Home რუბრიკები საზოგადოება გოგი თოფაძე: პრეზიდენტობის 100 კანდიდატი რომ გვყოლოდა, ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მარგველაშვილი 90-ე...

გოგი თოფაძე: პრეზიდენტობის 100 კანდიდატი რომ გვყოლოდა, ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მარგველაშვილი 90-ე ადგილზეც ვერ გავიდოდა

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. რუბრიკის სტუმარია პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე.

_ ბატონო გოგი, უკვე ოც წელზე მეტია, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ არის კი დღეს ჩვენი ქვეყანა ისეთი სუვერენული სახელმწიფო, როგორზეც ვოცნებობდით?

_ თუ ბოლო ოც წელიწადს გადავხედავთ, უნდა ითქვას, რომ დიდი წარმატებები ნამდვილად არ გვქონდა. 1990-იანი წლებიდან დაწყებული, ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში სერიოზული წინსვლა იგრძნობოდა. პირიქით, იმ დროს, როცა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა, ჩვენ ქვეყანას ვანგრევდით. ასე იყო 2012 წლამდე…

_ ახლახან გავრცელდა “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში ჩადენილი წამებისა და გაუპატიურების კადრები. რატომ მოხდა ასე, რომ სწორედ დამოუკიდებლობის წლებში დემოკრატიული მთავრობის ნაცვლად მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს ასე სასტიკად ექცეოდა?

_ ჩვენ კი არ მივიღეთ ასეთი მთავრობა, არამედ დაგვინიშნეს. თუ მანამდე ჩრდილოელი მეზობელი გვინიშნავდა მთავრობას, 1990-იან წლებში ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთნენ ოკეანისგაღმელები და ცხადია, ეს არ ყოფილა საქართველოს არჩევანი.

 უნდა ითქვას, რომ დღეს უკვე ქვეყნის გადარჩენისა და აღორძინების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ორ-სამ წელიწადში რთულია იმ უამრავი პრობლემის მოგვარება, რომლებიც ამ წლებს განმავლობაში დაგროვდა ეკონომიკაში, განათლებასა თუ სხვა სფეროში.

_ ბატონო გოგი, მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო. დამოუკიდებლობიდან 24 წლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო კვლავ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა?

_ საქართველოში მსგავსი არაფერი მოხდება. ჩვენი სპეცსამსახურები საკმაოდ კარგად აკონტროლებენ სიტუაციას და ამას არ დაუშვებენ. ეს აჟიოტაჟი სპეციალურად ატეხეს ნაციონალებმა, რადგან თავიანთი ლიდერისგან იღებენ მითითებებს. ზოგიერთსაც ეშინია, არ გამოიკვლიონ მათ მიერ ჩადენილი საქმეები. დავმშვიდდეთ, არაფერი მოხდება.

_ უკვე აშკარაა პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირება. ისინი საჯაროდ აკეთებენ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს. პრეზიდენტმა პირდაპირ დაადანაშაულა პრემიერი, რომ ის სიტუაციას ძაბავს…

_ დაპირისპირება პრეზიდენტის არაადეკვატურმა საქციელმა გამოწვია. შეიძლება უხეში შედარება მომყავს, მაგრამ პრეზიდენტობის 100 კანდიდატი რომ გვყოლოდა, ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მარგველაშვილი 90-ე ადგილზეც ვერ გავიდოდა. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, როგორ და ვისი სახელით მოვიდა ხელისუფლებაში. სულ სხვა რაღაცებს ამბობდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, და ახლა სულ სხვას ლაპარაკობს. ეჭვი მაქვს, მასზეც ახდენენ ვიღაცები ზეგავლენას და მთლად თავისუფალი არ არის მოქმედებაში… თავდაპირველად ამბობდა, არ გადავალ პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც სააკაშვილი იყოო, შემდეგ გადავიდა. რაც შეეხება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს ყველა პრობლემა მის კისერზეა და, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, შეიძლება გამოცდილება აკლდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ქვეყანას შესანიშნავად მართავს.

პრეზიდენტს შეუძლია, პირდაპირ დაურეკოს პრემიერს ან შეხვდეს და უთხრას, რაც სათქმელი აქვს. ასე ტელევიზიებითა და გაზეთებით კი არ უნდა ესაუბროს. ეს დაძაბულობა იმით აიხსნება, რომ, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, გაპრეზიდენტების შემდეგ მარგველაშვილი, როგორც პიროვნება, შეიცვალა.

_ ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია რომ შემესწავლა, მის კანდიდატურას არ დავაყენებდიო. მართებული იყო ხალხისთვის ისეთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოწოდება, რომელსაც არ იცნობდა?

_ გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა პარტიის სხდომებს და იმხანად მსგავსი საქციელი არ შეგვიმჩნევია, პირიქით, ძალიან პოზიტიური იყო და ყველა საკითხში “ქართული ოცნების” პოზიციასა და იდეებს იზიარებდა, მაგრამ, როგორც კი პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა, უცებ შეიცვალა, თუმცა ესეც ბუნებრივია, ზოგ ადამიანს თანამდებობა ცვლის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here