მთიანი ლიბანის სასამართლოს თავმჯდომარე დანი შარაბიამ გასცა სანქცია, დაეპატიმრებინათ საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკების გადატანის მცდელობისას.
როგორც ლიბანური გაზეთის _ “ად-დიარის” ელექტრონული ვერსია იუწყება, დაკავებული პრინცი აბდულ მოჰსენ ბინ ვალიდ ბინ აბდელაზიზი არის საუდის არაბეთის პროვინცია ჰაილის მმართველის ვაჟი, რომლის თვითმფრინავის ჩხრეკისას ბეირუთელმა სამართალდამცველებმა 2 ტონა ნარკოტიკი იპოვეს.
პრინცი საკუთარი თვითმფრინავით ცდილობდა საუდის არაბეთის სამეფოში გამგზავრებას. ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ბექაას ველი ნარკოტიკების იატაკქვეშა წარმოების ცენტრია. ადგილობრივი მაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული კოლუმბიურ ნარკოკარტელებთან.