რედაქციაში მოგვიტანეს უცნობი ავტორის ლექსი, რომელიც საკუთარ თავს გუბერნატორს უწოდებს. ვცადეთ, გაგვერკვია, ეს მისი ლიტერატურული ფსევდონიმი იყო თუ, უბრალოდ, ახირება. ამაზე ლექსის მომტანმა გვიპასუხა, რომ ეს ამჟამინდელი რეალობაა; ახირება კი მაშინ იყო, როდესაც ამ ლექსის ავტორი თავს რატომღაც პრეზიდენტს უწოდებდა.
მოკლედ, ლექსის მომტანის აბდაუბდა ლაპარაკიდან ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ, მხოლოდ იმას მივხვდით, რომ ავტორმა მას ლექსი ტელეფონით უკარნახა, უფრო ზუსტად, მას კი არ უკარნახა, სხვას წაუკითხა ტელეფონში, ამან კი მოისმინა…
აი, როგორ მოისმინა და რატომ _ეს ვერ დავადგინეთ და თავადაც არ ესიამოვნა ასეთი კითხვა, მაგრამ ის კი გაგვაგებინა, რომ მას, უბრალოდ, დაენანა ასეთი მშვენიერი ლექსის დაკარგვა და ამიტომ გადაწყვიტა, ჩაეწერა და ჩვენთან, რედაქციაში, მოეტანა.
რომ იცოდეთ, ეს დაუმონტაჟებელია და უწყვეტი ვერსიააო, _ ზუსტად ასე გვითხრა მან და ისეთი სახით შემოგვხედა, აშკარად მადლობის თქმას ითხოვდა ჩვენგან. სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდით, რას გულისხმობდა, მაგრამ მადლობა მაინც გადავუხადეთ და გავისტუმრეთ ეს იდუმალი სტუმარი. ლექსი კი, აგერ, თქვენს სამსჯავრიოზე გამოგვაქვს.
“რუსთავი 2”-თან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა!
არავითარი სხვა სოფიკო ამაზე მეტი,
არ გამაჩნია!
მე დავურეკე გვარამიას, ვიყავი სვეტი,
დავპირდი “სპეცნაზს”, “კაკ მინიმუმ” თოთხმეტკაციანს!
არავითარი სხვა მიზანი, სისხლისღვრის მეტი,
არ გამაჩნია!
მე ვიყო ქინძი, არ მადარდებს არც “პორო”-ს ბედი,
ბიძინას “შტუკა” ბებერ გულზე ლახვრად მაჩნია!
რევოლუცია! _ სხვა საშველი ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია!