Home რუბრიკები საზოგადოება გივი სიხარულიძე: ჩვენ დამოუკიდებელი კი არა, ყველასგან დაკიდებულები გავხდით

გივი სიხარულიძე: ჩვენ დამოუკიდებელი კი არა, ყველასგან დაკიდებულები გავხდით

713

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. ამჯერად ჩვენი სტუმარია მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.

_ ბატონო გივი, უკვე 24 წელია, საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, არის დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად სუვერენული სახელმწიფო?

_ ჩვენ დამოუკიდებელი კი არა, ყველასგან დაკიდებულები გავხდით. ეს ჩემი აზრია და ასე დაწერეთ. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობაა, როცა არავისზე არ ხარ დამოკიდებული, ხოლო, როდესაც ერთი კალთიდან მეორე კალთაში გადახტები, მეორიდან _ მესამეში და ასე უსასრულოდ, ეს დამოუკიდებლობა კი არა, საშინელებაა. ასე საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერასდროს შედგება.

_ გულისხმობთ, რომ რუსეთის კალთიდან ამერიკის კალთაში გადავხტით?

_ რა თქმა უნდა. რუსეთის კალთიდან ამერიკისა და ევროპის კალთაში გადავინაცვლეთ. ცოტა ხანში, ალბათ, სადღაც აფრიკის ჯუნგლებში ვისკუპებთ და ასე უსასრულოდ ვიხტუნავებთ, ვიდრე ნამდვილი ეროვნული კაცი არ გამოჩნდება, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. ჩვენ ახლა დავით აღმაშენებლისნაირი, ექვთიმე თაყაიშვილისნაირი, ცოტნე დადიანისნაირი კაცი გვჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი კაცები ჯერჯერობით ჰორიზონტზეც არ ჩანან…

_ გამოსავლის საპოვნელად, პირველ რიგში, ალბათ, ის მიზეზები უნდა გავაანალიზოთ, რომლებმაც ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ასეთ სავალალო ვითარებაში?

_ ასეთი ვითარება გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა. მაგალითად, ზვიად გამსახურდიას ზეაღმატებულად უყვარდა საქართველო, მაგრამ ის პოლიტიკოსი არ იყო, ამიტომ მოატყუეს და მიწასთან გაასწორეს. ვისაც საქართველო მართლა გულით უყვარდა, ყველა მოკლეს და მოიშორეს. ჩვენთან პირიქით _ თანამდებობა და სკამი უყვართ და საქართველო, საერთოდ, არ ანაღვლებთ, ამიტომაც ვართ ამ დღეში. რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებაშიც სწორედ ეს გვიშლის ხელს.

 როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს ეროვნული კაცი, მერაბ კოსტავასნაირი ეროვნული კაცი სჭირდება; ჟიული შარტავასნაირი პატიოსანი კაცი გვჭირდება. აი, ასეთი პატიოსანი, ერის მოყვარული, თავგანწირული კაცი თუ გამოჩნდება, საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება.

_ თქვით, რომ დამოუკიდებელი არ არის საქართველო, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, ხელოვნებაში ცენზურა არ არსებობს, ეს არ არის დემოკრატიის მონაპოვარი?

_ რა თავისუფლებაა, აბა, მითხარით. ეს არის თავისუფლება?! ჩვენ ავირჩევთ ხოლმე მეტრებს, მერე ის მეტრები თავის ტაშის დამკვრელ ხალხს აირჩევენ თანამდებობებზე, პარლამენტშიც ასეთი ხალხი მოჰყავთ. არადა, შენი პირადი მტერიც რომ იყოს, თუ საქართველოს გამოადგება, ის უნდა აირჩიო, მაგრამ ამისგან ძალიან შორს ვართ, ჩვენ ტაშის დამკვრელები მოგვწონს, პირში მთქმელი ხალხი არ გვიყვარს.

ჩვენ ვართ ბრწყინვალე, უნიჭიერესი ერი, რომელსაც სიმართლის განცდა დაკარგული აქვს, სიმართლეს როგორც კი ეტყვი, მაშინვე შეგიძულებენ.

_ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გავრცელდა წინა ხელისუფლების პერიოდში პატიმრების წამების კადრები. როგორ ფიქრობთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რატომ მივედით ამ სიტუაციამდე? ცივილიზებული, დემოკრატიული მთავრობის მაგივრად რატომ მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც ხალხს ასე სასტიკად აწამებდა?

_ ხელისუფლებაში პირველი კაცი ვინც არის, პირველ რიგში, სამშობლო უნდა უყვარდეს. პარლამენტში ვინც არიან, საქართველო უნდა უყვარდეთ. ხოლო, როცა ამერიკა და ევროპა გიყვარს და მის დაკრულზე გინდა იცეკვო, არაფერი გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, პატივს არ ვცემთ არც ერთ იმ ქვეყანას, რომელიც წინააღმდეგი იქნება, კაცმა კაცი რომ შეირთოს და ქალმა _ ქალიო. ასეთი ქვეყნების მონა-მორჩილი ქვეყანა კი დაღუპულია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. _ ბატონო გივი, უკვე 24 წელია, საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, არის დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად სუვერენული სახელმწიფო?
    აი ჩემი იურიდიულად დასაბუთებული პასუხი:
    იცით რა გვიწერია ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში? ,,საერთაშორისო კანონების პრიმატი საქართველოს კანონებზე და მათი პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნას მთავარ კონსტიტუციურ პრინციპად\\\”. აქედან კონსტიტუციის მე–6 მუხლის მე–2 ნაწილში გვიწერია: \\\”საერთაშორისო ხელშეკრულებას გაფორმებულს საქართველოსთან, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში\\\”. ასე, რომ ჩვენ თვითონვე დავაკანონეთ ეს ყველაფერი.
    არასამთავრობო ორგანიზაცია:
    \\\”პროტესტი კონსტიტუციის მე–6 და 95–ე მუხლებს\\\”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here