიანი სათვალით.

ლარიმ გააბოლა და კუთხეში წკიპურტით მოისროლა ასანთი.

_ აირინი ვნახე, _ მეუბნება იგი.

_ როდის?

_ გუშინ საღამოს, ვაგზალზე. მასთან ლუისი იყო…

მან ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანია.

_ დაიცა, _ ვეუბნები, _ შენ ამბობ, ვაგზალზე?

ლარი ფითრდება. მას ეს ახასიათებს: ისევე ადვილად ფითრდება, როგორც ზოგიერთი წითლდება.

_ ჰერბერტ, _ ვეუბნები, _ აქ რაღაცაშია საქმე. ფრედმა შაბათს თქვა, რომ აირინს არაფერი უჭირს.

_ კეთილი, _ მეუბნება ლარი, _ მაკკორმაკი ცოცხლად შემჭამს, მაგრამ შენთვის ტყუილის თქმაც არ მინდა. საერთოდ, ნუ შეწუხდები, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. აირინს სამსახურიდან მოუხდა წასვლა.

მაშ, ისინი აირინსაც მისწვდნენ. ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. საწყალი ჩემი გოგონა, მტკიცე ხასიათისაა და უსაზღვროდ პატიოსანი. ბევრი ტანჯვა მოგაყენე. ჩემს გამო კინოსტუდია ისე მიატოვე, უკანასკნელი როლი ბოლომდე არც გქონდა დასწავლილი. ჰოლივუდის რეჟისორებს არ სურდათ საქმე ჰქონოდათ სამშობლოს მოღალატის ცოლთან. “მეტრო გოლდვინ მეიერისდირექტორებმა, რომლებიც, ისე როგორც ხალხი, ვარსკვლავად გთვლიდნენ, შენი და შენი დიდების მეშვეობით არაერთი მილიონი ჩაიჯიბეს, მაგრამ ანტიამერიკული მოღვაწეობის გამოძიების კომისიის წინაშე უკან დაიხიეს და გადასაღები პავილიონების კარი მოგიხურეს.

ეკრანის პრიმა ვარსკვლავმა სტენოგრაფია შეისწავლე და საკმაოდ კარგი მდივანი გახდი. შენ გაფასებდნენ სათბობის კომისიაში, რომელშიც საგაზეთო განცხადებით მიხვედი და სადაც უკვე სამი წელია მუშაობდი. და, აი, დაგითხოვეს.

_ როდის? _ მხოლოდ ამის კითხვას ვახერხებ.

_ გასულ ოთხშაბათს იგი უშიშროების რწმუნებულთან გამოიძახეს და დაკითხვას შეეცადნენ. აირინმა იგი ჯანდაბაში გაგზავნა. უთხრა, რომ ლოიალურობაზე ფიცს უკვე მოაწერა ხელი.

_ რა უნდოდათ?

_ დამამტკიცებელი საბუთები, რომ შენ კომუნისტი არა ხარ.

_ კი მაგრამ, ხომ არსებობს კონსტიტუციაში მეხუთე შესწორება!

_ აირინმაც სწორედ მასზე მიუთითა. მას კი უთხრეს, რომ შესწორების მოშველიებას არალოიალურობაში ჩამოართმევდნენ. მათ ასეთ უფლებას აძლევს აქტი უშიშროების შესახებ.

მოხდა ის, რისიც ყოველთვის მეშინოდა და რაც არ შეიძლებოდა, არ მომხდარიყო. სასაცილო იყო იმაზე ფიქრი, რომ აირინი შეძლებდა სათბობის კომისიაში ადგილის შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც უეიკოს სასამართლომ საავადმყოფოში ჩამაწყვდია. განაჩენში ნახსენებიც არ არის წყალბადის ბომბის საწინააღმდეგო ჩემი წერილის შესახებ, მაგრამ მაკკორმაკი მაფრთხილებდა, რომ მისი დახმარებით ისინი შეეცდებიან აირინთან ანგარიშის გასწორებას. რა თქმა უნდა, შეიძლება მიმართო სასამართლოს, მოითხოვო საჯარო გამოძიება, მაგრამ ამით რას მივაღწევთ?

