13–14 ნოემბერს თბილისში ჩატარდება საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი თემაზე “მსოფლიო რყევების ეპოქაში: ვინ გაუძლებს?”
რყევების ეპოქად დღევანდელობის მოხსენიება სულაც არ არის გაზვიადება. ამჟამად მსოფლიო ისეთი აღარ არის, როგორიც ბოლო ორი პოსტსაბჭოთა ათეული წლის განმავლობაში გვახსოვს: გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, ახალი ძალები, შეიქმნა ახალი ალიანსები, დაიშალა სახელმწიფოები, გაჩაღდა ომები… და ეს ყველაფერი არნახული ინტენსიურობით მიმდინარეობს. თანამედროვე კაპიტალიზმის მომავალი კი, რომელიც ბევრ უთანასწორობასა და დაუკმაყოფილებლობას წარმოშობს, ეჭვქვეშ დადგა.
რაღაც დაემართა მედიასაც. იმსხვრევა აქამდე ხელშეუხებელი ავტორიტეტები, კაცობრიობას აღარ აქვს საერთო დღის წესრიგი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ იქმნებოდა რამდენიმე მსხვილი ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოსა თუ გაზეთის მიერ. გრანდები აუდიტორიას კარგავენ, მკითხველმა და მაყურებელმა სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. ასეთი სიმწვავის მორალური გამოწვევის პირისპირ, დიდი ხანია, ჟურნალისტები არ მდგარან. როგორ შევინარჩუნოთ ნათელი გონება და სამართლიანი შეფასების უნარი მზარდი პოლიტიკური წნეხისა და მუდმივად დაბნეული აუდიტორიის პირობებში? გადარჩება თუ არა ახალი ამბებისა და ანალიტიკური ჟურნალისტიკა, როგორც ჟანრები? თუ მკითხველმა და მაყურებელმა უკვე გააკეთა საბოლოო არჩევანი სოციალური ქსელების ვირუსული მასალების სასარგებლოდ და მათ გონებას აღარ სჭირდება სერიოზული საკვები? როგორია, ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე მასმედიის ეკონომიკა და შეუძლია თუ არა საკუთარი თავის უზრუნველყოფა?
ამ და სხვა თემებზე ისაუბრებენ თბილისში გამართულ საერთაშორისო კავკასიურ მედიაფორუმზე. ჟურნალისტიკის მომავლის განსჯა მომავალი მსოფლიოს განსჯის შემადგენელი ნაწილია. დისკუსიის ცენტრში მოექცევა, აგრეთვე, ბოლო წლების გლობალური კრიზისები და ჟურნალისტების ადგილი ამ კრიზისებში. სად გაივლის ახალი საზღვარი პროფესიონალურ ჟურნალისტიკასა და ბლოგებს შორის? ისტორიულ წარსულზე პოლემიკაში, ასევე, ომებისა და კონფლიქტების გაშუქებისას რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ჟურნალისტს?
კავკასიის სახელმწიფოების _ აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს _ და რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების ხელმძღვანელების სადისკუსიო სესიებთან ერთად გაიმართება მასტერკლასები და ტრენინგები ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. ფორუმის სასწავლო ბლოკში საუბარი იქნება პრაქტიკულ ამოცანებზე: როგორ კეთდება საუკეთესო რეპორტაჟები და ინტერვიუები, როგორ ჩავაყენოთ სოციალური ქსელები ჩვენი ჟურნალისტური წარმატების სამსახურში და როგორ მოვახერხოთ ორინტირება მის ზოგჯერ მღვრიე საინფორმაციო ნაკადში.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არც თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში და არც მედიის დღის წესრიგში არ უნდა იქნას მიჩნეული პერიფერიად. ფორუმის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ კავკასიელმა ჟურნალისტებმა უნდა ეძებონ ზრდისა და განვითარების გზები. ფორუმზე ისაუბრებენ სამხრეთ კავკასიის მედიასახესა და ჟურნალისტების შესაძლო წვლილზე რეგიონის მომავალში.
მედიაფორუმის სპეციალური სტუმრები არიან:
ვლადიმირ სუნგორკინი _ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი;
ევგენი სატანოვსკი _ დამოუკიდებელი სამეცნიერო ცენტრის _ “ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის” პრეზიდენტი, აღმოსავლეთმცოდნე, ეკონომისტი;
კირილ პრივალოვი _ რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო სამაუწყებლო კომპანიის მიმომხილველი, საერთაშორისო პენ–კლუბის წევრი;
ვიტალი ლეიბინი _ ჟურნალ “რუსკი რეპორტიორის” მთავარი რედაქტორი.
მედიაფორუმის ჩატარების ადგილი: თბილისი, შავთელის ქუჩა 13, სასტუმრო “ამბასადორი”
სამუშაო ენები: ქართული, რუსული
საკონტაქტო პირი: მაია ჩუბინიშვილი +995 599 93 22 30