Home რუბრიკები სამართალი მამუკა ნოზაძე: 200 პოლიტპატიმარი გვყავს 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, მაგრამ არც...

მამუკა ნოზაძე: 200 პოლიტპატიმარი გვყავს 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, მაგრამ არც ერთი მოსამართლე და პროკურორი, რომლებმაც ამ პირებს პოლიტიკური ნიშნით შეუფარდეს სასჯელი, არ დასჯილა!

761

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკით ძალიან უკმაყოფილონი არიან როგორც მისი ყოფილი მომხრეები, ისე ყოფილი მოწინააღმდეგეებიც. მას სამართლიანობა არ აღუდგენია დანაციონალური მოძრაობაცშესანიშნავად გრძნობს თავს, მკვლელები და მოძალადეები კი ისევ თანამდებობებზე სხედან… “საქართველო და მსოფლიოსადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა.

_ უკვე მეოთხე წელია, “ქართული ოცნება” მართავს ქვეყანას. ამის მიუხედავად, სამინისტროებში საკვანძო თანამდებობები ისევ ნაციონალებს უკავიათ, მართლმსაჯულების ორგანოები სავსეა ისეთი ადამიანებით, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ ახლო წარსულში ჩადენილი წამებისა და ათასგვარი სისაძაგლის გამო. რა ხდება ამ სისტემაში? რა ღირსებებისა და დამსახურების გამო იკავებენ ნაციონალთა კადრები მაღალ თანამდებობებს?

_ პრემიერმინისტრმა, პირველ რიგში, უნდა მიხედოს სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ იმ მუშაკებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იყვნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რომლებიც საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუ პრემიერმინისტრს სურს, ქვეყანაში არ იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, მას და მის გუნდს ჰქონდათ შესაბამისი დრო და ხელეწიფებოდათ კიდეც, “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც დანაშაულებრივი პარტიის, მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გაეტარებინათ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ეყრდნობა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ. ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ სისაძაგლეში, დღესაც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა სტრუქტურაში მაღალ თანამდებობებზე. მახსენდება ვახტანგ მაისაიას განცხადება, რომლითაც გამოამჟღავნა დამნაშავე გამომძიებელი, რომელიც მინდია ჯანელიძის მარჯვენა ხელი იყო. რა ხდება? ვიდრე ჟურნალისტები არ გაახმაურებენ ასეთი ფაქტს, დავიჯერო, ხელისუფლებამ არ იცის, ვინ იყო მწამებელი და დამნაშავე, თანამდებობებზე რომ ნიშნავს? რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულ ნაციონალებს, მგონი, სრულიად საქართველო იქნება უბედნიერესი, როდესაც ტელეეკრანზე აღარ დაინახავს თეა წულუკიანის ცინიკურ გამოსვლებს, უკვე კარგა ხანია, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია ეს გამოსვლები. გეტყვით, თეა წულუკიანი ვის ეყრდნობა _ ნაციონალ ლევან მესხორაძეს, რომელიც უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ იმავე თანამდებობაზე დატოვა, რომელზეც დახვდა. წულუკიანმა კარგად იცოდა ლევან მესხორაძის ვინაობა, რომ ის იყო ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი, “ნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე და უშუალოდ ის აწვდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ჯალათებს ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართავდნენ. სამინისტროში მზადდებოდა წერილების ნიმუშები, რომლებითაც ეს პატიმრები ვითომდა ნებაყოფლობით ითხოვდნენ ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანას, მაგალითად, ვალერიან ბალიაშვილი, მამუკა კოჭლამაზაშვილი და სხვ. და მათ მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის საფუძველზე უშუალოდ ლევან მესხორაძის ზემოქმედებით ადამიანებს გამოჰქონდათ საჩივრები სტრასბურგიდან. მახსენდება კიდევ ერთი ეპიზოდი, ეს არის ნიკოლოზ ხმიადაშვილის საქმე, რომელიც ევროპულ სასამართლოში მორიგების საფუძველზე ამოირიცხა საქმეთა სიიდან, მაგრამ, როდესაც სახელმწიფოს უნდა გადაეხადა კომპენსაცია _ 7 ათასი ევრო, იგი დაიბარეს იუსტიციის სამინისტროს იმ დეპარტამენტში, რომლის თავმჯდომარეც ლევან მესხორაძე იყო, და დააწერინეს განცხადება, რომ აღარ სურდა, აეღო ეს კომპენსაცია. აი, ასეთი პიროვნება არ შეცვალა წულუკიანმა და დღეს გვერდით უზის. წულუკიანის მოადგილე ლორთქიფანიძე კი ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთგულად ემსახურებოდა. ამიტომაა, რომ დღეს კანონში შეაქვთ ცვლილება, ხვალ კი ამბობენ, ეს ცვლილებები სწორი არ არისო. მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეიტანეს ცვლილება და (სხვათა შორის, “ნაცმოძრაობამ” ეს საკითხი გააპროტესტა) შემოიღეს მოსამართლისთვის გამოსაცდელი სამწლიანი ზღვარი. სამი წლის ვადით უნდა დანიშნულიყო მოსამართლე, თუნდაც ყოფილი მოსამართლე ყოფილიყო, და ამ სამი წლის შემდეგ ხდებოდა მისი უკვე მუდმივად გამწესება მოსამართლედ. მოულოდნელად მოსამართლეებს ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად შეხვდა თეა წულუკიანი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თურმე წელიწად-ნახევრის წინათ მიღებული კანონი არ ყოფილა სამართლიანი და მოითხოვეს, ისევ აღდგეს ძველი ვარიანტი, ანუ მოსამართლეს აღარ სჭირდებოდეს ეს სამწლიანი ვადა. რეალურად ეს სამწლიანი ვადა შემოიღეს იმის გამო, რომ არ გაპარვოდათ ის მოსამართლეები, რომლებიცნაციონალური მოძრაობისადმილოიალურად იყვნენ განწყობილნი, ან საზოგადოების წარმომადგენლებს რომ არ გასჩენოდათ კითხვის ნიშნები მოსამართლეების მიმართ წარსულში ჩადენილი უკანონობის გამო. აი, ამიტომ მოიფიქრეს ეს მოდელი, რომ, თუ კიდევ რაიმე გამოიკვეთებოდა, ყურებით ჰყოლოდათ დაჭერილი, მაგრამ, როგორც ვხედავთ, გადაიფიქრეს.

იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი ნაწილია პროკურატურა და იქაც საშინელი ვითარებაა. საპროკურორო საბჭოს წევრად აირჩიეს გოჩა ფარულავა, რომლის მიმართაც საზოგადოების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდა. ეს გოჩა ფარულავა უშუალოდ მონაწილეობდა საპროცესო გარიგებებში, უკანონო ქმედებებში, მათ შორის, ქონების ჩამორთმევაში და ეს ადამიანი, არათუ დაისაჯა, დაწინაურდა და საპროკურორო საბჭოს წევრადაც კი აირჩიეს. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროკურორსა და მოსამართლეს, რომლებიცქართული ოცნებისმმართველობის პერიოდში დაისაჯა. ოფიციალურად აღიარებული 200 პოლიტპატიმარი გვყავს, 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, მაგრამ არც ერთი მოსამართლე და პროკურორი, რომლებმაც ამ პირებს პოლიტიკური ნიშნით შეუფარდეს სასჯელი, არ დასჯილა.

_ .. რაღაცაში სჭირდებათ და იმიტომ არ იშორებენ თუ რაიმე სხვა მიზეზია?

_ ეს ხალხი სჭირდებათ, ეს ჯალათები სჭირდებათ. ყველა ხელისუფლებას სჭირდება ადამიანები, რომლებიც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედების შემსრულებლები არიან, რომელთა პოზიციაც ასეთია: იცი რა, მე ჩემ საქმეს ვასრულებ, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ჩემთვის სულერთია, რასაც დამავალებენ, იმას გავაკეთებ.

ესენი არიან ის დეგრადირებული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს ასრულებენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაქმებულ პირთაგან რომელი ერთი დასაჯეს? ათასობით დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე ათასობით განცხადებაა შეტანილი, მაგრამ მხოლოდ მცირე სასჯელი მისცეს ორიოდე კაცს, ამნისტიაც მალევე გავრცელდა მათზე და ვაჟა ცხვედიანი, ალექსი თოლორდავა, გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვები არ დასჯილან.

_ რაც შეეხება ადამიანის წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეოებს, რომლებიც ბოლო ხანს გავრცელდა, ქართველი კაცისთვის განა შეიძლება იყოს რამე ამაზე უარესი?

_ ამ შემზარავ ვიდეოებს ხელისუფლება იყენებს თავისი უნიათობისა და უუნარობის გასამართლებლად, რადგან ვერ შეასრულეს ის დაპირებები, რომლებიც მოსახლეობას მისცეს, და ახლა ამაზე უნდათ ყურადღების გადატანა. რომ ნდომოდათ “ნაცმოძრაობის”, როგორც რეჟიმის, გასამართლება, ყველანაირი ბერკეტი ჰქონდათ, მაგრამ არ მოიწადინეს. ესაა ძალადობის წახალისება და საზოგადოების ერთი ნაწილი აუცილებლად დაუპირისპირდება მეორეს. მეოთხე წელია, ხელისუფლებაში არიან და დღემდე არ გამოიძიეს, არც კასრებში ნაპოვნი საქმეები, არც ციხეებში ჩადენილი დანაშაულები. ეს საქმეები თაროებზე აქვს შემოდებული პროკურატურას. ეს კადრები მათ ხელში იყო და შეეძლოთ, პასუხისგებაში მიეცათ დამნაშავეები, რადგან სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი; შეეძლოთ, პარტიის რეგისტრაციის თაობაზეც მიეღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს, რადგან პარტია სჩადიოდა დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და ამიტომ უნდა აკრძალულიყო, მაგრამ დამნაშავეებთან კოაბიტაციაში შევიდნენ. მეტიც, ყველა სამინისტრო ნაციონალებით არის დაკომპლექტებული _ შსს, თავდაცვა, რომელი ერთი დაგისახელოთ? მოკლედ, დროულად თუ არ მოეგებიან გონს, საქმე ძალიან ცუდად იქნება. საზოგადოება ამას დიდხანს არ მოითმენს და არც უნდა მოითმინოს, როგორც “ოცნება”, ასევე “ნაცმოძრაობა” ერთად, როგორც თანამონაწილეები, მიიღებენ რევოლუციას და ვეჭვობ, ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნეს.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here