_ იცნობთ სმიტს? _ მეკითხება ლარი.

_ უამრავს.

_ ჯო თეკერს?

_ რასაკვირველია. ის “ენოლას” რადისტი იყო.

_ ვინმე სმითმა შეატყობინა კომისიას, რომ თეკერი კომუნისტია. მართალია ეს?

_ სმიტი? უცნაურია, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ასეთი გვარით არავინ არ ყოფილა. ერთადერთი, რომელიც გვიცნობდა მე და ჯოს, კონგრესმენი სმიტი იყო, სწორედ ის მაიორი, ჩვენ რომ თითქმის მთელ ქვეყანაზე დაგვდევდა და რომლისთვისაც მაკ-კორმაკს წერილის მიწერა უნდოდა საავადმყოფოში გამეფებულ წესებზე.

იყო თუ არა ჯო კომუნისტი? რა თქმა უნდა, არა.

_ სიცრუეა, _ ვამბობ მე, _ თეკერი ახალგაზრდათა ქრისტიანული ასოციაციის წევრი იყო. აირინი მას არც კი იცნობდა… მაგრამ, სად გაემგზავრა იგი?

_ მოხუცებმა თავისთან უხმეს. მას წერილი გადასცა მაკ-კორმაკს შენთვის, მე კი _ ბარათი.

_ მხეცო! _ თითქმის ვყვირი და ლარის ხელიდან ვტაცებ კონვერტს.

ლარი დელიკატურად ტრიალებდა, მე მაინც გაუხსნელად ვინახავ კონვერტს. წერილს მარტო წავიკითხავ; თითოეულ სტრიქონს _ ასჯერ… და ისინი მეტყვიან ყველაფერს, რასაც აირინი ფიქრობდა წერილის დაწერისას. ხელწერით, მელნით, ქაღალდით ხომ არც ისე ძნელია მიხვდე, რა დარჩა დაუწერელი.

ლარი გაუბედავად ტრიალდება.

_ იმედი მაქვს, _ მეუბნება ის, _ ძალიან არ გაწყენინეთ?

_ არა, _ ვეუბნები, _ და ეს მართალია. ცოტა კიდევაც მიხარია, რომ აირინი გამოეთხოვა თავის კომისიას. ოდესღაც მეც გამოვცადე ასეთი ტანჯვა უცხოთა მზერის გამო და წარმომიდგენია, როგორ გაუჭირდებოდა უკანასკნელ ხანს! აი, ლუსი კიმან უნდა ისწავლოს. იქნებ მოხუცებმა მოაგროვეს რამე შავი დღისათვის? აირინის მშობლები საოცრად ეკონომიური ხალხია. საოცარიც კია, რომ მათ ნება დართეს აირინს ცოლად გაჰყოლოდა ისეთ მფლანგველს, როგორიც მე ვარ. ღმერთო ჩემო, რა სცენა მოგვიწყეს, როცა ჯვარი დავიწერეთ! შემდეგში ისინი შემირიგდნენ და, მგონია, თავისებურად შემეთვისნენ კიდეც. პროცესის დროს ისინი აირინს სწერდნენ, რომ მას უნდა ეტვირთა თავისი ჯვარი. ამ სამხრეთელ პურიტანებს ყველაფერი უკუღმა აქვთ! აირინი ბედნიერი იყო _ ცრემლად იღვრებოდნენ; აირინი უბედურებაში გაეხვია და თითქმის კმაყოფილნი არიან. მათ ენაზე ტანჯვას განწმენდა ეწოდება. მათ უყვართ ტანჯვადა ყველაფერთან ერთად ისინი სასახელო მოხუცებიც არიან. როგორც დათვის ძვალს, მათაც ვერასდროს მოდრეკ; აირინიც მათ დაემსგავსა. მახსოვს, როგორ მიღიმოდა იგი სასამართლოზე. მაკკორმაკი ამბობს, რომ არ შეხვედრია მასზე მამაც ქალს. ეს, რა თქმა უნდა, გაზვიადებაა, ის ცოტათი შეყვარებულია აირინზე და მზადაა აპატიოს ყველაფერი.

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here